Facebook Twitter

ბს-866 (კს-19) 16 იანვარი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე): ა. პ. ა-ა

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე): სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2019წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა. პ. ა-ამ 19.09.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 17.09.2018წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.10.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. პ. ა-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2019წ. განჩინებით ა. პ. ა-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენის გამო. სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტის ა. პ. ა-ას ჩაბარდა 18.12.2018წ., შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა ამოიწურა 03.01.2019წ., ხოლო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა ვადის დარღვევით - 22.01.2019წ., რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველად იქნა მიჩნეული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2019წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ა. პ. ა-ას მიერ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ა. პ. ა-ას მიერ გასაჩივრდა 14 დღიანი ვადის დაცვით, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი არასწორად იქნა განუხილველად დატოვებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. პ. ა-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს 30.10.2018წ. გადაწყვეტილება ა. პ. ა-ას ჩაბარდა პირადად 18.12.2018წ. (ს.ფ.112). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეს შეადგენს (სსკ-ის 369.1 მუხ.). სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსკ-ის 60.2 მუხლის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხარისათვის 18.12.2018წ. ჩაბარების გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 19 დეკემბრიდან და ამოიწურა 03.01.2019წ., 24 სთ.-ზე. საქმის მასალებით, კერძოდ სააპელაციო საჩივარზე თანდართული საფოსტო შეტყობინების ბარათით (ს.ფ.124) დგინდება, რომ ა. პ. ა-ამ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით - 22.01.2019წ.. ამასთანავე, სააპელაციო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებულია 22.01.2019წ., რაც ადასტურებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების მართებულობას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლების არსებობის თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორი არ უთითებს რაიმე გარემოებაზე, რაც დაადასტურებდა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას.

სსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. პ. ა-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.03.2019წ. განჩინება ა. პ. ა-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 368-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. პ. ა-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი