Facebook Twitter
ბს-927 (კს-19) 16 იანვარი, 2020 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე): ი. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლე); ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2019წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ი. ჩ-ემ 22.06.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.02.2016წ. №000337 დადგენილების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 24.05.2016წ. №1-890 ბრძანების ბათილად ცნობის, აგრეთვე ი. ჩ-ისათვის 8000 ლარს ოდენობით ჯარიმის მოხსნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.02.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. ჩ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2018წ. განჩინებით ი. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2019წ. განჩინებით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ მიჩნეული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია. სააპელაციო პალატამ უფლებამონაცვლეობის დადგენის საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 92.1 მუხლი და აღნიშნა, რომ საქმეში მოწინააღმდეგე მხარეა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 25.09.2018წ. №28-94 დადგენილებით დამტკიცდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულება, რომლის თანახმად ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12.06.2018წ. №20-67 დადგენილება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგინდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (დადგენილების მე-2 და მე-3 მუხ.), რომელსაც განესაზღვრა შესაბამისი უფლება-მოვალეობები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ მიჩნეული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 10.04.2019წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. ჩ-ემ, რომელიც ითხოვს განჩინების გაუქმებას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისგან წერილობითი შესაგებელის წარმოდგენის დავალებას სააპელაციო სასამართლოს მიერ. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარისათვის გაურკვევლია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პოზიცია საქმესთან დაკავშირებით. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ შესაძლებელია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ცნოს სარჩელი. აღნიშნულიდან გამომდინარე ი. ჩ-ე ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ი. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ საქმეში სასამართლოს არსებითი მსჯელობის საგანია ი. ჩ-ის მიერ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე შენობა-ნაგებობების და მავთულბადის ღობის მოწყობის გამო დემონტაჟის შესახებ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მითითების შეუსრულებლობა, რაც გახდა ი. ჩ-ისათვის 8000 ლარს ოდენობით ჯარიმის დაკისრების საფუძველი. გასაჩივრებული აქტების გამოცემის დროს მითითებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო იყო ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, რომლის უშუალო ფუნქციას შეადგენდა სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.02.2016წ. დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების“ 3.2 მუხ.).
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 25.09.2018წ. №28-94 დადგენილებით დამტკიცდა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულება“, რომლის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სხვა ფუნქციებს შორის განისაზღვრა: სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება. ამავე დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახეზეა სსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული კანონისმიერი უფლებამონაცვლეობა. საქმეზე არ დასტურდება უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე საფუძვლის არსებობა. საკანონმდებლო ცვლილებამდე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ისეთი ფუნქციები, როგორიცაა სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება უცვლელად გადაეცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ი. ჩ-ისათვის 8000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების თაობაზე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 15.02.2016წ. №000337 დადგენილების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 24.05.2016წ. №1-890 ბრძანების კანონიერების დადგენის შესახებ დავაში მონაწილეობაზე უფლებამოსილი ორგანოა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექცია, რაც მართებულად დადგინდა გასაჩივრებული განჩინებით.
კერძო საჩივრის ავტორი უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველად მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მისთვის (მოსარჩელისთვის) ცნობილი არ არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პოზიცია საქმესთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოების გამო საფუძველს მოკლებულია გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესახებ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა, ვინაიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციას გააჩნია საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოპასუხის იგივე უფლება-მოვალეობები, რაც გააჩნდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს (სასკ-ის მე-3, მე-4, მე-17 მუხ. და სხვ.).
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2019წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე



მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ვ. როინიშვილი