#ბს-520(კ-19) 4 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 21 სექტემბერს ე. გ-ემ და რ. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2007-2008 წლებში უღიარა საკუთრების უფლება მათ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე და გასცა საკუთრების უფლების მოწმობები. 2010 წლის 3 დეკემბერს კომისიამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიიღო #39 საოქმო გადაწყვეტილება და ძალაში შესვლის დღიდან ბათილად სცნო 271 მოქალაქის, მათ შორის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოსარჩელეთა სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და საკუთრების მოწმობები.
მოსარჩელეთა მითითებით, 2014 წლის 17 ნოემბერს კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის #39 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით. კომისიის 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის #39 საოქმო გადაწყვეტილება ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი, თუმცა გადაწყვეტილებით გაურკვეველი გახდა, საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე ვის მიმართ და რა საფუძვლით იქნა კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის #39 საოქმო გადაწყვეტილება ძალაში დატოვებული. ამასთან, კომისიის 2016 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს არ აღუდგათ საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე და მათ მიმართ ძალაში დარჩა 2010 წლის 3 დეკემბრის #39 საოქმო გადაწყვეტილება.
მოსარჩელე მხარე, აგრეთვე, მიუთითებს, რომ კომისიას მოსარჩელეთა საკითხი ინდივიდუალურად არ განუხილავს, ამასთან, არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია ის გარემოებები, რაც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად. ამიტომ, გაურკვეველია, კონკრეტულად რის საფუძველზე ეთქვათ მათ უარი საკუთრების უფლებისა და მოწმობების აღდგენაზე. ამასთან, მოსარჩელეთა მტკიცებით, მოსარჩელეთა გაუქმებული საკუთრების უფლების აღდგენაზე უარის თაობაზე კომისიის სადავო გადაწყვეტილებით გაკეთებული დასკვნა მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, არ ემყარება სწორ ფაქტებს და ამავდროულად, არის დისკრიმინაციული ხასიათის, რამდენადაც იმავე მოცემულობის პირობებში, სხვა ფიზიკური პირების მიმართ დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ხოლო მოსარჩელეები კომისიის გადაწყვეტილებამ მათთან მიმართებით ჩააყენა არათანაბარ პირობებში და გამოარჩია იმ ნიშნით, რომ მათ საკითხის გადასაწყვეტად ადრე მიმართული ჰქონდათ სასამართლოსთვის. გარდა ამისა, მოსარჩელეთა განმარტებით, საგულისხმოა ისიც, რომ მათგან ყველას მიმართული არ ჰქონდა სასამართლოსთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ე. გ-ისა და რ. ფ-ის ნაწილში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 27 ივნისის #12 სხდომისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 16 სექტემბრის #5 სხდომის საოქმო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოსარჩელეთა განცხადებაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების ან/და გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ე. გ-ისა და რ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ე. გ-ისა და რ. ფ-ის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 27 ივნისის #12 საოქმო გადაწყვეტილება; ე. გ-ისა და რ. ფ-ის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 16 სექტემბრის #5 საოქმო გადაწყვეტილება; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მოსარჩელეთა განცხადებაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემა დაევალა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა კონკრეტული მიწის ნაკვეთის და დაინტერესებული პირის მიმართ არსებული გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა, მიეკუთვნებოდა თუ არა ის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტებით განსაზღვრულ, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ ან თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რისთვისაც საჭირო იყო იმ ფაქტების დადგენა, რასაც სადავო პერიოდში (მიწის ნაკვეთებზე დაინტერესებულ პირთა საკუთრების უფლების აღიარების დროს) მოქმედი კანონი ითვალისწინებდა. კერძოდ, გამოსაკვლევი იყო, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყო თუ არა მოსარჩელის (ისევე, როგორც ყველა დაინტერესებული პირის) ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში, მათ მიერ წარდგენილი იყო თუ არა კომისიაში საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525 ბრძანებულების პირველი მუხლის მიხედვით ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრული დოკუმენტები და ხომ არ არსებობდა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი კონკრეტული გარემოებები. თუმცა აღნიშნულის მიუხედევად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო გაანალიზებული ზემოაღნიშნული არცერთი გარემოება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 27 ივნისის #12 საოქმო გადაწყვეტილებაში და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომიისის 2016 წლის 16 სექტემრის #5 საოქმო გადაწყვეტილებაში განსაზღვრულია ის წინაპირობები, თუ რა შემთხვევაში ექნებოდა კომისიას ბათილად ცნობილი საკუთრების უფლების მოწმობების აღდგენის შესაძლებლობა და რა შემთხვევებში იქნებოდა ბათილად ცნობილი საკუთრების უფლების მოწმობის აღდგენა შეუძლებელი. კომისიამ მიიჩნია, რომ შეუძლებელი იქნებოდა იმ პირებზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის აღდგენა, რომლებსაც უკვე გასაჩივრებული ჰქონდათ თავიანთი საკუთრების უფლების მოწმობის ბათილობა სასამართლოში და მათი სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული.
კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებს ე. გ-ესა და რ. ფ-ეს გასაჩივრებული ჰქონდათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 დეკემბრის #39 საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა 2007 წლის 18 დეკემბერს ე. გ-ეზე გაცემული #0797 საკუთრების უფლების მოწმობა და 2007 წლის 19 დეკემბერს რ. ფ-ის სახელზე გაცემული #0899 საკუთრების უფლების მოწმობა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე #3-34) და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე #3-35) ე. გ-ესა და რ. ფ-ეს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეებზე, რომლებზეც უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, კომისია არ არის უფლებამოსილი დადებითად გადაწყვიტოს ბათილად ცნობილი საკუთრების უფლების მოწმობის აღდგენის საკითხი, შესაბამისად, კასატორი არ იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებაში გაკეთებულ შეფასებებს, რომ გასაჩივრებული აქტების გამოცემის დროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომიისის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი და შეფასებული საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, რითაც დაირღვა კანონით დადგენილი მოთხოვნები. კასატორის მითითებით, კომისიების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული 2016 წლის 27 ივნისის #12 და 2016 წლის 16 სექტემბრის #5 გადაწყვეტილებები მოწმობს იმას, რომ ჩატარებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოება და, რიგ შემთხვევებში, შეტანილ იქნა ცვლილებები 2016 წლის 27 ივნისის #12 საოქმო გადაწყვეტილებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ არ დარღვეულა ადმინისტრაციული წარმოების კანონით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს არ გაუკეთებია განმარტება, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება კომისიის მიერ 2007 წლის 18 დეკემბერს ე. გ-ეზე გაცემული #0797 და 2007 წლის 19 დეკემბერს რ. ფ-ის სახელზე გაცემული #0899 საკუთრების უფლების მოწმობების აღდგენაზე მსჯელობისას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით უკვე არსებულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობას. შესაბამისად, კასატორი განმარტავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამათლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინება არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღდგენაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა მოცემულ დავაზე უკვე არსებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ხოლო კომისიის მოსაზრებით, ასეთი გადაწყვეტილების არსებობის ფაქტს გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი სტატუსი. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დასაბუთებასა და განმარტებას, რაც არ არის მოცემული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ე. გ-ისა და რ. ფ-ის ნაწილში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 27 ივნისის #12 სხდომისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 16 სექტემბრის #5 სხდომის საოქმო გადაწყვეტილებების კანონიერება და მოსარჩელეთა განცხადებაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების ან/და გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა კონკრეტული მიწის ნაკვეთის და დაინტერესებული პირის მიმართ არსებული გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გზით უნდა დაედგინა, მიეკუთვნებოდა თუ არა ის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტებით განსაზღვრულ, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ ან თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რისთვისაც საჭირო იყო იმ ფაქტების დადგენა, რასაც სადავო პერიოდში (მიწის ნაკვეთებზე დაინტერესებულ პირთა საკუთრების უფლების აღიარების დროს) მოქმედი კანონი ითვალისწინებდა. კერძოდ, გამოსაკვლევი იყო, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყო თუ არა მოსარჩელის (ისევე, როგორც ყველა დაინტერესებული პირის) ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში, მათ მიერ წარდგენილი იყო თუ არა კომისიაში საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525 ბრძანებულების პირველი მუხლის მიხედვით ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განსაზღვრული დოკუმენტები და ხომ არ არსებობდა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი კონკრეტული გარემოებები. თუმცა აღნიშნულის მიუხედევად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გაანალიზებული ზემოაღნიშნული არცერთი გარემოება.
ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად უარყო მოპასუხის პოზიცია მოსარჩელეების საკუთრების უფლების აღდგენისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სახით გარკვეული დაბრკოლების არსებობასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტებით, პირველ რიგში ხაზგასასმელია ის, რომ ანალოგიურ პირობებში მყოფი სხვა პირების საკითხი კომისიამ დადებითად გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართაც არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ, რითაც დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი. ამასთან, უსაფუძვლოა ადმინისტრაციულ პროცესში რაიმე უპირატესობის მინიჭება იმ პირებისათვის, რომლებმაც დარღვეული უფლების აღსადგენად არ მიმართეს სასამართლოს, შესაბამისად, უსაფუძვლოა მათგან განსხვავებულ მდგომარეობაში იმ პირის ჩაყენება, რომელიც სასამართლო წესით შეეცადა უფლების დაცვას. ამ კუთხით მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ დავის მოგებული მხარე იყო ის ორგანო, რომელმაც თვითონ მიიღო გადაწყვეტილება აქტის კანონიერების გადამოწმების შესახებ, ის არ შეხებია სხვა მესამე პირებს, ამასთან, სასამართლო აქტს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო - ასევე მიზანშეწონილობის თვალსაზრისითაც.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი