Facebook Twitter

#ბს-576(კ-19) 4 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 27 ივნისს მ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 30 აგვისტოს მან განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა, კერძოდ, მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთს მ. ქ-ე და მამამისი - ნ. ქ-ე ფლობენ 1981 წლიდან, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწას. მოსარჩელის მითითებით, ხსენებულ მიწის ნაკვეთზე იყო დანგრეული შენობა, რომელიც ააშენეს, გადახურეს და აივანი მიუშენეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კანონის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად მ. ქ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, აგრეთვე მათ მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაუგზავნა, თუმცა კომისიის მიერ 2018 წლის 30 აპრილს მიღებული იქნა #583 განკარგულება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

ამდენად, მოსარჩელემ „მიწის ნაკვეთზე მ. ქ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 30 აპრილის #583 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის მ. ქ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელი მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა. ამავე კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, უდავო იყო, რომ მ. ქ-ის დაინტერესებაში მყოფი მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში. ამდენად, ზემოაღნიშნული დანაწესის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება არ ექვემდებარეობოდა აღიარებას. ეს გარემოება კი, თავისთავად, სრულიად მეორეხარისხოვან მტკიცებულებებად აქცევდა მეზობელთა ნოტარიულად დამოწმებულ ხელწერილებს, რომლითაც ისინი ადასტურებდნენ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მ. ქ-ის მიერ ფლობის ფაქტს, რადგანაც მათ მნიშვნელობა ექნებოდათ მაშინ, თუ მიწის ნაკვეთი დაექვემდებარებოდა საკუთრების უფლებით აღიარებას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში კი, ზემოაღნიშნული სპეციალური შეზღუდვის პირობებში, მასზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელი იყო, რის გამოც მეზობელთა ხელწერილები ამ გარემოების მიმართ არარელევანტურ მტკიცებულებებად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა არა მხოლოდ სამართლებრივი შემოწმების თვალსაზრისით, არამედ იგი თვლიდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთს ფლობდა 35 წელზე მეტი, სარგებლობდა მისით და ხსენებული ნაკვეთი არ წარმოადგენდა რაიმე სახის სარეკრეაციო ზონას. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა დაენიშნა საქმის განხილვა და ჩაეტარებინა სხდომა მხარეთა მონაწილეობით, რის შედეგადაც მოსარჩელეს ექნებოდა შესაძლებლობა, სასამართლო პროცესზე დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია. კასატორის მოსაზრებით, ყოველივე ზემოხსენებული წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას, რაც გასაჩივრებული განჩინების უპირობო გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

კასატორი აგრეთვე, აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 ნოემბრის წერილით, რომელიც გაეგზავნა მერიის კომისიას იმ მოტივით, რომ ეს ორგანო ითხოვდა მათგან შესაბამის დასკვნას მ. ქ-ის მიერ ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართულ განცხადებასთან დაკავშირებით, არქიტექტურის სამსახურს არ გამოუთქვამს უარყოფითი პოზიცია მ. ქ-ის მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებასთან მიმართებით. პირიქით, არქიტექტურის სამსახურმა კომისიას მიუთითა ხსენებული მიწის ნაკვეთის ღირებულების შესახებ, რაც ნიშნავდა იმას, რომ ამ ნაკვეთს არ ჰქონდა რეკრეაციული დანიშნულება. აღნიშნული ფაქტიც ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელეს პრეტენზია ჰქონდა არა მხოლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ ნიუანსებთან, არამედ, აგრეთვე, არასწორად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მ. ქ-ის სარჩელს თან ერთვის სანოტარო წესით დამოწმებული მეზობლების განცხადება, რითიც მათ დაადასტურეს მოსარჩელის მიერ 1981 წლიდან სადავო მიწის ნაკვეთის შემოღობვის, ფლობის, სარგებლობისა და მოვლის ფაქტი. კასატორისათვის საგულისხმოა ისიც, რომ განმცხადებლები გაფრთხილებული იყვნენ არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე.

ამასთან, კასატორის მითითებით, კომისიამ მის მეზობლებს ანალოგიურ ტერიტორიაზე უღიარა საკუთრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი. ამასთან, კასატორს – მ. ქ-ეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „მიწის ნაკვეთზე მ. ქ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 30 აპრილის #583 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის მ. ქ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა. ამავე კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მ. ქ-ის დაინტერესებაში მყოფი მიწის ნაკვეთი მოქცეულია სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში. ამდენად, ზემოაღნიშნული დანაწესის საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება არ ექვემდებარებოდა აღიარებას. ეს გარემოება კი, თავისთავად, სრულიად მეორეხარისხოვან მტკიცებულებებად აქცევს მეზობელთა ნოტარიულად დამოწმებულ ხელწერილებს, რომლითაც ისინი ადასტურებენ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მ. ქ-ის მიერ ფლობის ფაქტს, რადგანაც მათ მნიშვნელობა ექნებოდათ მაშინ, თუ მიწის ნაკვეთი დაექვემდებარებოდა საკუთრების უფლებით აღიარებას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში კი, ზემოაღნიშნული სპეციალური შეზღუდვის პირობებში, მასზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია, რის გამოც მეზობელთა ხელწერილები ამ გარემოების მიმართ არარელევანტურ მტკიცებულებებად უნდა იქნეს მიჩნეული.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მოსაზრებაზე, კერძოდ, კომისიამ მის მეზობლებს ანალოგიურ ტერიტორიაზე უღიარა საკუთრება და საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. აღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, თავისთავად ვერ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას და არსებითად იდენტური საქმის გარემოებების თვითნებურად არათანაბრად შეფასებისა და აქედან გამომდინარე, უკანონო გადაწყვეტილების მიღების დაუშვებლობას. ეს პრინციპი გულისხმობს თანასწორობას კანონიერებაში და არა უკანონობაში. შესაბამისად, თუკი მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მეზობლებს სარეკრეაციო ზონაში კომისიამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება უკანონოდ უღიარა, აღნიშნული ვერ იმოქმედებს მ. ქ-ის მიმართ და სხვა პირისათვის სავარაუდოდ კანონდარღევით საკუთრების უფლების აღიარება ვერ გამოდგება კომპარატორად თანასწორობის პრინციპის დარღვევის დადგენისათვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს - მ. ქ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორს - მ. ქ-ეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება;

3. მ. ქ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 90 ლარის გადახდა;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი