Nბს-1 (გ-19) 20 დეკემბერი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოქალაქე გ. ტ-ის სარჩელთან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე მცხეთის რაიონულ სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ტ-მა 12.10.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ მოპასუხის 23.06.2008წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 27.11.2006წ. დაუზუსტებელი მონაცემებით დარეგისტრირდა 1000 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ (მდებარე: მცხეთა, სოფელი ... (ს.კ. ...)). 2017 წელს მოსარჩელემ გადაწყვიტა მონაცემების დაზუსტება, თუმცა გ. ტ-ისთვის 11.09.2017წ. N...-22 გადაწყვეტილებით ცნობილი გახდა, რომ მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ფიქსირდებოდა ზედდება N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (მესაკუთრე დ. ო-ე). მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დ. ო-ემ საჯარო რეესტრში უფლების დამდგენ დოკუმენტად წარადგინა 1993 წლის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც თან არ ერთვოდა ნაკვეთის კონფიგურაციული ნახაზი, გეგმა ან ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სხვა დოკუმენტი. შესაბამისად მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ დარეგისტრირების დროს დ. ო-ემ წარადგინა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი. ზემოაღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვა დ. ო-ის სასარგებლოდ განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.09.2017წ. გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.3 მუხლის თანახმად, გ. ტ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.10.2017წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლის, ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 3.2 მუხლის მიხედვით, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სსსკ-ის 15.1 მუხლის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე კოდექსის 18.1 მუხლის მიხედვით, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებას, შესაძლოა სარჩელის შეტანა სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნივთობრივ განსჯადობას განეკუთვნება სარჩელი, რომელიც მიმართულია უძრავი ნივთის მესაკუთრის ან მფლობელის წინააღმდეგ, აგრეთვე სარჩელი, რომელიც აღძრულია უძრავი ნივთის დაზიანების ან ზარალის ანაზღაურების გამო. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების დ. ო-ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება. ეს გარემოება ცხადყოფს, რომ სარჩელი ნივთობრივი განსჯადობით უნდა განიხილოს იმ სასამართლომ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც სადავო აქტით გათვალისწინებული უძრავი ქონება მდებარეობს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოთა არათანაბარ დატვირთვას განაპირობებს ადმინისტრაციული ორგანოს ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემის ორგანიზების გამო დავების ცენტრალური ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით სასამართლოში კონცენტრაცია, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული ნივთობრივ განსჯადობას მიკუთვნებული დავების მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით სასამართლოს მიერ განხილვა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.10.2017წ. განჩინებით მოსარჩელე გ. ტ-ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა დ. ო-ე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.2017წ. განჩინებით გ. ტ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა სადავო უძრავ ქონებაზე, მდებარე: მცხეთის რაიონი, სოფელი ...ი, საკადასტრო კოდი ..., ნებისმიერი ცვლილების განხორციელება, დაზუსტება რეგისტრირებული მონაცემების, ჩუქების, ნასყიდობის, იპოთეკის დარეგისტრირება ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
26.12.2018წ. მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა იშუამდგომლა განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად სარჩელის საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაგზავნის შესახებ და სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულება (სიტუაციური ნახაზი), რომლის მიხედვითაც სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 26.12.2018წ. განჩინებით გ. ტ-ის სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 15.1 მუხლის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე კოდექსის 18.1 მუხლის მიხედვით, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას, შეიძლება სარჩელი შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით. სსსკ-ის მე-20 მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ახალი მდგომარეობით, სადავო უძრავი ნივთი, რომლის სამართლებრივ მდგომარეობასაც ეხება დავა, მდებარეობს ქ. თბილისის ტერიტორიულ საზღვრებში. შესაბამისად, აღნიშნული დავა უნდა განიხილოს განსჯადმა - თბილისის საქალაქო სასამართლომ უძრავი ნივთის მდებარეობის მიხედვით. სასამართლომ მიუთითა „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.2007წ. N1/150-2007 გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული სარჩელი, ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ აღძრულ სარჩელებზე უნდა იქნეს გამოყენებული სსსკ-ის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები. შესაბამისად, ვინაიდან სადავო აქტით გათვალისწინებული უძრავი ქონება მდებარეობს ქ. თბილისში და მოქცეულია ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში, გ. ტ-ის სარჩელი უნდა განიხილოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობის და ოპერატიულობის, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიული დაყოფის მიზნები, კონკრეტული დავის თავისებურებები. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. ამ პრინციპიდან განდგომა გამონაკლისის წესით, სასამართლოებს შორის თანაზომიერი დატვირთვის მოსაზრებიდან და საჯარო რეესტრის ორგანიზაციული მოწყობიდან გამომდინარე, დაშვებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი რეგიონალური ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე, რომელთა მიმართ გამოიყენება ნივთობრივი განსჯადობის წესები.
მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტაციის შესახებ აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი ორგანო - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს უშუალოდ, ტერიტორიული სამსახურების ან ავტორიზებული პირების მეშვეობით („საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი გამოცემულია მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის N... გადაწყვეტილებით 985 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მდებარე - მცხეთა, სოფელი ...ი) საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა დ. ო-ის სახელზე. მოსარჩელე გ. ტ-ი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით არსებითად შეილახა მისი საკუთრების უფლება, ვინაიდან N... გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (ს.კ. ...) ზედდების გამო ვერ განახორციელა თავის საკუთრებაში დაუზუსტებელი მონაცემებით აღრიცხული მიწის ნაკვეთის (ს.კ ...) დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია. შესაბამისად სარჩელის საბოლოო მიზანს შეადგენს მოსარჩელის სახელზე მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია.
სსკ-ის 18.1 მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთს, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტის გამომცემი ორგანო არის მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური, ვინაიდან სადავო აქტის გამოცემის დროს მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მცხეთაში, სოფელ ...ში. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზის მიხედვით (ს.ფ. 214) სადავო მიწის ნაკვეთი ამჟამად მოქცეულია ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში. სარჩელის მიზნის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში განსჯადი სასამართლო განისაზღვრება სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.2007წ. N1/150-2007 გადაწყვეტილების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით (საქართველოს პარლამენტის 27.12.2006წ. №4173-რს დადგენილება "ქ. თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ"; „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05.12.2014წ. №16-41 დადგენილება). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ მოქმედებს ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით, სააგენტო ქ. თბილისის ტერიტორიაზე თავად ახორციელებს თავის ფუნქციებს, რეგიონალური ოფისების და ფილიალების ჩარევის გარეშე, აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.05.2016წ. N134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ 6.2 მუხლი, რომელიც სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს შორის არ ასახელებს ქ. თბილისში სააგენტოს უფლებამოსილებების განმახორციელებელ სპეციალურ ტერიტორიულ ორგანოს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო აქტით გათვალისწინებული უძრავი ქონება მდებარეობს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში, გ. ტ-ის სარჩელი უნდა განიხილოს სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ტ-ის სარჩელი არსებითი განხილვისათვის უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 2.1, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ტ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი