Facebook Twitter

#ბს-511(კ-19) 4 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 17 მაისს ლ. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 1998 წლის 20 ივნისიდან 1999 წლის 17 მარტამდე პოლიციის რიგითის ჩინით ნამსახურობის სამხედრო სამსახურში ჩათვლა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2017 წლის 9 იანვრის განცხადებაზე პასუხად მიიღო, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურობის დაანგარიშება ვერ ხერხდებოდა, ვინაიდან პირად საქმეში არსებული საბუთების მიხედვით, მისი ნამსახურობა შეადგენდა 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პირად საქმეში არსებულ საბუთებს შორის არის შსს-ს დეპარტამენტის რესპუბლიკური საავადმყოფოს #15-ის უფროსი პოლიციის პოლკოვნიკის სამსახურებრივი დახასიათება, რომლის თანახმად, 1998-1999 წლებში მოსარჩელე მუშაობდა შსს ორგანოებში პოლიციის რიგითის წოდებით ...ის თანამდებობაზე, თუმცა ამასთან დაკავშირებით გამოთხოვილი ცნობა ან/და ბრძანებების ამონაწერი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან არ მიუღია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს.

ამასთან, მოსარჩელემ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაზედაც მიიღო პასუხი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახურობის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტსა და სხვა საარქივო დანაყოფებში დაცული არ არის. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას აქვს საბუთები, რითიც შეუძლია დაამტკიცოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის რიგითის ჩინით ნამსახურობა 1998-1999 წლებში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 1998 წლის 20 ივნისიდან 1999 წლის 17 მარტამდე პოლიციის რიგითის ჩინით ნამსახურობა ჩაეთვალა სამხედრო სამსახურში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით განმარტა, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მოიპოვებენ პირები, რომლებსაც გააჩნიათ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მომსახურე რიგითი და უფროსი შემადგენლობის წოდება. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია ლ. თ-ის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მსახურობა პოლიციის რიგითის წოდებით. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 1998 წლის 20 ივნისიდან 1999 წლის 17 მარტამდე პოლიციის რიგითის ჩინით ნამსახურობა უნდა ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

კასატორი ასევე მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტსა და მე-16 მუხლის მე-4 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მოიპოვებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მოსამსახურე რიგითი და უფროსი შემადგენლობის წოდების მქონე პირი. ამასთან, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება კადრში ჩარიცხვის დღიდან თადარიგში დათხოვნამდე. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად არ დასტურდება, რომ მოსარჩელე 1998 წლის 20 ივნისიდან 1999 წლის 17 მარტამდე პერიოდში მსახურობდა შსს-ში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით). ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. მითითებული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 5 აპრილის MOD 9 17 00319482 წერილით ლ. თ-ეს განემარტა, რომ მისი ნამსახურობა შეადგენდა 20-ზე ნაკლებ (19 წელს, 4 თვესა და 11 დღეს) კალენდარულ წელს.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს რომ მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 1998 წლის 20 ივნისიდან 1999 წლის 17 მარტამდე პოლიციის რიგითის ჩინით ნამსახურობა ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში.

საქმეში წარმოდგენილი სამსახურებრივი დახასიათებით დგინდება, რომ პოლიციის რიგითი - ლ. თ-ე პოლიციის ორგანოებში მუშაობდა 1998 წლის ივნისის თვიდან 1999 წლის 15 მარტამდე. ასევე, საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროს ნამსახურობის ნუსხით დგინდება, რომ ლ. თ-ე შსს სად. #15 რესპუბლიკური საავადმყოფოს უფროსის 1998 წლის 20 ივნისის #9 პ/შ ბრძანებით, 1998 წლის 20 ივნისს დაინიშნა შსს სად #15 რესპუბლიკის საავადმყოფოს ...ად, ხოლო შსს სად #15 რესპუბლიკური საავადმყოფოს უფროსის 1999 წლის 17 მარტის #9 პ/შ ბრძანებით იგი 1999 წლის 16 მარტს გათავისუფლდა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 32-ე მუხლით (პირადი პატაკი). საქმეში წარმოდგენილი საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ნამსახურობის ნუსხით დგინდება, რომ ლ. თ-ეს რიგითის წოდება მიენიჭა ს/ნ: 2052 მეთაურის მიერ 1995 წლის 12 ივნისს #9 ბრძანებით. ასევე, საქმეში წარმოდგენილია ლ. თ-ის მიმართ შედგენილი სამსახურებრივი დახასიათება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სად #15 რესპუბლიკური საავადმყოფოს 1999 წლის 17 მარტის #9 ბრძანება, სადაც ლ. თ-ე მოხსენიებულია როგორც პოლიციის რიგითი. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოსარჩელეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 1998 წლის 20 ივნისიდან 1999 წლის 17 მარტამდე პოლიციის რიგითის ჩინით ნამსახურობა მართებულად ჩაეთვალა სამხედრო სამსახურში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი