საქმე #ბს-468-465(კ-17) 21 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ჟ. ტ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლე)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.02.2017წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჟ. ტ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ ქ. თბილისის მერიის 10.11.2015წ. N726 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. დაზუსტებულ სარჩელში ჟ. ტ-მა მოპასუხეებად დაასახელა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.09.2015წ. N000265 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 10.11.2015წ. N726 ბრძანების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1980-იან წლებში სახლის ძველი მესაკუთრის მიერ მოეწყო მავთულბადის ღობე. 2015წ. მის სახელზე გაიცა მითითება და მიეცა 10 დღე სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან დემონტაჟის განსახორციელებლად. ამ ვადის გასვლის შემდგომ ზედამხედველობის სამსახურმა საქმის განხილვის ვადა გააგრძელა 2015 წლის 13 სექტემბრამდე. ამ პერიოდში მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის გზით ცდილობდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების მოპოვებას, პარალელურად დაიწყო ღობის დემონტაჟი. სამართალდარღვევის გამოსწორების ვადის გაცდენის თავიდან აცილების მიზნით 11.09.2015წ. ჟ. ტ-ი დაუკავშირდა ზედამხედველობის სამსახურს და აცნობა, რომ დემონტაჟი დაწყებული იყო და დღის ბოლომდე დაასრულებდა. აღნიშნულის მიუხედავად 11.09.2015წ. დაახლოებით 15:00 სთ-ზე ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლები გამოცხადნენ ობიექტზე და დაადგინეს მითითების შეუსრულებლობა, მათ არ გაითვალისწინეს, რომ მხოლოდ რამდენიმე ბოძი იყო მოსაშლელი და მოსარჩელეს დღის ბოლომდეც არ მისცეს ვადა დემონტაჟის დასასრულებლად. მოსარჩელემ მაინც დაასრულა ღობის დემონტაჟი და აღნიშნულის ამსახველი ფოტოსურათები წარადგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რათა მითითებული ფაქტი გათვალისწინებული ყოფილიყო საჩივრის განხილვისას. სამართალდარღვევის გამოსწორების მიუხედავად მერიამ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელე უთითებს, რომ სამართალდარღვევის გამოსწორების ვადა იწურებოდა 13.09.2015წ., ამ მომენტამდე იგი სრულად შეძლებდა დარღვევის გამოსწორებას, თუმცა მისი შემოწმება მოხდა დადგენილ ვადაზე 2 დღით ადრე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.02.2016წ. გადაწყვეტილებით ჟ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ჟ. ტ-ის მიმართ 29.04.2015წ. შედგა N000265 მითითება ქ. თბილისში, ...ს ქ. N26ბ-ს მიმდებარედ უნებართვოდ მსუბუქი კონსტრუქციის: ლითონის ბოძებისა და მავთულბადის ღობის მოწყობის გამო, სამართალდარღვევის გამოსასწორებლად: სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან ნაგებობის დემონტაჟისათვის ჟ. ტ-ს განესაზღვრა 10 დღის ვადა. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტის მიერ 13.05.2015წ. შედგა N000265 შემოწმების აქტი, რომელშიც დაფიქსირდა 29.04.2015წ. მითითების შეუსრულებლობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 13.07.2015წ. N4-3/81-გ/15 ბრძანებით, 29.04.2015წ. მითითების საფუძველზე ჟ. ტ-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდართვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა ორი თვით, 2015 წლის 13 სექტემბრამდე. 11.09.2015წ. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს ჟ. ტ-ის შემოწმება, სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის მიხედვით დაფიქსირდა მითითების მოთხოვნათა ნაწილობრივი შესრულება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.09.2015წ. N000265 დადგენილებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჟ. ტ-ი დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, ...ს ქ. N26ბ-ს მიმდებარედ მსუბუქი კონსტრუქციის: ლითონის ბოძებისა და მავთულბადის ღობის უნებართვოდ მოწყობისთვის, ამავე დადგენილებით ჟ. ტ-ს დაევალა უკანონო ნაგებობის დემონტაჟი. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.09.2015წ. დადგენილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ჟ. ტ-ის მიერ, რომელმაც აღნიშნა, რომ დაწყებული ჰქონდა ნაგებობის დემონტაჟი და მიცემულ ვადაში შეძლებდა მის სრულ დასრულებას, თუმცა შემოწმების ორი დღით ადრე განხორციელების გამო არ მიეცა მითითების პირობების სრულად შესრულების შესაძლებლობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 10.11.2015წ. N726 ბრძანებით ჟ. ტ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 3.47, მე-4, 33-ე, 36-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის ნაგებობის განთავსება დაიშვება მხოლოდ შესაბამისი ნებართვის არსებობის შემთხვევაში. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14.2, მე-15, 44-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ჟ. ტ-ი 1980 წლიდან ფლობს და სარგებლობს იმ მიწის ნაკვეთით, სადაც სათანადო ნებართვის გარეშე მოეწყო ღობე, შესაბამისად, ღობის მომწყობი სუბიექტის ვინაობის მიუხედავად, შესაძლოა ჟ. ტ-ის, როგორც ნაკვეთით მოსარგებლის, მიჩნევა სამართალდამრღვევად. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილების საფუძველზე სასამართლომ მიუთითა, რომ შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება, თუმცა საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა არაუმეტეს 2 თვით. სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილების მიღების ვადა განსაზღვრულია მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რომელსაც სათანადო წინაპირობების არსებობისას შეუძლია აღნიშნული ვადის გაგრძელება. ამდენად, ვინაიდან ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანებით ხდება ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოს მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების კანონით დადგენილი ვადის გაგრძელება, შესაბამისად, ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანება განკუთვნილია მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოსათვის. განსახილველ შემთხვევაში მართალია ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 13.07.2015წ. ბრძანებით გაგრძელდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ვადა 2015 წლის 13 სექტემბრამდე, თუმცა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს არ ეკრძალებოდა დადგენილების 2015 წლის 13 სექტემბრამდე გამოცემა. საქმის მასალების მიხედვით 29.04.2015წ. მითითებით ჟ. ტ-ს მიეცა 10 დღე დარღვევის გამოსასწორებლად, ხოლო 13.05.2015წ. დაფიქსირდა მითითების შეუსრულებლობა. საკანონმდებლო მოწესრიგებიდან გამომდინარე, მითითებისა და შემოწმების აქტების გამოცემის შემდეგ უფლებამოსილი ორგანო იღებს დადგენილებას სამართალდამრღვევისათვის სახდელის დაკისრების შესახებ. ცალსახაა, რომ მითითებით განსაზღვრულ ვადაში მოსარჩელეს დარღვევა არ გამოუსწორებია, ობიექტი არ იყო პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანილი აგრეთვე 11.09.2015წ.. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 11.09.2015წ. იყო საპროცესო ვადის უკანასკნელი დღე, მომდევნო თარიღები: 12 და 13 სექტემბერი იყო შაბათ-კვირა, დასვენების დღეები, შესაბამისად, ორგანო ვერ შეძლებდა რაიმე აქტის მიღებას, რაც ადასტურებს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ საკითხზე მსჯელობას დადგენილ მაქსიმალურ ვადაში. ჟ. ტ-ს საკმარისი დრო ჰქონდა დარღვევის გამოსასწორებლად. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.09.2015წ. დადგენილება, ისევე როგორც ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 10.11.2015წ. ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.02.2016წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჟ. ტ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.02.2017წ. განჩინებით ჟ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ჟ. ტ-მა სასამართლოში ვერ წარადგინა სადავო აქტების გამოტანის პროცესში ნორმატიული მოთხოვნების დარღვევის დამდგენი მტკიცებულებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.02.2017წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ჟ.ტ-ის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ დარღვევის გამოსწორების ვადა ჰქონდა 2015 წლის 13 სექტემბრამდე, თუმცა შემოწმება განხორციელდა 2 დღით ადრე - 11.09.2015წ.. შემოწმების მომენტისათვის კასატორს დემონტირებული ჰქონდა ღობის უმეტესი ნაწილი და დღის ბოლომდე აპირებდა დემონტაჟის დასრულებას, თუმცა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა არ მისცეს ამის საშუალება. ჟ. ტ-ს სჯეროდა, რომ 2015 წლის 13 სექტემბრამდე ჰქონდა ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. კასატორი აღნიშნავს, რომ დასჭირდა ტექნიკის დაქირავება ღობის სრულად მოსაშლელად, რაც საჭიროებდა დროსა და შესაბამის მატერიალურ ხარჯს. კასატორი თვლის, რომ მისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა დაუსაბუთებლად მაღალია, ამასთანავე, ღობე არ არის მოწყობილი მის მიერ და მხოლოდ მიმდებარე ნაკვეთით სარგებლობა არ შეიძლება გამხდარიყო ჟ. ტ-ისათვის ჯარიმის დაკისრების საფუძველი. ადმინისტრაციულ ორგანოებს სადავოდ არ გაუხდიათ ღობის სიძველე, შესაბამისად მათი მოთხოვნა არის ხანდაზმული.
დავის საკასაციო სასამართლოში განხივლისას, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 25.09.2018წ. N28-94 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საკრებულოს 12.06.2018წ. N20-67 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულება“ (მე-2 მუხ.) და დამტკიცდა ახლადშექმნილი მუნიციპალური ინსპექციის დებულება (1-ლი მუხ.). აღნიშნული დებულების მიხედვით, სწორედ მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციად სახელდება სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, სათანადო სანქციების დაკისრება (2.2 მუხ. „ა“ ქვ.პ.), საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო და სხვა სახის ნორმების დაცვასა და შესრულებაზე კონტროლი, დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებებისა და ვადების განსაზღვრის, მითითების გაცემის, კანონდარღვევით მიმდინარე მშენებლობის გამო დადგენილების მიღების, პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილება (3.1 მუხ. „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „თ“ ქვ.პ.). ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლაბამონაცვლეა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ჟ. ტ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ჟ. ტ-ის მიმართ 29.04.2015წ. შედგა მითითება ქ. თბილისში, ...ეს ქ. N26ბ-ს მიმდებარედ უნებართვოდ მსუბუქი კონსტრუქციის - ლითონის ბოძებისა და მავთულბადის ღობის მოწყობის გამო. სამართალდარღვევის გამოსასწორებლად: სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან ნაგებობის დემონტაჟისათვის ჟ. ტ-ს განესაზღვრა 10 დღის ვადა. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტის მიერ 13.05.2015წ. შედგა N000265 შემოწმების აქტი, რომელშიც დაფიქსირდა 29.04.2015წ. მითითების შეუსრულებლობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 13.07.2015წ. N4-3/81-გ/15 ბრძანებით 29.04.2015წ. მითითების საფუძველზე ჟ. ტ-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდართვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა ორი თვით, 2015 წლის 13 სექტემბრამდე. 11.09.2015წ. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს ჟ. ტ-ის შემოწმება, სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის მიხედვით დაფიქსირდა მითითების მოთხოვნათა ნაწილობრივი შესრულება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.09.2015წ. N000265 დადგენილებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჟ. ტ-ი დაჯარიმდა 10 000 ლარით, ქ. თბილისში, ...ს ქ. N26ბ-ს მიმდებარედ მსუბუქი კონსტრუქციის: ლითონის ბოძებისა და მავთულბადის ღობის უნებართვოდ მოწყობისთვის, ამავე დადგენილებით ჟ. ტ-ს დაევალა უკანონო ნაგებობის დემონტაჟი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის მიღება. ნებართვის გარეშე მშენებლობის წარმოება განიხილება უნებართვო მშენებლობად, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, უნებართვო მშენებლობის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გამოიწვევს დაჯარიმებას - 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო კერძო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე - 8000 ლარით. მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირებას ახდენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილება (1.1 მუხ.). მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად (3.43 მუხ.). მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით ნორმატიულად გათვალისწინებულია კომპლექსური პროცედურები, ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული მხარის მიერ რიგი დოკუმენტაციის, მათ შორის არქიტექტურული პროექტის, წარდგენის ვალდებულება, თუმცა 24.03.2009წ. N57 დადგენილება პირველი კლასის მშენებლობასთან მიმართებით სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვების განსხვავებულ, გამარტივებულ წესს ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 19.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობები მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებენ, თუმცა მშენებლობის მწარმოებელი პირი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები (66.1 მუხ.), მან განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით უნდა აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს (66.2 მუხ.), რომელიც 5 დღის ვადაში წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას (66.7 მუხ.). აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა განიხილება უნებართვო მშენებლობად (66.10 მუხ.). მართალია კანონმდებლობა I კლასის ნაგებობას არ მიაკუთვნებს ისეთი მნიშვნელობის მქონე ობიექტს, რომლის მშენებლობაც საჭიროებს მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიებისა და კომპლექსური პროცედურების გავლას, თუმცა მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურების გარეშე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში, კანონმდებელი აღნიშნულ ქმედებას უნებართვო მშენებლობას უტოლებს და ამით კოდექსის 44-ე მუხლის რეგულირების სფეროში აქცევს. განსახილველ შემთხვევაში სადავო დადგენილება მიღებულია სწორედ პირველი კლასის შენობა-ნაგებობის - მავთულბადის ღობის (N57 დადგენილების 65.1 მუხ. „გ“ ქვ.პ.) უნებართვოდ მოწყობის ფაქტზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უნებართვო მშენებლობის გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს საზედამხედველო წარმოებას. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის სათადანო სანქციას - დაჯარიმებას ან/და უნებართვო ნაგებობის დემონტაჟს ითვალისწინებს (25.9 მუხ.), თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დამრღვევისათვის სახდელის დაკისრება არ ხდება დაუყონებლივ, გადაცდომის აღმოჩენისთანავე, ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით (25.2 მუხ.), მითითებით სავარაუდო დამრღვევს განესაზღვრება ვადა განხორციელებული ქმედების მართლზომიერების დასადასტურებლად ან დარღვევის გამოსასწორებლად (მე-15 მუხ., „ღ“ ქვ.პ.), მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების შესრულებასთან მიმართებით (25.5 მუხ.), უკეთუ შემოწმების აქტში დაფიქსირდა დარღვევა - მითითების პირობების შეუსრულებლობა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას პირისათვის სახდელის დაკისრების შესახებ (25.9 მუხ.), ამასთანავე, სამართალდარღვევა გამოსწორებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მითითებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მიუხედავად, სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილების გამოცემამდე დამრღვევი აღმოფხვრის სამართალდარღვევას (25.7 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა აღნიშნულ ნორმათა დაცვით, ჟ. ტ-ის მიმართ 29.04.2015წ. შედგა მითითება ლითონის ბოძებისა და მავთულბადის ღობის უნებართვოდ მოწყობის გამო, სამართალდარღვევის გამოსასწორებლად: სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან ნაგებობის დემონტაჟისათვის ჟ. ტ-ს განესაზღვრა 10 დღის ვადა, 13.05.2015წ. შედგა შემოწმების აქტი, რომელშიც დაფიქსირდა მითითების შეუსრულებლობა, რასაც ნორმატიულად განსაზღვრული პროცედურის მიხედვით უნდა მოჰყოლოდა სამართალდამრღვევისათვის სანქციის დაკისრების შესახებ დადგენილების გამოცემა, თუმცა აღნიშნული არ განხორციელდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 13.07.2015წ. ბრძანებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.13 მუხლის შესაბამისად, ჟ. ტ-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდართვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა ორი თვით, 2015 წლის 13 სექტემბრამდე. 11.09.2015წ. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა მოახდინეს ობიექტის შემოწმება, დაფიქსირდა მითითების მოთხოვნათა ნაწილობრივი შეუსრულებლობა, ამავე დღეს - 11.09.2015წ. მიღებულ იქნა დადგენილება ჟ. ტ-ის სამართალდამრღვევად ცნობის და შესაბამისი სახდელის დაკისრების შესახებ.
სამართალდამრღვევად ცნობისა და სახდელის დაკისრების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.09.2015წ. დადგენილებას მოსარჩელე სადავოდ ხდის ძირითადად იმ საფუძვლით, რომ სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა ორი თვით - 2015 წლის 13 სექტემბრამდე, შესაბამისად, მას ამ თარიღამდე ჰქონდა სამართალდარღვევის გამოსწორების უფლება, თუმცა მისი შემოწმება განხორციელდა ვადაზე ადრე - 11.09.2015წ., რითაც მოესპო ღობის სრული დემონტაჟის შესაძლებლობა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მოსაზრებას, რომ საქმის განხილვის ვადის გაგრძელება განხორციელდა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოსათვის და აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ კანონმდებლობა, არამედ საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი სუბიექტის - ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებები უნდა იყოს თანმიმდევრული და განჭვრეტადი. პირს წინასწარ უნდა ჰქონდეს თავისი ქმედებების სამართლებრივი შედეგების განსაზღვრის გონივრული შესაძლებლობა. სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამართლის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი ფუნქციათაგანია. განსაზღვრული სამართლებრივი რეგულირება უზრუნველყოფს სოციალური ურთიერთობების პროგნოზირებად ხასიათს. ნორმის ადრესატების მოლოდინი ქცევის შესაძლო მოდულის შესახებ უნდა იყოს სტაბილური. ნორმატიული მოწესრიგების შედარებითი ბუნდოვნება წარმოშობს სამართალშემფარდებელი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას მიაწოდოს დაინტერესებულ პირს ნორმის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული განმარტებები, მით უფრო თუ აღნიშნული უშუალო გავლენას ახდენს პირისათვის სახდელის შეფარდების წესსა და პროცედურაზე. განსახილველ შემთხვევაში ჟ. ტ-ს მიეცა მითითება, მითითების აღსრულება შემოწმდა, თუმცა ჟ. ტ-ი არ დაჯარიმდა, ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება საქმის განხილვის ვადის გარძელების შესახებ, რითაც მოსარჩელეს ჩამოუყალიბდა გონივრული მოლოდინი, რომ გაგრძელებული ვადის დასრულებამდე მისი დაჯარიმება არ მოხდებოდა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან ორი თვის ვადაში სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა არა უმეტეს ორი თვით. მოცემულ შემთხვევაში, ორგანოს არ განუმარტავს საქმის განხილვის ვადის გაგრძელების სამართლებრივი შინაარსი, ვადის დასრულებამდე ჟ. ტ-ის შემოწმების შესაძლებლობა, ამასთანავე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუსაზღვრავს ორთვიანი ვადისაგან განსხვავებული კონკრეტული, სპეციალური ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, საქმის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ 13.07.15წ. N4-3/81-გ/15 ბრძანებაში მიეთითა ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელებული ორთვიანი ვადის ათვლის (13.07.2015წ.) და ამოწურვის ზუსტი თარიღი (13.09.2015წ.), რამაც წარმოშვა გონივრული ვარაუდი, რომ ჟ. ტ-ს მიეცა დამატებით ორი თვე ლითონის ბოძებისა და მავთულბადის ღობის დემონტაჟისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში გაურკვეველია ორგანოს მიერ საქმის განხილვის ვადის გაგრძელების, დარღვევის გამოსწორების მითითებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ სამართალდარღვევის შესახებ დადგენილების გამოცემის გადავადების საფუძველი. ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოიცა 04.06.2015წ. სხდომაზე ჟ. ტ-ის მიერ დამატებითი ვადის მიცემისა და საკითხის განხილვის გადადების შესახებ შუამდგომლობის დასმის შემდეგ, 13.07.2015წ. N4-3/81-გ/15 ბრძანებაში არ არის მითითებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადის გაგრძელების მიზეზი, რაიმე გამოსარკვევი გარემოება. გასათალისწინებელია აგრეთვე, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.13 მუხლი ითვალისწინებს საქმის განხილვის ვადის არაუმეტეს ორი თვით გაგრძელების შესაძლებლობას, რაც არ გულისხმობს ვადის გაგრძელებას ყოველთვის ორი თვით, ადმინისტრაციულ ორგანოს განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებებისდამიხედვით შეუძლია შეარჩიოს საქმის წარმოების ვადის გაგრძელების კონკრეტული, მიზანშეწონილი პერიოდი, რომელიც არ უნდა აჭარბებდეს ორ თვეს. განსახილველ შემთხვევაში „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ“ 13.07.2015წ. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა ზუსტად ორი თვით - 2015 წლის 13 სექტემბრამდე, ბრძანება არ შეიცავს მითითებას უფრო ნაკლებ ვადაზე ან განუსაზღვრელ პერიოდზე, საქმის განხილვის ვადა არ გაგრძელებულა ორ თვემდე ვადით, წარმოების ვადის გაგრძელება მოხდა ზუსტად განსაზღვრულ თარიღამდე, შესაბამისად, სავარაუდო სამართალდამრღვევს წარმოეშვა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ აღნიშნული ორთვიანი ვადის ამოწურვის ბოლო დღემდე არ მოხდებოდა მისი შემოწმება ან სახდელის დაკისრება. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.7 მუხლის თანახმად, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ამდენად, გაგრძელების შესახებ ბრძანება ეხება არა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს, არამედ მითითების ადრესატს, მით უფრო, რომ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ“ 13.07.2015წ. ბრძანების 1-ელ პუნქტში პირდაპირ მიეთითა, რომ ჟ. ტ-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა ორი თვით გაგრძელდა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 29.04.2015წ. N000265 მითითების საფუძველზე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების მთავარი მიზანი არ არის დამრღვევის დასჯა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანომდებლობის ამოცანას შეადგენს საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა. ამ ამოცანის განსახორციელებლად კანონმდებლობა განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს სამართალდარღვევის ჩამდენს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1-ლი მუხ.). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთ-ერთი სახეა სამშენებლო სამართალდარღვევა - სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება. ნორმატიულად კონკრეტული დარღვევისათვის სახდელის დაკისრების შესაძლებლობა კანონსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციის ფუნქციას ასრულებს და მიზნად ისახავს შესაძლო დარღვევების თავიდან აცილებას. სახდელის დაკისრების სწორედ აღნიშნული ფუნქციით არის განპირობებული პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით სამშენებლო სამართალდარღვევაზე რეაგირების შესაბამისი პროცედურის გათვალისწინება, სავარაუდო დამრღვევს უნდა მიეცეს გონივრული, კონკრეტულად განსაზღვრული ვადა გადაცდომის გამოსასწორებლად. უკეთუ პირი დადგენილ ვადაში გამოასწორებს დარღვევას, მისთვის სახდელის დაკისრების წინაპირობა უქმდება, მიუხედავად იმისა, რომ მითითების მიცემისას გადაცდომა სახეზე იყო. სამართალდარღვევის საქმის წარმოება მიმართულია უკვე არსებულ ფაქტზე, ხდება ისეთ ქმედებაზე რეაგირება, რომელიც უკვე ჩადენილია. აღნიშნულის მიუხედავად არ ხდება დამრღვევისათვის სანქციის დაუყონებლივ შეფარდება, მოქმედი მოწესრიგების მიხედვით პირს ეძლევა სამშენებლო გადაცდომის გამოსწორების შესაძლებლობა. ამდენად, ცხადია, რომ კანონმდებლის უპირატესი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, მისი გამოსწორება და არა დამრღვევის დასჯა. ამდენად, როდესაც ერთი მხრივ, არ არის ამოწურული დარღვევის გამოსწორების ვადა, ხოლო მეორე მხრივ განმეორებითი შემოწმებისას დადგინდა, რომ დემონტაჟი ნაწილობრივ განხორციელებული იყო, ხოლო ჟ. ტ-ი მზადყოფნას გამოთქვამდა იმავე დღეს დემონტაჟის ნებაყოფლობით დასრულებაზე, გაურკვეველია მისთვის სახდელის დაკისრების დანიშნულება, სადავო დადგენილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი, ხოლო მეორე მხრივ მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, არც ერთი ინტერესის დაცვა არ უნდა მოხდეს მეორე ინტერესის არაპროპორციულად და გაუმართლებლად შეზღუდვის ხარჯზე. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის 16.08.2017წ. N04-3/11484 რეკომენდაციაში ასახულ მოსაზრებას ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.09.2015წ. N000265 დადგენილების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და მხედველობაში მიღების გარეშე, ჟ. ტ-ის უფლებების უგულებელყოფით გამოცემის შესახებ.
მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ საქმის მასალების მიხედვით დასტურდება სადავო ობიექტის სრული დემონტაჟი, აღნიშნული გარემოების დამდგენი მტკიცებულებები ჟ. ტ-მა წარუდგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელმაც დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა ისინი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას. ადმინისტრაციულ საჩივარზე წარმოებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი არის ადმინისტრაციული ორგანოს სისტემის თვითკონტროლის საშუალება, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სრულყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორი, იგი იძლევა ადმინისტრაციული ორგანოს სისტემაში დაშვებული შეცდომის შემჭიდროვებულ ვადაში, ქმედითად გამოსწორების შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სადავო საკითხის სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტას. ამდენად, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ორგანოს მიერ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების სრული და ყოველმხრივი გამოკვლევა, საჩივრის ავტორის პრეტენზიების შესწავლა, მათზე დასაბუთებული პასუხების გაცემა, სრულყოფილი წარმოების ჩატარება და მხოლოდ ამის შემდგომ წარდგენილ საჩივარზე გადაწყვეტილების გამოტანა, რომელშიც აისახება ჩატარებული წარმოების შედეგები. განსახილველ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინა დარღვევის გამოსწორების, უნებართვო ნაგებობის დემონტაჟის დამდგენი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მერია ნორმათა ციტირებით შემოიფარგლა და მართლზომიერად მიიჩნია ჟ. ტ-ისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სადავო აქტი ასევე მოკლებულია სათანადო დასაბუთებას და არ ეფუძნება შესაბამის ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს, რაც მისი ბათილად ცნობის წინაპირობას ქმნის.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, სადავო აქტების საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე გამოცემის შესახებ და აღნიშნავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით სამშენებლო მიწის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე კოდექსის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი. განსახილველ შემთხვევაში ჟ. ტ-ი უთითებდა, რომ ღობე მას არ მოუწყვია, იგი მხოლოდ შემოღობილი ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიით სარგებლობდა. ჟ. ტ-ი აღნიშნავდა, რომ მავთულბადე აგებული იყო 1980-იან წლებში სახლის ძველი მეპატრონის მიერ, რომლისგანაც მან შემდგომში შეიძინა სახლი, მავთულბადით შემოსაზღვრული ნაკვეთი ძველმა მეპატრონემ გადასცა მას, რომლითაც ის სარგებლობდა. საქმის მასალებით არ დასტურდება ადმინისტრაციულმა ორგანოების მიერ რაიმე ზომების მიღება ღობის მომწყობი სუბიექტის დასადგენად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტების მართლზომიერად მიჩნევის შემთხვევაშიც, არ არსებობს ჟ. ტ-ისათვის დაკისრებული სახდელის ძალაში დატოვების საფუძველი, რადგან ერთი მხრივ უნებართვო ნაგებობა დემონტირებულია, ხოლო მეორე მხრივ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონით დადგინდა ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა (1-ლი მუხ.). საკასაციო პალატა თვლის, რომ სამშენებლო სამართალდაღვევაზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეზე, უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ღობე მოწყობილია 2015 წლამდე, ხოლო ჟ. ტ-ისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილება გასაჩივრებულია და ამდენად, ჯერ არ არის აღსრულებული, ამასთანავე, ჟ. ტ-ი (პ.ნ. …) დაბადებულია 18.11.1947წ., შესაბამისად იგი საპენსიო ასაკისაა. „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისა და საურავისაგან, თავისუფლდება ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან) („ბ“ ქვ.პ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს სადავო სამართალურთიერთობის მიმართ, ჟ. ტ-ისათვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში, კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების საჭიროება, მასზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დაუსაბთებელია, ჟ. ტ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, უნებართვო ნაგებობა: რკინის ბოძები და მავთულბადის ღობე დემონტირებულია, ამასთანავე, „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. კანონი გამორიცხავს ჟ. ტ-ისათვის სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის ძალაში დატოვების შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს ჟ. ტ-ის სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
საქმის მასალებით (ს.ფ. 40, 239, 404) დასტურდება, რომ ჟ. ტ-ს სახელმწიფო ბაჟის სახით ყველა ინსტანციის სასამართლოში გადახდილი აქვს 550 ლარი. სსკ-ის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1–ლი მუხლის მე–2 ნაწილით, 22–ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411–ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჟ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.02.2017წ. განჩინების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ჟ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 11.09.2015წ. N000265 დადგენილება;
5. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 10.11.2015წ. N726 ბრძანება;
6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალოთ ჟ. ტ-ის (პ.ნ…) სასარგებლოდ მის მიერ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 (ხუთასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი