#ბს-674(კ-19) 18 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 16 იანვარს დ. ც-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი დაიბადა სამხრეთ ოსეთში, სტალინირის რაიონში და 1991 წლამდე, კონფლიქტური სიტუაციების გამწვავებამდე, მუდმივად ცხოვრობდა ცხინვალში. მას 1997 წლამდე მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი და სარგებლობდა დევნილის შემწეობით, რომელიც გაურკვეველი მიზეზებით ჩამოერთვა. მისივე განმარტებით, 2015 წლის 9 თებერვალს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ. მიღებული გადაწყვეტილებები გაასაჩივრა სასამართლო წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სამინისტროს 2015 წლის 22 აპრილის #703 და 2015 წლის 14 აგვისტოს #1298 ბრძანებები. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. მოსარჩელემ განმარტა, რომ მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2017 წლის 16 ნოემბრის #2322 ბრძანებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, კვლავ უარი უთხრა დ. ც-ეს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.
ამდენად, მოსარჩელემ დ. ც-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის #2322 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის კანონით დადგენილ ვადაში დ. ც-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით დ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის #2322 ბრძანება დ. ც-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელეს მიენიჭება იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოკლეგიის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.
საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარეს არ შეუფასებია ის გარემოებები, რაც მას სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰქონდა დავალებული. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, დ. ც-ის მეუღლის თბილისში ცხოვრების ფაქტი ავტომატურად არ გამორიცხავდა დ. ც-ის ცხინვალში ცხოვრების ფაქტს.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულ პირთა განმარტებებზე და აღნიშნა, რომ ორივე მათგანმა ხაზგასმით დაადასტურა დ. ც-ის მიერ ცხინვალის დატოვება კონფლიქტური მდგომარეობის გამო, 1991 წლის იანვარში. მათი განმარტებით, დ. ც-ე დაქორწინდა 1990 წლის სექტემბერში, მაგრამ მას ცხინვალი არ დაუტოვებია. იგი ცხინვალში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად და პარალელურად მუშაობდა პედაგოგად. დ. ც-ის მეუღლე, რომელიც წარმოშობით ცხინვალიდან არის, მუშაობდა თბილისში და პერიოდულად ჩადიოდა ცხინვალში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის მითითება ზემოაღნიშნულ გარემოებაზე და განმარტა, რომ საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, მოწმეების ახსნა-განმარტებით, არ დასტურდება 1991 წლის იანვრამდე დ. ც-ის მიერ ცხინვალის დატოვების ფაქტი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დ. ც-ე წარმოადგენდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირს - დევნილს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კი, აღნიშნული გარემოების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო აქტით მოსაჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა განხორციელებული იყო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც შესაბამისი დასკვნა და ბრძანება ეწინააღმდეგებოდა კანონს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ სადავო საკითხის თაობაზე ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად ჩანს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ყველა იმ გარემოებისა და მტკიცებულების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, რაც წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იქნა მიღებული როგორც მოსარჩელის ახსნა-განმარტებები, ასევე მის მიერ წარდგენილი და სამინისტროს მიერ მოძიებული თითოეული დოკუმენტი.
კასატორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, დ. ც-ეს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი. კითხვარის 1.6. კითხვაზე მან უპასუხა, რომ იქორწინა ქ. თბილისში, 1990 წელს. მოსარჩელე 1.7 კითხვაზე პასუხობს, რომ შვილები დაიბადნენ ქ. თბილისში, 1991 და 1993 წელს. მე-13 კითხვაზე დ. ც-ე პასუხობს, რომ შვილებმა სკოლა დაამთავრეს ქ. თბილისში. გამოკითხული პირი კითხვარში შეტანილი ინფორმაციის ნამდვილობას ადასტურებს კითხვარის ყველა ფურცელზე ხელმოწერით. დ. ც-ის საცხოვრებელ მისამართად (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზის მიხედვით) 2004 წელს გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში უფიქსირდება: ქ. თბილისი, …, კორპ. #24, ბინა #36, 2012 და 2015 წლებში გაცემულ პირადობის მოწმობებში: ქ. თბილისი, ჩუღურეთი, …ქ. #52.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიგზავნა წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების 2015 წლის 14 მარტის #27/10/3-599983 წერილით სამინისტროს ეცნობა, რომ დ. ც-ე 1991 წლამდე მეუღლესთან - ო. თ-თან ერთად ქ. თბილისში, …, კორპ. #24, ბინა #36-ში ცხოვრობდა.
ყველა საჭირო დოკუმენტისა და ინფორმაციის განხილვისა და შეფასების შემდეგ, კასატორი მიიჩნევს, რომ დაოჯახების შემდეგ დ. ც-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. ცხინვალი არ ყოფილა. დაოჯახების შემდეგ, იგი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში. აღნიშნულ პერიოდში მისი მეუღლე ცხოვრობდა და მუშაობდა ქ. თბილისში. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების 2015 წლის 14 მარტის #27/10/3-599983 წერილი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული დ. ც-ისთვის (პ/ნ …) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება.
კასატორი განმარტავს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიი 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ტექსტიდან და წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან დასტურდება, რომ მასში ამომწურავად არის დასაბუთებული, თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე და აქტი დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, კასატორის აღნიშვნით, მითითება, რომ სამინისტროს უარი არის დაუსაბუთებელი - არ შეესაბამება რეალობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს დ. ც-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის #2322 ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის დ. ც-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილის ცნებას „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი განსაზღვრავს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ამდენად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ პირს იძულების წესით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის #3/8654-16 გადაწყვეტილებით დ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 22 აპრილის #703 და 2015 წლის 14 აგვისტოს #1298 ბრძანებები და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, დ. ც-ის განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის #3/8654-16 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 10 ოქტომბერს გამოიკითხა თავად დაინტერესებული მხარე დ. ც-ე. გასაუბრების შედეგებისა და საქმეში არსებული მასალების ხელახალი შეფასების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადდა დასკვნა „დ. ც-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე“. დასკვნის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ დ. ც-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქ. ცხინვალი არ ყოფილა. დაოჯახების შემდეგ იგი ცხოვრობდა ქ. თბილისში, მეუღლესთან ერთად. აღნიშნულ პერიოდში მისი მეუღლე ცხოვრობდა და მუშაობდა ქ. თბილისში. აღნიშნულს ადასტურებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების 2015 წლის 14 მარტის #27/10/3-599983 წერილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, ქ. ცხინვალის სახალხო დეპუტატთა აღმასრულებელი კომიტეტის ქ. ცხინვალის სახლმმართველობის 1975 წლის 10 ოქტომბრის #2430 ორდერის მიხედვით, დგინდება, რომ მოქალაქე ვ. ც-ეს (დ. ც-ის მამას) ნება დაერთო დაეკავებინა საცხოვრებელი ბინა მდებარე - ცხინვალი, … ქ. #115, ბინა #27. ამასთან, განსაზღვრული იქნა ბინაში მცხოვრები პირები, მათ შორის, დ. ც-ე.
ასევე, დ. ც-ის 1977 წლის შრომის წიგნაკით დგინდება, რომ იგი 1977 წლის 1 სექტემბრიდან დაინიშნა ცხინვალის #12 საშუალო სკოლის … მასწავლებლად, 1978 წლის 6 სექტემბერს კი გადაყვანილ იქნა ცხინვალის სამუსიკო სკოლის ფორტეპიანოს განყოფილების მუსიკის მასწავლებლად.
საქართველოს კულტურის სამინისტროს 1991 წლის 14 იანვრის #1/8 ბრძანებით, რასაც ასევე ადასტურებს დ. ც-ის 1991 წლის შრომის წიგნაკი, დასტურდება, რომ ქ. ცხინვალის #1 … სკოლის პედაგოგი დ. ც-ე გადაყვანილი იქნა თბილისის მე-14 … სკოლაში … კლასის პედაგოგად 1991 წლის 15 იანვრიდან. ხოლო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2015 წლის 23 იანვრის #38/01 ცნობის მიხედვით, დ. ც-ე 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ცხინვალში, … ქ. #115/27-ში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის #3/8654-16 გადაწყვეტილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მოტივზე დაყრდნობით იქნა მიღებული, რომ დ. ც-ემ 2004 წელს თბილისში აიღო პირადობის მოწმობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით არ დგინდებოდა 1991 წლამდე მისი ცხინვალში ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გამოკვლევისა და შეფასების მიღმა ჰქონდა დატოვებული მთელი რიგი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის ის გარემოება, რომ მოსარჩელე 1991 წლის 15 იანვრამდე ქ. ცხინვალის #1 … სკოლის პედაგოგად მუშაობის პირობებში, როგორ შეძლებდა მუდმივად ქ. თბილისში ცხოვრებას.
საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მოპასუხე მხარემ არ შეაფასა ის გარემოებები, რაც მას სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰქონდა დავალებული. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ დ. ც-ის მეუღლის თბილისში ცხოვრების ფაქტი ავტომატურად არ გამორიცხავდა დ. ც-ის ცხინვალში ცხოვრების ფაქტს. სასამართლომ მხარეთა ყურადღება სწორად გაამახვილა სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულ პირთა განმარტებებზე და მართებულად აღნიშნა, რომ ორივე მათგანმა ხაზგასმით დაადასტურა დ. ც-ის მიერ ცხინვალის დატოვება კონფლიქტური მდგომარეობის გამო, 1991 წლის იანვარში. მათი განმარტებით, დ. ც-ე დაქორწინდა 1990 წლის სექტემბერში, მაგრამ მას ცხინვალი არ დაუტოვებია. იგი ცხინვალში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად და პარალელურად მუშაობდა პედაგოგად. დ. ც-ის მეუღლე, რომელიც წარმოშობით ცხინვალიდან არის, მუშაობდა თბილისში და პერიოდულად ჩადიოდა ცხინვალში.
ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს დაუსაბუთებლად მოპასუხის მითითებები ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, მოწმეების ახსნა-განმარტებით, არ დასტურდება 1991 წლის იანვრამდე დ. ც-ის მიერ ცხინვალის დატოვების ფაქტი. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ დ. ც-ე წარმოადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირს - დევნილს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კი, აღნიშნული გარემოების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, სადავო აქტით მოსაჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა განხორციელდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც შესაბამისი დასკვნა და ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი