Facebook Twitter

№ზ-451-1(ბ-19) 09 იანვარი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი);

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე და 427-ე მუხლების შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ ვ. დ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით ვ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინება.

ვ. დ-ემ 2019 წლის 21 ნოემბერს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. დ-ის განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტისა და 427.1 მუხლის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, რამდენადაც განცხადებაზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, განცხადება არ შეიცავდა მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ამასთანავე, სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებას საჭიროებდა განცხადების კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში შემოტანის ფაქტი, აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადების წარმოდგენა, იმ საფუძვლებზე მითითებით, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება და იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომ განცხადება შემოტანილია კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში. ასევე, განმცხადებელს დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამდასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. განმცხადებელს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება დარჩებოდა განუხილველი.

2019 წლის 18 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ვ. დ-ემ და წარმოადგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 21 ივნისის N04-15-01/4400 ცნობა, რომლის თანახმად ვ. დ-ეს განსაზღვრული აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი ცვლილებამდე. ამასთანავე, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინება ჩაბარდა 2019 წლის 12 სექტემბერს და აღნიშნულიდან ერთი თვის ვადაში, 2019 წლის 10 ოქტომბერს, უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა 2019 წლის 11 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა, რაზეც უარი ეთქვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსის 2019 წლის 17 ოქტომბრის წერილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის 20 ნოემბერს განმეორებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და 2019 წლის 11 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. დ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. ამავე კოდექსის 427.2 მუხლის შესაბამისად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს 427.1 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.

კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს ფოსტის საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურით (გზავნილის №AP...) დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინება ვ. დ-ეს გაეგზავნა და 2019 წლის 25 ივლისს ჩაბარდა მის მეუღლეს - დ. ჯ-ეს. 2019 წლის 11 აპრილის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე, ვ. დ-ის განცხადება საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაგზავნად ფოსტას ჩაბარდა 2019 წლის 20 ნოემბერს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელი 2019 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი Nზ-379-19 განცხადებით ითხოვდა 2019 წლის 11 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული განცხადება გავლენას ვერ იქონიებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426.1 მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის ათვლაზე. ამდენად, განმცადებელმა, ხარვეზის შევსების მიზნით, ვერ წარმოადგინა განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში წარმოდგენის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთანავე, განმცხადებელი არ უთითებს, კონკრეტულად რა საფუძვლით უნდა მოხდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან განმცხადებელმა ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვ. დ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ დატოვებულ უნდა იქნას განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე, 427-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. დ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე