კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1359(კს-19) 27 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა თ. ჯ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. გ-ი, ი. კ-ე; სარჩელზე მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო).
2017 წლის 24 მარტს თ. გ-მა და ი. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის N9-33 დადგენილების ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ...ას ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი ზონა 5-ისა და საცხოვრებელი ზონა 3-ის სატრანსპორტო ზონად შეცვლის ნაწილში, ბათილად ცნობა მოითხოვეს (დაზუსტებული სარჩელი 2017 წლის 21 ივნისის სხდომის ოქმი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება თ. ჯ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. გ-ისა და ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №9-33 დადგენილება ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ...ას ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთების საცხოვრებელი ზონა 5-ის და საცხოვრებელი ზონა 3-ის სატრანსპორტო ზონად შეცვლის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა თ. ჯ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განჩინებით თ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ჯ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თ. ჯ-ემ ასევე იშუამდგომლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჯ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განჩინების ასლი, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ.№52ა (ყოფილი ...ი) თ. ჯ-ეს გაეგზავნა 2018 წლის 14 ივნისს (ს.ფ. 283). აღნიშნული გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა, ადრესატის მისამართზე არ ყოფის გამო (ს.ფ. 285). გზავნილი დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისს (ს.ფ. 287).
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ი. კ-ისა და თ. გ-ის სააპელაციო შესაგებელი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განჩინების ასლი გაეგზავნა თ. ჯ-ის წარმომადგენელს - ა. მ-ეს 2019 წლის 19 ივლისს (ს.ფ. 310), აღნიშნული გზავნილი 2019 წლის 20 ივლისს ჩაჰბარდა ა. მ-ის დედას - ნ. გ-ს (ს. ფ. 315).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მარტის განჩინების ასლი თ. ჯ-ის წარმომადგენლის ა. მ-ის დედას - ნ. გ-ს (პ/ნ ...) ჩაჰბარდა 2019 წლის 20 ივლისს, განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 21 ივლისიდან და ამოიწურა 2019 წლის 1 აგვისტოს 24 საათზე. კერძო საჩივარი კი, თბილისის სააპელაციო სასამართლში წარდგენილია 2019 წლის 7 ოქტომბერს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული 12-დღიანი ვადის დარღვევით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე, და 420-ე მუხლების თანახმად, თ. ჯ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
რაც შეეხება თ. ჯ-ის შუამდგომლობას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირის ნაცვლად ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირის სტატუსით ჩაბმის თაობაზე, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს რაიმე სახის პროცესუალურ მოქმედებებზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ვინაიდან თ. ჯ-ეს კერძო საჩივარზე 07.10.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თ. ჯ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე 07.10.2019 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ჯ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. თ. ჯ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე 07.10.2019 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე