ბს-677(კს-19) 16 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე): საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელე): ტ. რ-ე
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2018წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.03.2018წ. გადაწყვეტილებით, ტ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ტ. რ-ის მიმართ გაუცემელი სახელფასო თანხის ანაზღაურება 546 ლარის და 16 თეთრის ოდენობით. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2018წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ გასაჩივრების ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ჩაბარდა 12.07.2018წ., გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 13.07.2018წ. და ამოიწურა 26.07.2018წ. 24:00 საათზე, ხოლო სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი 1 დღის დაგვიანებით - 27.07.2018წ. ჩააბარა სასამართლოს, რაც სსსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2018წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსთვის დასაშვებობის საკითხის განხილვის მიზნით დაბრუნება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადა დარღვეულად, რადგან სამინისტრომ ფოსტის სამსახურს 14 დღიანი ვადის დაცვით, კერძოდ, 26.07.2018წ. ჩააბარა სააპელაციო საჩივარი. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს კერძო საჩივარზე თანდართულ საფოსტო ამონაწერზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, გაეგზავნათ და ჩაბარდათ გადაწყვეტილებები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა გადაწყვეტილების გასაჩივრების სსსკ-ის 369-ე მუხლით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები ქმნიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის განმარტების და გადაწყვეტილების გაგზავნა/ჩაბარების კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვის თაობაზე, თუმცა უმართებულოა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქმეში დაცულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.03.2018წ. გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილი, რომლის თანახმად გზავნილის ჩაბარების თარიღია 12.07.2018წ. (ს.ფ. 33). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე დასმული სააპელაციო სასამართლოს შტამპის თანახმად სასამართლოში სააპელაციო საჩივარი შეტანილი იქნა 27.07.2018წ. (ს.ფ.35), თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კერძო საჩივარზე დართული გზავნილის რეესტრის ასლით დასტურდება, რომ ტ. რ-ის საქმეზე სააპელაციო საჩივარი, გზავნილი №…, სამინისტროს მიერ ფოსტას 26.07.2018წ. ჩაბარდა (ს.ფ.62). გზავნილის რეესტრზე თარიღთან ერთად ფიქსირდება შპს „…ის“ ბეჭედი და შესაბამისი პირის ხელმოწერა. აღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში ადასტურებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარი 26.07.2018წ. ჩაბარდა ფოსტას, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.07.2018წ..
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რაიმე საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის ათვლისას კანონმდებლობა მნიშვნელობას ანიჭებს დოკუმენტის ფოსტის ან ტელეგრაფისთვის დადგენილ ვადაში ჩაბარებას, კერძოდ, სსკ-ის 61.3 მუხლი განსაზღვრავს, რომ საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამდენად, ადრესატის მიერ გზავნილის მიღების და ფოსტისათვის გზავნილის ჩაბარების თარიღებს შორის სხვადასხვაობის შემთხვევაში უპირატესობა ამ უკანასკნელს ენიჭება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 61.3 მუხლის დათქმის გათვალისწინებით უშუალოდ ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარების თარიღი გასაჩივრების ვადის დადგენის მიზნებისთვის არ არის რელევანტური, გადამწყვეტია დადგენილ ვადაში საჩივრის ფოსტისთვის ჩაბარების თარიღი. სააპელაციო საჩივრის ფოსტისათვის 26.07.2018წ. ჩაბარებით აპელანტის მიერ დაცული იქნა სააპელაციო საჩივრის შეტანის სსკ-ის 369-ე მუხლით დადგენილი 14 დღიანი ვადა. ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივრის დადგენილ ვადაში ფოსტისთვის ჩაბარება ადასტურებს გასაჩივრების ვადის დაცვას, რაც არ ქმნის გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლის არარსებობის პირობებში უმართებულოა სასამართლოს დასკვნა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე დაბრუნების საფუძველია (სსკ-ის 412-ე, 419-ე მუხ.).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 61-ე, 372-ე, 399-ე, 396-ე, 412-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2018წ. განჩინება და საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი