#ბს-1170 (კს-18) 16 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ზ. ს-ე, ლ. ს-ე, ნ. ლ-ა, გ. ფ-ე, ი. მ-ე, ბ. გ-ა, თ. მ-ე, დ. ნ-ი, ქ. ჟ-ა, მ. წ-ი, ნ. წ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თ. ფ-ი
მესამე პირები - ნ. ლ-ე, შპს „...ის“, შპს „დ...ეს“, "ქ...ის" თბილისში ... კავშირი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2018წ. განჩინება
დავის საგანი - საქმეში მესამე პირად ჩაბმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. ფ-მა 16.01.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მიერ 29.12.2003წ. განხორციელებული მოქმედების გაუქმება ქ. თბილისში, ... გამზ./ ... ქუჩის N144/2-ში მდებარე 160 მ2 არასაცხოვრებელ ფართზე თ. ფ-ის საკუთრების უფლების გაუქმების და ნ. ლ-ის საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.02.2017წ. განჩინებით თ. ფ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ნ. ლ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... გამზირი, ... ქ. N144/2-ში მდებარე 71.56 მ2 არასაცხოვრებელ ფართსა და 104.01 მ2 სარდაფის ფართზე, საკადასტრო კოდით N..., სარეგისტრაციო მონაცემებში ყოველგვარი ცვლილებების შეტანა სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, თ. ფ-ის შუამდგომლობა ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს 29.12.2003წ. N... წერილის მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.02.2017წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად ჩაბმულ იქნა ნ. ლ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.07.2017წ. გადაწყვეტილებით თ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.02.2017წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ქ. თბილისში, ... გამზირი, ... ქ. N144/2-ში მდებარე 71.56 მ2 არასაცხოვრებელ ფართსა და 104.01 მ2 სარდაფის ფართზე, საკადასტრო კოდით N..., სარეგისტრაციო მონაცემებში ყოველგვარი ცვლილებების შეტანის აკრძალვის შესახებ, აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. ფ-ის მიერ.
07.03.2018წ. შპს „...ის“, შპს „დ...ეს“, "ქ...ის" თბილისში ... კავშირის თავმჯდომარემ ნ. წ-მა დაზუსტებული განცხადებით (შუამდგომლობით) მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და იშუამდგომლა საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმა. ნ. წ-მა აღნიშნა, რომ განსახილველი დავა ეხება მათ არასაცხოვრებელ ფართს, მდებარე: ქ. თბილისი, ... გამზირი, ... ქ. N144/2, რაზედაც თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 22.12.1998წ. გადაწყვეტილებით მიქცეულია გადახდევინება. შესაბამისად, აღნიშნულ საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს განმცხადებლის უფლებებსა და მოვალეობებზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.2018წ. განჩინებით შპს „...ის“, შპს „დ...ეს“, "ქ...ის" თბილისში ... კავშირის თავმჯდომარის ნ. წ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „...ის“, შპს „დ...ეს“, „ქ...ის“ თბილისში ... კავშირი საქმეში მესამე პირად ჩაება სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, განმცხადებელს უარი ეთქვა საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაბმაზე.
07.05.2018წ. თ. ფ-ის და ნ. ლ-ის მიერ დაზარალებულმა კრედიტორებმა ზ. ს-ემ, ლ. ს-ემ, თ. მ-ემ, ბ. გ-ამ, დ. ნ-მა, თ. მ-ემ, ნ. ლ-ამ, გ. ფ-ემ, ი. მ-ემ, ქ. ჟ-ამ, მ. წ-მა და ნ. წ-მა შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმის თაობაზე. განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მათ უფლებებსა და მოვალეობებზე. მიუხედავად იმისა, რომ მათი კავშირის თავმჯდომარე მესამე პირადაა ჩაბმული საქმეში, უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას კავშირის წევრები იქნებიან დაუცველები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2018წ. განჩინებით ზ. ს-ის, ლ. ს-ის, თ. მ-ის, ბ. გ-ას, დ. ნ-ის, თ. მ-ის, ნ. ლ-ას, გ. ფ-ის, ი. მ-ის, ქ. ჟ-ას, მ. წ-ის და ნ. წ-ის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ შპს „...ის“, შპს „დ...ეს“, „ქ...ის“ თბილისში ... კავშირის წესდების 2.1 მუხლზე და აღნიშნა, რომ კავშირი მიზნად ისახავს დაიცვას მისი წევრების, როგორც მეანაბრეების ინტერესები. წესდების 2.2 მუხლის მიხედვით, კავშირის მიზნების მისაღწევად კავშირის ხელმძღვანელი ორგანოები შეიმუშავებენ შპს „...ის“, შპს „დ...ეს“, „ქ...ის“ მეანაბრეთა უფლებების დაცვის ღონისძიებებს და თავიანთი უფლებამოსილი წარმომადგენლის სახით მონაწილეობენ ამ ღონისძიებათა რეალიზაციაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ მიუთითა, რომ შპს „...ის“, შპს „დ...ეს“, „ქ...ის“ თბილისში ... კავშირი განსახილველ საქმეში წარმოადგენს პროცესუალურ მხარეს და არ არსებობს მისი წევრების საქმეში მესამე პირად ჩაბმის საჭიროება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2018წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნით ზ. ს-ემ, ლ. ს-ემ, ნ. ლ-ამ, გ. ფ-ემ, ი. მ-ემ, ბ. გ-ამ, თ. მ-ემ, დ. ნ-მა, ქ. ჟ-ამ, მ. წ-მა და ნ. წ-მა კერძო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
კერძო საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ... კავშირი საქმეში ჩართულია მესამე პირად, თუმცა კავშირის თავმჯდომარე არ არის იურისტი და შესაბამისად კავშირი ვერ მიიღებს მონაწილეობას უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვაში. ამით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 42.1 მუხლი, რომლის მიხედვითაც ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ საქმეზე დავა სასამართლოში 2007 წლიდან მიმდინარეობს და კრედიტორები ჩართულნი იყვნენ სხვა დავაში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე. აღნიშნული საკითხის განხილვას შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს კრედიტორების ინტერესებსა და უფლებებზე, რამეთუ დავა ეხება 22.12.1998წ. გადაწყვეტილების აღსასრულებლად კრედიტორების სასარგებლოდ დაწყებულ სააღსრულებო წარმოებას. ამ საქმეში შპს „...ის“, შპს „დ...ეს“, „ქ...ის“ თბილისში ... კავშირის და კრედიტორების ჩაუბმელობა არის დისკრიმინაციული დამოკიდებულება კრედიტორთა მიმართ, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით დაცული უფლებების უხეში დარღვევა და აშკარა ხელშეშლა. აღსანიშნავია, რომ სადავო ფართთან დაკავშირებით არაერთი დავა მიმდინარეობდა, რომელიც დასრულდა კრედიტორების სასარგებლოდ. არაკეთილსინდისიერ მყიდველს თ. ფ-ს და გამყიდველს ნ. ლ-ეს არ გაუსაჩივრებიათ 22.12.1998წ. გადაწყვეტილება. თ. ფ-ი ითხოვდა იმის დაბრუნებას, რაც დაზარალებულ მეანაბრეთა სარჩელის საფუძველზე მას ჩამოერთვა და უნდა გაიყიდოს დაზარალებულ მეანაბრეთა სასარგებლოდ. სასამართლომ კრედიტორებს უნდა მისცეს სასამართლოს გზით თ. ფ-თან დაპირისპირების და სიმართლის დამტკიცების შესაძლებლობა. თ. ფ-ი 22 წლის მანძილზე ებრძვის და აზარალებს კრედიტორებს, ხელს უშლის 22.12.1998წ. გადაწყვეტილების აღსრულებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.06.2015წ. განჩინებით განმარტებულია, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზანი წარმოადგენს უპირატეს მიზანს, რომელსაც ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. ამდენად, მნიშვნელოვანია წინამდებარე საქმეში კრედიტორების სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაბმა, რამეთუ კრედიტორები არიან იმ სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2018წ. განჩინება დაუსაბუთებელია, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად განჩინების გაუქმების საფუძველია. ასევე, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი განჩინების გამოტანა, რაც სსსკ-ის 393.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2018წ. განჩინების გაუქმების საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ს-ის, ლ. ს-ის, ნ. ლ-ას, გ. ფ-ის, ი. მ-ის, ბ. გ-ას, თ. მ-ის, დ. ნ-ის, ქ. ჟ-ას, მ. წ-ის და ნ. წ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვა, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზოგადი წესის მიხედვით, კერძო საჩივრის განხილვა წარმოებს ზეპირი მოსმენის ჩატარების გარეშე. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივარს მხარეთა დასწრებით განიხილავს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, სათანადო საჭიროების დადგენისას. საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ფორმა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის გარემოებების შესწავლისა და დავის ხასიათიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში, საქმის ზეპირი განხილვის საჭიროების არარსებობის გამო, კერძო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე არის განხილული.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 22.12.1998წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მეანაბრეთა სასარჩელო განცხადება მოპასუხეების - სს „...ის“, შპს „დ...ეს“, "ქ...ის", ნ. ლ-ის, თ. ლ-ის და კ. ტ-ის მიმართ თანხების ანაზღაურებისა და ქონების თავდაპირველ მდგომარეობაში აღდგენის შესახებ. მოპასუხეებს დაეკისრათ თითოეულ მეანაბრეზე ძირითადი თანხის და 10 თვის 7%-იანი დანამატის ანაზღაურება, წინაღმდეგ შემთხვევაში გაუქმდებოდა ყოველგვარი ნასყიდობის ხელშეკრულება მოპასუხეებზე რიცხულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე, რომელიც შეტანილი იყო აუდიტის ცნობაში და აღსდგებოდა თავდაპირველი მდგომარეობა, ქონება აღირიცხებოდა მოპასუხეთა საკუთრების უფლებით დადგენილი წესის შესაბამისად და მიექცეოდა იძულებით აღსასრულებლად. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის და ქონების შეფასების აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ნ. ე-ის 25.12.2003წ. მიმართვის საფუძველზე ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ბიურომ 29.12.2003წ. განახორციელა ქ. თბილისში ... გამზ./... ქ. N144/2-ში მდებარე 160 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართზე 16.06.1998წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე თ. ფ-ის საკუთრების უფლების გაუქმება და აღნიშნული ფართის მესაკუთრედ ნ. ლ-ის აღრიცხვა, ასევე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისთანავე ფართზე ყადაღის რეგისტრაცია. 16.01.2017წ. თ. ფ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს 29.12.2003წ. განხორციელებული მოქმედების გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.07.2017წ. გადაწყვეტილებით თ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. ფ-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.2018წ. განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „...ის“, შპს „დ...ეს“, "ქ...ის" თბილისში ... კავშირის თავმჯდომარის ნ. წ-ის შუამდგომლობა საქმეში სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად კავშირის ჩაბმის თაობაზე და შპს „...ის“, შპს „დ...ეს“, „ქ...ის“ თბილისში ... კავშირი საქმეში მესამე პირად ჩაება სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.
საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს დავის განხილვაში არა მხოლოდ მხარეების (მოსარჩელე, მოპასუხე), არამედ აგრეთვე მესამე პირების მონაწილეობის შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ ადმინისტრაციული სასამართლო პროცესის ფარგლებში მოახდინონ საკუთარი ინტერესების დაცვა და რეალიზება. მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. სასკ-ის მე-16 მუხლი განასხვავებს მესამე პირების პროცესში მარტივ და სავალდებულო ჩაბმას, ჩაბმის ფორმის მიხედვით განისაზღვრება მესამე პირთა საპროცესო უფლება და ქმედუნარიანობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში მესამე პირთა ჩაბმისას სასამართლო აფასებს საქმის გარემოებებს, მესამე პირთა შესაძლო კავშირს სადავო სამართალურთიერთობის მიმართ და მითითებული ფაქტორების გათვალისწინებით და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე წყვეტს შესაბამისი საპროცესო სტატუსით საქმეში პირთა ჩაბმის საკითხს. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად არასავალდებულო მოწვევის მესამე პირი არ არის განსახილველი დავის უშუალო მონაწილე, თუმცა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ამ პირის სამართლებრივ ინტერესზე (სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილი), ხოლო სავალდებულო მოწვევის მესამე პირის შემთხვევაში (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) უნდა იკვეთებოდეს არამხოლოდ პირთა სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება, არამედ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვრებოდეს მესამე პირთა უფლება-მოვალეობანი. სავალდებულო მოწვევის მესამე პირი განსახილველი სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე უნდა იყოს, მას თავისი დამოუკიდებელი სამართლებრივი ინტერესი უნდა გააჩნდეს დავის მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნას წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2018წ. განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად მათი ჩაბმის თაობაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბუნდოვანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2018წ. განჩინების როგორც სარეზოლუციო, ისე სამოტივაციო ნაწილი. განჩინების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო მიუთითებს სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ელ ნაწილზე, ხოლო სარეზოლუციო ნაწილით არ აკმაყოფილებს შუამდგომლობას ზოგადად მესამე პირად ჩართვის თაობაზე, მაშინ როდესაც ამავე განჩინებაში მითითებულია, რომ შუამდგომლობა დაყენებულია საქმეში სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმის შესახებ.
კერძო საჩივრის ავტორები აცხადებენ, რომ არიან მეანაბრეები, კავშირის წევრები. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა კავშირის წევრების საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ, მაშინ როდესაც, ამავე სასამართლოს 04.05.2018წ. განჩინებით შპს „...ის“, შპს „დ...ეს“, „ქ...ის“ თბილისში ... კავშირი საქმეში მესამე პირად ჩაბმულია სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (ტ. 4, ს.ფ. 203) შპს „...ის“, შპს „დ...ეს“, „ქ...ის“ თბილისში ... კავშირის სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. სკ-ის 24.1 მუხლის მიხედვით იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი. საქმის მასალებში დაცული შპს „...ის“, შპს „დ...ეს“, „ქ...ის“ თბილისში ... კავშირის წესდების მიხედვით კავშირი დაფუძნებულია მეანაბრეთა მიერ და იგი მიზნად ისახავს მეანაბრეთა ინტერესების დაცვას (მუხ. 2.1). კავშირი წარმოადგენს პირთა ნებაყოფლობითი გაერთიანების საფუძველზე შექმნილ, კორპორაციულად ორგანიზებულ გაერთიანებას. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს 04.05.2018წ. განჩინებით კავშირი, სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ჩაბმულია საქმეში მესამე პირად, კავშირის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, სახეზეა კავშირის წევრების სამართლებრივი ინტერესის არსებობა მოცემული დავის გადაწყვეტის მიმართ.
იმის გათვალისწინებით, რომ დავა ეხება მეანაბრეთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ 22.12.1998წ. კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს, ამასთანავე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.2018წ. განჩინებით შპს „...ის“, შპს „დ...ეს“, „ქართული ბიზნესის აღორძინების ფონდის“ თბილისში ... კავშირი საქმეში ჩაბმულია მესამე პირად სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით მესამე პირად საქმეში ჩაბმის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა. მხედველობაშია აგრეთვე მისაღები, რომ სხვა დავებში კრედიტორები საქმეში სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე იყვნენ ჩაბმულები საქმეში, ასე მაგ. სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის აქტების არარად აღიარების თაობაზე თ. ფ-ის სარჩელთან დაკავშირებით, მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.11.09წ. განჩინებით სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ კრედიტორები, მათ შორის ამჟამად განხილვაში მყოფ საქმეში კერძო საჩივრის ავტორები (ზ. ს-ე, ლ. ს-ე, ნ. ლ-ა, ი. მ-ე, მ. წ-ი). საქმის მასალებით დასტურდება, რომ იმ შემთხვევაში როდესაც კავშირი ჩართული იყო საქმეში სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, კრედიტორები საქმეში 16.2 მუხლის საფუძველზე იყვნენ ჩართული.
საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ საქმეში რეგისტრირებული კავშირის მესამე პირად ჩაბმა არ გამორიცხავს მისი წევრების საქმეში მესამე პირებად ჩაბმის საჭიროებას. კავშირი პირთა ნებაყოფლობითი გაერთიანების საფუძველზე შექმნილი ორგანიზაციაა, იგი წევრობაზე დაფუძნებული, კორპორაციულად ორგანიზებული იურიდიული პირია. წევრები განსაზღვრავენ კავშირის საქმიანობის ყველა ძირითად საკითხს. კავშირის წევრობა დაკავშირებულია განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებთან, რომელთა ერთობლიობა შეადგენს კავშირის წევრობის შინაარსს. ამდენად, საქმეში კავშირის მესამე პირად ჩაბმა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს კავშირის და შესაბამისად კავშირის წევრების ინტერესებს. კავშირის შექმნა კავშირის წევრი და არაწევრი მეანაბრეთა წარმომადგენლობის სახით უფლებების დაცვის მიზნით (წესდების 2.2 მუხ.) არ გამორიცხავს საქმის განხილვაში მეანაბრეთა მონაწილეობას, წარმომადგენლობა არ გამორიცხავს პროცესში იმ პირის მონაწილეობას, რომლის უფლებებსაც შესაძლოა შეეხოს დავაზე მისაღები გადაწყვეტილება, მით უფრო, რომ ყველა მეანაბრე არ არის კავშირის წევრი, წესდების 3.1 მუხლის თანახმად, "კავშირის" წევრებად უპირველესად მიიღებიან შპს "...ის", შპს "დ...ეს", "ქ...ის" თბილისში მცხოვრები მეანაბრეები, რომელთა უფლებების დაცვის მიზნით შექმნილია კავშირი, ამდენად, კავშირი არის თბილისში ... კავშირი. სსკ-ის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების შემოწმების კანონმდებლობით განსაზღვრული ფარგლების მიუხედავად ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ გამორიცხავს საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესაძლებლობას პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ (სასკ-ის 341.2 მუხლით განსაზღვრულ პირობებში ასეთი შესაძლებლობა არ გამოირიცხება საკასაციო ინსტანციაშიც). მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებული პირები, კერძო საჩივრის ავტორები დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე არ აცხადებენ, თუმცა აშკარაა მათი სამართლებრივი ინტერესი განსახილველი დავის მიმართ. საქმეში მესამე პირებად ჩაბმის მოთხოვნის შუამდგომლობის ავტორთა ინტერესი ემთხვევა მოპასუხე მხარის ინტერესს, სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მათ უფლებებსა და მოვალეობებზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზ. ს-ემ და სხვებმა მოითხოვეს საქმეში ჩაბმა სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოთხოვნის საფუძვლად შუამდგომლობის ავტორები უთითებენ იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.18წ. განჩინებით კავშირის თავმჯდომარის ნ. წ-ის შუამდგომლობა სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კავშირი საქმეში ჩაება მესამე პირად სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე. სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე კავშირის მესამე პირად ჩაბმის გამო, ზ. ს-ემ და სხვებმა შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაბმა, რათა ჰქონოდათ სააპელაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის საკასაციო ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობა. საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაბმის მოთხოვნის მიუხედავად სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ განჩინებაში უთითებს, რომ შუამდგომლობის ავტორები არ უნდა იქნენ ჩართულნი საქმეში მესამე პირებად სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულ მესამე პირის სახით (ტ. 4, ს.ფ. 232). ამდენად, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის "ე1 "ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება - გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით (სსკ-ის 420-ე მუხ.). სსკ-ის 412.1 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნული წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე გასაჩივრებულ განჩინებაში არ დაუდგენია თუ რა გავლენა შეუძლია იქონიოს საქმეზე გამოტანილმა გადაწყვეტილებამ კერძო საჩივრის ავტორების უფლებებზე. სააპელაციო სასამართლომ ისე განაცხადა უარი მესამე პირებად საქმეში ჩართვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რომ არ დაუდგენია შუამდგომლობის ავტორთა კავშირის წევრობა, მეანაბრეთა კატეგორიისადმი მათი კუთვნილება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის არსის და კავშირის მიზნების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას თავიდან უნდა იმსჯელოს საქმეში მესამე პირად ზ. ს-ის, ლ. ს-ის, ნ. ლ-ას, გ. ფ-ის, ი. მ-ის, ბ. გ-ას, თ. მ-ის, დ. ნ-ის, ქ. ჟ-ას, მ. წ-ის და ნ. წ-ის ჩაბმის საკითხზე, რათა უკეთ იქნეს უზრუნველყოფილი ხსენებულ მეანაბრეთა უფლებების დაცვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზ. ს-ის, ლ. ს-ის, ნ. ლ-ას, გ. ფ-ის, ი. მ-ის, ბ. გ-ას, თ. მ-ის, დ. ნ-ის, ქ. ჟ-ას, მ. წ-ის და ნ. წ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ზემოაღნიშნული პირების საქმეში მესამე პირად ჩაბმის საკითხის გადასაწყვეტად საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ს-ის, ლ. ს-ის, ნ. ლ-ას, გ. ფ-ის, ი. მ-ის, ბ. გ-ას, თ. მ-ის, დ. ნ-ის, ქ. ჟ-ას, მ. წ-ის და ნ. წ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.05.2018წ. განჩინება და ზ. ს-ის, ლ. ს-ის, ნ. ლ-ას, გ. ფ-ის, ი. მ-ის, ბ. გ-ას, თ. მ-ის, დ. ნ-ის, ქ. ჟ-ას, მ. წ-ის და ნ. წ-ის საქმეში მესამე პირად ჩაბმის საკითხის გადასაწყვეტად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასასამართლოს; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი