Facebook Twitter

საქმე №ბს-764-764(2კს-18) 27 დეკემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრების ავტორი - ზ. თ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

მესამე პირი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

დავის საგანი - დავის წარმოების პატივსადები ინტერესის არსებობა, განჩინების განმარტება

გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2018წ. და 10.04.2018წ. განჩინებები

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ზ. თ-ემ 09.12.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ მოპასუხის 29.06.2015წ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 30.04.2014წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან კანონის დარღვევით განხორციელებული ჩანაწერების გასწორება, რაზეც დაუსაბუთებლად ეთქვა უარი. ამის შემდგომ ზ. თ-ემ იუსტიციის მინისტრს წარუდგინა განცხადება, რომელიც გადაიგზავნა იუსტიციის სამინისტროს გენ.ინსპექციაში, ხოლო შემდგომში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსთან. საბოლოოდ განცხადებაზე პასუხი გაიცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მიერ, რომლის წინააღმდეგაც იყო შეტანილი საჩივარი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ წერილობითი პასუხი იყო დაუსაბუთებელი და არ შეიცავდა განცხადებაში ასახულ გარემოებებზე მსჯელობას. 18.03.2015წ. მოსარჩელემ განმეორებით მიმართა საჯარო რეესტრის შიდა კონტროლის სამსახურს და მოითხოვა სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 11.11.2013წ. არამართლზომიერად განხორციელებული შესწორების შეტანის გაუქმება, რადგან მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ უძრავი ქონების მესაკუთრედ და იპოთეკარად ერთიდაიგივე პირი უკანონოდ დარეგისტრირდა. 26.03.2015წ. მოსარჩელემ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩადენილი გადაცდომების შესწავლა. საჩივარი განსახილველად გადაეცა სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს, რომლის 29.06.2015წ. გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხემ სადავო აქტის გამოცემისას სათანადოდ არ განმარტა საკითხის მომწესრიგებელი ნორმები და დასაშვებად მიიჩნია ერთიდაიმავე პირის მესაკუთრედ და იპოთეკარად რეგისტრაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.02.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. სასამართლოს 19.04.2016წ. სხდომაზე ზ. თ-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის ზ. თ-ის 26.03.2015წ. განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2017წ. გადაწყვეტილებით ზ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2018წ. განჩინებით ზ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2017წ. გადაწყვეტილება და ზ. თ-ის სარჩელზე დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ხ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, რეალიზებული იქნა იძულებით აუქციონზე იპოთეკარ ი. ე-ას მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. აუქციონზე უძრავი ქონების შემძენი გახდა თავად ი. ე-ა, რომელიც ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 13.06.2013 წ. №… გადაწყვეტილების საფუძველზე აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ, გაუქმდა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მისი იპოთეკის რეგისტრაცია. 08.11.2013წ. ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ი. ე-ამ, რომელმაც აღნიშნა, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო მისი ორი იპოთეკა, იგი იყო როგორც პირველი, ასევე - მეორე რიგის იპოთეკარი, როგორც მეორე რიგის იპოთეკარმა, უძრავი ქონება გაიტანა იძულებით აუქციონზე და თავადვე შეიძინა, თუმცა ძალაში დარჩა პირველი რიგის იპოთეკა. ამდენად, ი. ე-ამ მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერში ტექნიკური ხარვეზის შესწორება და მისი იპოთეკის აღრიცხვა. ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 11.11.2013წ. №… გადაწყვეტილებით, განხორციელდა ტექნიკური შესწორება, მომზადდა ახალი ამონაწერი, რომლის მიხედვით უძრავ ქონებაზე იპოთეკარებად, 04.09.2012 წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდნენ: ზ. თ-ე, ი. ე-ა და თ. ა-ე. აღნიშნული ქონება 25.03.2014წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით ი. ე-ამ მიჰყიდა პირვანდელ მესაკუთრეს - ზ. ხ-ს, რომელიც საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ. ახალი ამონაწერის მიხედვით იპოთეკარებად რეგისტრირებულები იყვნენ: ზ. თ-ე, ი. ე-ა და თ. ა-ე. 30.04.2014წ. ზ. თ-ემ განცხადებით (თავისი შინაარსით, ადმინისტრაციული საჩივარი) მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 11.11.2013 წ. №… გადაწყვეტილების გაუქმება და მისი წინამორბედი 14.06.2013 წ. რეგისტრაციის უცვლელად დატოვება. წარდგენილ განცხადებაში ზ. თ-ე მიუთითებდა სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან კანონის უხეში დარღვევით განხორციელებულ ჩანაწერის ცვლილებაზე, რადგან შესწორების შედეგად, ი. ე-ა, რომელიც წარმოადგენდა უძრავი ქონების მესაკუთრეს, იმავდროულად დარეგისტრირდა იპოთეკარად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.05.2014წ. №… გადაწყვეტილებით ზ. თ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ რეგისტრაციის კანონიერების შემოწმება წარმოადგენდა სასამართლოს კომპეტენციას. 22.05.2014წ. ზ. თ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მიუთითა ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლო კანონდარღვევაზე და ითხოვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა მხრიდან საქართველოს კანონმდებლობის, სამუშაო ინსტრუქციისა და სააგენტოს შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი, რაც გახდებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძველი, არ დადასტურდა. 26.03.2015წ. ზ. თ-ემ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებზე, განცხადებით - საჩივრით (რეგისტრაციის ნომერი: …; თარიღი: 31.03.2015წ.) მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, განმცხადებელი უკანონოდ მიიჩნევდა სარეგისტრაციო სამსახურის მხრიდან უძრავ ნივთზე ერთი და იმავე პირის - ი. ე-ას რეგისტრაციას და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.07.2014წ. წერილს, რომლითაც არ დადგინდა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 29.06.2015 წ. N5078 აქტით, ზ.თ-ეს ეცნობა, რომ განცხადებაში მითითებული გარემოებების გადამოწმების შედეგად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო კანონდარღვევის ფაქტი არ გამოვლინდა.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სარჩელით მოთხოვნილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 29.06.2015 წ. აქტის ბათილად ცნობა და სამინისტროსათვის ზ. თ-ის 26.03.2015წ. განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება. ამდენად, სარჩელით მოთხოვნილია იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა მხრიდან რეგისტრაციის განხორციელების პროცესში სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტი არ დადასტურდა.

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების“ 22-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ მიუთითა გენ. ინსპექციის ფუნქციებსა და ამოცანებზე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად კი, აღნიშნა, რომ რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არ წარმოადგენს იმ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლების რეგისტრაციის თაობაზე მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის უფლებამოსილება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მინიჭებული აქვს მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი სამსახურებრივი გადაცდომის შესწავლის, გამოკვლევისა და შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების საკითხის დასმის კომპეტენცია. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალება ისეთი აქტის გამოცემა, რომლითაც მოხდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა მხრიდან რეგისტრაციის განხორციელების პროცესში სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტის დადასტურება და პასუხისმგებლობის ზომის დადგენა. მოსარჩელის მიერ სარჩელი აღძრულია სასკ-ის 22-ე, 23-ე მუხლების საფუძველზე, რა დროსაც სარჩელის დასაშვებობის წინაპირობაა პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანისა და მოსარჩელის კანონიერი უფლების ან ინტერესის არსებობის დადასტურება. მოსარჩელის უფლებებისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტის დაუდასტურებლობა, გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან პროცესის შემდგომ სტადიაზე გადასვლის შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის შეტანის და წარდგენილი სარჩელის საფუძველზე აქტის ბათილად ცნობის და აქტის გამოცემის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მხოლოდ იმ პირს, რომლის სუბიექტურ უფლებასა და ინტერესს აქტი, ან/და მისი გამოუცემლობა აყენებს უშუალო და ინდივიდუალურ ზიანს. ხელყოფა უნდა შეეხებოდეს მოსარჩელის იმ უფლებას, რომელიც დაცულია მატერიალური კანონმდებლობით და აქტის ბათილად ცნობის ან აქტის გამოცემის შემთხვევაში იძლევა პირის უფლებებში აღდგენის ან მისი რაიმე ტიპის უფლებით აღჭურვის შესაძლებლობას. გამოირიცხება მორალური და თეორიული ინტერესის გამო სარჩელის დაშვების შესაძლებლობა. პალატამ მიიჩნია, რომ ინტერესი, რომელზედაც მოსარჩელე უთითებს არ წარმოადგენს კანონიერ ინტერესს, რადგან მას (ინტერესს) არ გააჩნია კანონიერი ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები, იუსტიციის სამინისტროს 29.06.2015 წ. აქტის ბათილად ცნობით ვერ შეიცვლება მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა. აქტი, რომლის გამოცემასაც ითხოვს მოსარჩელე, ვერ აღჭურავს მას რაიმე უფლებით. აქტის გამოცემა არ წარმოშობს მოსარჩელისათვის რაიმე სახის კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს. სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას, რაც განსახილველ შემთხვევაში ვერ განხორციელდება, რადგან მოსარჩელე ფაქტობრივად ითხოვს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ თანამშრომელთა მიმართ გაატაროს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები, რაც წარმოადგენს სამინისტროსათვის მინიჭებულ უფლებამოსილებას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენება ვერ ჩაითვლება მესამე პირის უფლებებში აღდგენის სამართლებრივ მექანიზმად და გამორიცხავს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა თუ ინტერესთან ამ აქტის შემხებლობის დადასტურების შესაძლებლობას.

30.03.2018წ. განცხადებით ზ. თ-ემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2018წ. განჩინების განმარტება, კერძოდ, საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლის მითითება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2018წ. განჩინებით ზ. თ-ეს უარი ეთქვა განმარტებაზე იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების განმარტებას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა და ემსახურება სარეზოლუციო ნაწილში არსებული ბუნდოვანების აღმოფხვრას, რათა გამარტივდეს მისი აღსრულება. განსახილველ შემთხვევაში განსამარტი განჩინების კანონიერ ძალაში შეუსვლელობის გამო, სააპელაციო პალატამ დაუშვებლად მიიჩნია განჩინების განმარტებაზე მსჯელობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2018წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. თ-ემ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სასამართლოებმა და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ გაითვალისწინეს ერთიდაიმავე პირის იპოთეკარად და მესაკუთრედ რეგისტრაციის დაუშვებლობა და აქედან გამომდინარე სარეგისტრაციო ჩანაწერში შეტანილი ტექნიკური შესწორების უკანონობა. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შეიცავს დებულებას, რომლის თანახმად წინამდებარე ხელშეკრულება წყდება იპოთეკის საგნის კრედიტორის - იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლის შემდეგ. ამდენად, ი. ე-ამ, აუქციონზე უძრავი ნივთის შეძენის შემდეგ, დაკარგა იპოთეკარის სტატუსი, მის სასარგებლოდ გამოყენებული იპოთეკის რაოდენობის მიუხედავად. მარეგისტრირებელი ორგანოს თანამშრომლებმა ერთიდაიმავე პირის მესაკუთრედ და იპოთეკარად დარეგისტრირებით უხეშად დაარღვიეს კანონმდებლობის მოთხოვნები, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ უარი განაცხადა ამ ფაქტების გამოკვლევასა და სათანადო რეაგირებაზე. ზ. თ-ემ აღნიშნა, რომ ის არ ითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტის გაუქმებას იუსტიციის სამინისტროს მიერ, ასევე არ ითხოვდა მარეგისტრირებელი ორგანოს თანამშრომელთა დასჯას. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ ი. ე-ას მესაკუთრედ და იპოთეკარად დარეგისტრირებით დაბრკოლდა მისთვის სააღსრულებო ფუცლის გაცემის შესაძლებლობა, რადგან იპოთეკარ ი. ე-ას მოვალედ მითითება არ იქნებოდა სწორი. ამდენად, ინტერესის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა არ არის დასაბუთებული. უკეთუ ზ. თ-ე არასათანადო მოსარჩელე იყო, წარმოება სსკ-ის 84-ე მუხლის შესაბამისად უნდა შეწყვეტილიყო, რაც არ მომხდარა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2018წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. თ-ემ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შეუსვლელობა არ აბრკოლებდა განჩინების განმარტებას, ზ. თ-ე ითხოვდა მხოლოდ საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლის მითითებას. კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განჩინების განმარტება აზრს კარგავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზ. თ-ის კერძო საჩივრების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 29.06.2015წ აქტის ბათილად ცნობა და სამინისტროსათვის ზ. თ-ის განცხადებაზე ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება. ამდენად, სარჩელი აღძრულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა (სასკ-ის 22-ე მუხ.) და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით (სასკ-ის 23-ე მუხ.). როგორც შეცილებითი (სასკ-ის 22-ე მუხ.), ასევე მავალდებულებელი (სასკ-ის 23-ე მუხ.) სარჩელის დასაშვებობის წინაპირობაა მხარის კანონიერი ინტერესის არსებობა. ინტერესის არსებობის საკითხს წყვეტს სასამართლო, რომელიც ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მხარის მითითებას ინტერესის არსებობის შესახებ. უშუალო უფლებადამცავი ინტერესის არსებობას სასამართლო საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის ზედა ინსტანციის სასამართლოებშიც საკუთარი ინიციატივით ამოწმებს. მოსარჩელის პატივსადები იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენას არ აქვს დისპოზიციური ხასიათი, ასეთი ინტერესის არარსებობა იმთავითვე გამორიცხავს სარჩელის განსახილველად დაშვების, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობის შესაძლებლობას. ამდენად, ზ. თ-ის მოსაზრება ინტერესის არარსებობის საფუძვლით საქმის წარმოების შესაწყვეტად მოპასუხის სათანადო შუამდგომლობის საჭიროების შესახებ მოკლებულია ნორმატიულ საფუძველს და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი შესაძლოა გამოვლინდეს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში. სასკ-ის 262 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას, რომელიც საჩივრდება კერძო საჩივრით. განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად იმსჯელა ზ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და 27.02.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე ზ. თ-ის მიერ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო წინამძღვრების შემოწმება სასამართლოს მიერ ხდება მხარეთა მიერ ამ საკითხის დასმის მიუხედავად, საპროცესო წინამძღვრები საჯარო ინტერესების გამომხატველია, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს პროცესის დასაშვებობა მხარეთა დამოუკიდებლად, ამდენად, ადგილი არ აქვს საჩივრის საუარესოდ შებრუნებას. სასამართლო უფლებამოსილია სარჩელის დასაშვებობის საკითხი განიხილოს პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერი ინტერესის არსებობის და შესაბამისად სარჩელის დასაშვებობის საკითხის სწორად გადაწყვეტას მნიშვნელობა აქვს ერთის მხრივ, სასამართლოს უფლების დაცვის, ხოლო მეორეს მხრივ, ე.წ. „პოპულარული“ სარჩელის აღძვრის დაუშვებლობის, ასეთი სარჩელის დაშვებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შელახვის თვალსაზრისით. სწორედ აღნიშნული საკითხის გარკვევას ემსახურება სარჩელის დასაშვებობის ინსტიტუტი, რომლის მიზანია პირის პროცესუალური უფლებაუნარიანობის გარვევა. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთი ინტანციის სასამართლოში მოპასუხეს არ მოუთხოვია საქმის წარმოების შეწყვეტა, არ ადასტურებს საქმის წარმოების შეწყვეტის უსაფუძვლობას.

მოსარჩელის პატივსადები იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის არ კმარა ინტერესის შესახებ მოსარჩელის განცხადება, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის ინტერესს, რომელიც უნდა იყოს კანონიერი და პატივსადები. ინტერესის არსებობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება, თუმცა იგი ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. ასეთ მონაცემებს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს სარჩელის აღძვრის საბაბის ფაქტები: უფლების დარღვევა, დარღვევის საშიშროება, ინტერესების შელახვა. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოვალე ზ. ხ-ის ქონება იპოთეკით იყო დატვირთული კრედიტორების ი. ე-ას, ზ. თ-ისა და თ.ა-ის სასარგებლოდ. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ზ. ხ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება რეალიზებული იქნა იძულებით აუქციონზე იპოთეკარ ი. ე-ას მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. აუქციონზე უძრავი ქონების შემძენი გახდა თავად ი. ე-ა, რომელიც ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 13.06.2013წ. გადაწყვეტილების საფუძველზე აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ, გაუქმდა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მისი იპოთეკის უფლების რეგისტრაცია. 08.11.2013წ. ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ი. ე-ამ ტექნიკური ხარვეზის გასწორების, კვლავ იპოთეკარად აღრიცხვის მოთხოვნით. ი. ე-ამ აღნიშნა, რომ ზ. ხ-ის უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო მისი ორი იპოთეკის უფლება, იგი იყო როგორც პირველი, ასევე - მეორე რიგის იპოთეკარი, იძულებითი აღსრულება განხორციელდა მისი, როგორც მეორე რიგის იპოთეკარის სასარგებლოდ, იძულებით აუქციონზე თავადვე გახდა ქონების შემძენი, თუმცა ძალაში დარჩა მისი პირველი რიგის იპოთეკა, ამდენად, იგი კვლავ იყო იპოთეკარი. ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 11.11.2013წ. №… გადაწყვეტილებით ი. ე-ას განცხადება დაკმაყოფილდა, განხორციელდა ტექნიკური შესწორება, მომზადდა ახალი ამონაწერი, რომლის მიხედვით უძრავ ქონებაზე იპოთეკარებად დარეგისტრირდნენ: ზ. თ-ე, ი. ე-ა და თ. ა-ე. აღნიშნული ქონება 25.03.2014წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით ი. ე-ამ მიჰყიდა პირვანდელ მესაკუთრეს - ზ. ხ-ს, რომელიც საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ. ახალი ამონაწერის მიხედვით იპოთეკარებად კვლავ რეგისტრირებულები იყვნენ: ზ. თ-ე, ი. ე-ა და თ. ა-ე. მნიშვნელოვანია, რომ საქმის მასალებით არ დგინდება ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 11.11.2013წ. №… გადაწყვეტილების უკანონობის დადასტურება სასამართლოს მიერ, აღნიშნული აქტის კანონიერება არ გამხდარა სასამართლო დავის საგანი. ზ. თ-ის მიერ 11.11.2013წ. გადაწყვეტილება გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც 14.05.2014წ. №… გადაწყვეტილებით ზ. თ-ეს უარი უთხრა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ რეგისტრაციის კანონიერების შემოწმება წარმოადგენდა სასამართლოს კომპეტენციას. ამის მიუხედავად ზ. თ-ემ არ აწარმოა სასამართლო დავა ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს 11.11.2013წ. გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით. ამჟამად არ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 11.11.2013წ. №… აქტის კანონშეუსაბამობას დაადასტურებს, შესაბამისად აღნიშნული აქტი მიიჩნევა მართლზომიერად. მოსარჩელის კანონიერი ინტერესი პირდაპირ უკავშირდება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 11.11.2013წ. N… გადაწყვეტილებას ხარვეზის შესწორების შესახებ, რომლითაც ი. ე-ას სახელზე აღდგა იპოთეკის ჩანაწერი. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება ზ. თ-ის მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართოში, რომელმაც დავა განსჯადობით გადაუგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს. სარჩელი ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მიერ არ იქნა მიღებული წარმოებაში, რაც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის თანამშრომლების მიერ კანონდარღვევის ფაქტის სასამართლოს მიერ აღიარების მოთხოვნა არ არის დასაშვები სარეგისტრაციო სამსახურის 11.11.2013წ. აქტის მოქმედების პირობებში.

მიუხედავად იმისა, რომ ზ. თ-ეს 11.11.2013წ. №… გადაწყვეტილება სათანადო წესით სადავო არ გაუხდია, მან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართა უძრავ ნივთზე მესაკუთრედ და იპოთეკარად ერთი და იმავე პირის - ი. ე-ას რეგისტრაციის პროცესში ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შესაძლო კანონდარღვევაზე და ითხოვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა მხრიდან საქართველოს კანონმდებლობის, სამუშაო ინსტრუქციისა და სააგენტოს შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი, რაც გახდებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძველი, არ დადასტურდა. 26.03.2015წ. ზ. თ-ემ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებზე, განცხადება - საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, განმცხადებელი უკანონოდ მიიჩნევდა სარეგისტრაციო სამსახურის მხრიდან უძრავ ნივთზე ერთი და იმავე პირის - ი. ე-ას რეგისტრაციას და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.07.2014წ. წერილს, რომლითაც არ დადგინდა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 29.06.2015 წ. N5078 აქტით ზ.თ-ეს ეცნობა, რომ განცხადებაში მითითებული გარემოებების გადამოწმების შედეგად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო კანონდარღვევის ფაქტი არ გამოვლინდა. ზ. თ-ე სარჩელით სწორედ სამინისტროს 29.06.2015 წ. აქტის ბათილად ცნობას და სამინისტროსათვის ზ. თ-ის 26.03.2015წ. განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალებას ითხოვს. ამდენად, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანოს თანამშრომლებს დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა, რადგან მოთხოვნილია იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა მხრიდან რეგისტრაციის განხორციელების პროცესში სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტი არ დადასტურდა. სხვა სამართლებრივი შედეგი, მათ შორის ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების არამართლზომიერების დადასტურება, განსახილველი დავის ფარგლებში ვერ დადგება. განსახილველი დავის საგანს შეადგენს არა ტექნიკური ხარვეზის გასწორების შედეგად ი. ე-ას იპოთეკის უფლების რეგისტრაციის მართლზომიერება, არამედ ამ რეგისტრაციის განხორციელებისას მარეგისტრირებელი ორგანოს თანამშრომელთა მიერ ჩადენილ შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საჭიროება, რაც არ არის ერთიდაიგივე, რადგან პირველ შემთხვევაში იცვლება უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობა, ხოლო მეორე შემთხვევაში სამსახურებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადმინისტრაციული ორგანოს მოხელეებს, რაც იმთავითვე უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის ცვლილებას არ გულისხმობს.

ზ. თ-ე მათ შორის კერძო საჩივარში აღნიშნავს, რომ მას არ აქვს ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლების დასჯის ინტერესი. მოსარჩელე კერძო საჩივარში აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული ჩანაწერის შეცვლას არ ითხოვს. ზ. თ-ის ინტერესს ფაქტობრივად შეადგენს სარეგისტრაციო ჩანაწერში შეტანილი ტექნიკური შესწორების უკანონობის დადგენა, თუმცა არ არის დასაბუთებული განსახილველი დავის ფარგლებში მითითებული სამართლებრივი შედეგის მიღწევის შესაძლებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის შეტანის, აქტის ბათილად ცნობის და აქტის გამოცემის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მხოლოდ იმ პირს, რომლის უფლებასა და ინტერესს აქტი ან/და მისი გამოუცემლობა აყენებს უშუალო და ინდივიდუალურ ზიანს. ხელყოფა უნდა შეეხებოდეს მოსარჩელის იმ უფლებას, რომელიც დაცულია მატერიალური კანონმდებლობით და აქტის ბათილად ცნობის ან აქტის გამოცემის შემთხვევაში იძლევა პირის უფლებებში აღდგენის ან მისი რაიმე ტიპის უფლებით აღჭურვის შესაძლებლობას. იურიდიული (პროცესუალური) ინტერესის დაკმაყოფილება არ არის თვითმიზანი, იგი მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება, იურიდიული ინტერესი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს, უკეთუ სახეზეა მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი (სასამართლო დაცვის საგანი), უკანასკნელის გარეშე პროცესუალურ უფლებას არ ექნებოდა რაიმე ღირებულება. პროცესუალური უფლების არსი მატერიალური უფლების გამოვლენაში მდგომარეობს. ამასთანავე, კანონიერი ინტერესი არ ნიშნავს იმთავითვე მოთხოვნის კანონიერებას, სასამართლოს მიერ სარჩელის უცილობლად დაკმაყოფილებას. სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე ინტერესის არსებობა, როგორც სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობა, გულისხმობს დავისადმი მოსარჩელის ინდივიდუალური, პერსონალური ინტერესის, როგორც ასეთის არსებობას. მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიმართ მნიშვნელოვანი იურიდიული ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. კანონიერ ინტერესში იგულისხმება, რომ დავა უნდა იყოს სამართლებრივი, დავაში ინტერესი უნდა იყოს კონკრეტული, ლეგიტიმური, პატივსადები, მნიშვნელოვანი. კანონიერი ინტერესის არსებობა გულისხმობს იმას, რომ პირი სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას კეთილსინდისიერად იყენებს, დაუშვებელია ამ უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 29.06.2015 წ. აქტის ბათილად ცნობით ვერ შეიცვლება მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა. აქტი, რომლის გამოცემასაც ითხოვს მოსარჩელე, ვერ აღჭურავს მას რაიმე უფლებით, არ წარმოშობს მოსარჩელისათვის რაიმე სახის კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს. მარეგისტრირებელი ორგანოს თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენება ვერ ჩაითვლება ზ. თ-ის უფლებებში აღდგენის სამართლებრივ მექანიზმად და გამორიცხავს მოსარჩელის უფლებასა თუ კანონიერ ინტერესთან ამ აქტის შემხებლობის დადასტურების შესაძლებლობას. ზ. თ-ე საქმეში დაცულ ყველა წერილობით მოსაზრებაში, მათ შორის სარჩელსა და კერძო საჩივარში უთითებს ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების არამართლოზმიერებაზე, ერთიდაიმავე პირის მესაკუთრედ და იპოთეკარად რეგისტრაციის დაუშვებლობაზე და სხვ., თუმცა ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის 11.11.2013წ. №… გადაწყვეტილების კანონიერება პრეზუმირებულია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის, სკ-ის 312.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ხსენებული აქტი არ წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს, მოსარჩელე არ ითხოვს მის გაუქმებას. სასამართლოს უფლება არ აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (სსკ-ის 248 მუხ.), სასამართლოში საქმის წარმოება სწორედ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე იწყება (სსკ-ის 2.1 მუხ.), რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ და განსაზღვრავს დავის საგანს (სსკ-ის 3.1 მუხ.). ამდენად, სასამართლო განსახილველი დავის ფარგლებში ვერ შეაფასებს ერთიდაიმავე პირის მესაკუთრედ და რამოდენიმე რიგის იპოთეკარად რეგისტრაციის კანონიერებას, ტექნიკური ხარვეზის გასწორების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების მართლზომიერებას, ორგანოს მიერ ნორმათა განმარტების სისწორეს და სხვ..

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.2018წ. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე მოსარჩელის მითითება სასამართლოს მიერ სსკ-ის 84-ე მუხლის გამოყენების საჭიროებაზე, რადგან აღნიშნული ნორმა აწესრიგებს არასათანადო მოსარჩელესთან დაკავშირებულ პროცესუალურ ურთიერთობებს, ხოლო განსახილველ შემთხვევაში საქმის წარმოება არ შეწყვეტილ ზ. თ-ის არასათანადო მოსარჩელედ მიჩნევის საფუძვლით, წარმოების შეწყვეტა გამოიწვია მოცემული დავის მიმართ ზ. თ-ის პატივსადები იურიდიული ინტერესის არარსებობამ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შინაარსობრივი მსგავსების მიუხედავად, ერთმანეთისაგან გამიჯვნას საჭიროებს არასათანადო მოსარჩელე და პირი, რომელსაც დავის მიმართ პატივსადები იურიდიული ინტერესი არ აქვს. ზ. თ-ე მართებულად იქნა მიჩნეული პატივსადები იურიდიული ინტერესის არმქონე პირად და არა არასათანადო მოსარჩელედ, რადგან არასათანადო მოსარჩელე ფაქტობრივად დაინტერესებული პირია, რადგან იგი შეცდომით ფიქრობს, რომ უფლება, რომლის დასაცავადაც მან მიმართა სასამართლოს მას ეკუთვნის. ასეთ შემთხვევებში ობიექტურად არსებობს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მომტანი მოთხოვნა, თუმცა მას აყენებს მოთხოვნის უფლების არმქონე პირი. განსახილველ შემთხვევაში ზ. თ-ემ დააყენა არა სხვისი სასარჩელო მოთხოვნა, არამედ მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილებასაც არ შეუძლია გავლენა მოახდინოს მისი ინტერესის სფეროში მყოფი უძრავი ნივთის უფლებრივ მდგომარეობაზე, არ შეუძლია გამოიწვიოს ის სამართლებრივი შედეგი, რომელიც მოსარჩელეს სურს. ზ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნა არის არა სხვა პირის სასარჩელო მოთხოვნა, არამედ კონკრეტული სამართლებრივი შედეგის: უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შეცვლის, მარეგისტრირებელი ორგანოს 11.11.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მისაღწევად გამოუსადეგარი სასარჩელო მოთხოვნა. ამდენად, არასწორია ზ. თ-ის მოსაზრება სასამართლოს მიერ სსკ-ის 84-ე მუხლის გამოყენების საჭიროების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის მითითება სსკ-ის 84-ე მუხლზე.

რაც შეეხება ზ. თ-ის მოსაზრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.03.2018წ. განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე განმარტების საჭიროების შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 262.1 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, უკეთუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. გადაწყვეტილების განმარტების მიზანს სწორედ მისი აღსრულების ხელშეწყობა წარმოადგენს. სსკ-ის 262.1 მუხლში მითითებულ გადაწყვეტილებაში იგულისხმება მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილება/განჩინება, რომლის აღსრულებაც შესაძლებელია. გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება დაიშვება მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ (სსკ-ის 267 მუხ.), სააპელაციო პალატის განჩინება კი კანონიერ ძალაში შედის გასაჩივრების ვადის გასვლის ან უზენაესი სასამართლოს მიერ სააპელაციო პალატის განჩინებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ (სსკ-ის 264.2 მუხ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სააპელაციო პალატის უარი კანონიერ ძალაში შეუსვლელი

განჩინების განმარტებაზე არამართლზომიერია, არ არის დასაბუთებული. ზ. თ-ის მიერ სააპელაციო პალატის 31.01.2018წ. განჩინების განმარტების მოთხოვნისას, განჩინება არ იყო კანონიერ ძალაში შესული. სასამართლო არ არის უფლებამოსილი განმარტოს კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილება/განჩინება. აღნიშნული ეწინააღმდეგება გადაწყვეტილების/ განჩინების განმარტების ნორმატიულ მიზნებს. ამდენად, არ არსებობს აგრეთვე სააპელაციო პალატის 10.04.2018წ. განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 22-ე, 23-ე, 262 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე, 262-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ზ. თ-ის კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2018წ. და 10.04.2018წ. განჩინებებზე არ დაკმაყოფილდეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე