Facebook Twitter

საქმე №ბს-2(გ-20) 27 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე; ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა ნ. ჩ-ის სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 29 დეკემბერს ნ. ჩ-მა სარჩელის აღძვრამდე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვა სს ,,...ას“ განცხადების საფუძველზე დაწყებული #A18172959 სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 იანვრის განჩინებით ნ. ჩ-ის განცხადება - სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანახმად, იმ ადმინისტრაციული კატეგორიის დავების განხილვა, რომელიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ უფლებას ეხება, მიეკუთვნება იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფება მოცემული ქონება ან მოცემული ადგილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 193-ე მუხლის შესაბამისად, განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს ამ სარჩელის განმხილველი სასამართლო განცხადების შეტანიდან ერთი დღის ვადაში, მოპასუხისთვის შეუტყობინებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი განცხადებით განმცხადებელი ითხოვდა სს ,,...ას“ განცხადების საფუძველზე დაწყებული #A18172959 სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერებას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საქმეში წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 18 დეკემბრის #A18172959-026/004 წერილით ირკვევა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 05.11.2018 წელს გაცემული #ბ/4465-18 აღსრულებას ქვემდებარე აქტი (სააღსულებო წარმოება #A18172959). გარდა ამისა, იძულებით აღსრულება უნდა განხორციელდეს შპს ,,ფ...ის“ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი რუსთავი, ... ქ. #12; ს/კ …, ხოლო ნ. ჩ-ი წარმოადგენს შპს შპს ,,ფ...ის“ 25% წილის მესაკუთრეს.

ამდენად, წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ #A18172959 სააღსრულებო წარმოება, რომლის შეჩერებასაც ითხოვს განმცხადებელი, მიმდინარეობს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროში, მდებარე: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზ. #7ა (რუსთავის იუსტიციის სახლი). გარდა ამისა, იძულებით აღსრულება უნდა განხორციელდეს შპს ,,ფ...ის“ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. რუსთავი, ... ქ. #12; ს/კ ... .

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ჩ-ის განცხადება - სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 6 იანვრის 2020 წლის განჩინებით ნ. ჩ-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. ამავე თავის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. არასასარჩელო წარმოების დროს განსჯადობა განისაზღვრება იმ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია განცხადება (საჩივარი), ხოლო მე-18 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის საფუძველზეც სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, მითითებული ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობისას, განსჯადი სასამართლო განსაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილმდებარეობის მიხედვით. ამავე კოდექსის მე-20 მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს, შესაბამისად, თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. ამასთან, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია, როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის -„აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების“ მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ახორციელებს სააღსრულებო საქმიანობას; ამავე დებულების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და დებულებით; აღსრულების ეროვნული ბიურო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. ტერიტორიულ ორგანოებს საკუთარი სახელით სასამართლოში მოპასუხედ გამოსვლის უფლებამოსილება მოქმედი კანონმდებლობით არ გააჩნიათ. ამდენად, მოცემულ საქმეზე მოპასუხეს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, რომლის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი,აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კმ, შესაბამისად, სახეზე არ არის განსაკუთრებული განსჯადობის შემთხვევა და ტერიტორიული განსჯადობა უნდა გადაწყდეს საერთო განსჯადობის წესების დაცვით, ანუ მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ადგილსამყოფლის მიხედვით.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით. სააღსრულებო ბიუროების სისტემას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს, შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს მიერ შესრულებული საქმიანობიდან გამომდინარე, შესაძლო ვალდებულებების წარმოშობასთან დაკავშირებით, ადრესატს წარმოადგენს არა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანო, არამედ თავად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, რომლის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგენილ იქნეს სამომავლო სარჩელის აღძვრის მიზანი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში დაკავშირებულია არა უძრავ ქონებასთან, არამედ საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ნაწარმოები სააღსრულებო წარმოებისას დაშვებული სავარაუდო დარღვევებთან მიმართებით. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, ცალსახაა, რომ მითითებულ საკითხზე სარჩელი წარდგენილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე; ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს სასამართლოში განჩინების მიღებიდან 10 დღის ვადაში. თუ ამ ვადაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შემტანი პირი არ აღძრავს სარჩელს, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიებების გაუქმების შესახებ. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აქტი გასაჩივრდება სასამართლოში (რომლის განმხილველ, უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო), რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიზანშეუწონლად მიაჩნია სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის ბს-596-593(გ-17) განჩინებაზე და განმარტა, რომ სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტების გამოცემის დავალდებულების შესახებ განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი, თუ რას ეხება გამოცემული აქტები და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლებიდან და ამასთანავე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ. ჩ-ის განცხადების განმხილველ განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რამდენადაც ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის, ასევე აქტის გამოცემის თუ ქმედების განხორციელების მოთხოვნით აღძრული სარჩელი ყველა შემთხვევაში მიემართება იმ ადმინისტრაციული ორგანოსადმი, რომლის კომპეტენციაშიც შედის ზემოაღნიშნული სამართალურთიერთობის გადაწყვეტა, სარჩელი, საერთო პრინციპის თანახმად, როგორც წესი შედის იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო.

ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი მომდინარეობს სსსკ-ის მე-15 მუხლიდან და მდგომარეობს შემდეგში: სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

ამდენად, მითითებული მუხლის საფუძველზე, საერთო წესის მიხედვით, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო.

საკასაციო სასამართლო არ გამორიცხავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დაშვებას იმის თაობაზე, რომ დავა ტერიტორიული იურისდიქციით მიემართოს ნივთის ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ სასამართლოს, რაზე მითითებასაც შეიცავს სსსკ-ის მე-18 მუხლი, თუმცა ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს ამავე მუხლის მე-2 ნაწილს, რომელიც განსაზღვრავს ნივთობრივ განსჯადობას მიკუთვნებული სარჩელების სახეებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული ნორმა არ არის კატეგორიული და არ გამორიცხავს სარჩელის აღძვრას საერთო განსჯადობის, ანუ მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, რა პირობებშიც განმსაზღვრელია მოსარჩელის არჩევანი (ალტერნატიული განსჯადობა).

სსსკ-ის მე-20 მუხლი ადგენს: სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ, რამდენადაც აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს მიერ შესრულებული საქმიანობიდან გამომდინარე, შესაძლო ვალდებულების წარმოშობის ადრესატს წარმოადგენს არა აღსრულების ბიუროს ტერიტორიული ორგანო, არამედ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სააღსრულებო წარმოებისას დაშვებული დარღვევების თაობაზე აღძრული ყველა სარჩელი ექვემდებარება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ადგილსამყოფელ სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააღსრულებო წარმოების სპეციფიკა და აღსრულების მრავალეტაპიანი პროცედურა, გამორიცხავს სააღსრულებო წარმოებიდან გამომდინარე დავებთან მიმართებით ცალსახა მიდგომის განვითარების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდა მოხდეს დავის საგნიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ რას ხდის მოსარჩელე სადავოდ.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1.მუხლის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. იმავე კანონის 5.1. მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით.

ერთიანი, ცენტრალიზებული მოწყობის მიუხედავად, სააღსრულებო წარმოება, კანონის საფუძველზე და კანონისავე შესაბამისად, ხორციელდება ცალკეულ ეტაპებად, რაც განაპირობებს ინდივიდუალურად აღმასრულებლის და აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებათა დისტანცირებას და შესაძლებელს ხდის, აღსრულების მრავალსაფეხურიანი ციკლიდან, ერთ-ერთი მათგანი გამოიყოს ცალკე და დაექვემდებაროს დამოუკიდებელ სამართლებრივ კონტროლს. აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს კრედიტორისა და მოვალის უფლებას გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში;

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლი განსაზღვრავს ქვემდებარეობის საკითხს და ადგენს, რომ აღსრულებას ახორციელებს ის სააღსრულებო ბიურო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც იმყოფება უძრავი ქონება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მნიშვნელოვანია იმავე ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნა, რომელიც ადგენს, რომ სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში. კანონის 75.3 მუხლის საფუძველზე, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. ამდენად, აღმასრულებლის ცალკეული ქმედების მიღმა, საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა მიეკუთვნება უშუალოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებას, ისევე როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს და არა აღმასრულებლის კომპეტენციაა იძულებით აუქციონის ჩატარება (69-ე მ.), მათ შორის, კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეზე სააუქციონო მომსახურების გაწევა (147-ე მ.).

იძულებითი აუქციონის ჩატარებას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციას მიაკუთვნებს ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის N21 ბრძანებით დამტკიცებული წესი, რომლის 1.1 მუხლი ადგენს: 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის სამართლებრივი ანალიზი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს განმარტოს: სასამართლოებმა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონიდან გამომდინარე დავების განსჯადობის განსაზღვრისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინონ თუ რას ხდის სადავოდ მოსარჩელე - აღმასრულებლის ქმედებას, თუ უშუალოდ იძულებით აუქციონს ან/და განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ, რაც არსებითად ცვლის სასამართლოს განსჯადობას, რამეთუ პირველ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენს აღმასრულებელი, რომლის ადგილსამყოფელი ემთხვევა ტერიტორიული ორგანოს ადგილსამყოფელს და მასზე ვრცელდება იმ სასამართლოს იურისდიქცია, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანო. მე-2 შემთხვევაში მოპასუხეა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო, რომლის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, რაც განაპირობებს აღნიშნული კატეგორიის დავების თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის დაქვემდებარების აუცილებლობას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავა განსჯადობაზე აღძრულია იმ პირობებში, როცა საქმეში წარმოდგენილი არ არის სარჩელი და მოთხოვნა შეეხება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დავის გადაწყვეტის პროცესში ეყრდნობა იმ მოცემულობას, რაც საქმეში ამ ეტაპისთვისაა წარმოდგენილი. როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით დანიშნულია იძულებითი აუქციონი, რომლის შეჩერებასაც განმცხადებელი ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, იძულებითი აუქციონის ჩატარებას უზრუნველყოფს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო, შესაბამისად, მოთხოვნა ამ ეტაპისათვის მიემართება სწორედ აღნიშნული ორგანოსადმი, რაც განაპირობებს განსჯადობით საქმის მოპასუხის ადგილსამყოფელი სასამართლოსადმი, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის დაქვემდებარების საჭიროებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათის მიუხედავად, თავად სარჩელი დისპოზიციურია, რაც ნიშნავს იმას, რომ განმცხადებელი სარგებლობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით რეგლამენტირებული უფლებით და დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, თავად ასახელებს მოპასუხე მხარეს. განმცხადებელი მოპასუხედ ამ შემთხვევაში ასახელებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რაც უკვე ქმნის სარჩელის იმ სასამართლოსათვის განსჯადობით გადაგზავნის საფუძველს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც მდებარეობს მოპასუხე.

საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს სსსკ-ის მე-15 მუხლზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 06.05.2014წ, N24 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების“ 2.7 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი, რაც იმავე მუხლის შესაბამისად, განაპირობებს განცხადების დაქვემდებარებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ჩ-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;

3. განჩინება განსჯადობის თაობაზე საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე