ბს-868 (კს-18) 19 დეკემბერი, 2019 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ი. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე)
დავის საგანი - დევნილის სტატუსის მქონე პირის მემკვიდრის უფლებამონაცვლეობის დასაშვებობა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნაში
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2018წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ჩ-ემ 23.01.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ლ. ჩ-ის ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 05.12.2016წ. N122 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების, აგრეთვე „ლ. ჩ-ის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 13.12.2016წ. N3475 ბრძანების ბათილად ცნობა და ლ. ჩ-ის საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 19.04.2017წ. გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 05.12.2016წ. N122 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ლ. ჩ-ის ნაწილში და ქ. თბილისის პროექტების ფარგლებში „ლ. ჩ-ის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ 13.12.2016წ. N3475 ბრძანება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განასხლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ლ. ჩ-ის საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ.
მოსარჩელე ლ. ჩ-ის გარდაცვალების გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2017წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეჩერდა ერთი წლის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.2018წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2018წ. განჩინებით ლ. ჩ-ის სარჩელზე, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე საქმის წარმოება შეწყდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.04.2017წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები ადასტურებდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების არსებობას, შემდეგ გარემოებათა გამო: სსსკ-ის 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლომ მიუთითა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლებზე და აღნიშნა, რომ ლ. ჩ-ის ოჯახი შედგებოდა ერთი წევრისგან. (სხდომის ოქმი 13.04.2017წ. 10:12:09). საქმეში წარმოდგენილია კითხვარი, რომელიც შედგა სამინისტროს მიერ საცხოვრებელით დაკმაყოფილების შესახებ ლ. ჩ-ის განცხადების განხილვის მიზნით. აღნიშნული კითხვარის თანახმად ლ. ჩ-ის ოჯახში სულადობა განსაზღვრული იყო ერთით (ს.ფ.33), ხოლო ლ. ჩ-ის ოჯახის წევრი იყო მისი არადევნილი შვილი ი. ჩ-ე (ს.ფ. 69), რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დევნილი ოჯახის წევრი ვერ იქნებოდა არადევნილი პირი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით ლ. ჩ-ის გარდაცვალებით დევნილმა ოჯახმა შეწყვიტა არსებობა და გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილის უფლება მოისპო. პალატამ სსსკ-ის 1330-ე მუხლში მოცემული პირადი ხასიათის უფლებების განმარტებისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე აღნიშნა, რომ მოცემული სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია, ვინაიდან დევნილის სტატუსი პირადი სტატუსია და იგი მემკვიდრეობით არ გადაიცემა. შესაბამისად, ამ სტატუსიდან გამომდინარე უფლებებიც პირადი ხასიათის უფლებებია და გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მხოლოდ დევნილი ოჯახის უფლებაა. ლ. ჩ-ის გარდაცვალების შემდეგ ერთსულიანი დევნილი ოჯახის არარსებობა განაპირობებს საქმის წარმოების შეწყვეტას სსკ-ის 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ი. ჩ-ის მიერ კერძო საჩივრით.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ საპელაციო სასამართლოს განჩინება გამოტანილია სსსკ-ის 393.2-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, 394-ე მუხლის „ე1“ და 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლისა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლების დარღვევით, ვინაიდან სასამართლოს მიერ არასწორად განიმარტა კანონი, არასწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს, ფაქტობრივი გარემოებები დადგინა არასრულყოფილად, რაც გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობას და უკანონობას ადასტურებს. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, ვინაიდან აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ დევნილის სტატუსიდან გამომდინარე საცხოვრებელი ფართის უფლება მემკვიდრეობით არ გადაიცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დევნილ ოჯახში რჩება სხვა დევნილი წევრი. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ამ მუხლით იმპერატიულად არის განსაზღვრული დევნილის/დევნილის ოჯახის მიერ საცხოვრებლით სარგებლობის უფლება, რაც იმავდროულად ნიშნავს აღნიშნული უფლების მემკვიდრეობით გადაცემასაც. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ნორმის არასწორად განმარტების გამო ი. ჩ-ეს მოუსპო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 6.1-ით გათვალისწინებული მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლება.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებზე და მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომელიც შეიცავს დევნილის ოჯახის განსაზღვრებას და ხაზს უსვამს დეფინიციაში არსებულ შინასამეურნო საქმიანობის ერთობლივად განხორციელების ელემენტს. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელის კომისიის 05.12.2016წ. N122 საოქმო გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დასტურდება რომ ლ. ჩ-ე არ იყო მარტოხელა პენსიონერი და აქედან გამომდინარე მისი ოჯახი შედგებოდა 2 სულისაგან, ვინაიდან ლ. ჩ-ეს შინასამეურნეო საქმიანობა ჰქონდა შვილთან, ი. ჩ-ესთან ერთად.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მცდარია სააპელაციო პალატის დასკვნა თითქოს ლ. ჩ-ის ოჯახის შედგებოდა ერთი წევრისაგან, რადგან აღნიშნული დასკვნა ეწინააღმდეგება საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლითაც დასტურდება, რომ ლ. ჩ-ის დევნილი ოჯახი ნამდვილად შედგებოდა ორი წევრისაგან. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მტკიცებულებას წარმოადგენს მხოლოდ მხარის და არა მისი წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 19.04.2018წ. განჩინება უნდა გაუქმდეს, ხოლო სააპელაციო საჩივარი განხილულ იქნეს არსებითად მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების ზეპირი განხილვის გარეშე (სსკ-ის 419.2 მუხ.) შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2018წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.13წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხდება კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობის მიხედვით, რომლის გათვალისწინებით განისაზღვრება საცხოვრებელი ფართის შეთავაზების რიგითობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს („საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 10.10.2019წ. N487 დადგენილების მე-3 მუხლით დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, რომელიც სსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად არის თავდაპირველი მოპასუხის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე) გასაჩივრებული აქტებით ლ. ჩ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დევნილის სტატუსიდან გამომდინარე საცხოვრებელი ბინის გადაცემაზე. სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის გარდაცვალებამდე არ შესულა კანონიერ ძალაში, ამდენად, გრძელვადიან საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლება ლ. ჩ-ეს სიცოცხელში არ მოუპოვებია. ლ. ჩ-ის გარდაცვალების გამო მის სამკვიდრო მასაში ვერ შევიდოდა ჯერ კიდევ მიუღებელი საცხოვრებელი ფართი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია ლ. ჩ-ის მემკვიდრის ი. ჩ-ის კანონიერი ინტერესის არსებობა დავის საგნისადმი, დევნილის სტატუსის მქონე პირის მემკვიდრის უფლებამონაცვლეობის დასაშვებობა გრძლვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნაში და საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება სააპელაციო სასამართლოში.
საქმეში დაცული თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 12.09.17წ. N... გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ ლ. ჩ-ე ...17წ. გარდაიცვალა. დავას არ იწვევს აგრეთვე ის, რომ ლ. ჩ-ე იყო დევნილი, ხოლო მისი შვილი, კერძო საჩივრის ავტორი ასეთი სტატუსით არ სარგებლობს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დევნილი ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი, ამასთანავე, ოჯახში შეიძლება შედიოდეს არადევნილი პირიც (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.13წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვ.პ.). „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად „დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა“. აღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს დევნილი პირი საცხოვრებელით მისი დევნილის სტატუსიდან, ამ სტატუსის თავისებურებებიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს დევნილი ოჯახის განსახლებას. შესაბამისად, პირი, რომელსაც არ აქვს დევნილის სტატუსი, ვერ წარადგენს საცხოვრებელი ბინის მიღებაზე პრეტენზიას. კანონმდებელი სწორედ დევნილის სტატუსის არსებობას მიიჩნევს სავალდებულო პირობად იმისათვის, რომ დღის წესრიგში დადგეს პირის/ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა. აღნიშნული დასტურდება აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.13წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსით, რომელიც პირდაპირ უკავშირებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას დევნილის სტატუსს, წესის მე-2 დანართი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების ფორმის სავალდებულოდ შესავსებ გრაფად უთითებს დევნილის რეგისტრაციის ნომერს.
იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულება სახელმწიფოს აკისრია იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიური საჭიროებების გათვალისწინებით. იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება („საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის 6.1 მუხ.). ამდენად, საცხოვრებელი ფართის გამოყოფის მოთხოვნის უფლება უკავშირდება პირის დევნილის სტატუსს. კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდაცვალება არის პირის დევნილის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. დევნილის სტატუსის შეწყვეტა იწვევს დევნილის შემწეობის და სხვა სოციალური შეღავათების მინიჭების, მათ შორის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ვალდებულების შეწყვეტას. არაუფლებამოსილი პირის მიერ განცხადების წარდგენა მის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის (სზაკ-ის 182.1 მუხ.).
უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ ითვალისწინებს საცხოვრებელის მოთხოვნაზე მემკვიდრის უფლებას. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს დევნილის სტატუსის მქონე პირისათვის მისი დროებით საცხოვრებელ ადგილას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების უფლების მემკვიდრეობით გადაცემის შესაძლებლობას მისი ოჯახის ისეთი წევრისთვის, რომელსაც არ აქვს მინიჭებული დევნილის სტატუსი. ვინაიდან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის გამოყოფის მოთხოვნის უფლება უკავშირდება პირის დევნილის სტატუსს, შესაბამისად დევნილის სტატუსის არმქონე ოჯახის წევრს არ აქვს ასეთი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლება, დევნილის სტატუსის პირადი ხასიათის გამო ასეთი უფლება არ გადაიცემა მემკვიდრეობით. მემკვიდრეობით გადადის დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დატოვებული უძრავი ქონების რესტიტუციის უფლება. კანონი აღიარებს სახელმწიფოს მიერ დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დატოვებული უძრავი ქონების რესტიტუციის უფლებას, რომელიც მემკვიდრეობით გადადის (მე-15 მუხ.), ხოლო მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების შემთხვევაში სახელმწიფო იღებს ვალდებულებას განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა დევნილს ან მის კანონიერ მემკვიდრეს დაუბრუნდეს პირადი საკუთრება, მათ შორის საცხოვრებელი სახლი (18.2 მუხ. „ზ“ ქვ.პ.). ამდენად, კანონმდებელმა დევნილის სტატუსის მქონე პირის მემკვიდრის უფლება საცხოვრებელ სახლთან მიმართებით გაითვალისწინა დევნილი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების შემთხვევაში. ეს უფლება ნარჩუნდება დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემთხვევაშიც (კანონის მე-15 მუხ. 1-ლი და მე-4 პუნქტები), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, კანონი არ შეიცავს მითითებას დევნილი პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი დევნილის სტატუსის არ მქონე მემკვიდრის უფლებების შესახებ ისეთი ქონების მიმართ, რაც პირდაპირ კავშირშია დევნილის სტატუსთან და მით უფრო ისეთ ქონებაზე უფლების წარმოშობის შესახებ, რომელიც დევნილის სტატუსის მქონე პირს ჯერ არ ჰქონდა მოპოვებული. მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ ლ. ჩ-ის გარდაცვალების შედეგად დევნილის ოჯახი აღარ არის სახეზე, შესაბამისად, აღარ არსებობს საცხოვრებელი ფართის მოთხოვნის უფლებაზე უფლებამოსილი პირი. ამგვარი უფლებამოსილების მქონე პირად ვერ იქნება მიჩნეული ლ. ჩ-ის შვილი - ი. ჩ-ე, ვინაიდან მას არ ჰქონდა მინიჭებული დევნილის სტატუსი.
სსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვ.) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყველა სტადიაზე. ამდენად, სსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესებში უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. სსკ-ის 92-ე მუხლში ამომწურავი ჩამონათვალის სახით არ არის განსაზღვრული საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები, ნორმა აწესებს უფლებამონაცვლეობის ზოგად პრინციპს - სადავო ურთიერთობებიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა გულისხმობს მხარეებისა და მესამე პირების შეცვლას იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს ქმნის უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა და ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე წინამორბედის უფლებებს და მოვალეობებს. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმით დაშვებულია პირის შეცვლა უფლებამონაცვლით. უკეთუ უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია მატერიალური სამართლით, დაუშვებელია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც.
უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ სადავოდ ქცეული უფლება ან/და ინტერესი მემკვიდრეობით გადადის გარდაცვლილი პირის მემკვიდრეებზე. სკ-ის 1330-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდროში არ შედის პირადი ხასიათის ქონებრივი უფლება-მოვალეობები, რომლებიც მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნებოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით. ვინაიდან, დევნილის გრძლვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლება უკავშირდება დევნილის სტატუსს, რომელიც პირადი ხასიათის უფლებათა რიგს განეკუთვნება და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ის არ გადაიცემა მემკვიდრეობით, დევნილ ოჯახში მხოლოდ დევნილის სტატუსის მქონე სხვა წევრს აქვს გრძლვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლება. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს არ აქვს დევნილის სტატუსი. სსკ-ის 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განხცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის თანახმად ლ. ჩ-ე იყო დევნილი და მისი გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ლ. ჩ-ისათვის გამოყოფილ ბინას უკან ვერ დაიბრუნებდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ. ჩ-ე არ იყო დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებლით, ხოლო დევნილის სტატუსი მემკვიდრეობით არ გადაიცემა. უკვე აღინიშნა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილის ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამდენად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნის ვალდებულება უცილობლად პირის დევნილის სტატუსს უკავშირდება და დევნილის დეფინიციიდან გამომდინარე პირადი ხასიათისაა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უფლებამონაცვლე უნდა წარმოადგენდეს დაინტერესებული მხარეს, მას დავის გაგრძელების უფლებადამცავი ინტერესი უნდა გააჩნდეს, მას კანონით უნდა ენიჭებოდეს მატერიალური უფლება მიიღოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და გამოვიდეს მხარედ სასამართლოში. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ე.ი. ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი, აგრეთვე უარი აქტის გამოცემაზე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება პირდაპირ და უშუალო გავლენას უნდა ახდენდეს პირის უფლებაზე ან ინტერესებზე, ანუ სარჩელის შემტანს სარჩელში დასმული საკითხებისადმი უშუალო უფლებადამცავი ინტერესი უნდა გააჩნდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ინტერესის არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. ასეთ მონაცემებს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენენ სარჩელის აღძვრის საბაბის ფაქტები (უფლების დარღვევა, დარღვევის საშიშროება, კანონიერი ინტერესის შელახვა), რომლებზედაც მოსარჩელემ უნდა მიუთითოს სასამართლოს მიერ სარჩელის საფუძვლის გამოკვლევის დაწყებამდე. მხედველობაში არის მისაღები ის გარემოება, რომ პროცესუალური კანონმდებლობა დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას ითხოვს სახელდობრ მოსარჩელის და არა მოპასუხის ინტერესის დადასტურებას, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელს შესაძლოა გააჩნდეს მოსარჩელის სარჩელის დაშვების ინტერესი. მიუხედავად ამისა სარჩელის დასაშვებობის სტადიაზე კანონმდებელი ითხოვს მოსარჩელის არა ყოველგვარი ინტერესის, არამედ იურიდიული ინტერესის არსებობის გარკვევას, ასეთის არარსებობის შემთხვევაში სარჩელი არ არის დასაშვები. არადაინტერესებული მოსარჩელის სარჩელი არ უნდა იქნეს დაშვებული, ხოლო შეცდომით დაშვების შემთხვევაში საქმის წარმოება უნდა შეწყდეს (სუსგ 19.05.2016წ. განჩინება №ბს-383-377(კს-15)). ამდენად, ვინაიდან უფლებამონაცვლე სრულად ანაცვლებს თავდაპირველ პროცესის მონაწილეს, მისი უფლებამონაცვლეობის საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ რამდენად ექნებოდა მას სარჩელის აღძვრის უფლება, რაც მოცემულ შემთხვევაში გამორიცხულია, ვინაიდან ი. ჩ-ე თავად უთითებს, რომ არის დევნილი ლ. ჩ-ის არადევნილი შვილი. შესაბამისად, ვინაიდან დავის საგანია დევნილის სტატუსიდან გამომდინარე საცხოვრებელი ფართის მიღება, არადევნილი პირი ამ უფლებამოსილებით ვერ ისარგებლებს. მართალია სამკვიდროში შესაძლოა შედიოდეს არა მხოლოდ არსებული საკუთრება, არამედ აქტივები, მათ შორის მოთხოვნები, რომელთან დაკავშირებითაც მომჩივანმა შეიძლება ამტკიცოს გონივრული მოლოდინი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლების პირადი ხასიათის გამო, ის მამკვიდრებლის სამკვიდრო მასაში არ შესულა.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება საპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების სსსკ-ის 393.2-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, 394-ე მუხლის „ე1“ და 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლისა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლების დარღვევით მიღების შესახებ. კასატორი არგუმენტირებულად ვერ მიუთითებს აღნიშნული ნორმების დარღვევაზე, ნორმის დარღვევაზე მითითება თავისთავად არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საკმარის საფუძველს. სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად სასამართლოში საქმისწარმოება მიმდინარეობს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, თითოეულ მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ისე მათი მტკიცების ტვირთი. საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნის.
ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ არის აბსოლუტური, ამ უფლების იმპლიციტური შეზღუდვები დასაშვებია და შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ემსახურება კანონიერ მიზანს, დაცულია გონივრული თანაბარზომიერება დაწესებულ შეზღუდვასა და დასახულ მიზანს შორის. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება კერძო საჩივრის ავტორის უფლების დარღვევა. საქართველოს კონსტიტუციის ამჟამად მოქმედი რედაქციის 31‑ე მუხლის მითითება სასამართლოსათვის მიმართვის უფლებაზე გულისხმობს იმ დაინტერესებული პირთა შესაძლებლობების უზრუნველყოფას, ვისაც სამართლებრივი კავშირი გააჩნია დარღვეულ უფლებასთან ან კანონიერ ინტერესთან, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, ვინაიდან ი. ჩ-ეს არ გააჩნია საცხოვრებლის მოთხოვნის უფლება, შესაბამისად მისი უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე დარღვეულად ვერ მიიჩნევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ი. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2018წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი