#ბს-477(კ-19) 4 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 6 ივნისს ა. ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 16 მარტს იგი ახდენდა სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მ. გ-ის კუთვნილი დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირებას, რომელიც მიჩნეულ იქნა სამეწარმეო საქმიანობისათვის ტრანსპორტირებად და მას სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე, ჩამოერთვა 8.45 მ3 დახერხილი ხის მასალა. ამასთან, მოსარჩელეს შეეფარდა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევისათვის ჯარიმა - 500 ლარი.
მოსარჩელის მითითებით, მის მიერ შემოსავლების სამსახურში იქნა გასაჩივრებული საგადასახადო სამართალდარღვევების ოქმები, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რასაც მოსარჩელე არ ეთანხმება, რამდენადაც ტრანსპორტირებული ტვირთი იყო სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული და მისი ტრანსპორტირება ხდებოდა პირადი მიზნებისათვის. საქართველოს ფინანსთა მინისტრის #996 ბრძანების საფუძველზე კი, სასაქონლო ზედნადების შევსების ვალდებულება არ ვრცელდება სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებულ მასალაზე.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 25 მაისის #14017 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 12 აპრილის #165887 და #165886 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 25 მაისის #14017 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 12 აპრილის #165887 და #165886 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებდა, რომ მოსარჩელე ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას. სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოსარჩელის განმარტებაზე, რომ მისი დახმარებით მოხდა მძღოლის მხოლოდ დაქირავება, ამასთან, ხდებოდა სოციალური ჭრის საფუძველზე გაცემული ხე-ტყის ტრანსპორტირება, ყოველივე აღნიშნული კი არ წარმოშობდა არც გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულებას და არც სასაქონლო ზედნადების გამოწერის მოთხოვნის უფლებამოსილებას. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი, მხოლოდ ეჭვი კი არ შეიძლებოდა გამხდარიყო პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველი. ამასთან, ვერ ხდებოდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებით გათვალისწინებული და ტრანსპორტირებული საქონელი ერთმანეთს არ შეესაბამებოდა, როგორც ეს სადავო ბრძანებაში იყო მითითებული, ასევე არ არსებობდა მ. გ-ის მიერ მოსარჩელის მითითებული ფაქტის უარყოფის დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მართებულად ცნო ბათილად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არ გამოიყენა კანონი, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორი მიუთითებს, რომ სადავო ოქმზე თანდართული ფ/პ მ. გ-ის (ს/ნ ...) 2017 წლის 31 მარტის ახსნა-განმარტების შესაბამისად, სოციალური ჭრების შედეგად მის მიერ მოპოვებული ხის მასალა გამოყენებულ იქნა მის მიერ სარემონტო სამუშაოებისათვის და შეშად.
კასატორის მითითებით, როგორც მ. გ-ი და მისი ვაჟი - კ. გ-ი პირად საუბარში აღნიშნავენ, მათ ა. ს-ას გადასცეს მხოლოდ დოკუმენტი, რომელსაც შემდგომში მათთვის უნდა მიეტანა დამუშავებული ხის მასალა. მ. გ-ისა და კ. გ-ის განმარტებით, მათთვის უცნობია ეკუთვნოდა თუ არა მათ ის მასალა, რომლის ტრანსპორტირებასაც ახდენდა ა. ს-ას დავალებით კ. ა-ა.
კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს ყურადღება არ მიუქცევიათ იმისათვის, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლი ეკონომიკურ საქმიანობად მიიჩნევს არა მარტო მოგების მიღების მიზნით განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობას, არამედ შემოსავლის ან კომპენსაციის მიღების მიზნით განხორციელებულ საქმიანობასაც. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, კომპენსაცია არის პირის მიერ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ხარჯების, დანაკარგის, ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება ან/და სარგებელი. ამდენად, კასატორი აღნიშნავს, რომ პირის მიერ ხარჯების ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება ან/და სარგებელი არის კომპენსაცია, რომლის მიღებაც არის ეკონომიკური საქმიანობა და საჭიროებს რეგისტრაციას.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სადავო აქტების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოხდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და სათანადო შეფასება. შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯარიმის დაკისრების შესახებ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს.
კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო სამართალდარღვევების ოქმები შედგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესების სრული დაცვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევის გამომვლენ საგადასახადო ორგანოთა უფლებამოსილი პირების ქმედება სრულად შეესაბამება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას, რაც ითვალისწინებს სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და სამართალდარღვევის საქმის განხილვის წესებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 25 მაისის #14017 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 12 აპრილის #165887 და #165886 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების კანონიერება.
დადგენილია, რომ ა. ს-ას მიმართ შედგა 2017 წლის 12 აპრილის #165887 და #165886 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები საქართველოს საგადასახადო 273-ე მუხლისა და 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე, რადგან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ მიჩნეულ იქნა, რომ მოსარჩელე ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევით და სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე.
მოსარჩელე არ ეთანხმება განხორციელებულ დარიცხვას და განმარტავს, რომ 2017 წლის 12 აპრილს ეხმარებოდა მ. გ-ს საქონლის გადატანაში, კერძოდ კი, დაეხმარა საქონლის ტრანსპორტირებისათვის მანქანის დაქირავებაში. მ. გ-ს კი, თავის მხრივ, გააჩნდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქართველოს ტყის კოდექსის 93-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხე-ტყის მოძრაობის, მარკირებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების სავალდებულო მოთხოვნები განისაზღვრება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-ტყეზე შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს გასცემს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო. ამავე წესის შესაბამისად, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა თვითმმართველი ერთეულისა და კერძო საკუთრების ტერიტორიებზე არსებული ხემცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისა და პირველადი გადამუშავების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული საქონლის (მერქნული რესურსის) ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. მითითებული მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, იმ ხე-ტყის ტრანსპორტირება ან პირველადი გადამუშავება, რომელსაც ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ შემთხვევებში არ აქვს შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, აგრეთვე იმ მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტრანსპორტირება ან პირველადი გადამუშავება, რომელიც დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით, იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-ტყის, ასევე მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ნებისმიერი ფორმით გასხვისება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 252 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ზედნადების შევსების ვალდებულება არ ვრცელდება: ა) სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყისა ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე; ბ) ხე-ტყის მომპოვებლის მიერ ხე-ტყის 20 წარმოშობის დოკუმენტით მრგვალი ხე-ტყის (მორის) ტყიდან დანიშნულების ადგილამდე (პირველადი დასაწყობების ან პირველად გადამამუშავებელ ობიექტამდე) ტრანსპორტირებისას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის არსებობისას, ტრანსპორტირებულ საქონელზე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების არსებობა არ მოითხოვება, რადგან სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხის მასალის გასხვისება აკრძალულია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ მოსარჩელე ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. საგულისხმოა მოსარჩელის განმარტება, რომლის თანახმად, მისი დახმარებით მოხდა მძღოლის მხოლოდ დაქირავება, რომელიც ახდენდა სოციალური ჭრის საფუძველზე გაცემული ხე-ტყის ტრანსპორტირებას, ყოველივე აღნიშნული კი არ წარმოშობს არც გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულებას და არც სასაქონლო ზედნადების გამოწერის მოთხოვნის უფლებამოსილებას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი, მხოლოდ ეჭვი კი არ შეიძლება გახდეს პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველი. ამასთან, ვერ ხდება იმ ფაქტის დადასტურება, რომ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებით გათვალისწინებული და ტრანსპორტირებული საქონელი ერთმანეთს არ შეესაბამება, როგორც ეს სადავო ბრძანებაშია მითითებული, ასევე არ არსებობს მ. გ-ის მიერ მოსარჩელის მითითებული ფაქტის უარყოფის დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მართებულად მიიჩნია უკანონოდ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი