Facebook Twitter

საქმე №ბს-1195(კ-19) 24 დეკემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „...ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „...მა“ 2019 წლის 22 იანვარს სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის მიერ გამოცემული 2018 წლის 28 დეკემბრის №3 საოქმო გადაწყვეტილების, მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის მიერ 2019 წლის 3 იანვარს მიღებული №20 ბრძანების, მოსარჩელესთან დაკავშირებით არსებულ დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის შესახებ მოპასუხის მიერ 2019 წლის 17 იანვარს მიღებული №164 ბრძანებისა და ხელშეკრულებების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე მოპასუხის მიერ 2019 წლის 4 იანვარს მომზადებული №02/35 მიმართვის ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ იშუამდგომლა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; წინამდებარე ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა გასაჩივრებული აქტების - 2018 წლის 28 დეკემბრის №3 საოქმო გადაწყვეტილების, 2019 წლის 3 იანვრის №20 ბრძანებისა და 2019 წლის 17 იანვრის №164 ბრძანების მოქმედება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით მოპასუხე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 28 მარტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განჩინება გასაჩივრებული გადაწყვეტილებების - 2018 წლის 28 დეკემბრის №3 საოქმო გადაწყვეტილების, 2019 წლის 3 იანვრის №20 ბრძანებისა და 2019 წლის 17 იანვრის №164 ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით და 2019 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინებით სს „...ის“ (ს/ნ...) სააპელაციო და კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმების შესახებ 2019 წლის 1 აპრილის განჩინება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შემდგომში მოჰყვა არასწორი სამართლებრივი შეფასებაც. სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „...ს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისაგან გადაეცა იჯარის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ტერიტორია, რაც არ გამომდინარეობს საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებიდან. კერძოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, სს „...ისათვის“ გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე აწარმოებდა და დღემდე აწარმოებს 170 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების სანიაღვრე არხების, წყლისა და კანალიზაციის სისტემების კეთილმოწყობის, გზების სარემონტო სამუშაოებს. ეს ფაქტი დადგენილია: ა) წერილით შპს ,,...ის“ საქართველოს ფილიალიდან ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის შესახებ; ბ) ამონაბეჭდებით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდებიდან; გ) ფოტოსურათებით; დ) საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის რეგიონალური წარმომადგენლობისათვის 2018 წლის 24 იანვარს გაგზავნილი N02/737 წერილით, რომლითაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ადასტურებს, რომ სს „...ისათვის“ გადაცემული პარკირების ადგილები უმეტესწილად მონიშნულია (დახაზულია), დარჩენილია ის მონაკვეთები, სადაც წყალმომარაგების სისტემის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „...მა“ დროულად არ გადაიხადა საიჯარო ქირა და სრულყოფილად არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებები. ჯერ ერთი, იჯარის ქირის მოთხოვნის საფუძველი იყო ქირის გადახდა მოსარჩელისათვის ხელშეკრულების მიხედვით გადაცემული მიწის ნაკვეთებისათვის და მეორე, აუქციონში მონაწილეობისათვის სს ,,...ის" მიერ წინასწარ იყო გადახდილი 70 000 ლარი, როგორც ხელშეკრულების შესრულების გარანტია და უზრუნველყოფა, რაც ამ თანხის მერიის ანგარიშზე წინასწარ ჩარიცხვის პირობებში, მინიმუმ ამ ოდენობის ახალი ვალდებულების წარმოშობის ფარგლებში, გამორიცხავდა საიჯარო ქირის გადახდის დაგვიანებას. სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში უცნაურ ინტერპრეტაციას აძლევს მოპასუხის N02/737 (24.01.2018 წ) წერილს და ამას აკეთებს მაშინ, როცა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის რეგიონული წარმომადგენლობის კოორდინატორისთვის გაგზავნილი N02/737 წერილით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ სს „...ისათვის“ გადაცემული ადგილები მონიშნული (დახაზული) იყო და იმ დროისთვის, დარჩენილი იყო მხოლოდ ის მონაკვეთები, სადაც წყალმომარაგების სისტემის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობდა. ამასთან, მნიშვნელოვანია სს ,,...ისათვის“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019 წლის 30 იანვარს გაგზავნილი N02/888 წერილი, სადაც ის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მოსარჩელისაგან პარკირების ადგილებზე სს „...ის“ მიერ დამონტაჟებული ბანერების მოხსნას მოითხოვს. ამ წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებულია სს ,,...ის“ მიერ, პარკირების ადგილებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების ფაქტები.

კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული, მათ შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შედგენილი წერილობითი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ დადგენილად მიიჩნია, რომ დოკუმენტაცია, რაც მიუთითებდა სს „...ის“ მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე - პარკირების საკითხების მოწესრიგებასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებაზე, მას არ წარუდგენია. საქმეშია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და სს ,,...ს შორის 2017 წლის 21 ივლისის N1, 27 ოქტომბრის N6 და 10 ნოემბრის N71 ხელშეკრულებების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიზნით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის 2018 წლის 28 დეკემბრის შეხვედრის სხდომის N3 ოქმი, სადაც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გ. შ-ა მიუთითებს, რომ სს „...მა“ ჯგუფს წარუდგინა წერილი და საბანკო ამონაწერები. წერილში მითითებული იყო ინფრასტრუქტურული პროექტების ბოლომდე შესრულების შეუძლებლობა, ხოლო საბანკო ანგარიშების ამონაწერებით, რომელიც დეტალურად იქნა გამოკვლეული სასამართლოს მიერ, დადასტურებულია სს ,,...ის“ მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ფულადი სახსრების ხარჯვის ფაქტი.

კასატორის მოსაზრებით დადასტურებულია ისიც, რომ სხდომისათვის განმარტების მიცემას ცდილობდა სს ,,...ის“ წარმომადგენელი, მაგრამ ის სხდომაზე არათუ არ მიიწვიეს, არც დაუშვეს, რის გამოც ის იძულებული გახდა მერიისათვის ზემოხსენებული წერილით (N17749/02) მიემართა. კასატორის განმარტებით, სასამართლომ (გადაწყვეტილების 3.2.5 პუნქტის მე-2 აბზაცი) დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების საერთო ადგილების კეთილმოწყობა. (საგზაო მონიშვნის დახაზვა, საგზაო ნიშნების და საინფორმაციო დაფების განთავსება, ინფორმაცია პარკირების ტარიფების შესახებ და პარკირების ადგილების საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება). კასატორის მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ ფოტოსურათებზე კარგად ჩანს, რომ სს „...ის“ ვალდებულება საგზაო მონიშვნის დახაზვის ნაწილში შესრულებული იყო. ფოტოსურათებთან ერთად, ამ ნაწილში მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის რეგიონალური წარმომადგენლობისათვის 2018 წლის 24 იანვარს გაგზავნილი N02/737 წერილი, რომლითაც დადასტურებულია რომ სს ,,...ისათვის“ გადაცემული პარკირების ადგილები უმეტესწილად მონიშნულია (დახაზულია), დარჩენილია ის მონაკვეთები, სადაც წყალმომარაგების სისტემის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს“. სს „...ისათვის“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019 წლის 30 იანვარს გაგზავნილი N02/888 წერილით დადასტურებულია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ სს ,,...ისაგან“ მოითხოვა დამონტაჟებული ბანერების მოხსნა. სწორედ ეს ბანერებია სს ,,...ის“ მიერ საგზაო ნიშნების და საინფორმაციო დაფების განთავსების შესახებ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი. ცხადია, არ შეიძლება იმის მოხსნა მოითხოვო, რაც არ არსებობს (განთავსებული არაა).

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან წელიწადნახევარში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის 21 დეკემბერს მიიღო N97 დადგენილება - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ. დადგენილება, მე-10 მუხლის გარდა, ძალაში 2019 წლის პირველი თებერვლიდან შევიდა, ხოლო მე-10 მუხლი 2019 წლის 01 მარტიდან ამოქმედდა. სასამართლოს პარკირების ტარიფების დადგენის თარიღზე (21.12.2018 წ.) ელემენტარული ყურადღება რომ მიექცია, სს „...ს“ პარკირების ტარიფების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობას არ დააბრალებდა. ამ ნაწილში, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ისეთი მნიშვნელოვანი წერილობითი მტკიცებულება, როგორიცაა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 12 ოქტომბრის სამართლებრივი დასკვნა, სადაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, გარკვევით მიუთითებს, რომ ,,მუნიციპალიტეტის მერმა მიიღოს ზომები მოქალაქეთა დროული ინფორმირების მიზნით და განუმარტოს, რას წარმოადგენს პარკირების საფასური და რა სანქციები დაეკისრება ზუგდიდის იმ მაცხოვრებელს/გავლით მყოფ მოქალაქეს, რომელსაც ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება მოუწევს მუნიციპალიტეტის საზღვრებში“. ეს სამართლებრივი დასკვნა კიდევ ერთი წერილობითი მტკიცებულებაა იმისა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მერიას და სს „...ს“ შორის ხელშეკრულების დადებიდან ერთ წელზე მეტი ვადის ამოწურვის შემდეგაც კი, საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციებს აწარმოებდა.

კასატორი აღნიშნავს, რომ გადათხრილ ქუჩებზე პარკირების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შეუძლებელია. ეს ფაქტი კი უტყუარადაა დადასტურებული საქმეში არსებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფიციალური ვებგვერდებიდან, სამუშაოთა მწარმოებელი კომპანია შპს „...ის“ წერილით, წარმოდგენილი ნახაზებით ამ ნახაზებზე დატანილი ქუჩების ფოტოსურათებით. იმ ადგილებზე კი, სადაც წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის სამუშაოები არ მიმდინარეობდა, პარკინგისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული იყო ა) 2018 წლის 24 იანვრის N02/737 წერილით სს „...ისათვის“ გადაცემული პარკირების ადგილები უმეტესწილად მონიშნულია (დახაზულია), დარჩენილია ის მონაკვეთები, სადაც წყალმომარაგების სისტემის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს“; ბ) მათივე 2019 წლის 30 იანვრის N02/888 წერილით, სადაც ის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მოსარჩელისაგან პარკირების ადგილებზე სს „...ის“ მიერ დამონტაჟებული ბანერების მოხსნას მოითხოვს. აღნიშნულიდან გამომდინარე უტყუარად დადასტურებულია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სარემონტო სამუშაოებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვები დახაზული და საინფორმაციო დაფებით (ე.წ. ბანერებით) აღჭურვილი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ადგილებზე, რომელზეც სს „...ს“ ხელი მიუწვდებოდა და სადაც გზის საფარი არსებობდა, პარკირებისათის საჭირო ინფრასტრუქტურა მოწყობილი იყო. ამასთან პარკირების მობილური ჯგუფები გადამზადებულნი იყვნენ, მათთვის შეძენილი იყო უნიფორმები და სხვა საიდენტიფიკაციო საშუალებები, მაგრამ იმის გამო, რომ დადგენილი არ იყო პარკირების საფასური, მათი განწესება შეუძლებელი გახდა. ამასთან ხელშეკრულებაში (N71, 10 ნოემბერი 2017 წ), რომლის დარღვევასაც ამ ნაწილში მუნიციპალიტეტის მერია სს ,,...ს“ ედავება, მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის ბ.ვ ქვეპუნქტში გარკვევით წერია, რომ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების საერთო ადგილებზე საჭიროების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილი სადგომების გამოყოფა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა“, ანუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილი სადგომების გამოყოფა საერთო ადგილებზე მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში უნდა მომხდარიყო, ხოლო ამ საჭიროების შემთხვევების დადგენა და შესაბამისი ადგილების გამოყოფა მხოლოდ მას შემდეგ იყო შესაძლებელი, როცა სს ,,...ს“ სრულად გადაეცემოდა საიჯარო ქონება და დადგინდებოდა პარკირების საფასური. დახაზულ და ინფრასტრუქტურა მოწყობილ ადგილებზე ამის საჭიროება არ იყო. სხვა შემთხვევაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ავტომფლობელ(ებ)ისაგან, ამის საჭიროების დამადასტურებელ, მერიასა ან/და საკრებულოში რეგისტრირებულ ერთ წერილობით მტკიცებულებას (პრეტენზიას) მაინც წარუდგენდა სასამართლოს. კასატორის განმარტებით, რაიონული სასამართლო კიდევ ერთ ფაქტობრივ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, ოღონდ ამას გადაწყვეტილების იმ ნაწილში აკეთებს, რომელიც სამართლებრივ შეფასებას ეხება და აღნიშნავს: ,,საქმეში მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ფოტოსურათები, რომლებითაც არ დასტურდება ის გარემოება, რომ იჯარით გადაცემული ტერიტორიის გზის საფარი მოუწესრიგებელი იყო ხელშეკრულებებით მოსარჩელის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების მოქმედების პერიოდში (2017 წლის 21 ივლისიდან 2018 წლის დეკემბრის ბოლომდე)“. ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაცნობისას, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ სს „...მა“ იჯარით გადაცემული ტერიტორიის გზის საფარის მოუწესრიგებლობისა და პერიოდის დასადასტურებლად სასამართლოს მხოლოდ ფოტოსურათები წარუდგინა, რაც კასატორის მოსაზრებით არასწორია.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოში წარდგენილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 იანვრის N02/737 წერილი, რომლითაც დგინდება, რომ „სს „...ისათვის“ გადაცემული პარკირების ადგილები უმეტესწილად მონიშნულია (დახაზულია), დარჩენილია ის მონაკვეთები, სადაც წყალმომარაგების სისტემის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს“. აღნიშნული მიუთითებს, რომ იმ დროისათვის (2018 წლის 24 იანვარს) სს „...თან“ ხელშეკრულების გაფორმებიდან (21.07.2017 წ) მხოლოდ ექვსი თვის გასვლის შემდეგ, მისთვის გადასაცემ მიწის ნაკვეთებზე წყალმომარაგების სისტემის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობდა და ამ ფაქტს მოპასუხე წერილობით ადასტურებდა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე 2018 წლის 24 სექტემბერს განთავსებულ ოფიციალურ ინფორმაციაში, სიტყვასიტყვით მითითებულია შემდეგი: „ქალაქის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოების 80% უკვე დასრულებულია. უახლოეს მომავალში გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება". ეს წერილობითი მტკიცებულება უტყუარად ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გზის საფარის აღდგენა, თვითონ სამუშაოთა მწარმოებლის განცხადების თანახმად, 2018 წლის 24 სექტემბერს დაწყებულიც კი არ იყო; იგივე ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე 2018 წლის 2 თებერვალს განთავსებული ოფიციალური ინფორმაციით; ამ ობიექტური წერილობითი მტკიცებულების თარიღებია - 2018 წლის 24 იანვარი, 2018 წლის 19 თებერვალი, 2018 წლის 24 სექტემბერი, რაც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის, ფოტოსურათებთან ერთად, უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებებით მოსარჩელის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების მოქმედების პერიოდში (2017 წლის 21 ივლისიდან 2018 წლის დეკემბრის ბოლომდე) იჯარით გადასაცემი ტერიტორიის გზის საფარი მოუწესრიგებელი იყო. საქმეში არსებული ასევე ოფიციალური ვებგვერდებიდან ამონაბეჭდი წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ უძრავ ქონებაზე წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის სამშენებლო სამუშაოები, სს „...თან“ ხელშეკრულების გაფორმებამდეც მიმდინარეობდა და ის დასრულებული არ იყო. უფრო მეტიც, 2019 წლის 2 აპრილს, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც მითითებულია, რომ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქ.ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) მიმდინარე პროექტების ფარგლებში, შიდა ქუჩებზე გზის საფარის აღდგენა დაიწყო. ამ დროისთვის, სამუშაოები მიმდინარეობს ...ისა და ...ას ქუჩებზე, რამდენიმე დღეში კი დაიწყება ...ას, ...ას, ...ის, ...ისა და ...ის ქუჩების რეაბილიტაცია. აპრილის ბოლოდან, სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება - ...ის, ...ისა და ...ის ქუჩებზე, ჯამში, გზის საფარი 100-ზე მეტ ქუჩაზე აღდგება. აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქ. ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას მიმდინარე წელს დაასრულებს, რაც ზუგდიდის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს“. ამავე ინფორმაციაში მითითებულია, შემდეგი: ,,ასევე აქტიურად მიმდინარეობს კანალიზაციის ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. პროექტებს ჯამურად 220 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება“. ამდენად, უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ...ის, ...ას, ...ას, ...ას, ...ის, ...ის, ...ის, ...ის, ...ის, ...ის და 100-ზე მეტ ქუჩაზე, წყალმომარაგებისა და წყალანირების (კანალიზაციის) პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გამო გზის საფარი დაზიანებული იყო.

კასატორის მოსაზრებით, ფაქტობრივი გარემოებების აბსოლუტური უმრავლესობის არასწორად დადგენის პირობებში, სამართლებრივი შეფასებაც თავიდან ბოლომდე არასწორია. მაგალითად: თუ სასამართლოს მიაჩნდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები არ წარმოადგენდნენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, მაშინ გადაწყვეტილება მიღებულია განსჯადობის პრინციპის დარღვევით, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება საქმე. სასამართლოს, რომელსაც არ გააჩნია საქმის განხილვის იურისდიქცია, არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიცაა განაცხადოს ამის შესახებ, მაშინაც კი, როდესაც განსჯადობის საკითხს არც ერთი მხარე არ აყენებს ან მხარის მოსაზრებები განსჯადობის შესახებ უსწოროა. ასეთ შემთხვევაში სასამართლო საქმეს არსებითი განხილვისათვის გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს.

კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების საფუძველზე კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. თუ მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, აღნიშნული განიხილება ვალდებულების დარღვევად. ამ ნაწილში დამატებით აუცილებლად უნდა განიმარტოს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები. ზემოაღნიშნულ საქმეზე, კეთილსინდისიერების პრინციპი უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სს „...ის“ ინტერესების გათვალისწინებას, რომლის არარსებობის შემთხვევაში ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას. იგი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის შეფასებით კრიტერიუმს, რომლის შესაბამისადაც, სამართლიანისა და უსამართლოს გამიჯვნის გზით, პირი იღებს ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებას. კეთილსინდისიერების პრინციპი ქართულ სასამართლო პრაქტიკაში მიჩნეულია უშუალოდ მოქმედ სამართლად და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად, რომლის მიზანი სამართლიანი შედეგის დადგომა და უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა. კეთილსინდისიერების პრინციპის გამოყენება აქტუალური ხდება მაშინ, როცა პირის მოთხოვნა ან ქმედება ფორმალურად შეესაბამება მოქმედ მატერიალურ კანონმდებლობას, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოა. შესაბამისად, მისი ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. რაიონულმა სასამართლომ, გადაწყვეტილების გამოტანისას გვერდი აუარა სამართლის ფუძემდებლურ კეთილსინდისიერების პრინციპს, უგულებელყო მოპასუხის მხრიდან კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის ფარგლებში მოქმედების ვალდებულება, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 581-606 მუხლების დანაწესები და მიუთითა, რომ, რადგან სს ,,...მა" ნივთის ნაკლოვანების შესახებ ხელშეკრულების მეორე მხარეს არ აცნობა, ხოლო 2017 წლის 10 ნოემბრის N71 ხელშეკრულების მე-7 მუხლში დაფიქსირებულია ფორსმაჟორული გარემოებების შეტყობინების ვალდებულება და ასეთი გარემოებების შესახებ სს ,,...ს" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისათვის არ უცნობებია, მან დაკარგა უფლება მიუთითოს აღნიშნულ მოვლენებსა და გარემოებებზე.

კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობებს საერთო არაფერი აქვს სადავო საკითხთან, რადგან სს „...ისაგან“ ვალდებულებების სრულად შესრულებას ხელს უშლიდა არა რომელიმე ფორსმაჟორული გარემოება, არამედ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინებით სს „...ის“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ძირითად ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ განხორციელდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოვალეობების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულება, სს „...ისთვის“ გადასაცემ მიწის ნაკვეთებზე წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გამო გზის საფარი დაზიანებული და გადათხრილი იყო, რაც გამორიცხავდა მის გამოყენებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის. აღნიშნულის შესახებ, რომ იცოდა ადმინისტრაციულმა ორგანომ დასტურდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის“ 2018 წლის 24 იანვარს გაგზავნილი №02/737 წერილით, რაც კასატორის მოსაზრებით გამორიცხავს დამქირავლებლისათვის შეტყობინების ვალდებულების დაკისრებას.

საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე მიუთითებს, რომ სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით და საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დგინდება მოსარჩელის მიერ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალიწინებული ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულება. ასევე არ დასტურდება, რომ სს „...მა“ ისარგებლა 2017 წლის 10 ნოემბრის №71 ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებით, რომლის თანახმად „მხარე, რომელიც ვერ ასრულების, მის ვალდებულებებს ამავე მუხლის 7.1 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ასეთი გარემოების ან მოვლენის, როგორც დადგომის ასევე შეწყვეტის შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 (სამი) დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ მოვლენებსა და გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველზე. ასეთ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ფორსმაჟორული მოვლენის ან გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე. ასეთ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ასევე ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა“.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული წარმოების და სამართალწარმოების ვერცერთ ეტაბზე ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სს „...თან“ სახელშეკრულებო ურთიერთობის ჩამოყალიბებიდან - 2017 წლის 21 ივლისიდან მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტამდე - 2018 წლის დეკემბრის ბოლომდე, მოიჯარის მიერ მოპასუხის შეტყობინებისა და მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის თაობაზე. საქმეში დაცული წერილობითი მტკიცებულებები მიუთითებს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს არაერთხელ გაეგზავნა წერილები საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე, რაც მის მიერ გადახდილ იქნა ვადის დარღვევით, ასევე, მოსარჩელეს არ შეუსრულებია 2017 წლის 27 ოქტომბრის №6 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სამ თვეში ერთხელ ინფორმაციის წარდგენის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ მხოლოდ ეს გარემოებებიც საკმარისი იყო ხელშეკრულების შესაწყვეტად, 2017 წლის 27 ოქტომბრის №6 ხელშეკრულების მე-4-6-7 მუხლებისა და 2017 წლის 10 ნოემბრის №71 ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, რომ არაფერი ვთქვათ 2019 წლის 3 იანვრის №20 ბრძანებაში მითითებულ სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობაზე.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. კასატორის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი და აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განჩინება;

3. კასატორს - სს „...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 03.10.2019წ. საგადასახადო დავალებით ნ. კ-ას (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის, 70% - 420 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე