Facebook Twitter

#ბს-601(კ-19) 4 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 14 მარტს დ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, მას 1997 წლის 4 სექტემბერს მაშინდელი სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის ქედის რაიონული განყოფილების #104607 აქტის საფუძველზე, დაენიშნა შეზღუდული შრომისუნარიანობის მეორე ჯგუფის პენსია ერთი წლის ვადით. მას შემდეგ ყოველწლიურად, წელიწადში ერთხელ, დ. ა-ე გადიოდა შრომით საექსპერტო კომისიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად და კომისიაზე ყოველი გავლის შემდეგ თითო წლით უხანგრძლივებდნენ შრომის უუნარობის მეორე ჯგუფის ხარისხს. ეს პროცედურა გრძელდებოდა 1997 წლიდან 2003 წლამდე, ექვსი წლის განმავლობაში. 2003 წლის 26 ნოემბერს დ. ა-ემ კვლავ გაიარა საექიმო საექსპერტო კომისია სადაც კვლავ დაუდგინდა შრომისუუნარობის მეორე ხარისხი ერთი წლის ვადით, მაგრამ 28 ნოემბერს იგი კვლავ გაატარეს კომისიაზე და შრომისუუნარობა დაუდგინდა უვადოდ. მას შემდეგ, 2017 წლის ივლისამდე, დ. ა-ე იღებდა პენსიას, ხოლო აღნიშნული დროიდან გაურკვეველი მიზეზის გამო შეუწყვიტეს პენსიის გაცემა. გაირკვა, რომ პენსიის შეჩერების მიზეზი იყო საპენსიო საქმეში არსებული ჩანაწერი, რომ 2003 წლის ნოემბერში შედგენილ ერთ აქტში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეს შშ სტატუსი მინიჭებული ჰქონდა უვადოდ, მეორე აქტში კი ასეთი სტატუსი მინიჭებული ჰქონდა ერთი წლის ვადით - 2004 წლის 1 დეკემბრამდე. ამ მიზეზით დ. ა-ეს 2014 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აპრილამდე სოციალური დახმარების გაცემა ჩაეთვალა უკანონოდ და 2017 წლის 1 ივლისიდან შეუწყდა პენსიის გაცემა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა, ითხოვს მის გაუქმებას და სოციალური დახმარების აღდგენას.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების მიერ დ. ა-ის მიმართ 2016 წლის 10 მარტს გამოცემული შემოწმების აქტის, მის საფუძველზე გამოცემული სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 4 დეკემბრის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 5 მაისის #1 ოქმის დ. ა-ის ნაწილში ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 4 დეკემბრის #04-15-03/1035 წერილის ბათილად ცნობა და დ. ა-ისათვის 2017 წლის 1 ივლისიდან სოციალური დახმარების აღდგენა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატისათვის გადახდილი სასამართლო ხარჯების - 200 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების მიერ დ. ა-ის მიმართ 2016 წლის 10 მარტს გამოცემული შემოწმების აქტი და მის საფუძველზე გამოცემული სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 4 დეკემბრის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 5 მაისის ოქმი #1 დ. ა-ის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი დ. ა-ის მიმართ სოციალური პაკეტის შეწყვეტის და თანხის გადახდის მოთხოვნის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 4 დეკემბრის #04-15-03/1035 წერილი; მოსარჩელე დ. ა-ეს აღუდგა სოციალური სახელმწიფო გასაცემლის მიღება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონულ განყოფილებას დაევალა მოსარჩელე დ. ა-ის სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურება 2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონულმა განყოფილებამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ა-ეს 2003 წლის 28 ნოემბრიდან შპს „...ოს“ #037950 აქტის საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მინიჭებული აქვს უვადოდ. ამასთან, იგი აღრიცხვაზე იმყოფებოდა სსიპ სოციალური მომსახურების ქედის რაიონულ განყოფილებაში და იღებდა შესაბამის სახელმწიფო გასაცემელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. მისთვის არ მოუთხოვიათ ხელახლა კომისიაზე გავლა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სოციალური სამსახური ეყრდნობოდა ქედის სსე ბიუროს 2003 წლის 28 ნოემბრის #13/173 შემოწმების აქტს, მაშინ 2004 წლის 1 დეკემბრიდან მისთვის უნდა მოეთხოვა კომისიაზე ხელახლა გავლა და გაუვლელობის შემთხვევაში იარსებებდა სოციალური პაკეტი შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. სხვა მხრივ, არ არსებობდა სოციალური გასაცემლის შეწყვეტის საფუძველი და არც კომისიის გადაწყვეტილებაშია მითითებული კონკრეტული ნორმა, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა მიღებული მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე დ. ა-ეს უსაფუძვლოდ შეუწყდა სოციალური პაკეტი და სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 4 დეკემბრის #04-15-03/1035 წერილით უსაფუძვლოდ იყო მოთხოვნილი 840 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონულმა განყოფილებამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, დ. ა-ის სამედიცინო საქმე ინახებოდა ქედის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროში და წვდომა განყოფილებას არ ჰქონდა, შესაბამისად, ორ აქტს შორის შედარებას იგი ვერ შეძლებდა. რეორგანიზაციის შემდეგ, როდესაც ქედის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიურო დაიშალა, ბენეფიციართა სამედიცინო საქმეები 2007 წელს გადაეცა სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონულ განყოფილებას და განთავსდა ბენეფიციართა საქმეებში. კასატორის აღნიშვნით, ორ აქტს შორის შეუსაბამობა აღმოჩენილ იქნა კონტროლის დეპარტამენტის მიერ. 2006 წლის 10 მარტს შედგენილ იქნა აქტი ზედმეტად ჩარიცხული სახელმწიფო გასაცემლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებაზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის #04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის სხდომის 2017 წლის 5 მაისის ოქმის საფუძველზე კი, 2017 წლის 1 ივლისიდან მოსარჩელეს შეუწყდა სოციალური გასაცემლის დარიცხვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სოციალური გასაცემლის შეწყვეტის შესახებ დ. ა-ისათვის ცნობილი გახდა 2017 წლის 4 დეკემბერს #04-15-03/1035 წერილით. კასატორი განმარტავს, რომ მართალია, განყოფილების მიერ გაგზავნილ წერილში არ იყო მოთხოვნილი ხელახლა კომისიაზე გავლა, თუმცა დ. ა-ეს კანონმდებლობა არ ზღუდავდა, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის მიემართა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის მიზნით. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ სოციალურ სამსახურს არ გააჩნია არანაირი ვალდებულება, რომ ბენეფიციარს კომისიაზე გავლა დაავალდებულოს.

კასატორი მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის #1/ნ ბრძანებით დამტკიცებული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ გადამოწმებისას დაუდგინდებათ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი გადამოწმების ვადით, ამასთან, ჯანმრთელობის მოშლის გამო აღენიშნებათ ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა მყარი, შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებები და ფუნქციური დარღვევები და ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად არ მომხდარა დარღვეული ქმედობაუნარიანობის აღდგენა ან გაუმჯობესება, სტატუსის გადამოწმების ვადის ათვლა განესაზღვრებათ პირველადად დადგენილი სტატუსის მინიჭებიდან, მისი არსებობის პერიოდის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა 18 წლამდე ასაკში აღემატება 5 წელს, სტატუსის მინიჭება მოხდება გადამოწმების გარეშე - უვადოდ. ამდენად, კასატორის აღნიშვნით, მისთვის ცნობილია, რომ დ. ა-ემ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი პირველად დაიდგინა 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, 1997 წლის 4 სექტემბერს და არა ბავშვობიდან.

კასატორი მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის #1/ნ ბრძანებით დამტკიცებული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის მე-8 მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც გარკვეული ვადითა და მიზეზებით შეჩერებული ჰქონდა დადგენილი სტატუსი, აღნიშნული სტატუსის ხელახლა დადგენის შემთხვევაში, როდესაც ჯანმრთელობის მოშლის გამო აღენიშნება ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა მყარი, შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებები და ფუნქციური დარღვევები, ამასთან, ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად არ მომხდარა დარღვეული ქმედობაუნარიანობის აღდგენა ან გაუმჯობესება, სტატუსის გადამოწმების ვადა განესაზღვრება პირველადად დადგენილი სტატუსის მინიჭებიდან, მისი არსებობის პერიოდის ჩათვლით.

კასატორი მიიჩნევს, რომ საექსპერტო კომისიამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის #1/ნ ბრძანებით დამტკიცებული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის მე-8 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მიიღო გადაწყვეტილება და დ. ა-ეს დაუდგინა სტატუსი ერთი წლის ვადით, რამდენადაც სტატუსის გადამოწმების ვადა განესაზღვრა პირველადად დადგენილი სტატუსის მინიჭებიდან, მისი არსებობის პერიოდის ჩათვლით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების მიერ დ. ა-ის მიმართ 2016 წლის 10 მარტს გამოცემული შემოწმების აქტის, მის საფუძველზე გამოცემული სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 4 დეკემბრის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 5 მაისის #1 ოქმის კანონიერება დ. ა-ის ნაწილში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 4 დეკემბრის #04-15-03/1035 წერილის კანონიერება და დ. ა-ისათვის 2017 წლის 1 ივლისიდან სოციალური დახმარების აღდგენა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის #279 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სოციალური პაკეტი შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი.

ამავე კანონის მე-121 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ კანონის შესაბამისად სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძველია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე დ. ა-ე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით 1997 წლიდან აღრიცხვაზე იმყოფებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონულ განყოფილებაში და იღებდა შესაბამის სახელმწიფო გასაცემელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. ამასთან, დადგენილია, რომ დ. ა-ეს 2003 წლის 28 ნოემბრიდან შპს „ქედის რაიპოლიკლინიკის სსე ბიუროს“ #037950 აქტის საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მინიჭებული აქვს უვადოდ. იგი აღრიცხვაზე იმყოფებოდა სსიპ სოციალური მომსახურების ქედის რაიონულ განყოფილებაში და იღებდა შესაბამის სახელმწიფო გასაცემელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელისათვის არ მოუთხოვიათ კომისიაზე ხელახლა გავლა და იმ შემთხვევაში, თუკი სოციალური სამსახური ეყრდნობოდა ქედის სსე ბიუროს 2003 წლის 28 ნოემბრის #13/173 შემოწმების აქტს, მაშინ 2004 წლის 1 დეკემბრიდან მისთვის უნდა მოეთხოვათ კომისიაზე ხელახლა გავლა, ხოლო გაუვლელობის შემთხვევაში იარსებებდა „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის #279 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. სხვა მხრივ არ არსებობდა სოციალური გასაცემლის შეწყვეტის საფუძველი. საგულისხმოა, რომ არც კომისიის გადაწყვეტილებაშია მითითებული კონკრეტული ნორმა, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა მიღებული მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, მიუთითებს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი გადამოწმების გარეშე უდგინდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მოშლის გამო აღენიშნება ორგანიზმის სისტემებისა და ორგანოთა მყარი, შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებები და აქვს ფუნქციური დარღვევები, როცა ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებები არ იძლევა ეფექტს, არ ხდება დარღვეული ქმედობაუნარიანობის აღდგენა ან გაუმჯობესება დაწესებულებაში არანაკლებ 5 წლის დაკვირვების შემდეგ.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დ. ა-ის მიმართ 1997 წლიდან - 2003 წლამდე, ყოველწლიურად გავლილი შემოწმებისას სსუ ბიუროს მიერ გაცემულია ერთნაირი დასკვნა, კერძოდ, მას ზედიზედ 6 (ექვსი) წლის განმავლობაში უდგინდებოდა შესაძლებლობის შეზღუდვის მნიშვნელოვნად გამოხატული ფორმა მეორე ხარისხის, რის გამოც 2003 წლის 28 ნოემბერს სსუ კომისიის #13/173 აქტით დ. ა-ისთვის უნდა განსაზღვრულიყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი არა ერთი წლით, არამედ - უვადოდ, თუმცა კომისიამ იმავე დღეს მეორედ გამოცემული #037950 აქტით სავსებით კანონიერად დაუდგინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უვადოდ, რაც სრულად შეესაბამება ზემოხსენებუული კანონის შესაბამის ნორმებს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დ. ა-ეს უსაფუძვლოდ შეუწყდა სოციალური პაკეტი და ასევე უსაფუძვლოდ იყო მოთხოვნილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი