ბს-454 (კს-19) 16 იანვარი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. თ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
მესამე პირები - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო,
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2018წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ. თ-მა 18.03.16წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ არასათანადო მოპყრობისა და არასათანადო სამედიცინო მომსახურების გამო 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების, იურიდიული მომსახურებისათვის 8000 (რვა ათასი) ლარის ანაზღაურების მოთხოვნით, ნ. თ-მა მოითხოვა აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის (უფლებამონაცვლე - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო) ქმედების განხორციელების აკრძალვა, კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს სამკურნალო და სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლებს, რომელთა მიმართ მიმდინარეობს გამოძიება ნ. თ-ის სავარაუდო წამებაზე, აეკრძალოთ ნ. თ-თან ურთიერთობა; მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების აკრძალვა, კერძოდ, გამოკვლევა და მკურნალობა ნ. თ-თან შეთანხმებით კერძო სამართლის იურიდიული პირის საავადმყოფოში, როდესაც ვერ ხერხდება გამოკვლევა და მკურნალობა სასჯელაღსრულების სისტემაში ან როდესაც მოსარჩელე წინაამდეგია იმ სამედიცინო მუშაკების მიერ მკურნალობის განხორციელებაზე, რომლებმაც თავისი ქმედებებით გამოიწვიეს ნ. თ-ის უნდობლობა; მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების აკრძალვა, კერძოდ, ნ. თ-ის განცალკევების და უკანონოდ დეესკალაციის ოთახში განთავსების აკრძალვა; მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალება - კერძოდ, აეკრძალოს ნ. თ-ის განცალკევება და დეესკალაციის ოთახში განთავსება უკანონოდ ადამიანის ღირსების შემლახველ პირობებში; მოპასუხეს დაეკისროს ქმედების განხორციელება - სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღაზიაში პურის შეძენის შესაძლებლობის უზრუნველყოფა; ნ. თ-ისთვის ტელეფონით სარგებლობის უკანონო შეზღუდვის შემთხვევების გამოკვლევა და შესაბამისი კანონიერი ღონისძიებების გატარების დავალება; მოპასუხისათვის ნ. თ-ის მისი ოჯახის ახლოს, ქუთაისის შესაბამისი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის დავალება; ნ. თ-ისთვის მაჯიანი ყავარჯენის და აბაზანაში სკამის გადაცემის დავალება მოპასუხისათვის; ნ. თ-ის ტრანსპორტირების შემთხვევაში ტრანსპორტში რბილ სავარძელზე განთავსების დავალება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტისთვის ნ. თ-ის ადექვატური მკურნალობის საკითხის შემოწმების დავალება ნ. თ-თან გასაუბრების გზით, აგრეთვე ექსპერტიზის დანიშვნა 2014–2016 წლების სახელმწიფოს მიერ ნ. თ-ის მკურნალობის ეფექტურობის და ადეკვატურობის დადგენის და ნ. თ-ის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით; ნ. თ-ისთვის ზემოთ მოთხოვნილი ქმედებების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების გაცნობა და გადაცემა; აგრეთვე, ნ. თ-ის საქმესთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის წარდგენილი ანგარიშების დამოწმებული ასლების გადაცემა ნ. თ-ისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 02.03.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.07.2018წ. გადაწყვეტილებით ნ. თ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლეს) დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ 2000 ლარის ოდნობით; აგრეთე ქმედებების განხორციელება, კერძოდ: ნ. თ-ის ფსიქიატრთან კონსულტაციის და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობის ჩატარების უზრუნველყოფა შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულების სპეციალისტთან; აგრეთვე, სააბაზანოს აღჭურვა სკამით, რათა პატიმარმა შეძლოს მჯდომარე მდგომარეობაში ჰიგიენური პროცედურების ჩატარება; ტრანსპორტირებისას ნ. თ-ის სკამის რბილი საფარით სკამის აღჭურვა; ასევე ნეიროქირურგთან კონსულტაცია, რათა დადგინდეს 11.01.2018წ. ნეიროქირურგის მიერ დანიშნული სამკურნალო პროცედურების ჩატარების საჭიროება ამჟამინდელი მდგომარეობით და აუცილებლობის შემთხვევაში - შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლეს) დაეკისრა ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ 200 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2018წ. განჩინებით ნ. თ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ვადის დარღვევით წარდგენის გამო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნ. თ-ს პირადად ჩაბარდა 07.11.2018წ., რაც დასტურდება ხელწერილზე მისივე ხელმოწერით (ტ.10. ს.ფ.79), გასაჩივების ვადა ამოიწურა 21.11.2018წ. 24 სთ.-ზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი ფოსტას გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დარღვევით ჩაბარდა - 29.11.2018წ. (ტ.10. ს.ფ. 90). აღნიშნული გარემოება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველად იქნა მიჩნეული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2018წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ნ. თ-ის მიერ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის არსებითად განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნებას. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლისთვის მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მისი წარმომადგენლისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი და არა პირადად მისთვის ჩაბარების დრო, ვინაიდან მას არ ჰქონდა შესაძლებლობა დროულად ეცნობებინა წარმომადგენლისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ, ვინაიდან გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დროს იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საიდანაც სატელეფონო კომუნიკაცია შეზღუდულია. ამასთანავე, თავად არ გააჩნია იურიდიული განათლება, რის გამოც მისთვის არ იყო ცნობილი გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მისი წარმომადგენლის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაცულია გასაჩივრების 14 დღიანი ვადა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს ქმნის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების მიხედვით თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.07.2018წ. გადაწყვეტილება ნ. თ-ს პირადად ჩაბარდა 07.11.2018წ. №7 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, რაც დადასტურებულია მისივე ხელმოწერით (ტ.10, ს.ფ.79). აღნიშნულის შემდგომ, ნ. თ-ის 07.11.2018წ. მოთხოვნის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების ასლი 14.11.2018წ. გაეგზავნა აგრეთვე ნ. თ-ის წარმომადგენელს ბ. ბ-ს (ტ.10.ს.ფ.85). სასკ-ის 13.2 მუხლის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებას უგზავნის მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი - წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს (სსკ-ის 70.1 მუხ.). საპროცესო ვადის ათვლის მიზნით სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია ჩაბარების თარიღი. ვადის ათვლა იწყება აქტის იმ ჩაბარებიდან (მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის), რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრეა დაფიქსირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია გასაჩივრების ვადის ათვლის საწყის თარიღად სასამართლო გადაწყვეტილების პირადად ნ. თ-ისათვის ჩაბარების თარიღი - 07.11.2018წ..
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე (სსკ-ის 369.1 მუხ.). სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსკ-ის 60.2 მუხლის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უშუალოდ მხარისათვის 07.11.2018წ. ჩაბარების გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 08 ნოემბრიდან და ამოიწურა 21.11.2018წ. 24 სთ.-ზე. საქმის მასალებით, კერძოდ სააპელაციო საჩივარზე დასმული შტამპით და თარიღით (ტ.10, ს.ფ.90) დგინდება, რომ ნ. თ-ის წარმომადგენელმა ბ. ბ-მა სააპელაციო საჩივარი სასამართლოს ჩააბარა გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით - 29.11.2018წ.. ამასთანავე, სააპელაციო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებულია 28.11.2018წ. (ტ.10, ს.ფ.101), რაც დამატებით ადასტურებს სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით შეტანას.
არ დასტურდება ნ. თ-ის მითითების საფუძვლიანობა წარმომადგენელთან სატელეფონო კომუნიკაციის შეუძლებლობის შესახებ. აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაშიც არ გამოირიცხება წარმომადგენელთან წერილობითი ფორმით კომუნიკაციის შესაძლებლობა ან სასამართლოში სააპელაციო საჩივრის ნ. თ-ის მიერ წარდგენის შესაძლებლობა. საქმის მასალებით დასტურდება ნ. თ-ის სასჯელაღსრულებით დაწესებულებიდან არაერთი წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა (ტ.10.ს.ფ. 39-41; 158-159; 191-194 და სხვ.), მათ შორის განსახილველი კერძო საჩივარი შედგენილია ნ. თ-ის მიერ და სასამართლოში შემოსულია #7 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან (ტ.10, ს.ფ.215-217). პატიმრობის კოდექსით სხვა უფლებებთან ერთად გარანტირებულია მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უზრუნველყოფა, აგრეთვე მათთვის უფასო იურიდიული დახმარებისა და სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა (14.1 მუხ.). კერძო საჩივრის ავტორი არ მიუთითებს აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვის თაობაზე. ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მხარეებს სრულყოფილად, სასკ-ის მე-12 მუხლის მოთხოვნათა დაცვით განემარტათ, სასამართლო აქტის გასაჩივრების წესი, შესაბამისად კერძო საჩივრის ავტორის მითითება იურიდიული განათლების არქონის გამო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის არცოდნის თაობაზე, უსაფუძვლოა.
სსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.12.2018წ. განჩინება ნ. თ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 368-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი