Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-351(კ-19) 18 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ს-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო (მოპასუხე)

მესამე პირი _ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. მ. ს-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ასევე, მესამე პირის _ სსიპ საერთო სასამართლების დეპარტამენტის (ასკ-ის 16.1 მუხლი; იხ. 05.04.2018წ. განჩინება) მიმართ და მოითხოვა:

i „აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მ.ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 სექტემბრის #765 ბრძანებულების ბათილად ცნობა;

ii საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დავალდებულება, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებულად ჩაითვლება 2009 წლის 15 მაისიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის საფუძვლით;

iii იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დავალდებულება, აუნაზღაუროს მოსარჩელეს თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან _ 2005 წლის 22 სექტემბრიდან, 2009 წლის 15 მაისამდე მიუღებელი ხელფასი _ 100 000 ლარი.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1999 15 მაისს, 10 წლის ვადით მოსარჩელე დაინიშნა აბაშის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭომ, 2004 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. ხსენებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭომ 2005 წლის 27 იანვარს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიამ 2005 წლის 11 ივლისს. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით დადგინდა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 6.1. მუხლის დარღვევა და განისაზღვრა მხოლოდ მორალური ზიანისა და ხარჯების ანაზღაურება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადიციპლინო პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმდა ამავე სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება, ხოლო, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა მოსარჩელის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადიციპლინო პალატამ 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით დატოვა ძალაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინების საფუძველს წარმოადგენს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი პროცედურული დარღვევები, შესაბამისად, დადგენილია, რომ აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ.ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება არის ბათილი, ისევე, როგორც სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება.

2. მოპასუხეების/მესამე პირის პოზიცია:

2.1. მოპასუხეებმა სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი;

2.2. ამავე საფუძველზე მითითებით უარყო სარჩელი საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ;

2.3. მესამე პირმა - სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა მოპასუხეთა პოზიციას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მ. ს-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ს-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად შემდეგ დასკვნებს ეფუძნება:

1.2.1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2004 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღიძრა დისციპლინური დევნა აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ. ს-ას მიმართ, ხოლო, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2004 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმის №1/33) აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ. ს-ა ცნობილ იქნა ბრალეულად „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში და დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა - მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება;

1.2.2. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 2005 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ს-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2004 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება;

1.2.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის 2005 წლის 11 ივლისის განჩინებით, მოსარჩელე მ. ს-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

1.2.4. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2004 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2005 წლის 21 სექტემბერს წარდგინებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა, 2005 წლის 22 სექტემბერს გამოსცა ბრძანებულება აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

1.2.5. 2005 წლის 29 ნოემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2004 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით მის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ სამართალწარმოებაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით მინიჭებული მისი უფლებების დარღვევის დადგენა;

1.2.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით (განაცხადის №45729/05 საქმე „ს-ა საქართველოს წინააღმდეგ“) დადგინდა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2004 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ სამართალწარმოებაში დაარღვია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი;

1.2.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინების თანახმად (საქმე Nდს-შ/4-17), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2017 წლის 29 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას განცხადებით მიმართა მ.ს-ამ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება, აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და 4 წლის განაცდურის ანაზღაურება. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით აბაშის რაიონული სასამართლოს ყოფილი მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) - მ. ს-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება;

1.2.8. საქმეში არ არის წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინების საფუძველზე მ.ს-ას მიმართ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლით განახლებული საქმის წარმოების პირობებში მიღებული შემდგომი სამართლებრივი აქტები. აღნიშნული სამართლებრივი აქტები არ ერთვის არც მ.ს-ას სასარჩელო განცხადებას და არც საქმის განმხილველი სასამართლოს მიერაა გამოთხოვილი. თავად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით კი, მ. ს-ას საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის 2004 წლის 23 დეკემბრისა და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს 2005 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას, რომლის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებითაც შეწყდა დისციპლინური საქმის წარმოება მ. ს-ას მიმართ, რაც კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და წარდგენილ დისციპლინურ ბრალდებაში მოსარჩელის ბრალეულად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისიციპლინო პალატის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ს-ას მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება ხანდაზმულობის გამო შეწყდა.

1.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე: განსახილველი სარჩელით მ.ს-ას ინტერესს წარმოადგენს აბაშის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებულებით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის შეცვლა და ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, მოთხოვნის საფუძვლიანობა უპირველესად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, უნდა შემოწმდეს აქტის გამოცემის დროს მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში, ამასთანავე, თუკი დადგინდება მისი ბათილობის რომელიმე წინაპირობა, ასეთ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მხრიდან უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლით განსაზღვრული ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წინაპირობა, რამდენადაც მოსარჩელე მოითხოვს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აქტის საფუძვლად უფლებამოსილების ვადის ამოწურვის განსაზღვრას, რაც შინაარსობრივად ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას წარმოადგენს, რადგანაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ხსენებული საკითხების გადაწყვეტისას სასამართლომ უფლების დარღვევის საკითხი სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების შესაბამისად უნდა გამოიკვლიოს. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხსენებული მოთხოვნა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების ფარგლებში უნდა შეფასდეს.

1.5. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტების დადგენის გარეშე შეუძლებელია სარჩელის საფუძვლიანობის გადაწყვეტა. რა საკვირველია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 83-ე მუხლები და საპროცესო თავდაცვის სხვა საშუალებები თანაბრად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, თუმცა უმთავრესი თავისებურება ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისა არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის დებულება, რომლის თანახმადაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.

1.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს შეზღუდული აპელაციის პრინციპს (სსსკ-ის 380-ე მუხლი), რომელიც სააპელაციო განხლვის ეტაპზე ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების მიღებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში მიიჩნევს დასაშვებად, თუმცა, ისეთ ვითარებაში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან დარღვეულია საქმის მომზადების წესები, მიღებული გადაწყვეტილება მიიჩნევა იურიდიულად დაუსაბუთებლად (სსსკ-ის 394 „ე1“ ქვეპუნქტი) და მხარეთა ორმხრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გამართლებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო, კასატორი ვერ ამტკიცებს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.7. ამდენად, პალატის შეფასებით, საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და მას არ აქვს წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას იგი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ს-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ნ. ბაქაქური