Facebook Twitter

#ბს-875(კ-19) 26 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 27 თებერვალს ც. ტ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის იძულებით გადაადგილებული პირი, მისი ფაქტობრივი საცხოვრებელია გორი, ...ს ქ. #43, შპს „...“. აღნიშნულ მისამართზე არსებული შენობა არის კერძო საკუთრებაში და ეკუთვნის შპს „...ს“. მოსარჩელის მითითებით, მან მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რათა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესახებ“ მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანების შესაბამისად მომხდარიყო მისი, როგორც დევნილის დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართით. თუმცა, მას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელეს 2018 წლის 9 თებერვლის წერილით გაეგზავნა მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის ბრძანება, რომლითაც უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, იმ მოტივით, რომ არ საჭიროებდა გადაუდებელი განსახლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ც. ტ-ის ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის #256 ბრძანების, ც. ტ-ის ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის #99 ოქმის ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის ც. ტ-ის ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ც. ტ-ის ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის #256 ბრძანება და ც. ტ-ის ნაწილში ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის #99 ოქმი; მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ც. ტ-ის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უწევს მისი საცხოვრებელი ადგილის დატოვება პერიოდულად, რათა ჩავარდნილ დედას მოუაროს, აღნიშნული გარემოება კი, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვერ ჩაითვლება საჭიროების არარსებობის გამო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული მტკიცებულებები, სხვა დამატებითი მტკიცებულებების მოძიების გარეშე, არ ქმნიდა მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების მტკიცების საკმარის საფუძველს.

სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან საკითხზე - ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტთან მიმართებით წარედგინა მოსაზრებები, არსებობის შემთხვევაში სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად საკითხის გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, თუმცა არასწორად განმარტა მისი მიზნობრიობა. კერძოდ, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის #240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. კასატორის მითითებით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ზემოაღნიშნული წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

კასატორი ასევე მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომელიც განმარტავს დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ცნებას. ასევე მიუთითებს ამავე წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ ც. ტ-ე ვ...ის ...ში, ქირის გარეშე, ცხოვრობს 2014 წლიდან დღემდე. შესაბამისად, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოწინააღმდეგე მხარე ფაქტობრივად ცხოვრობს დედის დაკანონებულ ფართში, რამაც შედეგად საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალით დასტურდება, რომ სამინისტრომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა და გამოიკვლია (მათ შორის მოსარჩელის რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილების თაობაზე ინფორმაცია). საპირისპიროდ, მხარემ ვერ მიუთითა, თუ რაში გამოიხატა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონის დარღვევა, რაც შესაძლოა აქტის ბათილობის საფუძველი გამხდარიყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის #256 ბრძანებით ც. ტ-ის ოჯახს გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არსაჭიროების გამო (ამ ეტაპზე) უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. მანამდე, სამინისტრომ 2018 წლის 22 იანვარს მოსარჩელეს მისივე წერილის პასუხად აცნობა, რომ მის მიერ შევსებული განაცხადი განხილულ იქნა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე. კომისიის #99 ოქმით, ქ. გორში, ახალაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, ვინაიდან ოჯახის დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი განსახლება მიმდინარე ეტაპზე გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენდა სოფ. ვ...ში, დედის საკუთრებაში (...) არსებულ სახლში ფაქტობრივად ცხოვრების გამო. მოსარჩელეს ასევე ეცნობა, რომ მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხი განხილული იქნებოდა ქ. გორში განსახლების მომდევნო ეტაპზე.

დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ ც. ტ-ესთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღებისას განცხადებაში მითითებული ფაქტების გადამოწმების მიზნით გათვალისწინებულ იქნა მონიტორინგის ჯგუფის დასკვნები, კერძოდ, ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე მონიტორინგის ჯგუფმა ივარაუდა, რომ განმცხადებელი არ ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე. კერძოდ, მონიტორინგის ჯგუფმა 2017 წლის 13 ოქტომბერს გადამოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ განმცხადებელი ცხოვრობს მისამართზე: ქ. გორი, ...ში, ქირის გარეშე დედასთან ერთად. თუმცა, საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს განუმარტა, რომ დედა არის 87 წლის, ესაჭიროება მოვლა, აღნიშნულიდან გამომდინარე ხშირად უწევს დედის საკუთრებაში ყოფნა მისი მოვლის მიზნით. იქვე აღნიშნულია, რომ დამისამართების ადგილი, რომლის რეგიონშიც ითხოვს საცხოვრებელ ფართს, არის გორი, ...ს ქ. #43, შპს „...ი“.

ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 13 სექტემბერს მისამართზე: ქ. გორი, ...ს ქ. შპს „...“, მე-4 სართ. #403, ახალი #3, გამოცხადდა მონიტორინგის ჯგუფი, მათ ადგილზე არავინ დახვდათ, გვერდით #402 ოთახში ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა განუმარტა, რომ ც. ტ-ეს დედა ჰყავს ჩავარდნილი, რომელიც ცხოვრობს გორის რაიონი, სოფ. ვ...ში და პერიოდულად იმყოფება დედის მოსავლელად სოფ. ვ...ში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, ზემოაღნიშნული წესი ითვალისწინებს კრიტერიუმების საფუძველზე დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დავის ბედი განსაზღვრა იმ გარემოებამ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული მტკიცებულებები, სხვა დამატებითი მტკიცებულებების მოძიების გარეშე, არ ქმნიდა იმ გარემოების მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე. მოცემული საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ფაქტის დადგენას, რაც გამოიხატება აღნიშნულ მისამართზე ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრებით. მითითებული გარემოება კი შესაძლებელია დადასტურდეს გადასახადის გადახდის ქვითრებით, მეზობლების გამოკითხვით და სხვა მსგავსი მტკიცებულებების ერთობლიობით. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს უწევს მისი საცხოვრებელი ადგილის დატოვება პერიოდულად, რათა ჩავარდნილ დედას მოუაროს, ვერ დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ ცხოვრობს ქ. გორში, ...ს ქ. შპს „...ში“, რამეთუ მტკიცებულებათა ერთობლიობა და მხარეთა ახსნა-განმარტებები საწინააღმდეგო დასკვნის გაკეთების საფუძველს ქმნის და ვერ ჩაითვლება საჭიროების არარსებობის გამო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი