Facebook Twitter

ბს-284(კ-19) 16 იანვარი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.12.2018წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ც-ამ, ბ. ვ-ამ, ხ. წ-ამ და სხვ. (სულ 18 პირი) 05.12.2016წ. სარჩელით მიმართეს სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს მარტვილის მუნიციპალიტეტში მოპასუხე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვეს: ვ. ც-ასთან და მ. ყ-ასთან მიმართებით „მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსის წესით შესავსებ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საჯარო კონკურსის გამოცხადების თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 24.11.2016წ. N666 ბრძანების ბათილად ცნობა; ბ. ვ-ასთან, ხ. წ-ასთან, ე. კ-ასთან, გ. ც-ასთან, მ. ს-ესთან, ნ. ქ-ასთან, გ. ჯ-ასთან, მ. ს-ასთან, მ. ჯ-ასთანთან, თ. კ-ასთან, ზ. ს-ასთან, ი. გ-თან, ბ. ხ-ასთან, რ. ც-ასთან, ზ. ბ-ასთან და ა. ს-ასთან მიმართებით „მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩასატარებელ ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიის დამტკიცებისა და საჯარო მოხელეთა გაფრთხილების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 24.11.2016წ. N671 ბრძანების ბათილად ცნობა; მოპასუხისათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ 2016 წლის 23 ივნისიდან 2016 წლის 04 ნოემბრამდე პერიოდისათვის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაკისრება და 2010-2016 წლების კუთვნილი ანაზღაურებადი ყოველწლიური შვებულების ნატურით ანაზღაურება თითოეული წლისთვის 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

სენაკის რაიონულ სასამართლოში მარტვილის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის 07.12.2016წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა სენაკის რაიონულ სასამართლოს.

სენაკის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი 06.07.2018წ. განცხადებით მოსარჩელეთა წარმომადგენელმა გაიხმო სარჩელი მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნების ნაწილში და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ 2016 წლის 23 ივნისიდან 2016 წლის 04 ნოემბრამდე პერიოდისათვის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაკისრება და 2010-2016 წლების კუთვნილი ანაზღაურებადი ყოველწლიური შვებულების ნატურით ანაზღაურება თითოეული წლისთვის 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

სენაკის რაიონული სასამართლოს 29.08.2018წ. გადაწყვეტილებით ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას და სხვათა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი გაცდენილი პერიოდის (2016 წლის 23 ივნისიდან ამავე წლის 04 ნოემბრამდე) განმავლობაში მიუღებელი ხელფასის სრულად ანაზღაურება მათზე უკვე გაცემული კომპენსაციის გათვალისწინებით და 2014-2015 წლებში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა აგრეთვე მათ მიერ საადვოკატო მომსახურების სახით გაწეული ხარჯის, თითოეულზე 100 ლარის (სულ 1800 ლარის) და მათ მიერ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯების, თითოეულზე 14 ლარის (მინდობილობის გაფორმების თანხა) და სხვა ხარჯების სახით - 100 ლარის ანაზღაურება.

სენაკის რაიონული სასამართლოს 24.09.2018წ. განჩინებით გასწორდა 29.08.2018წ. გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და გადაწყვეტილების შესავალ, აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოდ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ნაცვლად მიეთითა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია.

სენაკის რაიონული სასამართლოს 29.08.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.12.2018წ. გადაწყვეტილებით მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხისთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 2014-2015 წლების გამოუყენებელი შვებულების თანხების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში სენაკის რაიონული სასამართლოს 29.08.2018წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა მათ მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების თანხის, თითოეულზე 100 ლარის ანაზღაურება, აგრეთვე მოსარჩელეთა მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის, ჯამში 150 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, თავდაპირველ დავაში მოსარჩელეებმა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვეს გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღემდე და არა სამსახურში აღდგენამდე. თავდაპირველ დავაზე სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 23.06.2016წ., როდესაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო წარდგენილი საკასაციო საჩივრები. გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზებით, კერძოდ, დაუშვებლობის შესახებ საკასაციო პალატის განჩინება ადმინისტრაციულ ორგანოს ჩაბარდა 01.08.2016წ., ხოლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე მერიამ შეიტყო 23.09.2016წ.. მოსარჩელეთა მიერ ნების გამოხატვამდე და სააღსრულებო ფურცლის წარდგენამდე ორგანო მოკლებული იყო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას. ამასთანავე, სააღსრულებო ფურცელში სასამართლოს მიერ დაშვებული იყო ხარვეზი, რომლის გასწორებასაც გარკვეული დრო დასჭირდა. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ მერიის ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისათის საჭირო თანხა, რომლის გამოყოფასაც ასევე გარკვეული პროცედურები ესაჭიროებოდა.

წარდგენილ საკასაციო შესაგებელში მოსარჩელეებმა დაუსაბუთებლად მიიჩნიეს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი და იშუამდგომლეს საკასაციო პალატაში გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯის, მინდობილობათა სანოტარო დამოწმების ხარჯების, ტრანსპორტირების ხარჯების, სხდომაზე გამოცხადების ხარჯების, შესაგებელზე თანდართული და სხვა დოკუმენტების ასლების წარდგენის ხარჯების ანაზღაურება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამსახურში ფაქტობრივად აღდგენამდე განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ. საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად იწვევს ზიანის სრული ანაზღაურების ვალდებულებას. კონსტიტუციის ხსენებული დებულება იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას, მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად, გათავისუფლების უკანონობის დადგენის შემთხვევაში იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით, კერძოდ სამსახურიდან განთავისუფლების პერიოდიდან სამსახურში აღდგენამდე. განსახილველ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი 24.03.2016წ. გადაწყვეტილებით დადგინდა სამსახურიდან მოსარჩელეთა უკანონოდ გათავისუფლება, მათი პირვანდელ თანამდებობებზე აღდგენის საჭიროება. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 23.06.2016წ., უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შედეგად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები სამსახურში აღდგენილ იქნენ არა დაუყონებლივ - გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე, არამედ რამდენიმე თვის შემდეგ - 04.11.2016წ.. ამასთანავე, მოსარჩელეებს არ აქვთ ანაზღაურებული იძულებითი განაცდურის პერიოდის შრომითი გასამჯელო გადაწყეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამსახურში ფაქტობრივად აღდგენამდე. კასატორის მითითება, რომ აღდგენის დაბრკოლება გამოწვეული იყო ობიექტური გარემოებებით არ ასაბუთებს აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა იმთავითვე, ყოველგვარი პროცედურული წესების დაცვის საჭიროების გარეშე იწვევს მისი დაუყონებლივ აღსრულების ვალდებულებას. სააღსრულებო ფურცელში არსებული ხარვეზები არ შეიძლება გამხდარიყო გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოება, რადგან სააღსრულებო ფურცლის გაცემა არ არის გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებელი წინაპირობა, მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ აქტების ბათილად ცნობა, მათი არამართლზომიერად მიჩნევა გულისხმობდა ორგანოს მიერ პირვანდელი მდგომარეობის, - მოხელეთა გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობებზე აღდგენის საჭიროებას. კასატორი ვერ ასაბუთებს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შეუძლებლობას. აღსრულების დაყოვნების ობიექტურ საფუძვლად არ მიიჩნევა აგრეთვე შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების არარსებობა, რადგან მოხელეთა თანამდებობაზე აღდგენა არ არის დაკავშირებული ორგანოს ფინანსურ შესაძლებლობებთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს აგრეთვე საკასაციო პალატაში გაწეული საადვოკატო და სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების შესახებ ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას და სხვათა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საკასაციო პალატაში საქმის განხილვა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება განხორციელდა მხარეთა დასწრების გარეშე, სასამართლოს მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა მოწინააღმდეგე მხარეთა (მოსარჩელეთა) მხრიდან საკასაციო შესაგებლის, რაიმე ახსნა-განმარტების, დამატებითი დოკუმენტაციის ან სხვა მასალების წარდგენა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მოსარჩელეებს აუნაზღაურდათ ადვოკატის მომსახურების თანხა და სხვადასხვა სასამართლო ხარჯები. საკასაციო პალატაში სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა, ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობები არ წარდგენილა, საკასაციო შესაგებელს რაიმე დოკუმენტაცია არ ერთვის და არც ცალკე წარმოდგენილა დამატებითი მასალები, შესაბამისად მითითება სანოტარო დამოწმების ხარჯების, ტრანსპრტირების ხარჯების, სხდომაზე გამოცხადების ხარჯების, საკასაციო შესაგებელზე თანდართული და სხვა დოკუმენტაციის ასლების გადაღებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რადგან ასეთი ხარჯები არ გაწეულა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.12.2018წ. გადაწყვეტილება;

3. ვ. ც-ას, ბ. ვ-ას, ხ. წ-ას და სხვათა შუამდგომლობა საადვოკატო და სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი