Facebook Twitter

ბს-638-634(2კ-17) 20 დეკემბერი, 2019 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. დ-ა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2017წ. გადაწყვეტილება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ვ. დ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალქო სამსახურის მიმართ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 02.06.2015წ. №000176 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 09.09.2015წ. №605 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 02.06.2015 წ. №000176 დადგენილებით დაჯარიმდა 8 000 ლარით, ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №45-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელებისათვის. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 09.09.2015წ. №605 ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა აღნიშნული დადგენილების ბათილად ცნობაზე იმ მოტივით, რომ ვ.დ-ამ უნებართვოდ განახორციელა ქ.თბილისში, ...ის ქ.№45-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე წინა ფასადის მხარეს სივრცის ამოშენება, ხოლო გვერდითა ფასადის მხარეს, ორივე სართულზე - ფართის მიშენება, რაც წარმოადგენს უნებართვო რეკონსტრუქციას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სამივე შემთხვევაში მოხდა მხოლოდ კედლის გამაგრების მიზნით ამოშენებითი სამუშაოების განხორციელება, რასაც გაბარიტების ცვლილება არ მოჰყოლია და ამასთან, მას მიმართული ჰქონდა კედლის ამოსაშენებლად საჭირო ნებართვის მისაღებად შესაბამისი სამსახურისთვის. ნებართვის გაცემა შეჩერდა ყადაღის გამო, რომელიც სახლს დაედო იპოთეკური სესხის გადაუხდელობისთვის. მას შემდეგ რაც მოსარჩელემ იპოთეკური სესხი გადაიხადა და სახლზე დადებული ყადაღაც გაუქმდა, ნებართვის ასაღებად არქიტექტურის სამსახურმა ხელახლა მოითხოვა საბუთების შეტანა. იმ დროისათვის სახლზე სამშენებლო სამუშაოები უკვე ჩატარებული იყო, თუმცა წერილობითი ნებართვის მისაღებად ვ.დ-ამ კვლავ მიმართა შესაბამის სამსახურს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სახლი იყო ავარიულ მდგომარეობაში და სამშენებლო სამუშაოების დაყოვნებას შეიძლება გამოეწვია მისი ნაწილის ნგრევა. ვ. დ-ას მიღებული ჰქონდა სიტყვიერი ნებართვა სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის და შესაბამისად, მისი ქმედება არ ატარებდა კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სათანადოდ არ გამოიკვლიეს საქმის გარემოებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.12.2015წ. გადაწყვეტილებით ვ. დ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. 45-ში მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხულია ვ. დ-ას სახელზე. 31.03.2015წ. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ვ. დ-ას მიმართ შედგა მითითება სახლის ფასადის მხარეს პირველი სართულის უნებართვოდ ამოშენებისა და გვერდითი ფასადის მხარეს ორივე სართულზე უნებართვო მიშენების განხორციელების გამო, ვ. დ-ას მიეცა 20-დღიანი ვადა სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უნებართვო ობიექტის დემონტაჟისათვის. 23.04.2015წ. შემოწმების აქტით დაფიქსირდა ვ. დ-ას მიერ მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა. ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 02.06.2015წ. დადგენილებით ვ. დ-ა ქ. თბილისში, ...ის ქ. 45-ში უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის წინა ფასადის მხარეს პირველ სართულზე სივრცის ამოშენებისთვის და გვერდითა ფასადის მხარეს ორივე სართულზე ფართის მიშენებისთვის, დაჯარიმდა 8000 ლარით, მასვე დაევალა უნებართვო მინაშენის დემონტაჟი. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები მართლზომიერია, მათი გამოცემა მოხდა გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის შედეგად. სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილებით დამტკიცებულ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 33.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 36.1 მუხლზე და ჩათვალა, რომ მითითებული ნორმატიული დანაწესებისა და საქმეში დაცული მტკიცებულებების გათვალისწინებით, განხორციელებული სამუშაოები მიეკუთვნება ისეთი სახის სამშენებლო საქმიანობას, რომელსაც ესაჭიროება სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვა, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ ჰქონდა. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება ქ.თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 8 000 ლარით. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალის შეფასების შედეგად არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საცხოვრებელ სახლზე მშენებლობა განხორციელებულია 7-8 წლის წინ და ამჟამად განხორციელდა ობიექტის „გალესვა“. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოცემულ ობიექტზე მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა, შესაბამისად, ვ. დ-ას არ გააჩნდა სანებართვო დოკუმენეტაცია მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული მშენებლობისთვის. ამასთანავე, სადავოდ გამხდარი ობიექტი არ არის მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში, რაც მოსარჩელის დაჯარიმების საფუძველს ქმნის. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 02.06.2015წ. №000176 დადგენილება მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.12.2015წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ.დ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2017წ. გადაწყვეტილებით ვ. დ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.12.2015წ. გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ვ.დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 02.06.2015წ. №000176 დადგენილება და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 09.09.2015წ. №605 ბრძანება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის დასაბუთებას, სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხლები იმპერატიულად ადგენენ საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის და აქტის სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას. სასკ-ის 32.4 მუხლით სასამართლოს მინიჭებული აქვს აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის უფლებამოსილება, უკეთუ აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და აქტის ბათილად ცნობაზე არსებობს მხარის გადაუდებელი ინტერესი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები საჭიროებს სათანადო ნებართვას, ამასთანავე, კანონის არცოდნა არ გამორიცხავს ქმედების სამართლადარღვევად კვალიფიცირების შესაძლებლობას, თუმცა კანონის მიზანია სანქციის შემფარდებელი ორგანოს მიერ ყოველი სამართალდარღვევის ინდივიდუალურად შეფასება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებების არსებობის დადგენა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც კანონის შესაბამისი მუხლით დაწესებულია კონკრეტული სანქცია, რაც არ იძლევა ჯარიმის მინიმუმის და მაქსიმუმის განსაზღვრის შესაძლებლობას. სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ პირის დაჯარიმება და მისთვის გარკვეული სანქციების დაწესება, განსახილველ შემთხვევაში კი ადმინისტრაციულმა ორგანომ აპელანტს მიშენების დემონტაჟი დაავალა შენობის მდგრადობაზე აღიშნული ქმედებების ზეგავლენის შეფასების გარეშე. ამდენად, პალატამ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ ორგანომ, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას, ყველა გარემოების გამოკვლევასთან ერთად სათანადო შეფასება უნდა მისცეს ქმედებას და გამოიკვლიოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემამსუბუქებელ გარემოებათა არსებობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 24.02.2017წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა.

კასატორმა ქ.თბილისის მერიამ აღნიშნა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.01.2016წ. №1-2 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევების ფაქტების გამოვლენა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას და არა უფლებას. სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობა გამონაკლისებს არ ითვალისწინებს, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს სამართალდამრღვევის ქონებრივი ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობა. კასატორი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.2 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ სადავო დადგენილების გამოცემამდე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედევლობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა მითითება, რომლითაც ვ.დ-ას განესაზღვრა 20 კალენდარული დღე უკანონოდ აშენებული ობიექტის დემონტაჟისთვის ან მითითების შედგენის მომენტისათვის გაცემული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარმოსადგენად. მითითების განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა შემოწმების აქტი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ აქტის შედგენიდან დადგენილების გამოცემამდე სამართალდამრღვევს კვლავ შეეძლო გამოესწორებინა სამართალდარღევა, თუმცა ეს პერიოდიც უშედეგოდ გავიდა. შესაბამისად, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი დაჯარიმებისა და დემონტაჟის დავალების თაობაზე დადგენილების გამოსაცემად. კასატორმა აღნიშნა, რომ ვ. დ-ას არ წარუდგენია იმის დამდგენი მტკიცებულებები, რომ იგი მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში. ამასთან, კასატორი თვლის, რომ პირის ქონებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, უნებართვო ობიექტის დემონტაჟით საცხოვრებელი სახლი ჩამონგრევის ვარაუდი, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, სადავო დადგენილების ბათილად ცნობა მხოლოდ სამართალდამრღვევის ქონებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოიწვევს სამშენებლო სამართალდამრღვევების წახალისებას.

კასატორმა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა აღნიშნა, რომ სადავო აქტების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. არასწორია სააპელაციო პალატის მითითება, რომ 2011 წელს განხორციელდა ვ. დ-ას შემოწმება, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოდგენილა. არ დასტურდება, რომ ვ. დ-ასთვის სახდელის შეფარდება განხორციელდა კანონით განსაზღვრული ვადების დარღვევით. კასატორი არ ეთანხმება აგრეთვე სასამართლოს მსჯელობას დემონტაჟთან მიმართებით, რადგან დემონტაჟის გზით ხდება სამართალდარღვევის გამოსწორება და მისი განხორციელება ვერ მიიჩნევა დამრღვევის უფლების შეზღუდვად ან საკუთრების ხელყოფად.

დავის საკასაციო სასამართლოში განხივლისას, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 25.09.2018წ. N28-94 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საკრებულოს 12.06.2018წ. N20-67 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულება“ (მე-2 მუხ.) და დამტკიცდა ახლადშექმნილი მუნიციპალური ინსპექციის დებულება (1-ლი მუხ.). აღნიშნული აქტების მიხედვით, გაუქმდა ზედამხედველობის საქალაქო სამსახური და მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციად დასახელდა სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, სათანადო სანქციების დაკისრება (2.2 მუხ. „ა“ ქვ.პ.), საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო და სხვა სახის ნორმების დაცვასა და შესრულებაზე კონტროლი, დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებებისა და ვადების განსაზღვრის, მითითების გაცემის, კანონდარღვევით მიმდინარე მშენებლობის გამო დადგენილების მიღების, პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილება (3.1 მუხ. „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „თ“ ქვ.პ.).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. 45-ში მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხულია ვ. დ-ას სახელზე. 31.03.2015წ. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ვ. დ-ას მიმართ შედგა მითითება სახლის ფასადის მხარეს პირველი სართულის უნებართვოდ ამოშენებისა და გვერდითი ფასადის მხარეს ორივე სართულზე უნებართვო მიშენების განხორციელების გამო, ვ. დ-ას მიეცა 20-დღიანი ვადა სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უნებართვო ობიექტის დემონტაჟისათვის. 23.04.2015წ. შემოწმების აქტით დაფიქსირდა ვ. დ-ას მიერ მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა. ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 02.06.2015წ. დადგენილებით ვ. დ-ა ქ. თბილისში, ...ის ქ. 45-ში უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის წინა ფასადის მხარეს პირველ სართულზე სივრცის ამოშენებისთვის და გვერდითი ფასადის მხარეს ორივე სართულზე ფართის მიშენებისთვის, დაჯარიმდა 8000 ლარით, მასვე დაევალა უნებართვო მინაშენის დემონტაჟი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სსიპ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის და ზედამხედველობის ორგანოსათვის საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი იმის გამო, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, ორგანოს არ უმსჯელია სამართლადარღვევის ჩადენის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების შესახებ, არ გაუთვალისწინებია ვ. დ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ შეუფასებია მინაშენის დემონტაჟის შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის დაზიანების რისკები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის მიღება. ნებართვის გარეშე მშენებლობის წარმოება განიხილება უნებართვო მშენებლობად, რომლისთვისაც პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დასტურდება ვ. დ-ას მიერ უნებართვო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, კერძოდ, პირველ სართულზე სივრცის ამოშენება და გვერდითი ფასადის მხარეს ორივე სართულზე ფართის მიშენება. მოსარჩელე წარდგენილ სარჩელში უთითებს, რომ მის მიერ კედლების გამაგრების მიზნით განხორციელდა ამოშენებითი სამუშაოები, იგივე ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორანოში გამართული წარმოებისას. ვ. დ-ას მოსაზრება პასუხისმგებლობის დაკისრების გამორიცხვის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურისაგან ჰქონდა სიტყვიერი ნებართვა, არ არის დასაბუთებული, რადგან მშენებლობის ნებართვა წერილობითი დოკუმენტია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირებას ახდენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილება (1.1 მუხ.). მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომლის გაცემაც იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად(ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); მშენებლობის ნებართვის გაცემა (3.43 მუხ.)). მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება (37.1 მუხ.), ნებართვის გაცემის მიზნით მიმდინარე თითოეული სტადიის დამოუკიდებელი წარმოების დასრულების შემდეგ გაიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (37.2 მუხ.). მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით ნორმატიულად გათვალისწინებულია კომპლექსური პროცედურები, ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული მხარის მიერ რიგი დოკუმენტაციის, მათ შორის არქიტექტურული პროექტის, წარდგენის ვალდებულება, ნორმატიულად არის დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის შემოწმების საჭიროება, რაც გამორიცხავს მშენებლობის ნებართვის ზეპირად გაცემის შესაძლებლობას. ნებართვა არის განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას („ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის მე-3 მუხ. „ე“ ქვ.პ.), კანონი შეიცავს დათქმას მშენებლობის ნებართვის გაცემის წარმოების ელექტრონული ფორმით განხორციელების შესახებ (264.4 მუხ.), თუმცა არც ერთი ნორმატიული აქტი არ უშვებს მშენებლობის ნებართვის ზეპირი ფორმით გაცემის შესაძლებლობას.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის 25.1 მუხლითა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 52.1 მუხლით დადგენილია ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემ ორგანოში წერილობითი განცხადების წარდგენის საჭიროება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ. დ-ამ მხოლოდ ერთხელ - 2013წ., მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, თუმცა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 06.09.2013წ. N886385 გადაწყვეტილებით განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული (ს.ფ. 107). საქმის მასალებით არ დასტურდება აღნიშნულ მიმართვამდე ან მის შემდეგ ვ. დ-ასთან მიმართებით, სადავო სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოში სანებართვო წარმოების ჩატარება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართალურთიერთობებში მოქმედებს კანონის ცოდნის პრეზუმფცია, იგულისხმება, რომ პირმა იცის მოქმედი კანონმდებლობა. კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ან/და ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი (სკ-ის 3.2 მუხ.). აღნიშნული დებულება ზოგადი ხასიათისაა და მას რაიმე მხოლოდ სამოქალაქო სამართლისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური დანიშნულება ან ფუნქცია არ აქვს, რის გამო მისი გამოყენება დაიშვება აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან მიმართებით. სათანადო წესით გამოქვეყნებული, მოქმედი ნორმის გამოყენება არ არის ადრესატების მიერ მის ცოდნაზე დამოკიდებული. იგულისხმება, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პროცედურების დაცვით შემუშავებული, სახელმწიფო ენაზე არაბუნდოვნად შედგენილი, ოფიციალურად გამოქვეყნებული, გაცნობისათვის ხელმისაწვდომი შესასრულებლად სავალდებულო ქცევის ზოგადი წესის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეთათვის ცნობილია, აღნიშნული დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს, ხოლო ასეთი ნორმის არცოდნაზე მითითება არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისაგან. განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება ობიექტური გარემოებები (მაგ.: კანონის გამოუქვეყნებლობა, ნორმის ტექსტის არსებითი ბუნდოვანება და სხვ.), რასაც შეეძლო ხელი შეეშალა კანონის გაცნობაში, არ დასტურდება, რომ ვ. დ-ამ არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა კანონის დანაწესი სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ნებართვის მოპოვების სავალდებულოობასა და ნებართვის მიღების მიზნით უფლებამოსილ ორგანოში წერილობითი განცხადების წარდგენის საჭიროებაზე. ამდენად, მოსარჩელის მითითება მშენებლობის ნებართვის ზეპირი ფორმით გაცემის გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობის და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საზედამხედველო ორგანოსათვის ხელახალი განხილვისა და ახალი გადაწყვეტილების მისაღებად დაბრუნების დასაბუთებას. სასამართლო დავის გადაუწყვეტლად აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სასამართლო მოკლებულია აღნიშნულ გარემოებათა დადგენის შესაძლებლობას და ამ გარემოებების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისათვის. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ორგანოს მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ პირის დაჯარიმება, ნებისმიერი გადაცდომა უნდა იყოს საფუძვლიანად შესწავლილი, ორგანომ უნდა დაადგინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა არსებობა, უნდა შეაფასოს მინაშენის დემონტაჟით სახლის ჩამონგრევის შესაძლებლობა. ამასთანავე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მძიმე ქონებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე მოქალაქეების მიმართ სახელმწიფო უნდა იჩენდეს განსაკუთრებულ მზრუნველობას, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით ქმნიდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძველს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანომდებლობის ამოცანაა საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა. ამ ამოცანის განსახორციელებლად განისაზღვრება, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს სამართალდარღვევის ჩამდენს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1-ლი მუხ.). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთ-ერთი სახეა სამშენებლო სამართალდარღვევა - სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი უნებართვო მშენებლობისა და რეკონსტრუქციის წარმოებისათვის სათადანო სანქციას - დაჯარიმებას ან/და უნებართვო მინაშენის დემონტაჟს ითვალისწინებს (25.9 მუხ.), თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დამრღვევისათვის სახდელის დაკისრება არ ხდება დაუყონებლივ, გადაცდომის აღმოჩენისთანავე, ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით (25.2 მუხ.), მითითებით სავარაუდო დამრღვევს განესაზღვრება ვადა განხორციელებული ქმედების მართლზომიერების დასადასტურებლად ან დარღვევის გამოსასწორებლად (მე-15 მუხ., „ღ“ ქვ.პ.), მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების შესრულებასთან მიმართებით (25.5 მუხ.), უკეთუ შემოწმების აქტში დაფიქსირდა დარღვევა - მითითების პირობების შეუსრულებლობა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას პირისათვის სახდელის დაკისრების შესახებ (25.9 მუხ.), ამასთანავე, სამართალდარღვევა გამოსწორებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მითითებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მიუხედავად, სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილების გამოცემამდე დამრღვევი აღმოფხვრის სამართალდარღვევას (25.7 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა აღნიშნულ ნორმათა დაცვით, ვ. დ-ას განესაზღვრა ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, განემარტა დარღვევის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგები. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ ორგანოს ქმედებები მიზნად ისახავდა ვ. დ-ას დაჯარიმებას, არ არის დასაბუთებული. გასათვალისწინებელია, რომ ვ. დ-ას არ განუცხადებია დარღვევის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის არასაკმარისობაზე და არ დაუწყია მოქმედებები დარღვევის აღმოსაფხვრელად. უფრო მეტიც, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარებულ ზეპირ სხდომაზე ვ. დ-ამ დაადასტურა ქმედებების მის მიერ განხორციელება, თუმცა აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები ემსახურებოდა სახლის გამაგრებას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ზედამხედველობის სამსახურის მიერ მითითება შედგა 31.03.2015წ., ხოლო დადგენილება სახდელის დაკისრების შესახებ მიღებულ იქნა 02.06.2015წ., ამ თვეების მანძილზე ვ. დ-ას ჰქონდა სამართალდარღვევის გამოსწორების ან მინაშენის დემონტაჟის დაუშვებლობის შესახებ მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ასეთი მტკიცებულებები არც ადმინისტრაციულ ორგანოში და არც სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო პალატამ სადავო აქტები ბათილად ცნო სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა მინაშენის დემონტაჟის სახლის მდგრადობაზე ზეგავლენის გამოკვლევა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საწყისებზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წარმოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, მხარეები თავად განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, მხარეებს აქვთ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის თანაბარი საპროცესო საშუალებები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს (სსკ-ის 102.1 მუხ.). მართალია სასამართლოს მტკიცებულებებს წარუდგენენ მხარეები (სსკ-ის 103.1 მუხ.), თუმცა სასამართლო ახდენს მტკიცებულებათა შეფასებას საკმარისობისა და სათანადოობის თვალსაზრისით, ამასთანავე, სასამართლო აღჭურვილია შესაძლებლობით შესთავაზოს მხარეებს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა (სსკ-ის 103.1 მუხ.), მით უფრო ადმინისტრაციულ პროცესში, რომელშიც მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარდგენის საჭიროების შესახებ (სასკ-ის მე-4 მუხ.). მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტების კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევით გამოცემას, დემონტაჟის შემთხვევაში შენობის დანგრევას მოსარჩელე ასაბუთებს მხოლოდ სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულების, წერილობითი დოკუმენტის არარსებობის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო სადავო აქტები. იმის გამოსაკვევად თუ რამდენად საფუძვლიანია მოსარჩელის მოსაზრება მიშენების დემონტაჟის შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის დანგრევის გამოწვევის შესაძლებლობის შესახებ, სააპელაციო სასამართლოს არ მიუღია რაიმე ზომა, სააპელაციო პალატამ მხოლოდ მოსარჩელის განცხადება აღნიშნულის თაობაზე საკმარისად მიიჩნია სადავო აქტების გასაუქმებლად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რაიმე ფაქტობრივი გარემოება და სასამართლო წარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან მისი დადგენა მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული. განსახილველ შემთხვევაში მსგავსი წინაპირობების არსებობა სააპელაციო პალატას სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია. სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებების დადასტურების მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება, არ არის დასაბუთებული, სასკ-ის მე-17 მუხლის დანაწესი სრულად არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის საფუძვლიანობის მტკიცების ვალდებულებისაგან. უკეთუ მინაშენის დემონტაჟი საფრთხეს უქმნის სახლის დანარჩენი ნაწილის მდგრადობას, აღნიშნული მოსარჩელეს სათანადოდ უნდა დაედასტურებინა, ამ გარემოებაზე მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება არ ქმნის ამ გარემოების დადგენილად მიჩნევის ან ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახლა გამოკვლევის დავალების საფუძველს, რადგან აღნიშნული გარემოების დადასტურება/უარყოფა შესაძლებელი იყო თავად მოსარჩელის მიერ წარდგენილი ან სასამართლოს მიერ მოძიებული მტკიცებულებების მეშვეობით.

საკასაციო პალატა არ იზიარებს ვ. დ-ას მოსაზრებას, რომ ზედამხედველობის სამსახურისათვის (ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 25.09.2018წ. N28-94 დადგენილებით მისი უფლებამონაცვლის - მუნიციპალური ინსპექციისათვის) ცნობილი იყო 2011 წელს დაწყებული მშენებლობის შესახებ, საფუძველს მოკლებულია მოსაზრება დარღვევის აღმოჩენიდან 4 წლის შემდეგ დაჯარიმების დაუშვებლობის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიძებნება აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, გარდა ამისა, სამშენებლო სამართალდარღვევა არის განგრძობადი, ამასთანავე, საქმის მასალებით არ დასტურდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.13 მუხლის მოთხოვნის დარღვევა. 25.13 მუხლის თანახმად, ოქმის შედგენიდან ორი თვის ვადაში უნდა შედგეს დადგენილება დაჯარიმების შესახებ, შესაძლებელია საქმის განხილვის ვადის გაგრძელება არაუმეტეს ორი თვის ვადით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.2 მუხლის შესაბამისად, 31.03.2015წ. შედგა N000176 მითითება, რომლითაც მხარეს განესაზღვრა ოცდღიანი ვადა ობიექტის (ამოშენების და მიშენების) დემონტაჟისათვის ან სანებართვო დოკუმენტაციის წარმოდგენისათვის. 23.04.2015წ. 25.5 მუხლის საფუძველზე შედგა შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა. ადმინისტრაციული სარჩელის განხილვისას ვ. დ-ამ დაადასტურა მისთვის მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარების ფაქტი. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 02.06.2015წ. N000176 დადგენილებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე საცხოვრებელი სახლის წინა ფასადის მხარეს პირველ სართულზე სივრცის ამოშენების, ხოლო გვერდითი ფასადის მხარეს ორივე სართულზე ფართის მიშენების გამო ვ. დ-ა დაჯარიმდა რვა ათასი ლარით, მასვე დაევალა ქ. თბილისში, ...ის ქ. N45-ში, ს.კ. ... უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის წინა ფასადის მხარეს 1-ელ სართულზე განხორციელებული ამოშენების, ხოლო გვერდითი ფასადის მხარეს ორივე სართულზე მიშენებული ფართის დემონტაჟი.

სააპელაციო სასამართლოს მითითება ვ. დ-ას მძიმე ფინანსურ და ჯანმრთელობის მდგომარეობის, მსგავსი კატეგორიის მოქალაქეების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან მომეტებული მზრუნველობის საჭიროების შესახებ აგრეთვე არ ასაბუთებს სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობების არსებობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, რაც გამოიხატება მაგ.: სახელმწიფოს მიერ შრომის უსაფრთხოების პირობების დადგენაში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მატერიალურ დახმარებაში, მათთვის სხვადასხვა შეღავათების დაწესებაში, ჯანდაცვის განვითარებისთვის პირობების შექმნაში, სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფაში და სხვ.. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთა სოციალური დაცვა, სათანადო საჭიროების მქონე მოქალაქეებისათვის დახმარების გაწევა არ გულისხმობს მათ მიერ ბრალეული გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ან სანქციის შემსუბუქების სავალდებულოობას. სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ დადგენას საჭიროებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა არსებობა, არ არის დასაბუთებული, მით უფრო, რომ სააპელაციო პალატა თავადვე ადასტურებს ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის კანონმდებლობით კონკრეტული სანქციის გათვალისწინებას, რაც არ იძლევა ჯარიმის მინიმუმის ან მაქსიმუმის განსაზღვრის შესაძლებლობას. სააპელაციო პალატა ვერ უთითებს კანონმდებლობით განსაზღვრული (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწ.) პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი რომელიმე კონკრეტული გარემოების არსებობაზე. ამასთანავე, უკეთუ არსებობს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან გამომრიცხავი გარემოებები, აღნიშნული სავარაუდო სამართალდამრღვევმა უნდა დაადასტუროს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი პირს დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილია კონკრეტული სახდელი, რაიმე დიაპაზონს , რომლის ფარგლებშიც დავის თავისებურებების გათვალისწინებით, ორგანოს ექნება ჯარიმის კონკრეტული ოდენობის შერჩევის შესაძლებლობა, პროდუტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი არ ითვალისწინებს. გ. დ-ას სახდელი შეფარდებული აქვს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც სანქციის შეფარდებისას ორგანოს დისკრეციას გამორიცხავს, რადგან ნორმით დადგენილია კონკრეტული სახდელი - 8000 ლარი. ამდენად, სააპელაციო პალატის მითითება შემამსუბუქებელ გარემოებათა არსებობის გარკვევის აუცილებლობაზე თავის მხრივ საჭიროებდა იმის აღნიშვნას, თუ რა მნიშვნელობა აქვს შემამსუბუქებელ გარემოებებს კანონით ზუსტად განსაზღვრული სანქციის პირობებში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დარღვევის მცირე მნიშვნელობის და პირის მიმართ შეფარდებული სანქციის არაადეკვატურობის დადგენის შემთხვევაში, სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა სადავო სამართალურთიერთობის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობაზე, რომლის თანახმად მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგად ნაწილში მოცემული მოწესრიგება ზოგადია ყველა სამართალდარღვევისათვის. მართალია სამშენებლო სამართალდარღვევები ცალკე კანონებითაა მოწესრიგებული, თუმცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოცემული მოწესრიგება არ არის სხვაგვარად მოწესრიგებული სპეციალურ კანონმდებლობაში, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში. ზოგადი წესი, რომელიც მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევას აწესრიგებს, ვრცელდება ყველა სახის სამართალდარღვევაზე, თუ ისინი სპეციალური კანონით არ არის სხვაგვარად მოწესრიგებული, მათ შორის სამშენებლო კანონმდებლობით. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ საქმის მასალების მიხედვით, ვ. დ-ა სსიპ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე (ს.ფ.191), N0317502 ცნობის თანახმად, ვ.დ-ა 02.11.2016წ. შემოწმდა და დაუფიქსირდა შესაძლებლობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა (ს.ფ.192). „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისა და საურავისაგან, თავისუფლდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერნები („დ“, „ე“ ქვ.პ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასათვალისწინებელია სადავო სამართალურთიერთობის მიმართ, ვ. დ-ასთვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში, კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების საჭიროება. ამასთანავე, არ არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, რადან სადავო აქტი საჯარიმო თანხის დაკისრების გარდა მოიცავს დემონტაჟის ნაწილსაც.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევა შესაძლებელს გახდიდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტას. სააპელაციო პალატას, მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სრულად უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მოეხდინა სწორი სამართლებრივი შეფასება. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო პალატა არ უთითებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან რაიმე ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა იქნეს დადგენილი საქმის ხელახალი განხილვისას და რომლის დადგენაც სასამართლო განხილვის ფარგლებში შეუძლებელია ან განსაკუთრებულ სირთულესთან არ არის დაკავშირებული. ამასთანავე, დავის სამართლებრივი ასპექტი, სასამართლოს მოსაზრება სადავო სამართალურთიერთობის გადაჭრის სამართლებრივი საფუძვლის, გამოსაყენებელი ნორმის შესახებ არ ქმნის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანის პირობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ მოახდინა მათი სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2017წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ქ. ცინცაძე