#ბს-537(2კ-19) 4 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 31 ივლისს დ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის #2950151 ბრძანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 მარტის #723818 ბრძანების არარა აქტად აღიარება, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის …ს უფროსის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე დ. კ-ის აღდგენის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მოსარჩელე დ. კ-ისთვის გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდურის) ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით დ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; არარა აქტად იქნა ცნობილი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის #2950151 ბრძანება; არარა აქტად იქნა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 მარტის #723818 ბრძანება; განისაზღვრა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დ. კ-ის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის …ს უფროსის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; მოსარჩელე - დ. კ-ეს აუნაზღაურდა იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო (განაცდური), გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანების 71-ე მუხლში არის ჩამონათვალი სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მინისტრის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების და სსიპ-ების ხელმძღვანელები, აგრეთვე მათი მოადგილეები.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის #786 ბრძანების მე-7 მუხლით განსაზღვრულია სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილებები, კერძოდ, „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად - სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადაადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ მოსარჩელე დ. კ-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება გააჩნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს და არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მითითებით, საგულისხმოა ის, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია არის არა ცალკე განყენებული სტრუქტურული ერთეული, არამედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენელი ნაწილი. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია არის ხსნებული ორგანიზაციის ნაწილი, რომელიც შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #1014 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის საშტატო განრიგს ამტკიცებს მინისტრი, ხოლო ამავე წესის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან სხვა უფლებამოსილი პირი. კასატორის განმარტებით, აღნიშნული დეფინიცია მიზნად ისახავს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსისათვის უფლებამოსილების დელეგირებისა და, ამავე დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისათვის დელეგირებული უფლებამოსილების შენარჩუნებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელი, უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანებები სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ერთეულებისა თუ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქმიანობის სფეროს დასარეგულირებლად, თანამდებობაზე დანიშნოს და გაათავისუფლოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები, ასევე, მოახდინოს თავისი უფლებამოსილების დელეგირება სამინისტროს მოსამსახურეზე, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ერთმევა აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების უფლება.
კასატორი, აგრეთვე, მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის #337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
კასატორის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, როგორც ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
კასატორის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მინისტრი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით განსაზღვრულ მოხელეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს სხვა საჯარო მოსამსახურეებს. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს მინისტრი და შესაბამისად განსაზღვრავს საშტატო განრიგს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მინისტრი, როგორც საქვეუწყებო დაწესებულების დებულებისა და საშტატო ნუსხის განმსაზღვრელი პირი, ასევე უფლებამოსილია განახორციელოს საშტატო ნუსხით განსაზღვრული პირების დანიშვნა და გათავისუფლება. აღნიშნული ნორმების ინტერპრეტაციისა და პრაქტიკაში რეალიზაციის კუთხით, კასატორი აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება გააჩნია დანიშნოს და გაათავისუფლოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ხოლო რაც შეეხება სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს, მათ მიმართ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის კუთხით უფლებამოსილ პირს მინისტრი წარმოადგენს.
ამასთან, კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის #337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ამავე დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მინისტრი ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; კანონით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და სხვა თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას. ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს.
კასატორი, ასევე, მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის #786 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის უფროსი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს განსახილველად წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის უფროსი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურისა და რიცხოვნობის შესახებ; ამავე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასაზღვრო პოლიციის უფროსი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით; ამასთან, ამავე პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის უფროსი სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადააადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.
შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილება მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებაში საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, თუმცა ეს ავტომატურად არ გამორიცხავს ამავე დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან მის მიერ განსაზღვრული პირის მიერ მიღებას. კასატორის მითითებით, ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერება ნათელს ხდის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი, წარმოადგენს ერთიან სისტემას და იგი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მეშვეობით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ფუნქციონირებს პოლიციის სისტემაში, როგორც ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება მის დაქვემდებარებაში არსებული პირების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
კასატორი მიიჩნევს, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიდგომა მინისტრის კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა გარკვეულ ჩარჩოში მოქცევისა და იერარქიულად ქვედა რგოლისათვის მინისტრის უფლებამოსილების დელეგირების გამო მათი შეზღუდვის შესახებ. კასატორი განმარტავს, რომ უფლებამოსილების დელეგირება არ გულისხმობს ამ უფლებამოსილების თავად მინისტრის უფლებამოსილებებიდან ავტომატურ გაუქმებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს შვებულებების, მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის #2950151 ბრძანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 მარტის #723818 ბრძანების არარა აქტად აღიარება, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის …ს უფროსის მოადგილის ან მის ტოლფას თანამდებობაზე დ. კ-ის აღდგენის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მოსარჩელე დ. კ-ისთვის გათავისუფლების დღიდან, მისი სამსახურში აღდგენის დღემდე იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდურის) ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დ. კ-ეს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის …ს უფროსის მოადგილის თანამდებობა, შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 71-ე მუხლზე, რომელშიც არის ჩამონათვალი სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მინისტრის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების და სსიპ-ების ხელმძღვანელები, აგრეთვე მათი მოადგილეები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის #786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-7 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილებებს, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადაადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.
საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მოპასუხეთა იმ პოზიციის გაზიარებას, რომლის თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება შედის სამინისტროს მმართველობის სფეროში, თუმცა, ამასთან, განმარტავს, რომ იგი არ წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის #786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დ. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომლის კომპეტენციაშიც აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება არ შედიოდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განმარტეს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულ პირთა დანიშვნა-გათავისუფლება დეტალურად არის გაწერილი კანონმდებლობით და აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ მოსარჩელე დ. კ-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება გააჩნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს და არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი