Facebook Twitter

ბს-973 (კ-18) 16 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ო-ის, დ. შ-ის, ს. ხ-ის და გ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ო-მა, დ. შ-მა, ს. ხ-მა და გ. ბ-მა 22.11.2016წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 24.08.2016წ. №MOD316 00005278 ბრძანების ბათილად ცნობის და განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობებზე მოსარჩელეთა აღდგენის მოთხოვნით. მოსარჩელეებმა მოითხოვეს აგრეთვე სამსახურიდან დათხოვნიდან აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.06.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ო-მა, დ. შ-მა, ს. ხ-მა და გ. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.2017წ. განჩინებით ზ. ო-ის, დ. შ-ის, ს. ხ-ის და გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. ო-ის, დ. შ-ის, ს. ხ-ის და გ. ბ-ის მიერ.

კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება და აღნიშნეს, რომ კასატორები თანამდებობებიდან განთავისუფლდნენ საქართველოს მთავრობის 17.03.2016წ. №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 46-ე მუხლზე მითითებით, 08.12.2017წ. წესდებაში შეტანილი ცვლილების შესაბამისად 46.1 მუხლით განისაზღვრა, რომ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშში, აგრეთვე აზარტულ ტურნირში მონაწილეობა გამოიწვევს 3 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან სამსახურიდან დათხოვნას ან 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სასწავლებლიდან გარიცხვას, ხოლო 46.2 მუხლით დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილას ისეთ გასართობ თამაშში (გარდა სპორტული შეჯიბრების მიზნით ოფიციალურად ჩატარებული თამაშობისა) მონაწილეობა, რომელიც ტარდება ბანქოს ან/და კამათლის გამოყენებით, აგრეთვე ნებისმიერ სხვა თამაშში (გარდა სპორტული შეჯიბრების მიზნით ოფიციალურად ჩატარებული თამაშობისა) მონაწილეობა, თუ ეს თამაში ტარდება სანაძლეოს საფუძველზე ან/და მოგების მიღების მიზნით, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. კასატორები მიუთითებენ დისციპლინური პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ნორმისთვის უკუძალის მინიჭების წესზე და აღნიშნავენ, რომ დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებით დადასტურდა მათი მოსაზრების მართებულობა იმის შესახებ, რომ ბანქოს (კარტის) თამაში არ უნდა ჩაითვალოს აზარტულ თამაშში მონაწილეობად, რადგან მათ არ ჰქონდათ მოგების მიღების მიზანი. ამასთანავე, საქმეში არ არის დაცული კასატორების მიერ მოგების მიღების მიზნით თამაშის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აზარტულ თამაშად კვალიფიკაციისათვის სავალდებულო არ არის მოგების მიღების მიზნის არსებობა და აღნიშნავენ, რომ სწორედ აღნიშნული მიზნის არსებობაა გადამწყვეტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ო-ის, დ. შ-ის, ს. ხ-ის და გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მოყვანილი მსჯელობა არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საქმის მასალებით დგინდება და კასატორების მიერ სადავოდ არ გამხდარა სამსახურში ბანქოს (კარტის) თამაშის ფაქტი, რაც კასატორების თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის 17.03.2016წ. №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 46-ე მუხლის შესაბამისად, რომლის გასაჩივრებული აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა აზარტულ თამაშში ან აზარტულ ტურნირში მონაწილეობის შემთხვევაში 3 რიგგარეშე განწესში დათხოვნას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. ამავე წესდების მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 3 რიგგარეშე განწესში დათხოვნის გამოყენება შესაძლებელი იყო მხოლოდ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის და სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის მიმართ, რომელთანაც არც ერთს კასატორები არ მიეკუთვნებოდნენ. სასწავლებლიდან გარიცხვა მხოლოდ იუნკერების მიმართ გამოიყენებოდა. ამდენად, კასატორების მიმართ პასუხისმგებლობის ზომად შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო მხოლოდ სამსახურიდან დათხოვნა.

უსაფუძვლოა კასატორების მითითება, რომ დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით დადასტურდა აზარტული თამაშისათვის მოგების მიზნის არსებობის სავალდებულობა. კასატორების მიერ ბანქოს თამაში, იმისდა მიუხედავად მათ გააჩნდათ თუ არა მოგების მიზანი, მართებულად იქნა მიჩნეული აზარტულ თამაშად, ვინაიდან ამგვარი თამაში დამოკიდებულია შემთხვევითობაზე და მოგების შესაძლებლობას იძლევა.

ამასთანავე, ცვლილების შედეგად წესდების 46.2 მუხლის წინადადების პირველი ნაწილით განისაზღვრა, რომ სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურში, სასწავლებელში, სამკურნალო დაწესებულებაში ან მივლინების ადგილას ბანქოს ან/და კამათელის გამოყენებით თამაში იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას, აღნიშნული დანაწესი არ შეიცავს მითითებას მოგების მიღების მიზნის არსებობაზე. ცვლილების შესაბამისად დისციპლინურ პასუხისმგებლობას იწვევს აგრეთვე ნებისმიერი სხვა თამაში, რომელიც ტარდება სანაძლეოს საფუძველზე ან/და მოგების მიღების მიზნით (46.2 მუხლის წინადადების მეორე ნაწილი). განსახილველ შემთხვევაში დავას არ იწვევს კასატორების მიერ ბანქოს გამოყენებით სამსახურში თამაშის ფაქტი, რომლის შესაბამის პასუხისმგებლობის პირობას ადგენს წესდების 46.2 მუხლის წინადადების არა მეორე, არამედ პირველი ნაწილი, რომლისთვისაც რელევანტური არ არის მოგების მიღების მიზნის არსებობა. ამასთანავე, თავდაცვის სამინისტროში მოქმედი სპეციალური რეჟიმის გათვალისწინებით დისციპლინურ პასუხისმგებლობას იწვევს სამსახურში თამაშის ფაქტი, იმისდა მიუხედავად სამხედრო მოსამსახურე თამაშობდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, თუ დასვენების დროს.

კასატორების მიმართ პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან დათხოვნის განსაზღვრის უკანონობას არ ადასტურებს კასატორების მითითება დადგენილებაში განხორციელებულ ცვლილებასა და კანონის უკუძალაზე. ცვლილების შედეგად სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურში ბანქოს თამაშის დადასტურების შემთხვევაში პასუხისმგებლობის ფორმებად განსაზღვრული იქნა: დასვენების უფლების შეზღუდვა, სამსახურიდან დათხოვნა, ან სასწავლებლიდან გარიცხვა. ცვლილებამდე გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა - 3 რიგგარეშე განწესში დათხოვნა ჩანაცვლებულ იქნა დასვენების უფლების შეზღუდვით, რაც კასატორებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნიათ. საკასაციო პალატა მიუთითებს წესდების მე-13 მუხლის 21 პუნქტზე, რომლითაც დადგინდა, რომ დასვენების უფლების შეზღუდვა გამოიყენება მხოლოდ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის მიმართ, რომელსაც არც ერთი კასატორი არ მიეკუთვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, წესდებაში განხორციელებული ცვლილება არ ცვლის კასატორთა მდგომარეობას, ცვლილება არ ეხება განსახილველ საკითხს და გავლენას ვერ იქონიებს დავის განსხვავებულად გადაწყვეტაზე. სახეზე არ არის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ცვლილება, რომელსაც საკასაციო სასამართლო უკუძალას მიანიჭებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. ო-ის, დ. შ-ის, ს. ხ-ის და გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.ზ. ო-ის, დ. შ-ის, ს. ხ-ის და გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.2017წ. განჩინება;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი