#ბს-29(კ-19) 10 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. კ-ი; რ. გ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა; მიუღებელი პენსიის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 12 აგვისტოს ლ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ „ლ. კ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 8 აგვისტოს #57995-49/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 2016 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით, ლ. კ-ისთვის სახელმწიფო გასაცემელის (პენსია) დანიშვნის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, 2016 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) ანაზღაურებისა და 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ზიანის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
2016 წლის 12 აგვისტოს რ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ „რ. გ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 8 აგვისტოს #57995-26/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 2016 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით რ. გ-ისათვის სახელმწიფო გასაცემელის (პენსია) დანიშვნის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, 2016 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) ანაზღაურებისა და 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ზიანის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 აპრილის სხდომაზე მოცემული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი მუშაობენ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“. მათ დანიშნული ჰქონდათ ასაკობრივი პენსია, რომელიც შეუწყდათ 2013 წლის 1 დეკემბრიდან. მოსარჩელეთა მითითებით, მათ 2016 წლის 21 ივლისს განცხადებით მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს, რათა გაერკვიათ, რა მიზეზით შეუწყდათ პენსია. ამასთან, მოსარჩელეებმა მოითხოვეს გაგრძელებულიყო მათზე სახელმწიფო პენსიის გაცემა. 2016 წლის 9 აგვისტოს წერილობითი პასუხით ეცნობათ, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ არის საჯარო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულება, რის გამოც მასთან დასაქმებულ პირებზე არ ვრცელდებოდა შეღავათი და ისინი ვერ იპოვებდნენ სოციალურ უზრუნველყოფაზე უფლებას. ამდენად, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელეთა მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ არ არის საჯარო სამსახური, აღნიშნული გადაწყვეტილება არასწორია, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც მათ ადგებათ მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. კ-ისა და რ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „ლ. კ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 08.08.2016 წლის #57995-49/16 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლ. კ-ისთვის 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურება დაევალა; ლ. კ-ის მოთხოვნა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „რ. გ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 08.08.2016 წლის #57995-26/16 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რ. გ-ისათვის 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურება დაევალა; რ. გ-ის მოთხოვნა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მსჯელობის საგანს წარმოადგენდა გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან ლ. კ-ისა და რ. გ-ის მოთხოვნები 2016 წლის 1 აგვისტოდან გაუცემელი პენსიის თანხისა და 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
სასამართლოს მითითებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო. სასამართლოს მითითებით, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანების დანართი #1, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი.
სასამართლოს მითითებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის #190/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონებით ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება.
სასამართლოს მითითებით, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს პენსიის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება და შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.
სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ მისი მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. მითითებული საკანონდებლო აქტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
სასამართლოს მითითებით, საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეები - ლ. კ-ი და რ. გ-ე წარმოადგენენ სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტებს.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. პენსიის ჯანმრთელობის დაზღვევის სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.
სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ლ. კ-მა და რ. გ-ემ 2016 წლის 19 ივლისს განცხადებით მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილებას და მოითხოვეს სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, რაზეც სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილებამ 2016 წლის 8 აგვისტოს მიიღო #57995-49/16 და #57995-26/16 გადაწყვეტილებები სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეები ლ. კ-ი და რ. გ-ე ეწეოდნენ საჯარო საქმიანობას (დასაქმებულნი იყვნენ სახელწმიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“, რომელიც წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და იქ მუშაობა ითვლებოდა საჯარო საქმიანობად).
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებზე, რომლის თანახმად, ლ. კ-ი 2010 წლის 24 სექტემბრიდან 2016 წლის 16 დეკემბრამდე მუშაობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამედიცინო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ სხვადასხვა თანამდებობებზე, 2013 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის 16 დეკემბრამდე მუშაობდა ლოჯისტიკის დეპარტამენტში …ის, …ის თანამდებობაზე.
რ. გ-ე 2011 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე მუშაობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ …, …ის თანამდებობაზე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმე #ბს-77-75 (კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“, სადაც მოსარჩელეები - ლ. კ-ი და რ. გ-ე მუშაობდნენ, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას. სასამართლოს მითითებით, იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელეები - ლ. კ-ი და რ. გ-ე საქმიანობენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“, მათი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მათ კანონის შესაბამისად არ შეუწყდებათ უფლება, მიიღონ სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მათთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს.
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან“ მიმართებით სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 27 თებერვლის ინფორმაციასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ის ვერ ჩაითვლება იმ სახის მტკიცებულებად, რომელიც შეიძლება გამხდარიყო მოცემულ საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებზე და განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.
ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 8 აგვისტოს #57995-49/16 და #57995-26/16 გადაწყვეტილებები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, რომლითაც ლ. კ-სა და რ. გ-ეს 2016 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი - პენსია. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაევალოს ლ. კ-ისა და რ. გ-ის სასარგებლოდ 2016 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი პენსიის თანხის ანაზღაურება.
2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეები იღებდნენ ასაკობრივ პენსიას, თუმცა 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდათ სახელმწიფო პენსიის მიღება იმ საფუძვლით, რომ ისინი საქმიანობდნენ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“. ამდენად, სასამართლოს მითითებით, ლ. კ-ისა და რ. გ-ისთვის ცნობილი იყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (გადაწყვეტილებების) გამოცემის ფაქტი.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა - ლ. კ-მა და რ. გ-ემ მხოლოდ 2016 წლის 19 ივლისს მიმართეს განცხადებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილებას და მოითხოვეს მათთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრმა, 2016 წლის 8 აგვისტოს გამოსცა #57995-49/16 და #57995-26/16 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (გადაწყვეტილებები) სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.
ამდენად, მოსარჩელეებს - ლ. კ-ს და რ. გ-ეს გარანტირებული ჰქონდათ უფლება კანონით დადგენილ ვადაში და წესით მიემართათ სასამართლოსათვის და იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოეთხოვათ, რომლითაც მათ 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდათ სახელმწიფო პენსიის უფლება, რაც მათ არ განუხორციელებიათ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც ძალაშია გადაწყვეტილებები, რომლითაც მოსარჩელეებს - ლ. კ-ს და რ. გ-ეს 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდათ სახელმწიფო პენსიის მიღება (ბათილად არ არის ცნობილი), არ არსებობს საფუძველი, რომ 2013 წლის დეკემბრიდან დაევალოს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიუღებელი პენსიის მოსარჩელეთა სასარგებლოდ ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემული დავის განხილვისას სასამართლომ იმსჯელა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 8 აგვისტოს #57995-49/16 და #57995-26/16 გადაწყვეტილებების კანონიერებაზე, ბათილად ცნო ისინი და შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას და მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურებას სასამართლო, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალებს იმ პერიოდიდან, როდესაც მოსარჩელეებმა - ლ. კ-მა და რ. გ-ემ განცხადებით მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე კოდექსის 207-ე მუხლზე, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე მითითებით და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტების - ლ. კ-ისა და რ. გ-ისთვის სახელმწიფო გასაცემის - პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილების თანამდევ შედეგს, ხოლო იმ პირობებში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები პენსიის შეწყვეტის შესახებ ძალაშია და მათი უკანონობა დადასტურებული არ არის, არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქმედებით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. ამდენად, მოთხოვნა მოსარჩელეთათვის მიუღებელი თანხის ანაზღაურების ნაწილში 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. კ-მა და რ. გ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ლ. კ-ისა და რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების მე-3 და მე-5 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ყოველთვიურად მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) ანაზღაურების დავალების თაობაზე ლ. კ-ისა და რ. გ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამასთან, აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს საჯარო საქმიანობის ცნებას, რომლის თანახმად, საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, რომლის შესახებ ინფორმაციას კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, პალატამ განმარტა, რომ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას და არ ქმნის კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველს.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, უნდა შეფასდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ განხორციელებული შრომითი საქმიანობა წარმოადგენს თუ არა საჯარო საქმიანობას, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე (საქმე #ბს-77-75(კ-15) 2 ივლისი, 2015 წელი) და დაასკვნა, რომ მოსარჩელეები ლ. კ-ი და რ. გ-ე საქმიანობენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“, სააპელაციო პალატა დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ მათი საქმიანობა ამ სამსახურში არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად და შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ 2013 წლის 1 დეკემბრიდან, სახელმწიფო პენსიის შეწყვეტა (სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ საქმიანობის საფუძვლით) ავტომატურად ნიშნავდა იმ ფაქტს, რომ ლ. კ-ისა და რ. გ-ისთვის ცნობილი იყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (გადაწყვეტილებების) გამოცემის ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ რ. გ-ეს 2013 წლის 28 ნოემბრის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისან-სამგორის განყოფილების გადაწყვეტილებით შეუწყდა პენსიის გაცემა, საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით. ხოლო ლ. კ-ს შეუწყდა 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, იმავე საფუძვლით. ლ. კ-ისა და რ. გ-ის საპენსიო საქმეებში არ მოიპოვება საპენსიო გასაცემლის შეწყვეტის გადაწყვეტილების მოსარჩელეებისათვის გაგზავნისა და ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტა ზღუდავს მოსარჩელის სოციალური უზრუნველყოფის უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან განხორციელებული ქმედების შედეგად დაირღვა სააპელაციო საჩივრის ავტორების უფლება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პენსიის შეჩერება-შეწყვეტა არის შემზღუდავი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, ზღუდავს თავის დროზე აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით პენსიონერისათვის მინიჭებული სოციალური უზრუნველყოფის უფლებას. სახელმწიფო პენსიის შეჩერება და შეწყვეტა ხდება არა რეალაქტის, არამედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შედეგად. პენსიონერის მიერ საკუთარი საპენსიო ანგარიშის გადამოწმების შესაძლებლობა არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ამ გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილი წესების დაცვით გადაწყვეტილების მიღებისა და დაინტერესებული მხარისათვის მისი ჩაბარების ვალდებულებისაგან.
აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ბოლო ეტაპი და წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლებამოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა, შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის იურიდიული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნულით დასტურდება მისი შინაარსის გაცნობა მხარის მიერ. ოფიციალურ გაცნობად ვერ ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოსგან ვარაუდი, რომ ადრესატს უნდა სცოდნოდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ საქმიანობის შედეგად პენსიის შეწყვეტის შესახებ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული აქტის ოფიციალური გაცნობის სახეებზე, კერძოდ, დაინტერესებული მხარისათვის აქტის გადაცემაზე, ფოსტის მეშვეობით გაგზავნაზე აქტის გამოქვეყნებაზე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ბეჭდვით ორგანოში და საჯარო გამოცხადებაზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის გაცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისიწინებული ფორმების გამოყენება დაკავშირებულია ადმინისტრაციული წარმოების ფორმებთან და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატთა რაოდენობასთან, ასევე მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობის მნიშვნელობის ხარისხთან.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ადრესატისათვის აქტის გაცნობა რომელიმე მითითებული საშუალებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარეს არ ჩაჰბარებია სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებები, ხოლო საპენსიო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დებულებას, რომლის მიხედვით, პენსიის შეჩერების საფუძვლების წარმოშობა ან შეწყვეტა, ავტომატურად ნიშნავს მხარის ინფორმირებას, სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტო ასეთ აქტზე ვერ უთითებს. ის, რომ შეჩერების/შეწყვეტის საფუძველი არსებობს, თავისთავად არ გულისხმობს პენსიის დარიცხვის შეჩერებას/შეწყვეტას.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები საპენსიო გასაცემლის შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მუშაობა არ წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში საქმიანობას, შესაბამისად, მოსარჩელეების - ლ. კ-ისა და რ. გ-ის მოთხოვნის (2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ზიანის ანაზღაურება მიუღებელი პენსიის სახით) დაკმაყოფილებაზე უარი იმ საფუძვლით, რომ მათ არ გაუსაჩივრებიათ საპენსიო გასაცემლის შეწყვეტის გადაწყვეტილებები (ამ გადაწყვეტილებების კანონით დადგენილი წესით ჩაუბარებლობის პირობებში), არის უსაფუძვლო.
პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42.9 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე და საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს სახელმწიფო კომპენსაციის (პენსიის) გაცემა შეუწყდათ 2013 წლის 1 დეკემბრიდან, ხოლო 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვეტილი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურების მოთხოვნით, მოსარჩელეებმა სასამართლოს მიმართეს 2016 წლის 12 აგვისტოს.
პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე და განმარტა, რომ ქონებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა. თუ არ არსებობს ზიანი, ვერც ქონებრივი პასუხისმგებლობა იარსებებს, ვინაიდან ზიანი არის ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ამოსავალი წერტილი. არასახელშეკრულებო ზიანი არის ისეთი სახის ზიანი, რომლის დროსაც მხარეები არიან ერთმანეთთან ვალდებულებით ურთიერთობაში. დელიქტი გულისხმობს ერთი პირის უფლებამოსილებას მეორე პირისგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ზიანი არსებობს მაშინ თუ არის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, პირის ბრალეული ქმედება და ზიანი სახეზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის მიხედვით, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
პალატამ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისას დადასტურებული ზიანის შედეგების არსებობის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ზიანის, როგორც სამართლებრივი ცნების მსჯელობისას მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ზოგადი სახის პირობებად გვევლინება ზიანის გამომწვევი პირის ბრალეულობა, ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის კავშირი. ანუ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ მაშინ, თუ სხვა ნორმატიულ კრიტერიუმებთან ერთად არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების დადასტურებული პირობები. საქმეში არსებული მასალების ერთობლიობაში შეფასების თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად (სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტა), რეალური ზიანის ფაქტები მოსარჩელე მხარის მიმართ.
ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. კ-ისა და რ. გ-ის მოთხოვნა 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე შეწყვეტილი სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ „დელტა“ წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს არ ეკუთვნით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასაკობრივი პენსია, ვინაიდან ისინი ეწევიან ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტით გათვალისწინებულ საჯარო საქმიანობას.
ამასთან, კასატორის მითითებით, სასამართლოს მსჯელობა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეებს 2013 წლის დეკემბრიდან შეუწყდათ სახელმწიფო პენსია, რომელიც სადავოდ არ გაუხდიათ, შესაბამისად, მათთვის ცნობილი იყო, რომ არ იღებდნენ სახელმწიფო გასაცემელს და ჰქონდათ შეწყვეტილი. კასატორი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.2 და 180-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებს 2016 წლამდე არ მიუმართავთ სასამართლოსთვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვეტილი პენსიის ანაზღაურების თაობაზე.
კასატორის მითითებით, სასამართლოს არ უმსჯელია სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადებზე, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, რომლის ათვლა იწყება ამ ვადის დამოუკიდებლად და შეადგენს სამ წელს. სასამართლოს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი ემსჯელა 2013-2016 წლების გასაცემლის გაანგარიშებაზე, ვინაიდან მოთხოვნა ამ ნაწილში ხანდაზმულია.
კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის #ბს-481-478 განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება მოსარჩელეების მოთხოვნა 2013 წლის 1 დეკემბრიდან სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) ანაზღაურებისა და ასევე 2016 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ლ. კ-ისა და რ. გ-ისათვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე; ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში საფუძვლიანია, ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ ლ. კ-ისა და რ. გ-ისთვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) ანაზღაურების ნაწილში არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ სამართალურთიერთობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ლ. კ-ისა და რ. გ-ის საპენსიო საქმეებით დასტურდება, რომ 2010 წლის 9 აგვისტოს ლ. კ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილებას და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. 2010 წლის 12 აგვისტოს #03/7985-10/01 გადაწყვეტილებით მას დაენიშნა ასაკობრივი პენსია, რომელიც შეუწყდა 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით.
2011 წლის 10 თებერვალს, რ. გ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილებას და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. 2011 წლის 11 თებერვლის #03/1727 გადაწყვეტილებით მას დაენიშნა ასაკობრივი პენსია, რომელიც შეუწყდა 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით.
2016 წლის 19 ივლისს ლ. კ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილებას და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილების მიერ 2016 წლის 8 აგვისტოს გამოიცა #57995-49/16 გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მუშაობის გამო, ლ. კ-ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია).
2016 წლის 19 ივლისს, რ. გ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილებას და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილების მიერ 2016 წლის 8 აგვისტოს გამოიცა #57995-26/16 გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მუშაობის გამო, რ. გ-ეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება „ლ. კ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 8 აგვისტოს #57995-49/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ლ. კ-ისთვის 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურების, ასევე, „რ. გ-ისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 8 აგვისტოს #57995-26/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის რ. გ-ისათვის 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემლის (პენსია) დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, ვინაიდან გადაწყვეტილების ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით არ იქნა დაშვებული. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მხოლოდ ლ. კ-ისა და რ. გ-ისთვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) ანაზღაურების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ლ. კ-ს და რ. გ-ეს სწორედ ამ კანონის შესაბამისად, საჯარო საქმიანობის განხორციელების მოტივით შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაცია (პენსია), თუმცა იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა არ მიიჩნევა საჯარო სამსახურში საქმიანობად, საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დადგენილ პრაქტიკაზე (სუს 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება, საქმე #ბს-77-75(კ-15)), რომელშიც საკასაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად და განმარტა, რომ „სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას“.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის, მამაკაცებისათვის - 65 წლის ასაკის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეები - ლ. კ-ი და რ. გ-ე წარმოადგენენ სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტებს. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. კ-ი და რ. გ-ე მუშაობდნენ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ და იღებდნენ ასაკობრივი საფუძვლით დანიშნულ სახელმწიფო პენსიას.
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მუშაობის გამო ლ. კ-ს 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეუწყდა სახელმწიფო პენსიის გაცემა საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით. მან 2016 წლის 19 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილებას და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილების მიერ 2016 წლის 8 აგვისტოს გამოიცა #57995-49/16 გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მუშაობის გამო, ლ. კ-ს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია).
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მუშაობის გამო რ. გ-ეს 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეუწყდა სახელმწიფო პენსიის გაცემა საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით. მან 2016 წლის 19 ივლისს, განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილებას და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის განყოფილების მიერ 2016 წლის 8 აგვისტოს გამოიცა #57995-26/16 გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მუშაობის გამო, რ. გ-ეს ვერ დაენიშნებოდა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, ბათილად არის ცნობილი სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნულით არ დგინდება სახელმწიფო პენსიის შეწყვეტიდან - 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე ლ. კ-ისა და რ. გ-ისთვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების საფუძვლის არსებობა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები ადგენს, რომ პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. იმავე დათქმას შეიცავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესები“. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებს 2016 წლამდე არ წარუდგენიათ პრეტენზია 2013 წლიდან შეწყვეტილ პენსიასთან დაკავშირებით. მათ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის ივლისის თვეში მიმართეს. 2013 წლის ნოემბრიდან სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის თაობაზე ლ. კ-ისა და რ. გ-ისთვის ცნობილი იყო შემდეგ პერიოდში ყოველთვიური პენსიის შეწყვეტის გაუცემლობის ფაქტით, მოსარჩელეებს 2013 წლიდან არ ერიცხებოდათ საპენსიო თანხა (აღნიშნულის უარსაყოფად მოსარჩელეები არ უთითებენ რაიმე მტკიცებულებაზე ან გარემოებაზე). შესაბამისად, წლების განმავლობაში პენსიის მიუღებლობა ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელეთათვის უთუოდ ცნობილი იყო მისი შეწყვეტის შესახებ, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მათ პენსიის შეწყვეტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ გაუსაჩივრებიათ.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, 2013 წლიდან პენსიის გაცემის საფუძველს არ ქმნის სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება წერილობით არ გამოცემულა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ი ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას წერილობით ან ზეპირად. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეები მიიჩნევდნენ საჯარო სამსახურის დაწყების გამო პენსიის შეწყვეტას მათი უფლების შეზღუდვად, მათ უნდა მოეთხოვათ აქტის წერილობითი გამოცემა და უნდა გაესაჩივრებინათ აქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეებს 2013 წლის ნოემბრიდან შეუწყდათ სახელმწიფო პენსია, მოსარჩელეებს პენსიის გაუცემლობა წლების განმავლობაში სადავოდ არ გაუხდიათ, მათ არც ყოველთვიური სარგებლის გაუცემლობის სახით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოს უმოქმედობა გაუსაჩივრებიათ.
სზაკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, დაინტერესებულ პირს აქვს უფლება სადავო გახადოს არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება - მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც ერთი თვის ვადაში უნდა გასაჩივრდეს იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული პირისათვის ცნობილი გახდა მოქმედების განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. სზაკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ (იხ. სუს 17.01.2019წ. გადაწყვეტილება, საქმეზე #ბს-79-79(კ-18)).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყველასათვის გარანტირებულია ადმინისტრაციული ორგანოსა და სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება. ლ. კ-სა და რ. გ-ეს არ მიუმართავთ ზემდგომი ორგანოსათვის ადმინისტრაციული საჩივრით, არ აღუძრავთ სასამართლოში სარჩელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აქტის ბათილად ცნობაზე უფლებამოსილი სუბიექტებია უშუალოდ აქტის გამომცემი ორგანო, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო და სასამართლო. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება, რომ 2016 წლის ივლისის თვემდე ლ. კ-მა და რ. გ-ემ პენსიის შეწყვეტა ანუ მათი უფლებების ხელყოფა რაიმე ფორმით სადავოდ გახადეს ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ პენსიის დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიიღება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით და „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესით“ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. პენსიის შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ პენსია ხელახლა ინიშნება საერთო წესით. პენსიის შეწყვეტის საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში იმავე საფუძვლით პენსიის დანიშვნა არ ნიშნავს პენსიის აღდგენას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, პენსიის განახლება დასაშვებია პენსიის შეჩერების შემთხვევაში. შეჩერებული პენსიის განახლება მოხდება პენსიის მიმღები პირის მიერ სააგენტოში პენსიის განახლების თაობაზე განცხადების შეტანიდან მომდევნო თვეს და ანაზღაურდება წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან, ხოლო პენსიის შეწყვეტის შემთხვევაში ხდება მისი ახლიდან დანიშვნა.
პენსიის აღდგენას და ასევე გასული პერიოდისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, ასეთ შემთხვევაში პენსიის შეწყვეტა თავისი არსით შესაძლოა მიჩნეულ იქნეს პენსიის შეჩერებად (სუს 02.07.2015წ. #ბს-77-75(კ-15) გადაწყვეტილება). რაც შეეხება განსახილველ დავას, პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები მოცემულ შემთხვევაში არ გასაჩივრებულა, არ დადგენილა მისი უკანონობა. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მხოლოდ სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. მოცემულ შემთხვევაში, უკანონოდ არის ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 8 აგვისტოს #57995-49/16 გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. კ-ს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე და ამავე ორგანოს 2016 წლის 8 აგვისტოს #57995-26/16 გადაწყვეტილება, რომლითაც რ. გ-ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. მათ არ გაუსაჩივრებიათ გადაწყვეტილება, რომლითაც 2013 წლის ნოემბრიდან შეუწყდათ სახელმწიფო პენსიის მიღება, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელეთა სასარგებლოდ 2013 წლის 1 დეკემბრიდან მიუღებელი პენსიის ზიანად მიჩნევისა და მისი მოსარჩელეთათვის ანაზღაურების პირობა. მოცემული დავის საგანია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 8 აგვისტოს #57995-49/16 და 2016 წლის 8 აგვისტოს #57995-26/16 გადაწყვეტილებების კანონიერება. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით სასამართლომ ბათილად ცნო მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა და მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება იმ პერიოდიდან, როდესაც მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს სააგენტოს სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პენსიასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობების წარმოშობისათვის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობა არ არის საკმარისი. ასე მაგ.: პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა თავისთავად არ იწვევს მისთვის პენსიის დანიშვნას, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში პენსიის დანიშვნა ხდება პენსიის დანიშვნის შესახებ პირის განცხადებით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე. ასევეა პენსიის შეწყვეტის შემთხვევაშიც. შეწყვეტის შედეგების აღმოფხვრა, სახელმწიფო პენსიის გაცემის აღდგენა საჭიროებდა პენსიის შეწყვეტის გასაჩივრებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება პენსიის აღდგენის შესახებ არ არის დასაბუთებული, ვინაიდან პენსიის შეწყვეტის შემდეგ ხდება არა პენსიის განახლება, არამედ ხელახალი დანიშვნა, შეწყვეტილი პენსიის ხელახლა დანიშვნა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. კ-მა და რ. გ-ემ მოიპოვეს პენსიის მიღების უფლება მიმართვის, კერძოდ, 2016 წლის 19 ივლისის მომდევნო თვიდან და არა 2013 წლის 1 დეკემბრიდან. ამდენად, 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე მიუღებელი პენსიის სახით თანხის ანაზღაურების მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის ამგვარი გადაწყვეტა შეესაბამება მითითებულ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში კი განსხვავდება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან (20.07.2017წ. განჩინება, საქმეზე #ბს-481-478(2კ-17); 22.11.2018წ. გადაწყვეტილება, საქმეზე #ბს-666-666(კ-18)).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ლ. კ-ისა და რ. გ-ისთვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. კ-ისა და რ. გ-ის სარჩელი 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება ლ. კ-ისა და რ. გ-ისათვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ. კ-ისა და რ. გ-ის სარჩელი 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი