Facebook Twitter

#ბს-686(2კ-19) 18 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 4 ივლისს ი. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, ასევე მესამე პირების - დ. მ-ისა და ნ. კ-ის მონაწილეობით.

მოსარჩელემ დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 იანვრის #SP.../... ბრძანების და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 აპრილის A17012447-021/001, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/005, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/006, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/007, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/008, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/009, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/010, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/011, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/012, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/013 და 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/014 განკარგულებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის მითითებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 იანვრის #SP.../... ბრძანების საფუძველზე ჩატარებულ იქნა იძულებითი აუქციონი შპს „...ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებაზე. ამ ქონების შემძენი გახდა გამარტივებული წარმოების აპლიკანტი და ამავდროულად, შპს „...ის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დ. მ-ის წარმომადგენელი ნ. კ-ი.

მოსარჩელე სადავოდ ხდის ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამოცემულ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 იანვრის #SP.../... ბრძანებასა და მის საფუძველზე ჩატარებული აუქციონის შედეგებს იმ მოტივით, რომ შპს „...ის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დ. მ-ის მიმართ, რომელიც მის მსგავსად არის კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი, აღძრული ჰქონდა სარჩელი გაუნაწილებელი მოგების გადახდევინებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ამ სარჩელზე, სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე, შპს „...ის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს დ. მ-ს და ლ. ლ-ეს დავის საბოლოო გადაწყვეტამდე აეკრძალათ შპს „...ის“ კუთვნილი ფულადი სახსრების განკარგვა, პარტნიორთა კრების თანხმობის გადაწყვეტილების გარეშე, გარდა შპს „...ის“ საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისათვის აუცილებელი თანხების განკარგვისა. ამ აკრძალვის მიუხედავად, დ. მ-სა და ნ. კ-ს შორის 2016 წლის 23 ივნისს გაფორმდა თვალთმაქცური გარიგება, რომლითაც გათვალისწინებულ იქნა შპს „...ის“ ფულადი სახსრების განკარგვის შესაძლებლობა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ხსენებული გარიგება ბათილია დადებისთანავე და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს, ვინაიდან ამ აკრძალვის პირობებში დასახელებულ პირებს არ ჰქონდათ უფლებამოსილება კომპანიის სახელით დაედოთ ისეთი გარიგებები, რომელიც მიმართული იქნებოდა შპს „...ის“ ფულადი სახსრების განკარგვასთან, მით უფრო მაშინ, როდესაც აღნიშნული კომპანიას აყენებდა ფინანსურ ზიანს.

მოსარჩელის მითითებით, განსახილველ დავაში მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სააპლიკაციო დოკუმენტაციის შინაარსიდან გამომდინარე ცალსახად დასტურდებოდა, რომ 2016 წლის 23 ივნისის ხელშეკრულების დადების უფლება მხარეებს არ ჰქონდათ და შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებებიც არ შეიძლება გამხდარიყო გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველი. თუმცა, სასამართლო განჩინებით დადგენილი შეზღუდვის პირობებშიც, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ იძულებით აუქციონზე განახორციელა შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაცია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებებს და ითხოვს მათ ბათილად ცნობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 იანვრის #SP.../... ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 24 აპრილის A17012447-021/001 განკარგულება, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/005 განკარგულება, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/006 განკარგულება, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/007 განკარგულება, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/008 განკარგულება, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/009 განკარგულება, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/010 განკარგულება, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/011 განკარგულება, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/012 განკარგულება, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/013 განკარგულება, 2017 წლის 11 მაისის A17012447-021/014 განკარგულება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 915 მუხლზე და აღნიშნა, რომ სააღსრულებო ბიურო ვალდებული იყო რა შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია, უნდა გასცნობოდა მითითებულ ხელშეკრულებას, რა შემთხვევაშიც აღმასრულებელი იღებდა სრულ ინფორმაციას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობასა და სასამართლოს მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის კონკრეტული ქმედების აკრძალვის თაობაზე, რომლის გვერდის ავლის საშუალებასაც წარმოადგენს ეს ხელშეკრულება. თუკი სააღსრულებო ბიურო ხელშეკრულებაში მითითებულ ინფორმაციას არასაკმარისად მიიჩნევდა კონკრეტული ფაქტის - ვალდებულების არსებობის დადგენის კუთხით, ბიუროს შეეძლო, ხარვეზი დაედგინა განცხადებაზე და დამატებით სასამართლოს განჩინების წარდგენა მოეთხოვა. უფრო მეტიც, საგულისხმოა, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული აკრძალვა ასევე ფიქსირდებოდა ამონაწერში რეესტრიდან, რომელიც მეწარმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების სავალდებულოობის პრინციპი. პალატის მოსაზრებით, მხარეთა შორის 2016 წლის 23 ივნისს დადებული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს მიერ 2016 წლის 21 ივნისს გამოტანილ განჩინებას. სასამართლოს მითითებით, მხარეები ამავე ხელშეკრულებაში თავადვე მიუთითებენ სასამართლოს განჩინებაზე და რომ ხელშეკრულების დადება სწორედ სასამართლოს განჩინების შესრულებისაგან თავის არიდების საშუალებას წარმოადგენს. ამ ფორმით დადებული ხელშეკრულება კი ეწინააღმდეგება კანონს და ვერ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს.

პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან 2016 წლის 23 ივნისის ხელშეკრულება დაიდო კანონდარღვევით, ისეთი გარემოებების არსებობისას, რაც მას უცილოდ ბათილ გარიგებად აქცევს და ცალსახად ეწინააღმდეგება სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფ განჩინებას, ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ სააღსრულებო ბიუროს აპლიკანტის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებითვე მიეწოდა ინფორმაცია სასამართლოს განჩინების შესახებ და სააღსრულებო წარმოების დასაწყისშივე აღმასრულებელმა იცოდა (უნდა სცოდნოდა), რომ აღსასრულებლად წარდგენილი ხელშეკრულების დადების უფლება მხარეებს არ ჰქონდათ, ასეთი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის იძულებითი აღსრულების მიზნით, არ უნდა გამოცემულიყო აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და ნ. კ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მითითებით, სადავო ბრძანების კანონიერების შემოწმების მიზნით სასამართლო უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ საკითხის გარკვევით, დარღვეულია თუ არა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით დადგენილი ფულადი ვალდებულებების გადახდევინებასთან დაკავშირებული გამარტივებული წარმოების წესები და არა ის გარემოება, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამარტივებული წარმოების ფარგლებში რევიზია გააკეთოს მხარის მიერ წარდგენილ ხელშეკრულებაზე ანუ რამდენად უფლებამოსილი პირების მიერ დადებული ხელშეკრულება წარადგინა აპლიკანტმა. აღნიშნულ პროცედურებს აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული წარმოების პროცესში კანონის თანახმად ახორციელებს ანუ ამოწმებს როგორც ფორმალურ, ისე შინაარსობრივ მხარეს.

კასატორის მითითებით, მას არ აქვს უფლებამოსილება გადასინჯოს, შეამოწმოს წერილობით მტკიცებულებებში ასახული მონაცემების სისწორე და კანონიერება, მას მხოლოდ შეუძლია მხარეს მიუთითოს კანონით გათვალისწინებული ფორმალური/გარეგნული ხასიათის ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ თავად თავდაპირველ მოსარჩელეს სამოქალაქო წესით სადავოდ არ გაუხდია 2016 წლის 23 ივნისის ხელშეკრულება, ადმინისტრაციული პალატა კი გასცდა დავის ფარგლებს, იმსჯელა და დაადგინა აღნიშნული ხელშეკრულების ბათილობა, რაც დავის საგანს არ წარმოადგენდა.

კასატორის - ნ. კ-ის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული იმ ნაწილში, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი სამართლებრივი ნორმის გარეშე მიიჩნია, რომ სამოქალაქო სარჩელით გაუბათილებელი გარიგება ადმინისტრაციული სასამართლოს მხრიდან (შესაბამისი მოთხოვნის არარსებობის პირობებში) ექვემდებარებოდა ბათილად გამოცხადებას. კასატორის მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ კანონმდებლობას დაქვემდებარებულს, შესაბამისად, ადმინისტრაციულ სასამართლოს არ ჰქონდა კომპეტენცია შეეფასებინა სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების ბათილობა/ნამდვილობის საკითხი.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 915 მუხლის პირველი პუნქტი. ასევე, არ გამოიყენა კანონი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.2 მუხლი, ვინაიდან თუნდაც ადმინისტრაციული პროცედურები უკანონოდ ჩატარებულიყო, ი. ა-ი არ შეიძლება მიჩნეულ ყოფილიყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებაზე უფლებამოსილ პირად, ვინაიდან მას არავითარი პირდაპირი და უშუალო ზიანი არ განუცდია საზოგადოების ქონების აუქციონზე რეალიზაციით - მისი წილი ისევ იმავე ოდენობით დარჩა, რაც ქონების აუქციონზე რეალიზაციამდე იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: სამოქალაქო საქმეზე ი. ა-ის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის განჩინებით გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე შპს „...ის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს დ. მ-სა და ლ. ლ-ეს დავის საბოლოო გადაწყვეტამდე აეკრძალათ შპს „...ის“ კუთვნილი ფულადი სახსრების განკარგვა, პარტნიორთა კრების თანხმობის გადაწყვეტილების გარეშე, გარდა შპს „...ის“ საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისათვის აუცილებელი თანხების განკარგვისა.

აღნიშნული აკრძალვის პირობებში 2016 წლის 23 ივნისს, ერთი მხრივ, ნ. კ-ს (შემდგომში - მესამე პირი) და მეორე მხრივ, შპს „...ის“ დირექტორის გ. ბ-ის მინდობილ პირს დ. მ-ს (შემდგომში - მოვალე) შორის გაფორმდა ხელშეკრულება მესამე პირის ვალდებულების შესრულების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით შპს „...ს“ აეკრძალა კუთვნილი ფულადი სახსრების განკარგვა, რაც თავისი შინაარსით გულისხმობს მის წინაშე მდგარი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მესამე პირი პირადი სახსრებით უზრუნველყოფდა მოვალის მიმდინარე და სხვა ფინანსური ვალდებულებების შესრულებას ამ უკანასკნელის კრედიტორების სასარგებლოდ, ხოლო თავის მხრივ, მოვალე ვალდებული იყო წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში დაებრუნებინა მესამე პირისათვის ამ უკანასკნელის მიერ მოვალის ფინანსური ვალდებულებების შესრულების მიზნით გადახდილი თანხები სრულად.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს „...მა“ არ შეასრულა ნ. კ-ის მიმართ არსებული ვალდებულება, ნ. კ-მა (აპლიკანტი) სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2016 წლის 28 დეკემბერს წარადგინა #SP... განცხადება შპს „...ის“ (რესპოდენტი) მიმართ ფულადი დავალიანების - 125 470.31 ლარის გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ იქნა 23.06.2017წ. ხელშეკრულება, 30.06.2016წ. 31.07.2016წ. 31.08.2017წ. 30.09.2016წ. 31.10.2016წ. 30.11.2016წ. 14.12.2016წ. შედარების აქტები. რესპოდენტის მიმართ მოთხოვნა განსაზღვრულ იქნა 125470,31 ლარის ოდენობით. განაცხადს თან ერთვოდა: 23.06.2016წ. ხელშეკრულება, 30.06.2016წ. 31.07.2016წ. 31.08.2017წ. 30.09.2016წ. 31.10.2016წ. 30.11.2016წ. 14.12.2016წ. შედარების აქტები; 2016 წლის 16 დეკემბრის წერილი.

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 იანვრის #SP.../... ბრძანება და თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულებები. აღნიშნული ბრძანებით რესპოდენტ შპს „...ს“ აპლიკანტ ნ. კ-ის მიმართ დაეკისრა დავალიანების გადახდა 12 5570.31 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანია აღსრულების ეროვნული ბიუროს ქმედებების შესაბამისობა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 915 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აღსრულების ეროვნული ბიურო ამოწმებს განცხადების და თანდართული დოკუმენტების ფორმალურ და შინაარსობრივ მხარეს და უფლებამოსილია ხარვეზის გამოსასწორებლად აპლიკანტს დაუდგინოს ვადა არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, თუ, ხარვეზის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი გამოსწორება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ გამარტივებული წარმოების ფარგლებში განცხადების წარდგენისას არ ხდება სააღსრულებო ფურცლის, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტის თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტის წარდგენა, რომელიც სათანადო ორგანოს მიერ გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა კონკრეტული გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად მიქცევის წინაპირობები. გამარტივებული წარმოების ფარგლებში მხარე წარადგენს ხელშეკრულებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს, რომ გააჩნია ვადამოსული ფულადი მოთხოვნა. ამდენად, ასეთი წარმოებისას მოთხოვნის არსებობა ადმინისტრაციულ თუ სასამართლო ორგანოთა მიერ გაცემული, ოფიციალური დოკუმენტით კი არ დგინდება, არამედ კერძო პირთა მიერ წარდგენილი ინფორმაციით. შესაბამისად, მსგავსი წარმოების ფარგლებში გაცილებით მეტი რისკი და საფრთხე არსებობს, რომ არაკეთილსინდისიერად და უკანონოდ იქნეს წარდგენილი განცხადება და ინფორმაცია და დაირღვეს მოვალედ მითითებული პირის უფლებები. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სწორედ ამიტომ, გამარტივებული წარმოების ფარგლებში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უნდა უზრუნველყოს განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ყურადღებით და საგულდაგულოდ შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში კი, დაადგინოს ხარვეზი წარდგენილ განცხადებაზე.

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც შპს „...ის“ (რესპოდენტი) მიმართ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით ნ. კ-ის (აპლიკანტი) მიერ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ განცხადებას, შედარების აქტებთან ერთად, ერთვოდა 2016 წლის 23 ივნისის ხელშეკრულება, სადაც პირდაპირ იყო მითითება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივნისის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე, რომლითაც შპს „...ს“ აეკრძალა კუთვნილი ფულადი სახსრების განკარგვა, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ უნდა გამოეცა დავალიანების გადახდევინების შესახებ 2017 წლის 30 იანვრის #SP.../... ბრძანება და შემდგომ ამ ბრძანების აღსრულების უზრუნველსაყოფად - განკარგულებები.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 23 ივნისის ხელშეკრულების შეფასების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, ვინაიდან მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავის საგანს, საკასაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დავის ამგვარად გადაწყვეტის შედეგს არ ცვლის ის გარემოება, აღნიშნული ხელშეკრულება იქნება ბათილი თუ ნამდვილი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკასაციო საჩივარზე 24.04.2019წ. #05860 საგადახდო მოთხოვნით, ხოლო ნ. კ-ის საკასაციო საჩივარზე ზ. მ-ეს 20.05.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი - 300-300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ ...) და ნ. კ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210-210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.04.2019წ. #05860 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. ნ. კ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ზ. მ-ის მიერ 20.05.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი