ბს-619(2კ-19) 16 იანვარი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხ. ბ-ემ 08.05.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა: „ხ. ბ-ის გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 21.02.2018წ. ბრძანების ბათილად ცნობა, „ხ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 16.05.2018წ. ბრძანების ბათილად ცნობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობისათვის ხ. ბ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის, სამსახურიდან გათავისუფლებიდან აღდგენის დღემდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, 2016-2021 წლების გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურების და ჯერ იმავე, ხოლო შეუძლებლობისას - სხვა საჯარო დაწესებულებაში ხ. ბ-ის მიმართ სრულყოფილი მობილობის განხორციელების დავალება
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.08.2018წ. გადაწყვეტილებით ხ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 16.05.2018წ. ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 21.02.2018წ. ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობას ხ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2016-2018 წლების გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება (ფულადი კომპესაცია), ხ. ბ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს ხ. ბ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის და სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის (სანოტარო მოქმედებათა შესრულების საზღაური) 23,60 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.2018წ. განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.08.2018წ. გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა შესწორება, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი „ხ. ბ-ის გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგებლის 21.02.2018წ. Nბ38.01180529 ბრძანება და დაევალოს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.08.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ გამგეობაში განხორციელებულ რეორგანიზაციას მოჰყვა შტატების შემცირება, კონკრეტული მოხელის გათავისუფლებამდე გამგეობის მიერ მოხდა ხ. ბ-ისა და მეორე უფროსი სპეციალისტის შეფასება 4 კრიტერიუმის შესაბამისად. შეფასება განახორციელა უშუალო უფროსმა, რომელმაც იცოდა მოხელეთა პროფესიული თვისებები და მუშაობის ხარისხი. შეფასების შედეგად ხ. ბ-ემ მიიღო უფრო ნაკლები ქულა, ვიდრე მეორე უფროსმა სპეციალისტმა, რამაც მისი განთავისუფლება გამოიწვია. შტატების შემცირებისას მოხელეთა შეფასების პროცედურა ნორმატიულად დადგენილი არ არის, გამგეობამ შეფასებისას კონკრეტული კრიტერიუმებით იხელძღვანელა, რაც შეფასებას დასაბუთებელს ხდის. მნიშვნელოვანია, რომ გამგეობამ განახორციელა აგრეთვე ხ. ბ-ის მობილობის პროცედურა, თუმცა მისი მობილობა ვერ მოხდა ალტერნატიული თანამდებობის მოუძიებლობის გამო და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაირიცხა ხ. ბ-ე მოხელეთა რეზერვში. კასატორები თვლიან, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლები, რადგან სასამართლომ ვერ მიუთითა ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ გამოსაკვლევ კონკრეტულ გარემოებებზე. კასატორები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აგრეთვე მათთვის 2016-2018 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების კომპენსირების დაკისრებას.
წარდგენილ საკასაციო შესაგებელში მოსარჩელემ დაუსაბუთებლად მიიჩნია საკასაციო საჩივრები და იშუამდგომლა საკასაციო პალატაში გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯის, მინდობილობათა სანოტარო დამოწმების ხარჯების, ტრანსპორტირების ხარჯების, სხდომაზე გამოცხადების ხარჯების, შესაგებელზე თანდართული და სხვა დოკუმენტების ასლების წარდგენის ხარჯების ანაზღაურება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, „ხ. ბ-ის გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 21.02.2018წ. ბრძანების სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის შესახებ, რადგან გამოკვლევას საჭიროებს საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია (102.1 მუხ.). რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ხდება მობილობის საფუძველი, კერძოდ, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით (52.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დასტურდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობაში რეორგანიზაციის განხორციელება, რომელსაც თან სდევდა შტატების შემცირება. აღნიშნულის გათვალისწინებით ადმინისტრაციულმა ორგანომ დაიწყო მობილობის პროცედურა, საჯარო სამსახურის ბიუროდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებში არსებული ვაკანტური თანამდებობის შესახებ. ვაკანტური თანამდებობების შესახებ საქმეში დაცული მონაცემებიდან დგინდება, რომ ხ. ბ-ის გათავისუფლების და შემდგომში მობილობის მიმდინარეობის პროცესში არსებობდა იმავე რანგისა და კატეგორიის უფროსი სპეციალისტის არაერთი ვაკანტური შტატი. მიუხედავად აღნიშნულისა გამგეობამ შეარჩია მხოლოდ ერთი ვაკანტური თანამდებობა, რომელზეც მობილობა ვერ განხორციელდა ამ თანამდებობის დაკავების მიზნით მიმდინარე კონკურსის გამო. საქმის მასალებიდან არ იკვეთება ხ. ბ-ის მობილობის განხორციელების მიზნით გამგეობის მიერ მხოლოდ ერთი, კონკრეტული თანამდებობის შერჩევის დასაბუთება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მობილობის ინსტიტუტი ემსახურება საჯარო სამსახურის უწყვეტობის, სტაბილურობისა და კვალიფიციური კადრების შენარჩუნების უზრუნველყოფას. მობილობის მიზანია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება (საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-2 მუხ.). ამდენად, მობილობის პროცედურები უნდა განხორციელდეს არა ფორმალურად, არამედ სწორედ ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოხელის რეზერვში ჩარიცხვა ხდება მხოლოდ მობილობის პროცედურის წარუმატებლად დასრულების შემდგომ („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 105.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან არ დასტურდება მობილობის პროცედურის სრულყოფილად ჩატარება, სასამართლო ვერ იმსჯელებს ხ. ბ-ის რეზერვში ჩარიცხვის შესახებ გამგეობის გადაწყვეტილების მართლზომიერებაზე.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ მოხელეთა შეფასება და მათთვის ქულების მინიჭება დასაბუთებულად განხორციელდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შეფასება მოხდა 4 კრიტერიუმის მიხედვით, განსახილველ საქმეში კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით მოხელეთა შეფასება არ არის სადავო, მოსარჩელე არ ეთანხმება მხოლოდ მისი კონკრეტული ქულით შეფასებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსგავსი შეფასებების განხორციელებისას, უფლებამოსილი პირის სუბიექტური დამოკიდებულების სრულად გამორიცხვა, როგორც წესი, არ ხდება, ამდენად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შეფასების შედეგების დასაბუთებას, იმ ობიექტურ გარემოებებს, რომელთა გათვალისწინებითაც განხორციელდა მოხელეთათვის ქულების მინიჭება. განსახილველ შემთხვევაში ხ. ბ-ის შეფასება არ არის დასაბუთებული, კრიტერიუმების მიხედვით ქულების განაწილება არ ქმნის შეფასების დასაბუთების საკმარის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს აგრეთვე საკასაციო პალატაში გაწეული საადვოკატო და სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების შესახებ ხ. ბ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საკასაციო პალატაში საქმის განხილვა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება განხორციელდა მხარეთა დასწრების გარეშე, სასამართლოს მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა მოწინააღმდეგის (მოსარჩელის) მხრიდან საკასაციო შესაგებლის, რაიმე ახსნა-განმარტების, დამატებითი დოკუმენტაციის ან სხვა მასალების წარდგენა. საკასაციო პალატაში წარმოდგენილი „იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ“ ხელშეკრულება არ ასაბუთებს შუამდგომლობის საფუძვლიანობას, რადგან ხარჯი ანაზღაურდება გონივრულ ფარგლებში დავის სირთულის, წარმომადგენლის მიერ გაწეული მომსახურების ინტენსიურობის გათვალისწინებით. ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მოსარჩელეს აუნაზღაურდა ადვოკატის მომსახურების თანხა და სხვადასხვა ხარჯები. საკასაციო პალატაში სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა, ნოტარიალურად დამოწმებული ახალი მინდობილობა არ წარდგენილა, საკასაციო შესაგებელს რაიმე დოკუმენტაცია არ ერთვის, შესაბამისად მითითება სანოტარო დამოწმების ხარჯების, ტრანსპრტირების ხარჯების, სხდომაზე გამოცხადების ხარჯების, საკასაციო შესაგებელზე თანდართული დოკუმენტაციის ასლების გადაღებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.2019წ. განჩინება;
3. ხ. ბ-ის შუამდგომლობა საადვოკატო და სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი