#ბს-722(კ-19) 18 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 16 ნოემბერს გ. პ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, გალიდან იძულებით გადაადგილების შემდეგ, 1996 წლიდან რეგისტრირებულ იქნა ქ. თბილისში, სასტუმრო „აჭარაში“, თუმცა ფართის არარსებობის გამო თავი შეაფარა და პრაქტიკულად ცხოვრობს თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ...ში, სხვის ბინაში. სასტუმრო აჭარიდან იქ რეგისტრირებულ პირთა კომპენსაციით უზრუნველყოფის, რეგისტრაციიდან მოხსნის და გამოსახლების დროს მოსარჩელის ოჯახს არც საცხოვრებელი ფართი, არც მიწა და არც სხვა რაიმე ფორმით კომპენსაცია არ მიუღია, თუმცა მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელე კომპენსირებულია ფულადი თანხით, რის გამოც ამოღებულია სიიდან. მოსარჩელის განმარტებით, მისი კანონიერი ინტერესი გამოიხატება იმაში, რომ კომპენსაცია არ მიუღია და აქვს უფლება აღდგენილ იქნეს სიაში, რომელზედაც უნდა გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციები და სხვა პრივილეგიები.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი 2003 წელს დაქორწინდა და ჰყავს 2 შვილი და ცხოვრობს თეთრიწყაროს რაიონის სოფ. ...ში, თუმცა მისი ორივე შვილი რეგისტრირებულია სასტუმრო „აჭარაში“.
მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს კუთვნილი კომპენსაციის ან მუდმივი საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით, მაგრამ მოთხოვნები უპასუხოდ რჩებოდა. სამინისტროს უარი ეფუძნებოდა იმ გარემოებას, თითქოს სასტუმრო აჭარის #... ოთახის გამოთავისუფლების გამო მას მიღებული ჰქონდა კომპენსაცია. მოსარჩელის მითითებით, სამინისტრომ მტკიცებულებად მიუთითა სასტუმროს მიერ ა. ჩ-თან დადებული ხელშეკრულება, რომელთანაც მოსარჩელეს, გარდა იმისა, რომ მისი ბიძაა, არც საოჯახო ურთიერთობაში, არც ხელშეკრულებაში და არც კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით საერთო არაფერი ჰქონია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ „დევნილების მონაცემთა ბაზაში იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი გ. პ-ისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე რეგისტრაციის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 29 მარტის #448 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის კანონით დადგენილი წესით გ. პ-ისა და მისი ოჯახის იმ პირთა სიაში შეყვანის შესახებ, რომლებიც არ არიან უზრუნველყოფილნი ბინით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილების მონაცემთა ბაზაში იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი გ. პ-ისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე რეგისტრაციის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 29 მარტის #448 ბრძანება; მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, კანონით დადგენილი წესით, გ. პ-ისა და მისი ოჯახის იმ პირთა სიაში შეყვანის შესახებ, რომლებიც არ არიან უზრუნველყოფილნი ბინით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გ. პ-ი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც 1996 წლის 8 აპრილიდან რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, სასტუმრო „აჭარაში“, თუმცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს - დადგინდეს განხორციელდა თუ არა მისი კომპენსაცია ხსენებული ფართის გათავისუფლების სანაცვლოდ, რაზეც აპელანტი მიუთითებდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება ეფუძნება სწორედ იმ გარემოებას, რომ გ. პ-ი ოჯახის წევრებთან ერთად უზრუნველყოფილი იყო საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით. ამდენად, მოპასუხე მხარე ვალდებული იყო, მიუხედავად რეგისტრაციის მისამართისა, ზუსტად დაედგინა „სასტუმრო აჭარაში“ გ. პ-ის ნათესავების - (დედის ძმის) ა. ჩ-ისა და (ბიძაშვილის) ბ. ჩ-ის ოთახებში განსახლებულ პირთა ვინაობა, რაც არსებითი იყო დევნილის მიმართ კანონით გათვალისწინებული გარანტიების განსახორციელებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულებები, რომელთა შინაარსიდან გამომდინარე #... და #... ოთახებზე გაცემულია კომპენსაცია თითოეულზე 7 000 აშშ დოლარის ოდენობით, ჯამში 14 000 აშშ დოლარი. აღნიშნულ ოთახებში მოსარჩელეები რეგისტრირებულნი იყვნენ ჩ-ების ოჯახთან ერთად. საქმეში წარმოდგენილი სანოტარო აქტის მიხედვით, აღნიშნულ ოთახებზე ბაჩუკი და ა. ჩ-ები იღებენ პასუხისმგებლობას, ამ ოთახებში რეგისტრირებული ყველა პირის სახელით დათმონ შენობა და მიიღონ ერთჯერადი ფულადი დახმარება, რაც მიიღეს კიდეც და სანაცვლოდ დათმეს დაკავებული შენობები. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სამინისტროსადმი გადაგზავნილ 14.11.2012წ. N#24168 განცხადებაში თავადვე აღნიშნავს, რომ მის ოჯახზე გამოწერილი საკომპენსაციო თანხა აღებულია სხვის მიერ. კასატორს მიაჩნია, რომ თუ მოსარჩელეთა მიმართ ჩადენილია უკანონო ქმედება, მათ უნდა მიმართონ უშუალოდ ამ ქმედების ჩამდენთ, რამეთუ სამინისტრო არ იყო კომპენსაციის გამცემი პირი, შესაბამისად, მას არ განუხორციელებია არანაირი ქმედება. სამინისტროს მონაწილეობა ამ ვითარებაში შემოიფარგლებოდა იმ კუთხით, რომ ინვესტორს უგზავნიდა სასტუმროში დარეგისტრირებულ პირთა სიას. კომპენსაციის გამცემი თვითონ წყვეტდა ვისთვის და რა სახით მიეცა კომპენსაცია.
კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ ნ. და გ. პ-ები, სასტუმრო „აჭარაში“ რეგისტრაციის დროისათვის (და დღეის მდგომარეობითაც) ერთი ოჯახის წევრები იყვნენ და არიან.
კასატორი აღნიშნავს, რომ ინვესტორი თვითონ წყვეტდა სასტუმროში დაკავებული ფართით სარგებლობის უფლების დათმობის სანაცვლო კომპენსაცია გაეცა დაკავებული ოთახების რაოდენობის მიხედვით, თუ ოჯახის რაოდენობის მიხედვით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში თანხა გაიცემოდა მთლიან ოჯახზე და არა ოჯახის რომელიმე ცალკეულ წევრზე. კასატორის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილებით (რომლითაც ნ. პ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა) ნ. პ-თან მიმართებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ სამინისტრომ ის მართებულად შეიყვანა კომპენსირებულთა სიაში - ასევე უნდა გავრცელდეს გ. პ-ზეც, ვინაიდან, განსახილველ საკითხთან მიმართებით, ამ ორ სუბიექტს სრულიად ერთგვაროვანი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები აქვთ, იმდენად, რამდენადაც გვენე და ნ. პ-ები არიან ერთი ოჯახის წევრები და მათ ოჯახზე გაცემული კომპენსაცია მოაზრებულია, როგორც ერთი მთლიანი ოჯახის შემადგენელ წევრებზე კომპენსაციის გაცემად.
კასატორის მითითებით, მოცემული საკითხი უნდა გადაწყდეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის N#240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.10 პუნქტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე გ. პ-ი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც 1996 წლის 8 აპრილიდან რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, სასტუმრო „აჭარაში“. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დევნილთა საკითხების დეპარტამენტში 2016 წლის 6 დეკემბერს საქმეზე ჩატარებული ზეპირი მოსმენის დროს გ. პ-მა განმარტა, რომ აფხაზეთში განვითარებული საომარი ვითარების გამო 1993 წელს ჩამოვიდა ქ. თბილისში და დარეგისტრირდა ნათესავების (დედის ძმის) ა. ჩ-ისა და (ბიძაშვილის) ბ. ჩ-ის მისამართზე, სასატუმრო „აჭარაში“, თუმცა რეალურად 1993 წლიდან ცხოვრობდა გარდაბნის რაიონის სოფ. ჯ...ში, ნათესავის სახლში, 2000 წლიდან - თეთრიწყაროს რაიონში, ხოლო 2008-2011 წლებში შეჭრილი იყო საბურთალოს რაიონში მდებარე ეგრეთწოდებულ „ზაკვოს“ შენობაში. ამასთან, ანალოგიური შინაარსის განმარტებები გააკეთეს ბ. ჩ-მა და ა. ჩ-მაც და აღნიშნეს, რომ ფაქტობრივად სასტუმრო „აჭარაში“ გ. პ-ს არ უცხოვრია.
ასევე დადგენილია, რომ სასტუმრო „აჭარასა“ და სასტუმროში მცხოვრებ დევნილებს (გ. პ-ის ნათესავები (დედის ძმის) ა. ჩ-ი და (ბიძაშვილის) ბ. ჩ-ი) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ა. ჩ-მა 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 12 810 ლარის სანაცვლოდ, ხოლო ბ. ჩ-მა - 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 12 757,50 ლარის სანაცვლოდ თითოეულმა იკისრა სს „სასტუმრო აჭარას“ #... და #... ოთახის გამონთავისუფლების ვალდებულება. ამდენად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს დადგინდეს განხორციელდა თუ არა მოსარჩელის კომპენსაცია ხსენებული ფართის გათავისუფლების სანაცვლოდ.
განსახილველ შემთხვევაში „დევნილების მონაცემთა ბაზაში იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი გ. პ-ისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე რეგისტრაციის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 29 მარტის #448 სადავო ბრძანება ეფუძნება სწორედ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე გ. პ-ი ოჯახის წევრებთან ერთად უზრუნველყოფილი იყო საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ა. ჩ-ის იმგვარ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას დაადასტურებდა, რომ კომპენსაციის მიღების დროს ა. ჩ-ი გ. პ-ის სახელით მოქმედებდა. ასევე, საქმეში წარმოდგენილი ნოტარიუს ლ. გ-ის წერილის მიხედვით, სანოტარო ბიუროში სასტუმრო „აჭარასა“ და სასტუმროში მცხოვრებ დევნილებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძვლად არსებული მოსარჩელის წერილობითი თანხმობა სანოტარო ბიუროს არქივში არ ინახებოდა. ამასთან, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წერილის თანახმად, ელექტრონულ სანოტარო რეესტრში ა. და ბ. ჩ-ების სახელზე სასტუმრო „აჭარაში“ დაკავებულ ფართთან დაკავშირებით კომპენსაციის მიღების შესახებ ჩანაწერი რეგისტრირებული არ იყო.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარე ვალდებული იყო მიუხედავად რეგისტრაციის მისამართისა, ზუსტად დაედგინა „სასტუმრო აჭარაში“ გ. პ-ის ნათესავების (დედის ძმის) ა. ჩ-ისა და (ბიძაშვილის) ბ. ჩ-ის ოთახებში განსახლებულ პირთა ვინაობა, რაც არსებითი იყო დევნილის მიმართ კანონით გათვალისწინებული გარანტიების განსახორციელებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე მითითებით უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის არგუმენტს საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში გ. პ-ის ოჯახის დაკმაყოფილებულად მიჩნევის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი