ბს-819 (კ-19) 16 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ-მა 18.01.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.08.2017წ. ოჯახის დეკლარაციის ბათილად ცნობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ოჯახის ხელახალი გადამოწმების დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.03.2018წ. გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.08.2017წ. ოჯახის დეკლარაცია და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მ. მ-ის ოჯახის ხელახალი გადამოწმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.03.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.2019წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ მ. მ-ის ოჯახის დეკლარაციის შევსებისას გათვალისწინებული იქნა თავად მ. მ-ის მიერ მითითებული ინფორმაცია მის მიერ გადახდილი კომუნალური ხარჯის შესახებ. აღნიშნული მონაცემების მართებულობა დადასტურებულია მ. მ-ის ხელმოწერით. დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების გათვალისწინებით ოჯახის რეიტინგი განისაზღვრა 67740 ქულით. „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.04.2010წ. №126 დადგენილებით განისაზღვრა, რომ ოჯახს შეუძლია განმეორებითი შემოწმების მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს უკანასკნელად სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ადგილი აქვს ცვლილებას ოჯახის წევრთა რაოდენობაში, ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, დასაქმდა, მიიღო ან დაკარგა სამუშაო. მ. მ-ის ოჯახის დეკლარაციის შედგენისას არ დგინდება კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე შემთხვევის არსებობა, რის გამოც კასატორი სასარჩელო მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დგინდება მ. მ-ის ოჯახის დეკლარაციის შევსების შედეგად სარეიტინგო ქულის გაზრდა ოჯახის მიერ გადახდილი კომუნალური გადასახადების გაზრდის საფუძვლით, რასაც არ ეთანხმება მ. მ-ი და ითხოვს 2017 წლის სექტემბრის დეკლარაციის ბათილად ცნობის შემდგომ ოჯახის ხელახალ გადამოწმებას. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში დაცულ კომუნალური გადასახადების შესახებ ინფორმაციაზე, რომელიც ასახავს ინფორმაციას მ. მ-ის საცხოვრებელ ბინაზე გაწეული კომუნალური ხარჯის თაობაზე, აღნიშნული დოკუმენტით დგინდება აგრეთვე, რომ აბონენტს ერიცხებოდა კომუნალური სუბსიდია (ს.ფ.29). სადავო პერიოდის, კერძოდ, 2017 წლის სექტემბრის თვის ინფორმაციაში ასახულია დახარჯული 170 კვტ.სთ, ხოლო თანხის ხარჯის სახით მითითებულია 28.89 ლ., ამდენად, არ დასტურდება 2017 წლის სექტემბრის თვის კომუნალური ხარჯის 170 ლარის ოდენობით გაწევა.
დაუსაბუთებელია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსაზრება, რომ მ. მ-ი დაეთანხმა ოჯახის დეკლარაციაში შეტანილ მონაცემებს, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით და აღნიშნულის გამო არ არსებობს დეკლარაციის ბათილად ცნობის და სარეიტინგო ქულის ცვლილების საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა არ ადასტურებს მასში არსებული ინფორმაციის გადამოწმების ვალდებულების უგულებელყოფას. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესზე“, რომლის თანახმად საარსებო შემწეობის მიმღების/მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმებასა და ინფორმაციის ოჯახის დეკლარაციაში შეტანაზე უფლებამოსილ პირად განსაზღვრულია არა საარსებო შემწეობის მაძიებელი/მიმღები, არამედ სააგენტოს უფლებამოსილი პირი, რომელიც ჩატარებული ვიზუალური დათვალიერებისა და გამოკითხვის (ინტერვიუირების) შედეგად მოპოვებულ მონაცემებს აფიქსირებს ოჯახის დეკლარაციაში (მე-2 მუხ., მე-3 მუხ.). ამავე წესით განსაზღვრულია ოჯახის დეკლარაციის შევსების დაწყებამდე, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვალდებულება უფლებამოსილ წარმომადგენელს განუმარტოს, რომ ინტერვიუირების შედეგად დეკლარირებული ინფორმაცია ექვემდებარება გადამოწმებას და არასწორი ან ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ოჯახს შეიძლება შეუწყდეს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში. ოჯახის დეკლარაციის შევსებამდე, სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოიძიოს ოჯახის შესახებ მისთვის საჭირო ინფორმაცია ნებისმიერი წყაროდან (მაგ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ამ ოჯახის შემადგენლობის, უძრავი ქონების – მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესახებ) და ინტერვიუირების პროცესში შეადაროს იგი ოჯახის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, შეუსაბამობის შემთხვევაში მიუთითოს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს ინფორმაციის უზუსტობის შესახებ (მე-4 მუხ.). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ მიუთითებია დეკლარაციაში ასახული მონაცემების (კომუნალური გადასახადების) შესახებ ინფორმაციის უფლებამოსილი თანამშრომლის მხრიდან გადამოწმების თაობაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკეთუ კომუნალური გადასახადების ოდენობის ზრდამ გამოიწვია მ. მ-ის ოჯახის სარეიტინგო ქულის გაზრდა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო კომუნალური გადასახადების შესახებ რეალური ინფორმაცია მოეპოვებინა, მ. მ-ის მიერ აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში კი ინფორმაცია გადაემოწმებინა. არ დასტურდება, რომ კომუნალური გადასახადების აღრიცხვის სისტემიდან გამომდინარე აღნიშნული ქმედების განხორციელება ორგანოს შესაძლებლობებს აღემატებოდა.
ამდენად, დაუსაბუთებელია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მითითებული არგუმენტით მ. მ-ის მოთხოვნის უარყოფა. ამასთანავე, კასატორის მსჯელობის გაზიარების პირობებშიც კი მ. მ-ს არ ერთმევა სარეიტინგო ქულის არასწორად განსაზღვრის თაობაზე დავის წამოწყების შესაძლებლობა, ვინაიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ თანახმად ოჯახის დეკლარაციას ადგენს არა სოციალური დახმარების მაძიებელი/მიმღები, არამედ სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი (მე-2 მუხ.). ამასთანავე, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით (მე-15 მუხ.), რა დროსაც ტექნიკური უზუსტობის დაშვება გამორიცხული არ არის. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.04.2010წ. №126 დადგენილებით განსაზღვრული გარემოებების არარსებობის პირობებში ოჯახის მდგომარეობის ხელახალი შემოწმების შეუძლებლობის თაობაზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული გარემოებები მართებულად გახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის და სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ოჯახის ხელახალი შემოწმების დავალების საფუძველი.
საკასაციო საჩივარი არ შეიცავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების არგუმენტირებულ კრიტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით. ამდენად, დასტურდება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის მართებულობა მითითებულ საკითხზე და კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი