#ბს-625(კ-19) 18 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 26 სექტემბერს ნ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების 2017 წლის 23 მარტის #04-06-06/506 წერილისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 4 სექტემბრის #04/56296 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 2014 წლის 1 ივლისიდან მიუღებელი პენსიის, ჯამში - 6 040 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი რეგისტრირებულია და მუდმივად ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფ. რუფოთში. კომუნალური გადასახადების ქვითრები მისდის ბინაზე. მისი ადგილსამყოფელი ყველამ იცის. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას ჰყავს 7 შვილი და ამ კუთხითაც ცნობილია თავის მხარეში. 2017 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში მოსარჩელისთვის ადგილობრივი გამგებლისგან გახდა ცნობილი, რომ თურმე მას ეძებდა სოციალური მომსახურების სააგენტო, ვერ იპოვნეს და შეუწყვიტეს პენსია.
2017 წლის აგვისტოში მოსარჩელემ მიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს და მოითხოვა დაგროვილი პენსიის გადაცემა, რასთან დაკავშირებითაც მიიღო უარი, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, არღვევს კანონს და დადგენილ სასამართლო პრაქტიკას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების 2017 წლის 23 მარტის #04-06-06/506 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 4 სექტემბრის #04/56296 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე - ნ. გ-ის სასარგებლოდ მიუღებელი პენსიის - ჯამში 6040 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით შეაფასა, რამდენად კანონიერად მოხდა მოსარჩელისათვის სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება, ხოლო მოგვიანებით მისი შეწყვეტა, ასევე, ის საკითხი, უნდა აუნაზღაურდეს თუ არა მოსარჩელეს პენსიის შეჩერებიდან მიუღებელი თანხა (პენსია). სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქმე ბს-365-360(კ-16), 25 მაისი, 2017 წელი) და აღნიშნა, რომ ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, ანუ შეჩერებისა და შეწყვეტის აქტების გამოცემის პროცედურის დაცვის შემთხვევაში დადგებოდა იგივე შედეგი. აპელანტს ამ მიმართებით რაიმე არგუმენტაცია არ წარუდგენია. ამდენად, ადგილი ჰქონდა ისეთ მნიშვნელოვან პროცედურულ დარღვევას, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
სასამართლოს მითითებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს თავის დროზე რომ ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება და მიეწვიათ ნ. გ-ე, მათთვის ცნობილი გახდებოდა, რომ ეს უკანასკნელი აპირებდა საცხოვრებელ სახლში რემონტის გაკეთებას, ამის გამო არ იღებდა პენსიას სს „... ბანკიდან“ და აგროვებდა ფულს. ასევე, პენსიის შეჩერების პერიოდში რომ მომხდარიყო ნ. გ-ის ინფორმირება პენსიის გაცემის შეჩერებასთან და შეჩერების მიზეზთან დაკავშირებით, არ დადგებოდა ის გარემოება, რამაც განაპირობა მოგვიანებით პენსიის გაცემის შეწყვეტა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ ნ. გ-ეს სახელმწიფო პენსიის ჩარიცხვა შეუჩერდა 01.07.2014 წლიდან, ბანკიდან ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის მიზეზით და 01.07.2017 წლიდან პენსია ჩაითვალა შეწყვეტილად, შეჩერებიდან 3-წლიანი ვადის გასვლის გამო, მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თერჯოლის რაიონული განყოფილების მიერ 23.03.2017წ. ნ. გ-ეს გაეგზავნა შეტყობინება და განემარტა, რომ 2014 წლის პირველი ივლისიდან შეჩერებული პენსიის აღდგენის შესახებ განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განუახლდებოდა სახელმწიფო პენსიის ჩარიცხვა მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და აუნაზღაურდებოდა მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან. ასევე განემარტა, რომ გასაცემლის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ შეუწყდებოდა სახელმწიფო პენსია და არ აუნაზღაურდებოდა გასული პერიოდის არც ერთი თვე. მაგრამ საქართველოს ფოსტის მიერ, აღნიშნული შეტყობინება არ იქნა ჩაბარებული ადრესატის მოუძიებლობის გამო.
თერჯოლის რაიონული განყოფილების ინფორმაციით, მოსარჩელემ პენსიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა განყოფილებას 2017 წლის 25 აგვისტოს, შესაბამისად, პაკეტის დანიშვნა განხორციელდა 2017 წლის 1-ლი სექტემბრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. გ-ეს სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების მიერ, 2014 წლის 1 ივლისიდან შეუჩერდა სახელმწიფო პენსიის დარიცხვა სს „... ბანკის“ თერჯოლის ფილიალის 2014 წლის 25 ივნისის #21 წერილით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ ბენეფიციარის - ნ. გ-ის ანგარიშიდან 6 თვის განმავლობაში არ განხორციელებულა აქტიური ოპერაცია. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულის თაობაზე ნ. გ-ეს გაეგზავნა შეტყობინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების მიერ 2017 წლის 23 მარტს, თუმცა საქართველოს ფოსტის მიერ ვერ განხორციელდა აღნიშნული გზავნილის ჩაბარება „ადრესატის ვერ მოძიების“ საფუძვლით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 4 სექტემბრის #04/56296 წერილით კი დგინდება, რომ ნ. გ-ეს 2017 წლის 1 ივლისიდან პენსია ჩაეთვალა შეწყვეტილად, შეჩერებიდან სამწლიანი ვადის გასვლის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 30.11.2017წ. #ბს-575-572(კ-17) განჩინებაში გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, „კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება“.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლებებისა და მოვალეობების დაწესების, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა უკავშირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას ამ კოდექსით დადგენილი, მოცემულ შემთხვევაში მარტივი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სხვ.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება ნ. გ-ის პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები. ასევე არ დასტურდება მათი ადრესატისათვის ჩაბარების ფაქტი. არ დასტურდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, ანუ შეჩერებისა და შეწყვეტის აქტების გამოცემის პროცედურის დაცვის შემთხვევაში დადგებოდა იგივე შედეგი. ამდენად, ადგილი აქვს ისეთ მნიშვნელოვან პროცედურულ დარღვევას, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს თავის დროზე რომ ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება და მიეწვიათ ნ. გ-ე, მათთვის ცნობილი გახდებოდა ნ. გ-ის მიერ პენსიის მიუღებლობის მიზეზი, ასევე, პენსიის შეჩერების პერიოდში რომ მომხდარიყო ნ. გ-ის ინფორმირება პენსიის გაცემის შეჩერებასთან და შეჩერების მიზეზთან დაკავშირებით, არ დადგებოდა ის გარემოება, რამაც განაპირობა მოგვიანებით პენსიის გაცემის შეწყვეტა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გასაჩივრებული წერილები, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მართებულად მიიჩნია უკანონოდ, რის გამოც საფუძვლიანია ნ. გ-ის მოთხოვნა სადავო პერიოდში განაცდური სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი