Facebook Twitter

#ბს-990(კ-19) 12 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 29 ნოემბერს გ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებთ მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის, აგრეთვე, მესამე პირების - საქართველო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, საჩხერის რაიონული პროკურატურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინპექციის მიმართ.

გ. ბ-ემ დააზუსტა სარჩელი და მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და საქართველოს გენერალური პროკურატურა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1993 წლიდან არის ჭეშმარიტი პოლიტ-დევნილი, 2012 წლის 24 აგვისტოდან კი - პოლიტ-პატიმარი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა რამდენიმე საათით ან თუნდაც რამდენიმე წუთით იგივეა, რაც თავისუფლების აღკვეთა, თუნდაც უვადოდ, შესაბამისად იგი მიიჩნევს, რომ მისი საქვეყნოდ დარღვეული უფლებები უნდა აღდგეს და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისათვის გ. ბ-ის პოლიტ-პატიმრის საკითხთან დაკავშირებით 2012 წლის 30 ნოემბრის #8 ოქმში ცვლილებების შეტანის მიზნით ახალი კომისიის შექმნისა და საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის გ. ბ-ის (პ/ნ ...) პოლიტიკურ პატიმრად ცნობის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა, საჩხერის რაიონული პროკურატურა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებით გ. ბ-ის შუამდგომლობები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მესამე პირად ჩართვის თაობაზე, მტკიცებულებათა და სისხლის სამართლის საქმის გამოთხოვის თაობაზე, აგრეთვე, შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამავე სააპელაციო საჩივრით გ. ბ-ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებების - მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ, მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ და შუამდგომლობების უფლების შეზღუდვის შესახებ, გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინება, მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინება და შუამდგომლობების უფლების შეზღუდვის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შექმნილმა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა დაასრულა მუშაობა, ამასთან, გ. ბ-ე არ ყოფილა დაპატიმრებული ან/და ძებნილი პირი, ასეთი მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შექმნილი ჯგუფის მიერ ვერ მოხდებოდა გ. ბ-ის განცხადებების განხილვა და მისთვის პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის სტატუსის მინიჭება.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კანონმდებლობა თუ კანონქვემდებარე აქტები, რომლითაც განსაზღვრულია საქართველოს გენერალური პროკურატურის საქმიანობის სფერო და კომპეტენცია, არ ითვალისწინებდა უფლებამოსილებას, რომლითაც გენერალური პროკურატურა აღჭურვილი იქნებოდა შესაძლებლობით გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ. ბ-ე ან ნებისმიერი სხვა პირი ცნობილი იქნებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად. ხსენებული საქმიანობა სცდებოდა საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებას და შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის ადრესატს და სათანადო მოპასუხეს, ამ ნაწილში, საქართველოს გენერალური პროკურატურა არ წარმოადგენდა.

რაც შეეხება გ. ბ-ის მოთხოვნას მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ, მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ და შუამდგომლობების უფლების შეზღუდვის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალით არ დასტურდებოდა, თუ რა სამართლებრივ შედეგს გამოიწვევდა სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, მით უფრო, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალდებულება არ ეხებოდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას და ის არ წარმოადგენდა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი, საქმეში მესამე პირის ჩაბმა ხდებოდა სასამართლოს მიხედულობით. ამდენად, საქალაქო სასამართლოს უარი დასაბუთებული იყო.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში დაცული მასალით ირკვეოდა, რომ გ. ბ-ე აყენებდა ერთი და იმავე შუამდგომლობებს, რაზედაც საქალაქო სასამართლოს უკვე პასუხი ჰქონდა გაცემული. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს ჰქონდა უფლება, გ. ბ-ისთვის ჩამოერთვა შუამდგომლობების დაყენების უფლება.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ასევე დაუსაბუთებელი იყო გ. ბ-ის მოთხოვნა მოსამართლის აცილების შესახებ, რადგან საქალაქო სასამართლო სხდომის ოქმით ირკვეოდა, რომ გ. ბ-ემ მას შემდეგ დააყენა აღნიშნული შუამდგომლობა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობები საქმეში მესამე პირად ჭიათურის მერის ჩაბმის და სისხლის სამართლის საქმიდან მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შუამდგომლობებზე უარის თქმა არ წარმოადგენდა წინამდებარე საქმის განმხილველი მოსამართლის აცილების საფუძველს, ამდენად, გ. ბ-ის მოთხოვნა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ ამ შემთხვევაშიც დაუსაბუთებელი იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას საერთოდ არ უმსჯელია მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინების, მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებისა და შუამდგომლობების უფლების შეზღუდვის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინების კანონიერებაზე.

კასატორი მიუთითებს, რომ არ არსებობს არანაირი კანონი და ნორმა, რომელიც დაადგენდა, თუ როდის უნდა მიმართოს პირმა პოლიტ-პატიმრის ან პოლიტ-დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო თვითნებურად უთითებს, რომ იგი არ იყო პატიმარი ან დასჯილი. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებულ განჩინებაში დაუდასტურებლად არის მითითებული 13 მსჯავრდებულის პოლიტ-პატიმრად აღიარების თაობაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით, სასამართლომ შეგნებულად არ გამოითხოვა მისთვის ხელმიუწვდომელი მტკიცებულებები, ამასთან, სამართალწარმოების პროცესში მას არც თავად მისცემია ხსენებულ მტკიცებულებათა გამოთხოვის შესაძლებლობა.

კასატორი მიუთითებს, რომ მის მოთხოვნას არ წარმოადგენდა 2012 წელს შექმნილი კომისიის უწინდელ სამართლებრივ მდგომარეობაში დაბრუნების დავალდებულება, პირიქით, კასატორი მიუთითებს, რომ იგი ითხოვდა და ითხოვს ახალი კომისიის შექმნას.

ამასთან, კასატორმა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში საქართველოს მთავარი პროკურატურიდან 13 მსჯავრდებული პირის პოლიტ-პატიმრად აღიარებისა და მათი განთავისუფლების შესახებ დადგენილების ასლის გამოთხოვასთან დაკავშირებით იშუამდგომლა.

კასატორმა, აგრეთვე, იშუამდგომლა მოსამართლეების მაია ვაჩაძის, ნუგზარ სხირტლაძისა და ვასილ როინიშვილის მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ კასატორს ეჭვი შეაქვს მოსამართლეთა მიუკერძოებლობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გ. ბ-ის შუამდგომლობა მოსამართლეების მაია ვაჩაძის, ნუგზარ სხირტლაძისა და ვასილ როინიშვილის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გ. ბ-ის შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.

2019 წლის 11 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ბ-ემ, რომელმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინების განმარტება მოითხოვა იმ მოტივით, რომ სასამართლომ ორ ურთიერთგანსხვავებულ საკითხზე იმსჯელა ერთ განჩინებაში.

2019 წლის 11 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ბ-ემ, რომელმაც მოსამართლეების აცილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორების გასწორება მოითხოვა და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინების მე-2 გვერდის მე-5 აბზაცი უნდა ჩამოყალიბებულიყო შემდეგნაირად: „მოსამართლეებს ამავე შინაარსის არაერთ ანალოგიურ საქმის განხილვაში აქვთ მონაწილეობა მიღებული“.

2019 წლის 11 ნოემბერს გ. ბ-ემ განცხადებებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინების განმარტების შესახებ დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით გ. ბ-ის განცხადებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

2019 წლის 6 დეკემბერს გ. ბ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მის მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივრის მე-5 და მე-6 ფურცლების ასლებისა და თანდართული დოკუმენტების გაგზავნა მოითხოვა. 2019 წლის 12 დეკემბერს, მოსარჩელეს მისივე მოთხოვნისამებრ გაეგზავნა დაზუსტებული საკასაციო საჩივრის მე-5 და მე-6 ფურცლების ასლები „3“ ფურცლად და თანდართული მტკიცებულების ასლები „8“ ფურცლად.

2019 წლის 6 დეკემბერს გ. ბ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მაია ვაჩაძის, ნუგზარ სხირტლაძისა და ვასილ როინიშვილის აცილება მოითხოვა. აღნიშნულ მოთხოვნას კასატორი ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებებით არ იქნა დაკმაყოფილებული მისი კანონიერი მოთხოვნები, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ მისი საკასაციო საჩივარიც დაუშვებლად იქნება ცნობილი. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს მხრიდან არც მტკიცებულებები არ ყოფილა გამოთხოვილი, რაც, კასატორის მითითებით, ასევე წარმოადგენს დასახელებულ მოსამართლეთა აცილების საფუძველს.

ამასთან, 2019 წლის 6 დეკემბერს გ. ბ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს გენერალური პროკურატურიდან მტკიცებულებათა გამოთხოვა განმეორებით მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ის შუამდგომლობა მოსამართლეების - მაია ვაჩაძის, ნუგზარ სხირტლაძისა და ვასილ როინიშვილის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისათვის გ. ბ-ის პოლიტ-პატიმრის საკითხთან დაკავშირებით 2012 წლის 30 ნოემბრის #8 ოქმში ცვლილებების შეტანის მიზნით ახალი კომისიის შექმნისა და საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის გ. ბ-ის (პ/ნ ...) პოლიტიკურ პატიმრად ცნობის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2012 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა დადგენილება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“. დადგენილების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2012 წლის 1 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი #3) შექმნილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე წარმოდგენილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სიების საფუძველზე, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებად მიჩნეულ იქნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2012 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი #8) დამტკიცებულ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირთა სიაში დასახელებული მსჯავრდებულები. პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირებად მიჩნეულ იქნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2012 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი #8) დამტკიცებულ პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სიაში დასახელებული პირები.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2014 წლის 16 ივლისის #7180/4-2 წერილით გ. ბ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2012 წლის 1 ნოემბრის სხდომაზე შექმნილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე წარდგენილი პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა სიების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილება #76-1ს, რომლითაც განისაზღვრა 190 პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და 25 პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირი. სიაში შესაყვან პირთა დადგენის პროცესთან დაკავშირებით ამავე წერილით განმარტებულია, რომ როგორც პარლამენტის დადგენილებაში ცალსახად არის მითითებული, სია შეადგინა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც შედგებოდა სამართლის დარგის აღიარებული ექსპერტებისგან, ასევე იმ უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, რომლებიც მაღალი ნდობით სარგებლობენ და გამოირჩევიან დიდი გამოცდილებით ადამიანის უფლებათა სფეროში. ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნები განხილული იქნა და დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ.

საგულისხმოა ის, რომ სამუშაო ჯგუფი იყო აბსოლუტურად ღია, განეხილა ნებისმიერი იმ პირის საქმე, ვინც შესაბამისი განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას წარადგენდა 2012 წლის 19 ნოემბრამდე. არ არსებობდა რაიმე შეზღუდვა და ლიმიტი. საქართველოს პარლამენტმა თავიდანვე თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა ყველა პირი, კერძოდ, მისცა მათ განცხადებების წარდგენის შესაძლებლობა. ზემოხსენებული წერილთვე გ. ბ-ეს განემარტა, რომ მისი მოთხოვნა პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის სტატუსის მინიჭებაზე კომიტეტში (განცხადებების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2012 წლის 19 ნოემბერი) წარდგენილი იქნა მხოლოდ 2013 წლის 6 თებერვალს. ამასთან, განმცხადებელს ეცნობა, რომ მისი განცხადებების საფუძველზე კომიტეტმა შესაბამისი შუამდგომლობებით მიმართა პროკურატურის ორგანოებს, რაზედაც სამივე მათგანზე კომიტეტმა მიიღო პასუხი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შექმნილმა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა დაასრულა მუშაობა, ამასთან გ. ბ-ე არ ყოფილა დაპატიმრებული ან/და ძებნილი პირი, ასეთი მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შექმნილი ჯგუფის მიერ ვერ მოხდებოდა გ. ბ-ის განცხადებების განხილვა და მისთვის პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის სტატუსის მინიჭება.

რაც შეეხება გ. ბ-ის მოთხოვნას საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ, რომლითაც გ. ბ-ე ცნობილი იქნება პოლიტიკურ პატიმრად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს პროკურატურა თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს.

საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას მასზედ, რომ გ. ბ-ის მოთხოვნა მისი პოლიტიკურ პატიმრად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს არც „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით და არც „საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის #38 ბრძანებით გათვალისწინებული სამართლებრივი ნორმების მოთხოვნებიდან, რადგან ზემოხსენებული საკანონმდებლო ნორმატიული თუ კანონქვემდებარე აქტები, რომლითაც განსაზღვრულია საქართველოს გენერალური პროკურატურის საქმიანობის სფერო და კომპეტენცია, არ ითვალისწინებს უფლებამოსილებას, რომლითაც გენერალური პროკურატურა აღჭურვილი იქნებოდა შესაძლებლობით გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ. ბ-ე ან ნებისმიერი სხვა პირი ცნობილი იქნებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად. ხსენებული საქმიანობა სცდება საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებას და შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის ადრესატს და სათანადო მოპასუხეს, ამ ნაწილში, საქართველოს გენერალური პროკურატურა არ წარმოადგენს.

რაც შეეხება საქართველოს გენერალური პროკურატურიდან მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ გ. ბ-ის განმეორებით განცხადებით მომართვას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს უკვე ნამსჯელი აქვს, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გ. ბ-ის შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საკასაციო სასამართლოს უკვე განხილული აქვს კასატორის მოთხოვნა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე, რომლის დაკმაყოფილებაზეც კასატორს ეთქვა უარი, კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოსათვის იმავე შუამდგომლობით იმავე საფუძვლით განმეორებით მომართვა წარმოშობს წარმოდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განჩინება;

3. განუხილველი დარჩეს გ. ბ-ის შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი