საქმე №ბს-1126(უს-19) 24 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი - ბ. ძ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი
მესამე პირები: ბ. ძ-ი, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ...ო“, შპს „ს...ა“
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. ძ-მა 2018 წლის 6 აგვისტოს სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 16 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 2. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 16 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 3. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 9 ივლისის № ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის დავალდებულება, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის № 2/1889-17 განჩინების 1.2. პუნქტით განსაზღვრული, ბ. ძ-ის კუთვნილი უძრავი ქონებების (საკადასტრო კოდები ... და ...) საკუთრების უფლებით ა. თ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სავალდებულო წესით იქნა ჩაბმული მესამე პირად ა. თ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ბ. ძ-ის სარჩელი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 16 მაისის № ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ბ. ძ-ის სარჩელი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 16 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ბ. ძ-ის სარჩელი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 9 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ბ. ძ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის დავალდებულების შესახებ, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის №2/1889-17 განჩინების 1.2. პუნქტით განსაზღვრული, ბ. ძ-ის კუთვნილი უძრავი ქონებების (საკადასტრო კოდები ... და ...) საკუთრების უფლებით ა. თ-ის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ძ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2019 წლის 3 ივლისს განცხადებით მიმართა მოსარჩელე ბ. ძ-მა და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს აეკრძალოს შპს „...ოს“ სასარგებლოდ შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ NA14085642 საქმეზე (კრედიტორი სს მისო „...ო“, მოვალეები ბ. ძ-ი და ქ. ფ-ი) მისი კუთვნილი უძრავი ქონების ს/კ ... და ს/კ ... რეალიზაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით ბ. ძ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ბ. ძ-მა 2019 წლის 9 ივლისს საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. საჩივრის ავტორმა 2019 წლის 4 ივლისის განჩინების გაუქმება და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ განცხადებით მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება იყო: სააპელაციო საჩივრის განხილვა-გადაწყვეტამდე და მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე აიკრძალოს შპს „...ოს“ სასარგებლოდ შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ A14085642 საქმეზე (კრედიტორი სს მისო „...ო", მოვალეები ბ. ძ-ი და ქ. ფ-ი) უძრავი ქონების - ს/კ ... და ს/კ ... რეალიზაცია.
წარმოდგენილი საჩივრით მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე, კერძოდ, როგორც თავად მიუთითებს, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რამდენადაც მითითებული ნორმა კრძალავს მოპასუხისთვის რაიმე ქონების გადაცემას ან მის სასარგებლოდ რაიმე ვალდებულების შესრულებას. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილია დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირის სასარგებლოდ გარკვეული მოქმედების შეჩერება. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონის ანალოგიით, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში მესამე პირი უტოლდება მოპასუხეს (მხარე ასევე აღნიშნავს, რომ ეს გარემოება მითითებული იყო განცხადებაშიც, თუმცა მისი გამომრიცხველი გარემოება განჩინებაში მითითებული არ არის).
ბ. ძ-ი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად მიუთითებს, რომ სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებაც (მითითებული იყო განცხადებაშიც), რომელთან მიმართებაში განჩინება არ შეიცავს მსჯელობას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლი ადგენს, რომ სასამართლოს შეუძლია მხარეს დაეხმაროს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, თუ მის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება შესაძლებელი იყო მხოლოდ მოპასუხის წინააღმდეგ, სასამართლოს ასეთ შემთხვევაში შეეძლო მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა ნაწილობრივ და ემსჯელა სხვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ (არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის შესაბამისად მოთხოვნილ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის ნაცვლად უმეტესწილად გამოყენებულია ქონების გასხვისების და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა).
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თუ დაკმაყოფილდება სააპელაციო საჩივარი (განიხილება მ/წლის 27 სექტემბერს), გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი. უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალებაა და მოცემულ შემთხვევაში მისი გამოყენების აუცილებლობა არსებობს, რადგან დავის საგანს წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ იმ ქონებზე, რომლის რეალიზაციის აკრძალვაც მოთხოვნილია მესამე პირის მიმართ. როგორც აპელანტი აღნიშნავს, მითითებული ქონების რეგისტრირებული მესაკუთრე არის თავად ბ. ძ-ი, ფაქტობრივი მესაკუთრე (სასამართლო აქტის საფუძველზე) კი - ა. თ-ი. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კი სს „...ოს“ სასარგებლოდ შესაძლოა სასამართლო წარმოების ეტაპზე, ნებისმიერ დროს განახორციელოს ქონების განკარგვა. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, თუ გამოყენებული არ იქნება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, იარსებებს იმის საშიშროება, რომ ქონება სხვა სუბიექტის საკუთრებად იქცეს, რაც მოცემულ საქმეზე აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლებელს გახდის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, ანუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას, რომელიც უნდა მოჰყვეს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელის მიერ დასახული მიზნის მიღწევას, სახელდობრ, თუ ქონება განიკარგება, ასეთ შემთხვევაში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის და სარჩელის განხილვა დაკარგავს ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ მნიშვნელობას და ვერ გამოიწვევს იმ იურიდიული შედეგების დადგომას, რომელიც თან უნდა მოჰყვეს საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ქონების განკარგვის ვარაუდს და მოსალოდნელობას - მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გარდაუვალია, რამდენადაც განცხადებაზე თანდართული სააღსრულებო საქმის ელექტრონული რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ მიმდინარეობს ქონების სააუქციონოდ მომზადება. ამდენად, როგორც საჩივრის ავტორი მიუთითებს, ქონების განკარგვის დასაბუთებული ვარაუდი მოცემულ შემთხვევაში უდავოდ სახეზეა, რის გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზანშეწონილია.
საჩივრის ავტორი დამატებით აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის სხვაგვარი განმარტება საფრთხის ქვეშ დააყენებს მოსარჩელის და მესამე პირის ა. თ-ის უფლებებს, რადგან მიუხედავად მართლმსაჯულების განხორციელებისა, ვერ მიაღწევენ გადაწყვეტილების აღსრულებას, კანონიერი უფლებებსა და ინტერესების აღდგენას, რაც თავის მხრივ, ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა შესახებ კონვენციით გარანტირებულ ფუნდამენტალურ უფლებას - საქმის სამართლიან სასამართლოზე მოსმენის თაობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას, მაგალითად, საქმეში - შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლო მიუთითებს, რომ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ილუზორული იქნებოდა, თუკი კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა ხელს შეუწყობდა იმას, რომ სასამართლოს საბოლოო, სავალდებულო გადაწყვეტილება დარჩებოდა აღუსრულებელი ერთი მხარის საზიანოდ სასამართლო იმეორებს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა თუ მაღალი ხელშემკვრელი მხარის ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. აპელანტის განმარტებით, კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece, judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997- II, p. 510, §40).
საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ასევე საქმეში - აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადის ნომერი: 40765/02), მიუთითებს, რომ სინამდვილეში, ხალხისათვის, საზოგადოებისათვის მთავარია, არა თავისთავად აღებული კანონები, სხვა იურიდიული დოკუმენტები, ამ იურიდიულ დოკუმენტებში არსებული ნორმები და არც ვალდებულებების, აკრძალვების ჯამი, არამედ ის გადამწყვეტი გარემოებები, რასაც იურიდიულად, რეალურად იძლევიან ეს ნორმები. ამასთან სასამართლო შეგვახსენებს, რომ მე-6 (§1) მუხლი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებული საჩივარი (იხ. Golder c. Royaume-Uni , 21 février 1975, 56 §§ 28-36, série A no 18). სასამართლოსათვის საჩივრის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ” (საჩივარი N8252/08) განმარტა რომ: პირს, რომელსაც გააჩნია სასამართლოს მიერ, მის სასარგებლოდ, სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც სავალდებულო აღსრულებას ექვემდებარება, არ შეიძლება დაეკისროს მოთხოვნათა იძულებით დაკმაყოფილება ან სხვა მსგავსი მოქმედებები გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. მოსარჩელე მხარის ეფექტური დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებას, აღასრულონ შიდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ((იხ. Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009). თუ ადმინისტრაციული ორგანოები უარს აცხადებენ, ვერ ახერხებენ ან აჭიანურებენ ამ ვალდებულების შესრულებას, მოსარჩელე მხარისთვის სამართალწარმოების პროცესში მე-6 მუხლით მინიჭებული გარანტია აზრს კარგავს (იხ. Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).
საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით დადგენილ პირობებს, ვინაიდან შეიცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, კერძოდ, განმცხადებელი საუბრობს სადავო უძრავი ქონების გასხვისების საშიშროებაზე, რის გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობა სახეზეა, ვინაიდან მოსარჩელის იურიდიული ინტერესის ფარგლებში, მესამე პირის - ა. თ-ის ინტერესების გათვალისწინებით და ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოცემული ქონების დაყადაღება სს „...ოს“ სასარგებლოდ მიმდინარე სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში განხორციელდა არა საქმის წარმოების დაწყებიდან კანონით დადგენილ ფარგლებში, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მოცემულ დავაში სს „...ოს“ მესამე პირის სახით ჩართვის შემდეგ - უდავოა, მოთხოვნილი სადავო უძრავი ქონების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა უზრუნველყოფს დავაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლებათა თავიდან აცილებას.
საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლომ რატომღაც ყურადღება არ მიაქცია სანივთო-სამართლებრივ დავაში უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოთხოვნილი აღსრულების შეჩერების ან გარკვეული ნივთების რეალიზაციის აკრძალვის განცხადებებს და მის შედეგებს. ასეთ დავებში (მოსარჩელე ნივთის მესაკუთრე და მოპასუხე მოვალე, ან პირიქით, ზოგიერთ შემთხვევაში ასეთ დავებში აღსრულების ეროვნული ბიურო საერთოდ არ წარმოადგენს მხარეს, თუმცა მოთხოვნა კმაყოფილდება - აღსრულება ჩერდება ან აღსრულებას ეკრძალება რაიმე კონკრეტული ნივთის რეალიზაცია დავის გადაწყვეტამდე). მოცემული შემთხვევაც ანალოგიურია და მოსარჩელის მოსაზრებით კანონის ანალოგიით უნდა დაკმაყოფილებულიყო.
საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ფაქტობრივად მოცემული განჩინების მიღებით სასამართლომ წინასწარ გამოთქვა აზრი, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება საქართველოს უზენაეს კანონთან - კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მყოფ იუსტიციის მინისტრის მიერ მიღებულ „ინსტრუქციას“, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება თვით საქართველოს კანონს „საჯარო რეესტრის შესახებ“, რომლის შესასრულებლად არის იგი გამოცემული და მხოლოდ და მხოლოდ საჯარო რეესტრის თანამშრომლების სახელმძღვანელო დოკუმენტია. ამდენად, როგორც საჩივრის ავტორი მიუთითებს, წარმოადგინა დასაბუთებული საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში (განჩინება ჩაბარდა მ/წლის 15 ივლისს), ამავე კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საჩივარი დასაშვები და დასაბუთებულია, სრულად პასუხობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-198-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს რათა აღუსრულებელი არ დარჩეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, საჩივრის ავტორი ითხოვს სასამართლომ დააკმაყოფილოს საჩივარი, გააუქმოს გასაჩივრებული განჩინება და დაკმაყოფილდეს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, კერძოდ: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სააპელაციო საჩივრის განხილვა-გადაწყვეტამდე და მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე აიკრძალოს შპს „...ოს“ სასარგებლოდ შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ A14085642 საქმეზე (კრედიტორი სს მისო „...ო“, მოვალეები ბ. ძ-ი და ქ. ფ-ი) მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ს/კ ... და ს/კ ... რეალიზაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით ბ. ძ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადმოეგზავნა ზემდგომ - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიღება ემსახურება დავის საგნის დაცვას იმ მიზნით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუბრკოლებლად. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფა დროებითი ხასიათის ღონისძიებაა, რომელიც სასამართლოს მიერ სასარჩელო სამართალწარმოების წესით დადგენილი უფლების რეალიზებას უწყობს ხელს, იგი სასარჩელო მოთხოვნის დაცვასა და ეფექტურად განხორციელებას ისახავს მიზნად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას სასამართლო გამოიყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა განმცხადებელი შეძლებს დაამტკიცოს კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა რატომ გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ასევე უნდა დაასაბუთოს ამ ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება.
განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ითხოვს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროსთვის შპს ,,...ოს“ სასარგებლოდ შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ NA14085642 საქმეზე (კრედიტორი სს მისო ,,...ო“, მოვალეები ბ. ძ-ი და ქ. ფ-ი) მისი კუთვნილი უძრავი ქონების. ს/კ ... და ს/კ ... რეალიზაციის აკრძალვას. სააპელაციო სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ქმნის სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობის ერთ-ერთ საპროცესო გარანტიას და მიზნად ისახავს სასამართლოს მიერ სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. სწორედ ამიტომ, უზრუნველყოფის ღონისძიებები მიმართულია მოპასუხის წინააღმდეგ. შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს, ერთი მხრივ, მოსარჩელის უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო, მეორე მხრივ, მოპასუხის უფლების მზღუდავ საშუალებას. აღნიშნული განაპირობებს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი მიმართულია სწორედ მოპასუხისადმი. კერძოდ, მითითებული ნორმის საფუძველზე, მართალია, ქმედების განხორციელება ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებიც კონკრეტული სასამართლო პროცესის მხარეები შეიძლება არც იყვნენ, თუმცაღა მნიშვნელოვანია, რომ ამ პირებს სწორედ მოპასუხისადმი უნდა ჰქონდეთ რაიმე ვალდებულება შესასრულებელი. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის გამოყენებისთვის ცალსახად უნდა დადგინდეს, რომ კონკრეტულ პირებს გააჩნიათ მოპასუხისადმი ვალდებულება, უნდა გადასცენ მოპასუხეს ქონება ან შეასრულონ რაიმე მოქმედება. სწორედ ამ უკანასკნელ ქმედებათა განხორციელების აკრძალვა ხდება ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, ბ. ძ-მა სარჩელი აღძრა მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 16 მაისის №... და 2018 წლის 16 მაისის № ... გადაწყვეტილებების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 09 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისთვის ბ. ძ-ის კუთვნილი უძრავი ნივთების (საკადასტრო კოდები ... და ...) ა. თ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე მოპასუხეებს წარმოადგენენ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ამავე სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი, დავის საგანს წარმოადგენს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ხოლო განმცხადებელი ითხოვს პირთათვის ისეთი ქმედების განხორციელების აკრძალვას, რომელსაც პირდაპირი და უშუალო შეხება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან არ აქვს, ეს ქმედება არ წარმოადგენს საჯარო რეესტრისადმი არსებულ ვალდებულებას და შესაბამისად, არ ხორციელდება მესამე პირთა მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი კონკრეტული ვალდებულების შესრულების ფარგლებში. სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლითაც ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ მესამე პირს კანონმდებელმა მიანიჭა მოსარჩელის და მოპასუხის ყველა უფლებით სარგებლობის უფლება, თუმცა მას მხოლოდ მოსარჩელის მოვალეობები დააკისრა. ამდენად, საჩივრის ავტორის მოსაზრება იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონის ანალოგიით, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში მესამე პირი უტოლდება მოპასუხეს, უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული.
სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას მოთხოვილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა რატომ გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ამდენად, არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის თანახმად მოსარჩელისათვის მოთხოვნის ტრანსფორმირების საფუძველიც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინების გაუქმებისა და მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ძ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი საჩივრით სადავოდ არის გამხდარი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინების კანონიერება. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავი (სარჩელის უზრუნველყოფა).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სარჩელის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებაა მოპასუხისათვის რაიმე მოქმედების განხორციელების შეზღუდვის გზით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა, შესაბამისად, მისი გამოყენება მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან მისი შეუძლებლობის თავიდან აცილებისაკენ მხოლოდ დავის საგანთან დაკავშირებით და არსებული მდგომარეობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებს, ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად. სწორედ აღნიშნული პრინციპი უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, როცა კანონმდებელი უშვებს სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას და არა მის სავალდებულოობას.
განსახილველ შემთხვევაში ბ. ძ-ის მიერ სარჩელი აღძრულია მოპასუხეების -სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 16 მაისის №... და 2018 წლის 16 მაისის № ... გადაწყვეტილებების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 9 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისთვის ბ. ძ-ის კუთვნილი უძრავი ნივთების (საკადასტრო კოდები ... და ...) ა. თ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
მოსარჩელე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განცხადებით ითხოვდა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროსთვის მოცემულ სამართალწარმოებაში მე-3 პირად ჩაბმული - შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ...ოს“ სასარგებლოდ შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ NA14085642 საქმეზე (კრედიტორის „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ...ო“, მოვალეები ბ. ძ-ი და ქ. ფ-ი) მისი კუთვნილი უძრავი ქონების, ს/კ ... და ს/კ ..., რეალიზაციის აკრძალვას. განმცხადებლის მოთხოვნაზე უარის თქმის ძირითადი საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის სააღსრულებო ბიურო მოცემულ საქმეში არ წარმოადგენს პროცესის მონაწილე მხარეს და მის მიერ სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ არ ხდება.
აღსანიშნავია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში გარკვეულწილად შეიზღუდება მოცემულ სამართალწარმოებაში მონაწილე მე-3 პირების ქონებრივი უფლებები. მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე წარდგენილ საჩივარში დამატებით მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საფუძველზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. თუმცა, საჩივრის ავტორი ვერ უთითებს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს მე-3 პირებთან მიმართებაში.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას განმცხადებლის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სააღსრულებო ბიუროსთვის მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის აკრძალვის თაობაზე მოთხოვნის უსაფუძვლობის შესახებ, რადგან მოსარჩელე უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ითხოვს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროსთვის მოცემულ საქმეში მე-3 პირის სტატუსით მონაწილე პირების სასარგებლოდ ისეთი ქმედების განხორციელების აკრძალვას, რომელსაც პირდაპირი და უშუალო შეხება მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებებთან არ აქვს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილით, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის და მოპასუხის ყველა უფლებით, თუმცა მას მხოლოდ მოსარჩელის მოვალეობები ეკისრება. შესაბამისად, საჩივრის ავტორის მოსაზრება იმ გარემოების შესახებ, რომ სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონის ანალოგიით, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში მესამე პირი უტოლდება მოპასუხეს, უსაფუძვლოა, რადგან მესამე პირის მიმართ, საპროცესო კანონმდებლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას არ მიიჩნევს დასაშვებად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორი - ბ. ძ-ი არ უთითებს არც ერთ კონკრეტულ გარემოებაზე, რაც საფუძვლად დაედებოდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და დაადასტურებდა გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის არამართლზომიერებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას და მიიჩნევს, რომ ბ. ძ-ის საჩივარი მართებულად არ დაკმაყოფილდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 198-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ძ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განჩინებები დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე