#ბს-718(კ-19) 18 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 19 ივლისს ს. ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ ს. ჯ-ას ნაწილში „სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 9 ივნისის #21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 28 ივნისის #2 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის „სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 9 ივნისის #21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ ს. ჯ-ას შეფასების გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომების გასწორებისა და მისთვის დაფინანსების გამოყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, მან უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლიდან მიღებული ელექტრონული შეტყობინებით გაიგო, რომ უპირობოდ ჩაირიცხა შვეიცარიის ქალაქ გლიონის ინსტიტუტში საერთაშორისო სტუმართმოყვარეობის და სერვისის ინდუსტრიის მენეჯმენტის პროგრამით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ საბუთები ელექტრონულად გადაუგზავნა მოპასუხეს სასტიპენდიო პროგრამის მოპოვების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. მოპასუხემ აცნობა, რომ 21 კონკურსანტს შორის, მიღებული ქულების მიხედვით 21-ე სარეიტინგო ადგილას იყო, ხოლო წარდგენილი საბუთების შეფასებით კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა 10 აპლიკანტი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხემ არ აცნობა კონკურსის დასრულების შემდეგ, რა თარიღის და ნომრის გადაწყვეტილებით მოხვდა დაბალქულიან ჯგუფში. მოსარჩელის მითითებით, თუ მოპასუხე საჯაროდ და საყოველთაოდ აცხადებს პროგრამის მიზნებად, რომ კონკურსში გამარჯვებულზე დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, არ უნდა იყოს სადავო, რომ როგორც დაბალქულიან ჯგუფში მოხვედრილ აპლიკანტს უნდა გადაგზავნოდა ჩატარებული და შეჯამებული კონკურსის მასალები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ს. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით ს. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში კომისიის სხდომები წარიმართა დადგენილი პროცედურების შესაბამისად. გარდა ამისა, არ იკვეთება კომისიის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა ან ს. ჯ-ას აშკარად თვითნებური შეფასება, რომლის არსებობის პირობებშიც შესაძლებელია, მიჩნეულიყო, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების საფუძვლები და მიზნები. სააპელაციო პალატის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც არ იკვეთება კანონის მოთხოვნათა დარღვევა, სასამართლო ვერ განიხილავს გასაჩივრებული აქტების მიზანშეწონილობას, რადგან სასამართლო კონტროლი არ მოიცავს საკონკურსო კომისიის, როგორც კოლეგიური სტრუქტურული ერთეულის მიერ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შეფასებას. კანონმდებელმა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისათვის გაითვალისწინა შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნა და გადაწყვეტილების მიღება კომისიას მიანდო. მისი წევრების გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლი საკონკურსო კომისიის და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას გამოიწვევდა. გარდა ამისა, არ დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა შეცდომას დისკრეციულ უფლებამოსილებაში, ან სადავო გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქმის გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გააჩნია სამუშაო გამოცდილება და შესაბამისი კვალიფიკაცია, ავტომატურად არ გულისხმობს, რომ მისი შეფასება თვითნებურია, რადგან ერთდროულად ფასდებოდა რამდენიმე კომპონენტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის #ბს-667-642(კ-13) გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგება ყველა ადმინისტრაციული ორგანოსთვის საერთო - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული აქტების მომზადების, მიღებისა და გამოცემის წესებს, არ შეესაბამება ამავე კოდექსით დადგენილ ძირითად პრინციპებს. კასატორი აღნიშნავს, რომ კონკურსის მე-2 ეტაპზე ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა უფლება შინაგანი რწმენის საფუძველზე შეეფასებინა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. ჯ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 9 ივნისის #21-17 ბრძანების საფუძველზე შექმნილი საკონკურსო კომისია წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. ამავე ბრძანებით განისაზღვრება საკონკურსო კომისიის ფუნქციები, კერძოდ, საკონკურსო კომისია: ა) კონკურსანტთა შერჩევის მიზნით შეიმუშავებს და ამტკიცებს შეფასების კრიტერიუმებსა და ფორმებს; ბ) იღებს გადაწყვეტილებას კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურების თაობაზე, მათ შორის, კვოტებისა და ქულობრივი ზღვრის დადგენის შესახებ, ასევე უფლებამოსილია კონკურსანტისაგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა; გ) გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით განიხილავს და აფასებს კონკურსანტის საკონკურსო ელექტრონულ განაცხადსა და თანდართულ დოკუმენტაციას, მათ შორის ინგლისურ ენაზე შედგენილს; დ) იღებს გადაწყვეტილებას შერჩეული კანდიდატებისათვის გამოსაყოფი დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ. ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტის საფუძველზე, საკონკურსო კომისია კონკურსანტის შეფასებას და შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენას ახორციელებს ამავე კომისიის მიერ კონკურსანტთა შერჩევის მიზნით შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში (მოსარჩელის ნაწილში) აღნიშნული კომისიის სადავო სხდომის ოქმით (ოქმი #2) დგინდება, რომ კონკურსის მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე გადასული კონკურსანტები გამოვლინდნენ კვოტირების წესით შემდეგ მიმართულებაზე/სპეციალობაზე: სამართალი - საუკეთესო შედეგის მქონე 20 კონკურსანტი 37 კონკურსანტიდან; სოციალური მეცნიერებები - საუკეთესო შედეგის მქონე 25 კონკურსანტი 49 კონკურსანტიდან; მენეჯმენტი - საუკეთესო შედეგის მქონე 10 კონკურსანტი 21 კონკურსანტიდან.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 9 ივნისის #21-17 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 28 ივნისის #2 სხდომის ოქმის დანართით დგინდება, რომ ს. ჯ-ას შეფასება შეადგენდა 23,8 ქულას, მათ შორის, ერთი ქულა მიღებული ჰქონდა დამატებითი ბონუს ქულის სახით, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირს და მენეჯმენტის მიმართულებაში იგი რეიტინგით 21-ე ადგილზე იყო. ამასთან, მან შეფასება მიიღო ყველა კრიტერიუმში, მის მიერ მიღებული საშუალო ქულები თითოეულ კრიტერიუმში მერყეობდა 1-დან 5-ის ჩათვლით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებისას მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერების დადგენა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ კომისიის სხდომები წარიმართა დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ამასთან, არ იკვეთება კომისიის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა ან ს. ჯ-ას აშკარად თვითნებური შეფასება, რომლის არსებობის პირობებშიც შესაძლებელია, მიჩნეულიყო, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების საფუძვლები და მიზნები. გარდა ამისა, არ დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა შეცდომას დისკრეციულ უფლებამოსილებაში, ან სადავო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქმის გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ იკვეთება კანონის მოთხოვნათა დარღვევა, სასამართლო ვერ განიხილავს გასაჩივრებული აქტების მიზანშეწონილობას, რადგან სასამართლო კონტროლი არ მოიცავს საკონკურსო კომისიის, როგორც კოლეგიური სტრუქტურული ერთეულის მიერ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შეფასებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ს. ჯ-ას საკასაციო საჩივარზე თ. კ-ს 22.04.2019წ. საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ს. ჯ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ჯ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება;
3. ს. ჯ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ. კ-ს მიერ 22.04.2019წ. საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი