Facebook Twitter

ბს-824(კ-19) 29 ნოემბერი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ა-მა 06.11.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ მოსარჩელის ოჯახის ნაწილში სამინისტროს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 01.08.2017წ. N24 ოქმის, სამინისტროს 08.08.2017წ., 11.10.2017წ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და კომისიისათვის ვ. ა-ის ოჯახის განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.11.2017წ. განჩინებით, სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ვ. ა-ის ოჯახის წევრები: ლ.ზ-ი, გ. ა-ი და ა. ა-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.01.2018წ. გადაწყვეტილებით ვ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 01.08.2017წ. N24 სხდომის ოქმი ვ. ა-ის ოჯახის განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახილებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 08.08.2017წ. და 11.10.2017წ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კომისიას დაევალა ვ. ა-ის ოჯახის განსახლების თაობაზე ახალი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.12.2018წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ ფართით დაკმაყოფილებისას ხდება ოჯახის რეალური საჭიროებების გათვალისწინება და ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხი, რომელთაც საკუთრებაში აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. თავდაპირველად ხდება იმ ოჯახების გამოვლენა და დაკმაყოფილება, რომელთაც არ აქვთ რაიმე ტიპის თავშესაფარი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად გამოიკვლია საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ვ. ა-ის ოჯახის წევრს, მის მეუღლეს საკუთრებაში ჰქონდა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რომელიც მართალია მიჰყიდა თავის დას, თუმცა ამ ფართით დღემდე სარგებლობენ ვ. ა-ის შვილები. ფართის გასხვისება განხორციელდა სწორედ სახელმწიფოსაგან საცხოვრებლის მიღების მიზნით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ვ. ა-ის მეუღლესა და მის დას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგებაა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2014წ. დეკემბერში, როდესაც ვ. ა-მა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართა სამინისტროს, მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი არ ირიცხებოდა. ვ. ა-ის მეუღლემ - ლ. ზ-მა 2013 წლის სექტემბერში შეძინა ...ში მდებარე 40,70 კვ.მ. ფართი, რომელიც 2014 წლის ივლისში მიჰყიდა თავის დას. აღნიშნულის მიუხედავად 13.02.2015წ. გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულმა ორგანომ ვ. ა-ის ოჯახის ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ ოჯახს მფლობელობაში გააჩნდა ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და დებს შორის დადებული ნაწყიდობის ხელშეკრულება ფაქტობრივად მოჩვენებითი გარიგება იყო. სასამართლომ იმსჯელა აღნიშნული გადაწყვეტილების მართლზომიერებაზე და მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო საქმის გარემოებათა არასრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, კანონიერ ძალაში მყოფი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.02.2016წ. გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა გარიგების მოჩვენებითად მიჩნევის შესაძლებლობა, რადგან გარიგების ბათილად ცნობა სასამართლოს კომპეტენციაა, ამასთანავე, არ იქნა გაზიარებული მოსაზრება, რომ ...ში მდებარე ფართი იყო ვ. ა-ის ოჯახის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. აღნიშნულ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ 03.05.2017წ. განჩინებაში დამატებით მიუთითა, რომ გამოკვლევას საჭიროებდა კონკრეტულ სოფელში სტიქიით დაზარალებული, განსახლების საჭიროების მქონე სხვა ოჯახების სრულად დაკმაყოფილების საკითხი, ასეთ შემთხვევაში ალტერნატიული ფართის არსებობის მიუხედავად წარმოიშობოდა ვ. ა-ის ოჯახის ფართით უზრუნველყოფის საჭიროება.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სასამართლოს მითითებების მიუხედავად, ორგანომ 2017წ. ფაქტობრივად იდენტური საფუძვლებით თქვა უარი ვ. ა-ის ოჯახის ფართით უზრუნველყოფაზე. თავად ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა ხელახალი გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვ. ა-ი და მისი მეუღლე - ლ. ზ-ი მუდმივად ცხოვრობენ სტიქიით დაზარალებულ ადგილას, ხოლო მათი შვილები, რომელთაგან ერთი სკოლის მოსწავლეა, ხოლო მეორე - სტუდენტი, სარგებლობენ ლ. ზ-ის დის საკუთრებაში არსებული ...ში მდებარე ფართით. ფართის მესაკუთრემ ორგანოს წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა დისშვილების მიერ მისი ფართით დროებითი სარგებლობა და აღნიშნა, რომ მომავალში ბინით შესაძლოა ისარგებლონ მისმა შვილებმა. მოსარჩელე განმარტავს, რომ მისი შვილების მიერ ...ში მდებარე ფართით დროებითი სარგებლობა გამოწვეულია მათი სწავლის საჭიროებით. მართებულია მოსაზრება, რომ სწავლის მიზნით ოჯახის ორი წევრის დროებით სხვის საკუთრებაში არსებულ ფართში ცხოვრება, არ ქმნიდა ვ. ა-ის ოჯახის ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. მნიშვნელოვანია, რომ საქმის მასალებით: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 04.12.2014წ. წერილითა და სოფელ ვეძათხევის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ჯერ კიდევ 2006 წელს მეწყერები იმყოფებოდა მაღალი აქტივობის პროცესში, სახეზე იყო რამდენიმე სხვადასხვა მიმართულების სიღრმისეული დეფორმაცია, პროცესებს მოცული ჰქონდა სოფლის ტერიტორიის მთელი სივრცე, რომლის არეალში მოქცეული იყო სოფლის ყველა მოსახლე, 2006 წლის შემდგომ აღნიშნულმა პროცესებმა იწყო კიდევ უფრო გააქტიურება, სოფლის დაცვის მიზნით მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, რომელიც გამოიღებდა აქტიურ შედეგს ძალიან ძვირადღირებული და უშედეგო იქნებოდა, 2014 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ვითარება არ იყო გაუმჯობესებული (ტ.1, ს.ფ. 100-105). ვ. ა-ის ფართის მეწყერსაშიშ ზონაში არსებობა მხარეთა შორის დავის რომელიმე ეტაპზე სადავო არ გამხდარა. ასევე უდავოა ვ. ა-ისა და მისი მეუღლის სოფ. ვეძათხევში მუდმივი ცხოვრება. ამ პირობებში ვ. ა-ის ოჯახის ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ ეფუძნება რაიმე ფაქტობრივ ან სამართლებრივ წინამძღვრებს, მით უფრო, რომ ორგანომ ვერ დაადასტურა სოფელ ვეძათხევში სხვა ისეთ ეკომიგრანტთა არსებობა, რომლებიც ამჟამად ფართით არ არიან დაკმაყოფილებული და ვ. ა-ის ოჯახთან შედარებით უპირატეს დაკმაყოფილებას საჭიროებენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი