Facebook Twitter

#ბს-600(კ-19) 4 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 4 ოქტომბერს ე. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1975-77 წლებში მან გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური, ს/წოდება უმცროსი სერჟანტი. 1992 წლის 1 მაისიდან 1993 წლის 1 აგვისტომდე იმსახურა საქართველოს ეროვნული გვარდიის „ქ. ჩოლოყაშვილის სახელობის“ პოლკში ...ად, ...ის უფროსად. მიღებული აქვს მონაწილეობა საქართველოს მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, რა დროსაც სოფ. ...თან 1993 წლის 2 ივლისს დაიჭრა. მკურნალობის შემდეგ იგი არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი სამხედრო ტრავმით (მუდმივად). მიუხედავად სამხედრო ტრავმისა და ინვალიდობისა, მას არ ჰქონდა დანიშნული სამხედრო პენსია, რადგან ვერ მოიპოვა მიმართვა თავდაცვის სამინისტროდან სოციალური მომსახურების სააგენტოში სამხედრო პენსიის დასანიშნად.

მოსარჩელის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებები ე. ლ-ის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ე. ლ-ის წელთა ნამსახურობის გაანგარიშება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, სამხედრო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, მას 2016 წლის 1 ივნისიდან დაენიშნა კომპენსაცია თავდაცვის სამინისტროს ხაზით მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო თვეში 274 (230+44) ლარის ოდენობით უვადოდ. 2016 წლის 1 ივნისამდე ე. ლ-ე იღებდა სოციალურ პაკეტს (მეორე ჯგუფი) თვეში 203 (159+44) ლარის ოდენობით. მოსარჩელის მითითებით, მან მოპასუხის უკანონო ქმედების შედეგად 2013 წლის 1 მაისიდან 2016 წლის 1 ივნისამდე ყოველთვიურად განიცადა ზიანი 71 ლარის ოდენობით, რაც 37 თვის განმავლობაში შეადგენს 2 627 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 2 627 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ე. ლ-ის სასარგებლოდ 2 627 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად ე. ლ-ის მიერ მოპასუხისადმი 2013 წლის პირველ მაისს მიმართვისა, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არ უზრუნველყო მოთხოვნილი დოკუმენტის გაცემა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაც დადგენილია, რომ თავდაცვის სამინისტროს უარი იყო უკანონო და მას თავიდანვე ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულება, რომ გაეცა მოთხოვნილი ინფორმაცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, ასევე ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი წინაპირობა შემოიფარგლება კონკრეტული ვალდებულებითი ურთიერთობით და დამოკიდებულია ამ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიღების ალბათობაზე. კასატორის მითითებით, როდესაც მოსარჩელისათვის წარმოიშვა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის სამართლებრივი საფუძველი, თავდაცვის სამინისტრომ მაშინვე განახორციელა შესაბამისი ქმედება და წერილობითი მიმართვა წარდგენილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ე. ლ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ თავდაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართა 2013 წლის პირველ მაისს, თუმცა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 28 მაისის #3/4-1352/13 და 2013 წლის 4 ივლისის #3/4-1876/13 წერილებით მას უარი ეთქვა მის შესახებ ბრძანებიდან ამონაწერის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ბრძანებებს (01.10.92წ. #61, 01.08.93წ. #99/1, 01.05.92 #7, 06.93 #74/3 და #51/8) არ გააჩნდა შესაბამისი რეკვიზიტები. ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოებში საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემდგომ კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2014 წლის 3 მარტის MOD 6 14 00124271 წერილით ე. ლ-ეს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 2 მაისის MOD 5 14 00001203 ბრძანებით ე. ლ-ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ე. ლ-ე მსახურობდა სამხედრო სამსახურში. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მას მინიჭებული ჰქონდა სამხედრო წოდება და მიღებული აქვს სამხედრო ტრავმა. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, კანონიერ ძალაში შესული 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2014 წლის 3 მარტის MOD 6 14 00124271 გადაწყვეტილება და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 2 მაისის MOD 5 14 00001203 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ე. ლ-ის წელთა ნამსახურობის გაანგარიშება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, სამხედრო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება როგორც ე. ლ-ის მიერ სამხედრო სამსახურის გავლა და შესაბამისი წოდების ქონა, ისე მის მიერ სამხედრო სამსახურში ტრავმის მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, ე. ლ-ეს დაენიშნა კომპენსაცია კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით თავდაცვის სამინისტროს ხაზით მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის სტატუსის გამო.

მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად ე. ლ-ის წელთა ნამსახურობის გაანგარიშება, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ 2016 წლის პირველი ივნისიდან მოსარჩელე იღებს კომპენსაციას თავდაცვის სამინისტროს ხაზით მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის სტატუსის გამო თვეში 230 ლარს, საყოფაცხოვრებო სუბსიდიას - 44 ლარის ოდენობით (უვადოდ).

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მითითებულ კომპენსაციას ე. ლ-ე იღებს 2016 წლის პირველი ივნისიდან, ხოლო სახელმწიფო პენსიის დანიშვნამდე მას დანიშნული ჰქონდა სოციალური პაკეტი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს და გასაცემლის ოდენობა შეადგენდა 203 ლარს.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მატერიალური ზიანის სახით 2 627 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ დაკისრებული ვალდებულების ჯეროვანი და დროული შესრულების შედეგად, 2013 წლის მაისიდან მიიღებდა კუთვნილი ოდენობის კომპენსაციას, თუმცა მოპასუხის ქმედების გამო, მას სახელმწიფო პენსია შესაბამისი ოდენობით დაენიშნა მხოლოდ 2016 წლის ივნისიდან.

სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 42.9 მუხლით (ამჟამად მოქმედი რედაქციის 18.4 მუხლი).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208.1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ე. ლ-ის მიერ კომპენსაციის სათანადო ოდენობით მისაღებად მას უნდა წარედგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ინფორმაცია, თუმცა მიუხედავად მოპასუხისადმი 2013 წლის პირველ მაისს მიმართვისა, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არ უზრუნველყო მოთხოვნილი დოკუმენტის გაცემა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი დგინდება, რომ თავდაცვის სამინისტროს უარი იყო უკანონო და მას თავიდანვე ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულება გაეცა მოთხოვნილი ინფორმაცია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი