Facebook Twitter

#ბს-564(2კ-19) 4 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 4 ოქტომბერს თ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო უზრუნველყოფის, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს რეგიონული სამსახურის ბათუმის რეგიონული ჯგუფის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ...ის, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კაპიტნის თანამდებობაზე. 2017 წლის 9 სექტემბერს მას ჩაბარდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება #1654584. ბრძანების შინაარსიდან ირკვევა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო უზრუნველყოფის, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს რეგიონული სამსახურის ბათუმის რეგიონული ჯგუფის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ...ი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კაპიტანი თ. გ-ი გათავისუფლდა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.

მოსარჩელის მითითებით, მისთვის უცნობი იყო კადრების განკარგულებაში გადასვლის ფაქტი და მიზეზი. 2017 წლის 14 სექტემბერს თ. გ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა მისთვის კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ ბრძანებისა და მისი დასაბუთების, მისი შრომითი ანაზღაურებისა და მის მიმართ არსებული დავალიანების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შრომითი ხელშეკრულების/დანიშვნის შესახებ ბრძანების გადაცემა, თუმცა მოცემულ განცხადებაზე მას პასუხი არ მიუღია.

მოსარჩელის განმარტებით, კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ ბრძანების ჩაუბარებლობიდან გამომდინარე, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაესაჩივრებინა იგი კანონით გათვალისწინებული წესით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ თ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში „შვებულებების მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის #551460 ბრძანებისა და „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის #1654584 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მოსარჩელე თ. გ-ის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო უზრუნველყოფის, ანალიზის და კოორდინაციის სამმართველოს რეგიონული სამსახურის ბათუმის რეგიონული ჯგუფის ყოფილი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ...ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანის დღიდან, 2017 წლის 7 მარტიდან მის სამსახურში აღდგენამდე, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული კომპენსაციის გათვალისწინებით, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით, თ. გ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

2018 წლის 10 იანვარს თ. გ-მა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების მიზნით შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში „შვებულებების მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის #551460 ბრძანებისა და „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის #1654584 ბრძანების არარად აღიარება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.

2018 წლის 28 მარტს თ. გ-მა მოპასუხეთა წრის დაზუსტების მიზნით შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მოპასუხედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია განსაზღვრა.

2018 წლის 23 აპრილს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ 2018 წლის 28 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით წარდგენილი შუამდგომლობა მოპასუხეთა წრის დაზუსტების თაობაზე მოხსნა. ამასთან, ამავე სხდომაზე კვლავ დაზუსტებულ იქნა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოსარჩელემ თ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში „შვებულებების მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის #551460 ბრძანებისა და „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის #1654584 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მოსარჩელე თ. გ-ის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო უზრუნველყოფის, ანალიზის და კოორდინაციის სამმართველოს რეგიონული სამსახურის ბათუმის რეგიონული ჯგუფის ყოფილი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ...ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანის დღიდან, 2017 წლის 7 მარტიდან მის სამსახურში აღდგენამდე, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული კომპენსაციის გათვალისწინებით, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით, თ. გ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის საოქმო განჩინებით შუამდგომლობა ხანდაზმულობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „შვებულებების მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის #551460 ბრძანება მოსარჩელე თ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის #1654584 ბრძანება მოსარჩელე თ. გ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე თ. გ-ის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო უზრუნველყოფის, ანალიზის და კოორდინაციის სამმართველოს რეგიონული სამსახურის ბათუმის რეგიონული ჯგუფის ყოფილი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ...ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და თ. გ-ის სასარგებლოდ მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანის დღიდან, 2017 წლის 7 მარტიდან მის სამსახურში აღდგენამდე, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული კომპენსაციის გათვალისწინებით შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება და ხანდაზმულობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ამავე სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის საოქმო განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის #551460 ბრძანებით, რეორგანიზაციის შედეგად, შტატების შემცირების საფუძვლით, მოსარჩელე თ. გ-ი გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო უზრუნველყოფის, ანალიზის და კოორდინაციის სამმართველოს რეგიონული სამსახურის ბათუმის რეგიონული ჯგუფის ყოფილი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ...ის თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის ერთ-ერთი საფუძველი რეორგანიზაციის შედეგად შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმებაა (შემცირება), ხოლო საშტატო ერთეულის გაუქმება გულისხმობს იმავე ფუნქციური დატვირთვის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე საშტატო ერთეულის, საშტატო ნუსხიდან ამოღებას (გაუქმებას). დაწესებულების რეორგანიზაცია შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს (სტრუქტურული ერთეულების სახელის ან/და დაქვემდებარების შეცვლა, შეერწყმა, გაყოფა და ა.შ.), მაგრამ შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირება გულისხმობს იმავე ფუნქციური დატვირთვის მქონე საშტატო ერთეულის გაუქმებას.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე თ. გ-ი ისეთ პირობებში იქნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო უზრუნველყოფის, ანალიზის და კოორდინაციის სამმართველოს რეგიონული სამსახურის ბათუმის რეგიონული ჯგუფის ყოფილი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ...ის თანამდებობიდან გათავისუფლებული და კადრების განკარგულებაში აყვანილი, როდესაც მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული, თავისი ფუნქციური დატვირთვით, არ ყოფილა გაუქმებული და იგი არსებობდა ახალი სტრუქტურული ფორმით მოწყობის პირობებში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანებაში მითითებული სამართლებრივი საფუძველი არ შეესაბამებოდა და წინააღმდეგობაში მოდიოდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლთან.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული კატეგორიის დავათა განხილვისას, არსებითად უნდა შემოწმებულიყო როგორც თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ, ასევე სამსახურიდან დათხოვნის შესახებ აქტების კანონიერება ერთობლიობაში. ამასთან, სარჩელის ხანდაზმულობა უნდა შეფასებულიყო ბოლოს გამოცემული აქტის ჩაბარების გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის თაობაზე კანონიერი იყო და უნდა დარჩენილიყო უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. კასატორები ასევე სადავოდ ხდიან ხანდაზმულობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს.

კასატორის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებით, სასამართლოს აქტის ბათილობის დასაბუთებისას არასწორად აქვს გამოყენებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 32-ე, 34-ე, 601 და 96-ე მუხლები. სასამართლოს არ დაუკონკრეტებია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელი ქმედება (ან უმოქმედობა) ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს ან საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ მიუთითებია, კონკრეტულად რომელი მტკიცებულებით დასტურდება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დარღვევების არსებობა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ გამოყენებული არც ერთი ნორმა, რომელიც საფუძვლად დაედო თ. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლებას, წინააღმდეგობაში არ მოდის არც საქართველოს კონსტიტუციასთან და არც საერთაშორისო სამართლის რომელიმე ნორმასთან. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად გამოყენებული ნორმებით ასევე არ დარღვეულა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.

ამასთან, კასატორი მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას. კასატორის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის #016 საშტატო საორგანიზაციო ბრძანებით განხორციელდა რეორგანიზაცია, კერძოდ, ცვლილება იქნა შეტანილი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საშტატო განრიგში, უფრო კონკრეტულად კი, გაუქმდა სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო უზრუნველყოფის, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა რეგიონალური სამსახურის ბათუმის რეგიონალური ჯგუფი. კასატორის მითითებით, სწორედ ბათუმის რეგიონალურ ჯგუფში მუშაობდა მოსარჩელე თ. გ-ი, ხოლო რეორგანიზაციის შემდგომ შეიქმნა საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის სამმართველო, რომელსაც აღარ გააჩნდა რეგიონალური ჯგუფები, მათ შორის, არც ბათუმის რეგიონალური ჯგუფი. ამდენად, ყოველივე აღნიშნული გახდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების, მათ შორის, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველი.

კასატორი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, არ არსებობდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის #551460 და ამავე წლის 11 ივლისის #1654584 ბრძანებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

კასატორი - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ მოახდინა ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების სრულყოფილი შესწავლა და ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი იურიდიული კვალიფიკაცია, შესაბამისად - არასწორი სამართლებრივი შეფასება.

კასატორის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანება გამოცემული იყო 2017 წლის 7 მარტს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანება - 2017 წლის 11 ივლისს, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იყო 2017 წლის 4 ოქტომბერს, გასული იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა, რის საფუძველზეც საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა თ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუმცა სასამართლოს მიერ აღნიშნული მოთხოვნა დაუსაბუთებლად არ იქნა დაკმაყოფილებული. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ საქმე არასწორად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით იქნა წარმოებაში მიღებული.

კასატორი, აგრეთვე, არ იზიარებს სასამართლოს მითითებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ გადაწყვეტილებებზე, რომლის მიხედვითაც, თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად, კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებაში მოცემული მაგალითები არის განზოგადებული და ბუნდოვანი. ამასთან, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს მისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას, რამდენადაც, ხსენებული განმარტების ჭეშმარიტების დაშვების შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება - კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაათავისუფლოს პირი სამსახურიდან, ყოველთვის შეეხება ინდივიდის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უფლებას. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დასახელებული ზემოაღნიშნული არგუმენტი უსაფუძვლოა.

კასატორის აღნიშვნით, ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელი საერთაშორისო ხასიათის ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტა დაუშვებელია „საპატიო მიზეზის გარეშე“. ეს უკანასკნელი (საპატიო მიზეზი) არსებობდა საშტატო შემცირებისა და რეორგანიზაციის სახით. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის რეორგანიზაციის განხორციელებისა და მისი კადრების განკარგულებაში აყვანის ფაქტს, დავის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სამინისტროდან თ. გ-ის დათხოვნის შესახებ 2017 წლის 11 ივლისის #1654584 ბრძანების ბათილად ცნობა. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად, რასთან დაკავშირებითაც, მოსარჩელეს პრეტენზია არ გამოუთქვამს. კასატორის განმარტებით, კანონმდებლობა სამინისტროს ანიჭებს უფლებამოსილებას, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდგომ გაათავისუფლოს კადრების განკარგულებაში აყვანილი თანამშრომელი, თუკი მისი შრომითი მოწყობის საკითხს დადებითად ვერ გადაწყვეტს, რომლის გადაწყვეტაც მთლიანად სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებათა სფეროს განეკუთვნება. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ მითითებული საფუძვლები წარმოადგენდა პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს თ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში „შვებულებების მივლინებების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის #551460 ბრძანებისა და „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 ივლისის #1654584 ბრძანების კანონიერება, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მოსარჩელე თ. გ-ის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო უზრუნველყოფის, ანალიზის და კოორდინაციის სამმართველოს რეგიონული სამსახურის ბათუმის რეგიონული ჯგუფის ყოფილი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ...ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანის დღიდან, 2017 წლის 7 მარტიდან მის სამსახურში აღდგენამდე, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული კომპენსაციის გათვალისწინებით, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით, თ. გ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება.

საკასაციო პალატა, უპირველესად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სარჩელის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, განსახილველ საქმეზე, არ არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, რამეთუ სადავო აქტების გამოცემა ერთობლიობაში ემსახურებოდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. დაუშვებელია, საკანონმდებლო რეგულაცია გამოყენებულ იქნეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა განხორციელების საშუალებად. სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი წესი არ უნდა იქნეს განმარტებული ვიწრო გაგებით და პირის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შემოწმების დროს, სარჩელის განხილვის დამაბრკოლებელ გარემოებად არ უნდა იქნეს მიჩნეული სამსახურიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანების ერთთვიან ვადაში, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის შრომითი უფლების დარღვევას ადგილი ჰქონდა მაშინ, როდესაც იგი დაითხოვეს სამინისტროდან და უარი უთხრეს თანამდებობაზე დანიშვნაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემული კატეგორიის დავათა განხილვისას არსებითად ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს როგორც თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ, ასევე, სამსახურიდან დათხოვნის შესახებ აქტების კანონიერება. ამასთან, სარჩელის ხანდაზმულობა უნდა შეფასდეს ბოლოს გამოცემული აქტის ჩაბარების გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის ერთ-ერთი საფუძველი რეორგანიზაციის შედეგად შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმებაა (შემცირება), ხოლო საშტატო ერთეულის გაუქმება გულისხმობს იმავე ფუნქციური დატვირთვის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე საშტატო ერთეულის, საშტატო ნუსხიდან ამოღებას (გაუქმებას). დაწესებულების რეორგანიზაცია შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს (სტრუქტურული ერთეულების სახელის ან/და დაქვემდებარების შეცვლა, შეერწყმა, გაყოფა და ა.შ.), მაგრამ შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირება გულისხმობს იმავე ფუნქციური დატვირთვის მქონე საშტატო ერთეულის გაუქმებას.

დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 7 მარტის #551460 ბრძანებით, რეორგანიზაციის შედეგად, შტატების შემცირების საფუძვლით, მოსარჩელე თ. გ-ი გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო უზრუნველყოფის, ანალიზის და კოორდინაციის სამმართველოს რეგიონული სამსახურის ბათუმის რეგიონული ჯგუფის ყოფილი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ...ის თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელე თ. გ-ი ისეთ პირობებში იქნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო უზრუნველყოფის, ანალიზის და კოორდინაციის სამმართველოს რეგიონული სამსახურის ბათუმის რეგიონული ჯგუფის ყოფილი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ...ის თანამდებობიდან გათავისუფლებული და კადრების განკარგულებაში აყვანილი, როდესაც მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული, თავისი ფუნქციური დატვირთვით არ გაუქმებულა და იგი არსებობს ახალი სტრუქტურული ფორმით მოწყობის პირობებში. შესაბამისად, მისი თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანებაში მითითებული სამართლებრივი საფუძველი წინააღმდეგობაში მოდის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლთან და არ შეესაბამება მას.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ისეთ პირობებში, როდესაც მოსარჩელე თ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანისას ადგილი არ ჰქონია მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის შემცირებას და შესაბამისად, არ არსებობდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის სამართლებრივი საფუძველი, მართლზომიერად იქნა კანონშეუსაბამოდ მიჩნეული მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც, როგორც თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ მის სამართლებრივ საფუძვლად კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლაა მითითებული, რადგან იგი წარმოადგენს მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის სამართლებრივ შედეგს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს მსგავს სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის #ბს-537(2კ-19) განჩინებით არარა აქტად ჩაითვალა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული ის აქტები, რომლითაც თანამდებობიდან იქნა გათავისუფლებული საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი. ამ მიმართულებით, განსახილველ დავაზე არსებით მნიშვნელობას იძენს ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის - თ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნები სრულად იქნა დაკმაყოფილებული, მისი მხრიდან გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ბუნებრივია, ადგილი არ ჰქონია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ გამოცემულ აქტებთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთიანი მიდგომის მხედველობაში მიღების შედეგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტები არა მხოლოდ კანონშეუსაბამო, არამედ, მეტიც, არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს, რამდენადაც ისინი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ საქმეზე, საკასაციო სასამართლო მოპასუხისა და მესამე პირის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებით არის შეზღუდული, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, მოსარჩელის მითითების გარეშე საკასაციო საჩივრების ავტორთა საუარესოდ იმსჯელოს სადავო აქტების არარად ცნობის საკითხთან დაკავშირებით, აგრეთვე, შესაბამისი საპროცესო-სამართლებრივი ღონისძიებების გამოყენების გზით, უზრუნველყოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირებაში დახმარების მოსარჩელისათვის შეთავაზება.

ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე თ. გ-ის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო უზრუნველყოფის, ანალიზის და კოორდინაციის სამმართველოს რეგიონული სამსახურის ბათუმის რეგიონული ჯგუფის ყოფილი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ...ის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის #786 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების“ მე-7 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის უფროსის უფლებამოსილებებს, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის უფროსი სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადაადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რამდენადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის #ბს-537(2კ-19) განჩინებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული აქტები არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად იქნა მიჩნეული, თ. გ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა არა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას კომპეტენციათა სფეროს მიეკუთვნა, რისი გათვალისწინებითაც, თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლებულ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა აღდგენა სწორედ ხსენებულ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დავალებოდა. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ სასარჩელო მოთხოვნა მის მიმართაც უნდა ყოფილიყო მიმართული, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქმეში არა როგორც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სავალდებულო მოწვევის მესამე პირად, არამედ მოპასუხედ უნდა ყოფილიყო ჩართული. თუმცა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს საჩივრის ფარგლებით შეზღუდვის პირობებში, არ არსებობს ხსენებული პროცესუალური ხარვეზის გამოსწორების პროცესუალურ-სამართლებრივი საშუალება, ხოლო, თავის მხრივ, აღნიშნული ხარვეზი ვერავითარ გავლენას ვერ იქონიებს საქმის შედეგზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი