#ბს-29(კ-19) 11 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 12 აგვისტოს ლ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ „ლ. კ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 8 აგვისტოს #57995-49/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით, ლ. კ-ისთვის სახელმწიფო გასაცემელის (პენსია) დანიშვნის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) ანაზღაურებისა და 2013 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2016 წლის 1-ლ აგვისტომდე ზიანის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
2016 წლის 12 აგვისტოს რ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ „რ. გ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 8 აგვისტოს #57995-26/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით რ. გ-ისათვის სახელმწიფო გასაცემელის (პენსია) დანიშვნის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) ანაზღაურებისა და 2013 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2016 წლის 1-ლ აგვისტომდე ზიანის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 აპრილის სხდომაზე მოცემული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. კ-ისა და რ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „ლ. კ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 8 აგვისტოს #57995-49/16 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლ. კ-ისთვის 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემელის (პენსია) დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურება დაევალა; ლ. კ-ის მოთხოვნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მის სასარგებლოდ, 2013 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2016 წლის 1-ლ აგვისტომდე ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი რ. გ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 8 აგვისტოს #57995-26/16 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რ. გ-ისათვის 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემელის (პენსია) დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურება დაევალა; რ. გ-ის მოთხოვნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მის სასარგებლოდ, 2013 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2016 წლის 1-ლ აგვისტომდე ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. კ-მა და რ. გ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ლ. კ-ისა და რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების მე-3 და მე-5 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. კ-ისა და რ. გ-ის მოთხოვნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 2013 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2016 წლის 1-ლ აგვისტომდე ყოველთვიურად მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) ანაზღაურების დავალების თაობაზე დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ლ. კ-ისა და რ. გ-ისათვის 2013 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2016 წლის 1-ლ აგვისტომდე სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ლ. კ-ისა და რ. გ-ისათვის 2013 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2016 წლის 1-ლ აგვისტომდე სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ლ. კ-ისა და რ. გ-ისათვის 2013 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2016 წლის 1-ლ აგვისტომდე სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) ანაზღაურების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დანარჩენ ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით და აქვე მიუთითებს ამავე საკითხზე მიღებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2015წ. #ბს-77-75(კ-15) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სამართლებრივი შეფასება მიეცა განსახილველი დავის იდენტურ ფაქტობრივ გარემოებებს და მიჩნეულ იქნა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებით, თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით და სახელწოდებით უდასტურდება საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მითითებულ ნაწილში არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ლ. კ-ისა და რ. გ-ისათვის 2013 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2016 წლის 1-ლ აგვისტომდე სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე;
2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი