ბს-591-591 (გ-18) 9 დეკემბერი, 2019 წ
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მ. გ-ის სარჩელთან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. გ-მა 15.03.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 15.02.2018წ. №… გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 22.07.2003წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა გარდაბანში, სატყეო უბანში მდებარე … კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარეგისტრირდა 31.01.2018წ. №… გადაწყვეტილებით. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 15.02.2018წ. №… გადაწყვეტილებით, რაც მიაჩნია უკანონოდ, ვინაიდან საჯარო რეესტრის 31.01.2018წ. №… გადაწყვეტილების მიმართ გააჩნდა კანონიერი ნდობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.03.2018წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 31-ე მუხლზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-15 და მე-18 მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქმის განსჯადობა არ არის დამოკიდებული მოსარჩელის ნება-სურვილზე, ვინაიდან კონკრეტული დავის თავისებურება მოქმედებს განსჯადობის საკითხის გადაწყვეტაზე. ზოგადი პრინციპის თანახმად იმ ადმინისტრაციული საქმეების განხილვა, რომელიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ უფლებას ეხება, მიეკუთვნება იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფება სადავო უძრავი ნივთი. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნივთი მდებარეობს გარდაბნის რაიონში, ბაგების სატყეო უბანში. „რაიონული (საქალქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.2007წ. N1/150-2007 გადაწყვეტილების 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის-რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე დავის გადაწყვეტაზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 14.05.2018წ. განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო უძრავი ქონების ადგილმდებარეობა განსაზღვრული იყო გარდაბანში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 27.12.2006წ. დადგენილებით შეიცვალა ქ. თბილისის, გარდაბნის და მცხეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრები, რის შედეგადაც სადავო მიწის ნაკვეთის მისამართი ნაცვლად გარდაბნისა განისაზღვრა ქ. თბილისის, წყნეთის სატყეო უბნით. ამდენად, სსკ-ის მე-18 მუხლზე მითითებით რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა ნივთობრივი განსჯადობის წესების შესაბამისად განსახილველად ექვემდებარება არა რუსთავის საქალაქო, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს დავა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობის და ოპერატიულობის, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიული დაყოფის მიზნები, კონკრეტული დავის თავისებურებები.
მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციის შესახებ აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი ორგანო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს უშუალოდ, ტერიტორიული სამსახურების ან ავტორიზებული პირების მეშვეობით („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხ.). სადავო აქტი გამოცემულია სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ (6.1. მუხ.). კანონის 1.8 მუხლის თანახმად სააგენტოს იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. გ-ი ითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 15.02.2018წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომელიც ეხება ქ. თბილისში, ბაგებში, სატყეო უბანში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობას.
სსკ-ის 18.1 მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთს, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით. სარჩელის მიზნის გათვალისწინებით, განსჯადი სასამართლო მოცემულ შემთხვევაში განისაზღვრება სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. კონკრეტულ შემთხვევაში, დავა შეეხება უძრავ ნივთს, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში და მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლის გამომცემი ორგანოს ადგილსამყოფელი აგრეთვე ქ. თბილისშია. მოსარჩელის დაინტერესებაში მყოფი მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებობა დასტურება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად - უბნებად დაყოფის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05.12.2014წ. №16-35 დადგენილებით, რომლის თანახმად ბაგების ტერიტორია შევიდა ვაკის უბნის შემადგენლობაში (უბანი 5). ამასთანავე, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30.12.2014წ. №20-90 დადგენილებით სხვა რაიონებთან ერთად განისაზღვრა ვაკის რაიონის წყნეთის უბანსა და ვაკის რაიონის ბაგების უბანში არსებული მიწის ნაკვეთის გადასახადის წლიური განაკვეთი (დანართი №2). ამდენად, სადავო უძრავი ნივთი მოქცეულია ქ. თბილისის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვარში. „თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.2007წ. №1/150-2007 გადაწყვეტილების მე-20 მუხლის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით. შესაბამისად, საერთო განსჯადობის წესების გათვალისწინებით, აგრეთვე განსაკუთრებული ნივთობრივი განსჯადობის წესების თანახმად, უფლებამოსილი განსჯადი სასამართლო არის თბილისის საქალაქო სასამართლო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. გ-ის სარჩელი არსებითი განხილვისათვის უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. გ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი