საქმე Nბს-912 (გ-18) 20 დეკემბერი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10.07.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ვ. დ-ის მიმართ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2014 წლის 16 ივნისიდან 2015 წლის 12 იანვრამდე შსს ყოფილი სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შეიარაღების სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამავე ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტში ჩატარებულ იქნა შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დანაკლისის სახით გამოვლენილ იქნა სხვადასხვა სახის შეიარაღება და აღჭურვილობა, მათ შორის ერთი ცალი ღამის ხედვის მოწყობილობა „ზაგემი“ – N… . აღნიშნული მოწყობილობა ერიცხებოდა შსს ყოფილი სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის შტაბის (მთავარი სამმართველო) - 4 ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილების შეიარაღების ქვეგანყოფილებას, რომლის ხელმძღვანელი და მატერიალურად პასუხისმგებელი პირი იყო ვ. დ-ი. ვ. დ-ის მიერ 25.08.2006წ. N157 გასავლის ზედდებულით აღნიშნული მოწყობილობა დროებითი სარგებლობის მიზნით გადაეცა შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ი. ქ-ეს, თუმცა აღნიშნული ფაქტის შესახებ არ ეცნობა შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შეიარაღების სამმართველოს, რათა არ მომხდარიყო მისი სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის შტაბის (მთავარი სამმართველო) – 4 ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილების ბალანსიდან მოხსნა და შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე გადაწერა. ი. ქ-ე 2012 წლის 1 ნოემბრიდან დათხოვნილ იქნა შს სამინისტროდან და მის სახელზე გაიცა შემოვლის ფურცელი N929, რომლის მიხედვითაც ი. ქ-ეს სამინისტროს მიმართ დავალიანება არ ერიცხება. ამასთან, შეიარაღების სამმართველოს მიერ შემოვლის ფურცელზე დავალიანების არ არსებობა დადასტურებულ იქნა ისე, რომ ცნობილი არ იყო 2006 წელს ი. ქ-ისათვის ღამის ხედვის მოწყობილობის დროებით სარგებლობაში გადაცემის ფაქტის შესახებ. შსს გენერალური ინსპექციის დასკვნის მიხედვით შს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ღამის ხედვის მოწყობილობის „ზაგემი“ N...დაკარგვაზე ბრალეულ პირად ცნობილ იქნა ვ. დ-ი, შესაბამისად მას უნდა დაეკისროს ქონებრივი ზიანის ანაზღაურება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.07.2018წ. განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ სასკ-ის 2.1 და 26.1 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. სასკ-ის 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე. მოცემულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ადრესატია არა ადმინისტრაციული ორგანო, არამედ - ფიზიკური პირი, ხოლო დავის საგანს წარმოადგენს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის გამო ვ. დ-ისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება. მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებს. ამდენად, მოცემული სადავო სამართალურთიერთობა სსსკ-ის 11.1 მუხლის და სასკ-ის 251 მუხლის შესაბამისად სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.07.2018წ. განჩინებით განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წესით დავის გადასაწყვეტად აუცილებელია ერთდროულად ორი კომპონენტის არსებობა: 1. დავა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს; 2. ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო. მოცემულ დავაში ერთ-ერთი მხარე (კერძოდ მოსარჩელე) არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას. სასკ-ის 2.3 მუხლის თანახმად, საგნობრივი განსჯადობის საკითხის გარკვევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სამართალურთიერთობის შინაარს, დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. სასამართლომ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 31.12.2013წ. N989 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებაზე“, ასევე საქართველოს მთავრობის 13.12.2013წ. N337 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაზე“ და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, თუმცა დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ვ. დ-ის მხრიდან შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დარღვევა, რაც გამოიხატა შს სამინისტროს ცენტრალურ შეიარაღებაში შესაბამისი ინფორმაციის წარუდგენლობაში და სადავო მოწყობილობის შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე ახალ მატერიალურად პასუხისმგებელ პირზე მიუბარებლობაში. ამდენად, შესაფასებელია მოქმედებდა თუ არა ვ. დ-ი კანონიერად საჯარო უფლებამოსილების განხორციელების დროს და არსებობდა თუ არა მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები. შესაბამისად, დადგენას საჭიროებს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლების არსებობა და მხოლოდ შემდგომში ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს არა კერძო-სამართლებრივი, არამედ ადმინისტრაციული, საჯარო კანონმდებლობიდან და მისი განხილვა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიების განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26-ე მუხლის თანახმად სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.
სზაკ-ის 2.1 მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. სასკ-ის 2.3 მუხლის დებულება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში. იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნა ემყარება საჯარო კანონმდებლობას, დავა განსახილველად ექვემდებარება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება სადავო სამართალურთიერთობების ბუნებას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შინაარსს, დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოპასუხე ფიზიკური პირისაგან ითხოვს ზიანის ანაზღაურებას. ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო კოდექსის ნორმებით არის მოწესრიგებული. სასკ-ის 2.1 „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავის საგანი შეიძლება, იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე. მოცემულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ადრესატი არის არა ადმინისტრაციული ორგანო, არამედ - ფიზიკური პირი, ვ. დ-ი. ამდენად, სახეზე არ არის სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დავის საგანი, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
საქმის განსჯადობის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს არა სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტური შემადგენლობა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის ბუნება. ის რომ მოცემული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი არის დისციპლინური გადაცდომა, რომელიც მოწესრიგებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობით, ვერ აქცევს მოცემულ დავას ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადად. განსახილველი საქმის დავის საგანი ეხება არა დისციპლინურ წარმოებას, მოპასუხის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქმის მასალების მიხედვით მოპასუხე - ვ. დ-ი 2015 წლის აგვისტოდან დათხოვნილია შს სამინისტროდან, რაც გამორიცხავს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებას), არამედ ზიანის ანაზღაურებას. დავის საგნობრივი განსჯადობის საკითხს არ ცვლის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებაში მითითება შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნაზე, ვინაიდან ვ. დ-ი დათხოვნილია შს სამინისტროდან და მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები გამოყენებული ვერ იქნება. განსახილველ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის საფუძველს, რომელსაც სკ-ის შესაბამისი ნორმები წარმოადგენს. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად უთითებს კერძო-სამართლებრივ კანონმდებლობას, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 412-ე, 408-ე, 409-ე მუხლებს. ამდენად, დავის ძირითადი კომპონენტი კერძო-სამართლებრივია. ვინაიდან დავა არ ეხება დისციპლინურ დევნას, საფუძველს არის მოკლებული და დავის საგნობრივ განსჯადობას არ ცვლის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მითითება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაზე, შს მინისტრის 31.12.13წ. N989 ბრძანებით დამტკიცებულ "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებაზე".
მოცემულ შემთხვევაში იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოს კერძო ინტერესი - მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება. საქმის მასალების მიხედვით შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 27.01.2015წ. N184559 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დაიწო სამსახურებრივი შემოწმება და სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ ვ. დ-მა ჩაიდინა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ (სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება), „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) და „გ“ (ქონებრივი ზიანის მიყენება) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა ღამის ხედვის მოწყობილობა „ზაგემი“-ს N...დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ შეიარაღებაში შესაბამისი ინფორმაციის წარუდგენლობაში, ი. ქ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან დათხოვნის შემდეგ 2013 წლის ინვენტარიზაციისას აღნიშნული მოწყობილობის შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე ახალ მატერიალურად პასუხისმგებელ პირზე მიუბარებლობაში, რის შედეგადაც მოწყობილობა დაიკარგა, რითაც შს სამინისტროს მიადგა ქონებრივი ზიანი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგნობრივი განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს. საკასაციო პალატა არ ეთანხმება სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები და შესაბამისად ზიანის ანაზღაურების საკითხი ადმინისტრაციულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით უნდა გადაწყდეს. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სამოქალაქო კანონმდებლობის ნორმებს ეფუძნება, ხოლო ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობების არსებობა, კერძოდ მოპასუხის ქმედების შედეგად ზიანის მიყენების, ზიანსა და ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის, ქმედების მართლწინააღმდეგობის, ბრალის კუმულატიურად არსებობის დადგენა შეადგენს არა განსჯადობის, არამედ დავის არსებითი განხილვის საგანს. ის გარემოება, რომ დავის გადაწყვეტა საჭიროებს მოპასუხის ვ. დ-ის საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერების გარკვევას, არ განაპირობებს დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი კუთვნილებას. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. რაც შეეხება დავის განხილვის პროცესში სამოქალაქო-სამართლებრივ ნორმებთან ერთად საჯარო-სამართლებრივი ნორმების გამოყენების შესაძლო საჭიროების შექმნას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი სასამართლოები არ ქმნიან ერთმანეთისგან იზოლირებულ, ცალკე სასამართლო სისტემებს, მართლმსაჯულების ნებისმიერი განშტოება სასამართლო დავის გადაწყვეტისას უფლებამოსილია გამოიყენოს და განმარტოს ნებისმიერი ნორმატიული, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი აქტი, მათი რეგულირების საგნის და გამომცემი ორგანოს მიუხედავად.
შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ დავა განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი ვ. დ-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ქ.ცინცაძე