Facebook Twitter

#ბს-593(კ-19) 4 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 12 სექტემბერს ა. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის კორპ. #29გ-ს მიმდებარედ 419 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ფლობს 1997 წლიდან დღემდე. მოსარჩელის მითითებით, მან 2017 წლის 4 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, კორპ. #29გ-ს მიმდებარედ (419 კვ.მ). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 იანვრის #... წერილით კი განცხადება გადაგზავნილი იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების კომისიაში, თუმცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 1 აგვისტოს #1016 განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე.

ამდენად, მოსარჩელემ „მიწის ნაკვეთზე ა. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 1 აგვისტოს #1016 განკარგულების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის მიწის ნაკვეთზე ა. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 1 აგვისტოს #1016 განკარგულება „მიწის ნაკვეთზე ა. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩაზე, კორპუსი #29გ-ს მიმდებარედ არსებულ 419 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ა. ნ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ იყო საფუძვლიანად დასაბუთებული, თუ რატომ არ იქნა მიჩნეული უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ა. ნ-ის მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადება და მასზე თანდართული მტკიცებულებები „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, კორპუსი #29გ-ს მიმდებარედ არსებულ 419 კვ.მ მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების შეფასებისას საკმარის საფუძვლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილების მე-17 მუხლის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. ამდენად, კომისია უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, თუკი განცხადებისათვის თანდართული დოკუმენტებით არ დასტურდება მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ან/და თვითნებურად დაკავების ფაქტი.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების საფუძველზე დადგინდა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (დანგრეული) და დროებითი (1 - თაბაშირ-მუყაოს მსუბუქი კონსტრუქცია და 2 - თუნუქის ფურცლისა და ხის ნაგებობა) შენობები.

კასატორის მითითებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის აუცილებელია მასზე შენობის არსებობის ფაქტის დადასტურება. საქმესთან დაკავშირებით არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორი აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ვერ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. კერძოდ, ნაკვეთზე არსებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა კანონის მიხედვით, უნდა იყოს აშენებული და არა დანგრეული, ხოლო რაც შეეხება მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ორი სახის კონსტრუქციას, იგი წარმოადგენს დროებით ნაგებობას, რომლის არსებობა არ განაპირობებს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობიდან გამომდინარე.

კასატორის აღნიშვნით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს შენობად. აღნიშნული მუხლის თანახმად, შენობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა, ხოლო ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, დროებითი შენობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.

კასატორის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ა. ნ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, სადავო გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, არ იყო განთავსებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობა, რომლის არსებობაც ხსენებული კანონის იმპერატიული მოთხოვნაა საკუთრების უფლების აღიარებისათვის, კომისია, წარდგენილი მტკიცებულებებისა და საქმის წარმოების დროს შესწავლილი და გამოკვლეული გარემოებების გათვალისწინებით, მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა ა. ნ-ის განცხადება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არ იქნა წარდგენილი კანონით გათვალისწინებული ის დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით კანონის ამოქმედებამდე ფლობა/სარგებლობა და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კანონის ამოქმედებამდე კაპიტალური ნაგებობის განთავსების ფაქტი. კასატორი აღნიშნავს, რომ კომისიამ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა უკეთ შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით ჩაატარა ადგილზე დათვალიერება, რის საფუძველზეც და ასევე წარდგენილი დოკუმენტაციის ერთობლიობაში გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, დაადგინა, რომ ა. ნ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (დანგრეული) და დროებითი ნაგებობები, ხოლო კაპიტალური ნაგებობის არსებობის ფაქტი არ დადგენილა, რაც განსახილველ შემთხვევაში, უფლების აღიარების გამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენს.

ამასთან, კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას ადგილზე დათვალიერების ოქმის ან სხვა რაიმე წერილობითი სახის მტკიცებულების წარუდგენლობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ადგილზე დათვალიერების ოქმი წარმოდგენილია საქმეში, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოუკვლევია და ყურადღება არ მიუქცევია არსებული მტკიცებულებებისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებისათვის, რაც, კასატორის მოსაზრებით, ასევე ადასტურებს გადაწყვეტილების უკანონობასა და უსაფუძვლობას.

კასატორის აღნიშვნით, სააპელაციო სასამართლო სადავო განჩინებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებისა და სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად, აგრეთვე, უთითებს შპს „...ის“ 2018 წლის 25 სექტემბრის დასკვნაზე. კასატორი განმარტავს, რომ ხსენებული დასკვნა ა. ნ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის 1996 წლიდან ფლობასთან დაკავშირებით ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ მეზობლების განმარტებას, რაც მტკიცებულებითი თვალსაზრისით, უთანაბრდება მოწმეთა ჩვენებას. ამდენად, კასატორი აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კონკრეტულ საკითხთან მიმართებით გაკეთებულია მხოლოდ რამდენიმე მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით, სასამართლოს მიერ არ უნდა ყოფილიყო ცალსახად გაზიარებული, როგორც სადავო გარემოების დამდგენი სარწმუნო მტკიცებულება. გარდა ამისა, ა. ნ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 მარტის #5001465218 წერილზე, რომლის თანახმად, ორთოფოტოზე დაფიქსირებული ობიექტების გარდა, შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობის განსაზღვრა მეცნიერულად დასაბუთებული შესაბამისი სახის მეთოდიკის არარსებობის გამო, შეუძლებელია. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მითითებული წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შენობა-ნაგებობის ხანდაზმულობის დადგენა შესაძლებელია აღნიშნული შენობა-ნაგებობის შესაბამისი თარიღის ორთოფოტოზე არსებობით. მოცემულ შემთხვევაში კი, 2005 წლის და 2010 წლის ორთოფოტოებით მითითებულ ნაკვეთზე კაპიტალური შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი არ დასტურდება. ამასთან, სასამართლოს მიერ მითითებული ექსპერტიზის დასკვნაც მიუთითებს მასზედ, რომ შენობა-ნაგებობა აშენებულია ანაკრები ელემენტებისაგან, რისი გათვალისწინებითაც, იგი წარმოადგენს დროებით შენობა-ნაგებობას.

კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას და განმარტავს, რომ სასამართლოს არ მიუთითებია, კონკრეტულად რომელი გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რასაც არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა საკითხის გადაწყვეტისათვის. კასატორი მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, აღნიშნული სასამართლოს მხრიდანაც ვერ იქნა მითითებული და ამ მოცემულობაში, სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და მიიღო როგორც საპროცესო, ასევე, მატერიალური ნორმების დარღვევების შემცველი გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც საქმეში დაცული მტკიცებულებები სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლეოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „მიწის ნაკვეთზე ა. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 1 აგვისტოს #1016 განკარგულების კანონიერება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის მიწის ნაკვეთზე ა. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე. კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა დადასტურება იმისა, მიწის ნაკვეთზე ა. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ისეთ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რაც განსაზღვრულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებულ განკარგულებაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მითითებულია, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (დანგრეული) და დროებითი (1 - თაბაშირმუყაოს მსუბუქი კონსტრუქცია და 2 - თუნუქის ფურცლისა და ხის ნაგებობა) შენობები, რაც წარმოადგენდა ა. ნ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს და შესაბამისად არ დასტურდებოდა განმცხადებლის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. თუმცა სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მხოლოდ აღნიშნულის მითითება ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ვერ იქნებოდა მიჩნეული იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები, რამეთუ აღნიშნულ ფაქტს სადავოდ ხდიდა მოსარჩელე მხარე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს შპს „...ის“ 2018 წლის 25 სექტემბრის დასკვნაზე #90/18, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმება ჩაუტარდა ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ...ის ქუჩა #29გ კორპუსის მიმდებარედ, მოქალაქე ა. ნ-ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე ნაგებობას მისი ტექნიკური მდგომარეობისა და საექსპლუატაციო ვარგისიანობის შესახებ, ასევე შენობის კაპიტალურობის შეფასების მიზნით და დადგინდა, რომ ნაკვეთი პერიმეტრზე შემოსაზღვრულია წრიული განივკვეთის ფოლადის მილებით, რომლებზედაც დამონტაჟებულია ფოლადის წვრილუჯრედიანი ბადე. ა. ნ-ეს მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გააჩნია დამხმარე ნაგებობა და საცხოვრებელი შენობა. მოცემული ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ექსპლოატაციისათვის ვარგისი. რაც შეეხება მათი კონსტრუქციის კაპიტალურობას, შენობა-ნაგებობები კონსტრუქციული სქემისა და დასაძირკვლების პირობების მიხედვით მიეკუთვნება ხანგრძლივი ექსპლოატაციის (კაპიტალურ) ნაგებობებს. რაც შეეხება ხნოვანებას, მათი მასალისა და გარვეული თავისებურებების გათვალისწინებით ხნოვანება არანაკლებ 15-16 წელია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ იყო საფუძვლიანად დასაბუთებული, თუ რატომ არ იქნა მიჩნეული უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ა. ნ-ის მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადება და მასზე თანდართული მტკიცებულებები „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, კორპუსი #29გ-ს მიმდებარედ არსებული 419 კვ.მ მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების შეფასებისას საკმარის საფუძვლად.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი