Facebook Twitter

ბს-708 (2კ-19) 16 იანვარი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინებაზე და 07.12.2018წ. დამატებით განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ჯ-მა და ლ. კ-მა 29.05.2017წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ აუნაზღაურებელი ერთჯერადი დახმარების 7000 – 7000 ლარის, 2017 წლის 11 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე მიუღებელი ერთჯერადი დანამატის მიუღებლობით გამოწვეული პროცენტის, თითოეული დაყოვნებული დღისათვის 0.07%-ის ოდენობით, 2008-2017 წლებში გამოუყენებელი ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი ფასიანი შვებულების ნატურით ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.04.2018წ. გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის და ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით, სარჩელი სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.04.2018წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2018წ. დამატებითი განჩინებით დაკმაყოფილდა გ. ჯ-ის და ლ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის განცხადება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. ჯ-ის და ლ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1600 ლარის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2018წ. დამატებითი განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოსარჩელეებს შორის გაფორმებული კონტრაქტები არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანების თანახმად, ერთჯერადი გასაცემლისათვის სავალდებულოა სამხედრო მოსამსახურესთან, რომელიც გადიოდა სამხედრო სამსახურს 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის დასრულების შემდგომ კვლავ იქნას გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ). კონტრაქტი უნდა ითვალისწინებდეს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დახმარების გაცემის ვალდებულებას, რომლის ანაზღაურების საკითხი დაკავშირებულია კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლასთან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2013 წელს გაფორმებული კონტრაქტები არ შეიცავდა მითითებას თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულების შესახებ.

კასატორი მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო არის თბილისის საქალაქო სასამართლო, რომელმაც 07.05.2018წ. მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანიდან 7 დღის ვადაში იქნებოდა შესაძლებელი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა. მოსარჩელე მხარეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. სააპელაციო სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ მოხდა მოთხოვნის გაზრდა, შესაბამისად სახეზეა დამატებითი განჩინების გაუქმების საფუძველი.

წარდგენილ საკასაციო შესაგებელში მოსარჩელეებმა დაუსაბუთებლად მიიჩნიეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები და იშუამდგომლეს საკასაციო პალატაში გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯის, მინდობილობათა სანოტარო დამოწმების ხარჯების, ტრანსპორტირების ხარჯების, სხდომაზე გამოცხადების ხარჯების, შესაგებელზე თანდართული და სხვა დოკუმენტების ასლების წარდგენის ხარჯების ანაზღაურება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინებების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანების 471 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი (ზემოაღნიშნული ბრძანების 471 პუნქტის ა.ბ. ქვეპუნქტი). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2008 წელს 4 წლის ვადით გაფორმებული თავდაპირველი კონტრაქტები გაგრძელდა 2009 წლის პირველი მარტის შემდეგ კვლავ 4 წლის ვადით 2013 წელს. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ მოსარჩელეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები შეესაბამება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანების 471 პუნქტით დადგენილ პირობას, რაც მართებულად გახდა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო პალატა ერთჯერადი დახმარების გაცემის კონტრაქტის პირობებით გათვალისწინების სავალდებულოობასთან დაკავშირებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 07.03.2017წ. N14 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანებაში და დამატებული 476 პუნქტით განისაზღვრა სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი დახმარების გაცემა იმ შემთხვევაში თუ ამგვარ ვალდებულებას კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე, რამეთუ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში ნორმატიული აქტის უკუძალა დადგენილი არ არის, ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე მოსაზრება ან დასაბუთება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 07.03.2017წ. N14 ბრძანებით განსაზღვრული ცვლილების გამოყენების აუცილებლობაზე. შესაბამისად მოსარჩელეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე ვრცელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანების მხოლოდ 471 და 472 პუნქტები.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.05.2018წ. გადაწყვეტილებაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული თარიღის გადაწყვეტილება საქმეში არ ფიქსირდება. ამასთანავე, უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოხდა მოთხოვნების გაზრდა, რაც უსაფუძვლოა, რადგან მხარეებს არ ეზღუდებათ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა. მოცემულ შემთხვევაში ხარჯების ანაზღაურების საკითხი სააპელაციო შესაგებელში დაისვა. ამდენად, არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2018წ. დამატებით განჩინების გაუქმების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს აგრეთვე საკასაციო პალატაში გაწეული საადვოკატო და სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების შესახებ გ. ჯ-ის და ლ. კ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საკასაციო პალატაში საქმის განხილვა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმება განხორციელდა მხარეთა დასწრების გარეშე, სასამართლოს მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა მოწინააღმდეგე მხარეთა (მოსარჩელეთა) მხრიდან საკასაციო შესაგებლის, რაიმე ახსნა-განმარტების, დამატებითი დოკუმენტაციის ან სხვა მასალების წარდგენა. ქვედა ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეებს აუნაზღაურდათ ადვოკატის მომსახურების თანხა. საკასაციო პალატაში სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა, ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობები არ წარდგენილა, საკასაციო შესაგებელს რაიმე დოკუმენტაცია არ ერთვის და არც ცალკე წარმოდგენილა დამატებითი მასალები, შესაბამისად მითითება სანოტარო დამოწმების ხარჯების, ტრანსპრტირების ხარჯების, სხდომაზე გამოცხადების ხარჯების, საკასაციო შესაგებელზე თანდართული და სხვა დოკუმენტაციის ასლების გადაღებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რადგან ასეთი ხარჯები არ გაწეულა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.2018წ. დამატებით განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი