ბს-987 (კ-18) 16 იანვარი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. რ-ემ 09.12.2016წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიმართ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 21.10.2013წ. N… გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.11.2014წ. N… გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.04.2016წ. N… გადაწყვეტილების, 26.03.2012წ. N2-1236/10 სააღსრულებო ფურცლის, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 15.10.2013წ. წერილის ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.2017წ. საოქმო განჩინებით სასკ-ის 281 მუხლის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნების ტრანსპორმირების შედეგად, რ. რ-ის მიერ მოთხოვნილ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 21.10.2013წ. N… გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.04.2017წ. გადაწყვეტილებით რ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 21.10.2013წ. N… გადაწყვეტილება, ქ. ქობულეთში, …ის ქ. N323-ში მდებარე 702 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებზე ((N1, N2) ს.კ. N…) რ. რ-ისა და ზ. რ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.2018წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ზ. რ-ე, თ. თ-ე და ლ. ს-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს ზ. რ-ემ N… სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სასამართლო აქტის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. ზ. რ-ემ სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ 26.03.2012წ. გაცემული N2-1236/10 სააღსრულებო ფურცელი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 08.09.2010წ. გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბათილად იქნა ცნობილი 08.09.2010წ. სამკვიდრო მოწმობა, ხოლო სამკვიდრო ქონების 1/2-1/2 წილის მფლობელებს წარმოადგენდნენ რ. რ-ე და ზ. რ-ე. ამდენად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ზ. რ-ე და რ. რ-ე აღირიცხნენ ქონების მესაკუთრეებად წარმოდგენილი სააღსრულებო ფურცლის და გადაწყვეტილების შესაბამისად. სარეგისტრაციო სამსახურს ჰქონდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება. " საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის მე-2 მუხლის "კ" ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენს სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული აქტები გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და არ არსებობს ბათილად ცნობის რომელიმე წინაპირობა. სკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავის უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მეირ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
გასაჩივრებული განჩინება სრულად აგებულია იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სასკ-ის 32.4 მუხლი დავის გადაწყვეტისას. სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. მოცემულ შემთხვევაში სადავო გადაწყვეტილების მიღებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოკვლეულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ იმსჯელა კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. სასამართლომ მოსარჩელე მხარეს შეუქმნა გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმური მოლოდინი, თუმცა გაურკვეველია როგორ უნდა მოხდეს მოსარჩელის სასარგებლოდ სადავო უძრავ ნივთზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, იმ პირობებში, როდესაც ძალაშია კეთილსინდისიერი შემძენის უფლების დამდგენი დოკუმეტი და შესაბამისი რეგისტრაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 18.02.2011წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს მ. კ-ის მიერ 08.09.2010წ. რ. რ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ქ. ქობულეთში, …ის ქ. N323-ში მდებარე უძრავ ქონებაზე და გაუქმდა აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერები რ. რ-ის საკუთრებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული. ამავე გადაწყვეტილებით ა. რ-ის სამკვიდრო ქონების 1/2 წილი აღირიცხა ზ. რ-ის, ხოლო 1/2 წილი - რ. რ-ის საკუთრებაში, აღნიშნულ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 10.05.2011წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 18.02.2011წ. გაადწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ ა. რ-ის მემკვიდრეებად ცნობილ იქნენ შვილები: რ. რ-ე, ზ. რ-ე და ჟ. ყ-ე სადავო უძრავ ქონებაზე (მდაბარე: ქ. ქობულეთი, …ის ქ. N232) 1/3-1/3 წილის უფლებით, რაც ასევე კანონიერ ძალაშია შესული. ზ. რ-ის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 15.09.2011წ. განხორციელდა რეგისტრაცია და სადავო ქონებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 10.05.2011წ. გადაწყვეტილებით განსაზღვრული წილების შესაბამისად აღირიცხა რ. რ-ის, ზ. რ-ის და ჟ. ყ-ის საკუთრების უფლება. ზ. რ-ემ განმეორებით 09.09.2011წ. კვლავ მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს სასამართლო აქტის საფუძველზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, რისთვისაც წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 18.02.2011წ. გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესულ ნაწილზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომელიც შეეხებოდა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობას და არა მემკვიდრეთა წილების განსაზღვრას, რის საფუძველზეც ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 21.10.2013წ. N… სადავო გადაწყვეტილებით ქ. ქობულეთში, …ის ქ. N323-ში მდებარე ქონების 1/2 წილზე დარეგისტრირდა ზ. რ-ის, ხოლო დანარჩენ 1/2 წილზე - რ. რ-ის საკუთრების უფლება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 18.02.2011წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესულ ნაწილზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, თუმცა იგი ქ. ქობულეთში, …ის ქ. N323-ში მდებარე ქონებაზე წილების აღრიცხვის შესახებ მოთხოვნას არ განსაზღვრავდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურს არ შეუსწავლია მითითებული გარემოებები და რეგისტრაცია განახორციელა ისეთი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც არ წარმოადგენდა სადავო ქონებასთან დაკავშირებით წილობრივი საკუთრების განსაზღვრის საფუძველს, ეს უკანასკნელი განსაზღვრული იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 10.05.2011წ. გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც სარეგისტრაციო სამსახურს უკვე ჰქონდა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლომ დავა გადაწყვიტა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, რომლის გამოყენების საჭიროება მოცემული დავის ფარგლებში არ არსებობდა. საკასაციო პალატა აღნიშნვას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ თავად შეაფასა სადავო აქტის მატერიალური კანონიერება და აქტი ბათილად სცნო სასკ-ის 32.1 მუხლის და არა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს არ უმსჯელია კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების ტრანსფორმირების შედეგად დააზუსტა მოთხოვნა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 21.10.2013წ. N… გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც სადავო ქონებაზე წილობრივი საკუთრების უფლება არასწორად განისაზღვრა, რამეთუ N… გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 18.02.2011წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესულ ნაწილზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომელიც სადავო ქონებაზე წილების აღრიცხვის მოთხოვნას არ განსაზღვრავდა. ამასთანავე, ძალაშია კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები, რაც არ წარმოადგენს მოცემული დავის ფარგლებში განსახილველ საკითხს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2018წ. განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.10.2018წ. N28314 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი