Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 42-დად 18 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),

გ. ბორჩხაძე,

დ. სულაქველიძე

განიხილა დ. კ-ის, დ. კ-ის, ნ. კი-ის კერძო საკასაციო საჩივარი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 იანვრის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. ნ-ის საჩივარი. გაუქმდა ზესტაფონის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელ ა. ვ-ის მიერ 2003წ. 24 დეკემბრის ზესტაფონის შპს “---ის” ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და საქმე წინასწარი გამოძიების გასაახლებლად გადაეცა ზესტაფონის რაიონის პროკურორს.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 27 იანვარს იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის ¹-- საქმე საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” პუნქტებით, ზესტაფონის შპს “---ის” ყოფილი ხელმძღვანელების მიერ 2002წ. 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე.

სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების მიერ მოკვლეული მასალები ზესტაფონის შპს “---ის” ყოფილი ხელმძღვანელების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე.

ქ. ზესტაფონში, --- მდებარე შპს “---ის” ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თავის ტერიტორიაზე ვაჭრობის ორგანიზაცია. აღნიშნული საზოგადოების ტერიტორიაზე განთავსებულია სავაჭრო ცენტრი, ავტონაწილებით მოვაჭრეთა ჯიხურები, ავტო და მაცივრების შემკეთებლების, ასევე ოქრომჭედლის სახელოსნოები.

2002წ. 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში სავაჭრო ცენტრში მოვაჭრე 29 ინდმეწარმე ყოველდღიურად იხდიდა 1 ლარს. თუ არ მუშაობდნენ, ფულს არ იხდიდნენ. ავტონაწილებით მოვაჭრე 26 ინდმეწარმეთა უმრავლესობა თვეში იხდიდა 30 ლარს, ხოლო ხელოსნებს ყოველთვიურად გადასახდელი ჰქონდათ განსაზღვრული თანხა.

შპს “---ში” აღნიშნულ პერიოდში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო დ. კ-ძე, მთავარი ბუღალტერი _ ნ. კ-ძე, მოლარე _ დ. მ-ძე, ინკასატორი _ დ. კ-ძე.

ბაზრის ორგანიზების გადასახადის გადახდა, სავარაუდოდ, ცენტრში ხდებოდა. ინკასატორი დ. კ-ძე ყოველდღიურად აკრეფილ თანხას აბარებდა მოლარე დ. მ-ეს, შესაბამისად აფორმებდა შემოსავლის ორდერს.

2002წ. 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში შპს “---ის” სავაჭრო ცენტრის გამოძიების მიერ დაკითხულ 28 ინდმეწარმეს ინკასატორ დ. კ-სათვის გადახდილი აქვს სულ 5433 ლარი. ამავე პერიოდში ავტონაწილებით მოვაჭრე 24 ინდმეწარმეს დ. კ-სათვის გადახდილი აქვს 5866 ლარი, ხოლო 10 ხელოსანს საზოგადოების სალაროში შეტანილი აქვს 2665 ლარი.

2002წ. 10 თვეში ყველა დაკითხულ ინდმეწარმესა და ხელოსანს შპს “---ის” სალაროში გადახდილი აქვს 14084 ლარი. აღნიშნულ პერიოდში შპს “---ის” ბუღალტერიის შემოსავალში აღებული თანხა შეადგენს 7306 ლარს, ე.ი. სალაროს შემოსავალში აღებულმა თანხამ შეადგინა (14084-7306) 6778 ლარი, რაც მიითვისეს შპს “---ის” ხელმძღვანელმა პირებმა და რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს 1355 ლარის ზარალი.

საქმეზე ჩატარებულია შემდეგი საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებები: დაკითხულია დაზარალებული ორგანიზაციის _ შპს “---ის” წარმომადგენელი; დაიკითხა 86 ინდმეწარმე; ეჭვმიტანილად ცნობილია და დაკითხულ იქნა დ. კ-ძე; ჩატარებულია საბუღალტრო ექსპერტიზა; ამოღებულია შპს “---ის” საბუღალტრო დოკუმენტაცია 13 ტომად.

2003წ. 14 აგვისტოს დაინიშნა დამატებითი საბუღალტრო ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრს.

2003წ. 24 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრიდან მიღებულ იქნა დამატებითი საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: გამოძიების მიერ დადგენილი ინდმეწარმეებიდან და ხელოსნებიდან მიღებული შემოსავლების სახით 2000წ. 1 ოქტომბრიდან 2002წ. 1 ოქტომბრამდე პერიოდში შპს “---ის” სალაროში უნდა შესულიყო 39601,20 ლარი, ანუ 19444 ლარით მეტი, ვიდრე ამავე პერიოდში ფაქტობრივად შეტანილადაა ნაჩვენები. თუ გამოძიებით დადგინდება დაკითხვის ოქმებსა და ცნობებში ასახული ფაქტებისა და მონაცემების რეალობა, ასეთ შემთხვევაში 2000წ. 1 ოქტომბრიდან 2002წ. 1 ოქტომბრამდე განვლილ პერიოდში ინდმეწარმეებიდან და ხელოსნებიდან მიღებულ რეალურ შემოსავლებსა და სალაროში ფაქტობრივად შეტანილ შემოსავლებს შორის სხვაობა ნაკლებობით განხილული უნდა იქნეს როგორც საზოგადოების მიმართ იმ პირთა დავალიანება, რომელთაც თანამდებობრივად ევალებოდათ ინდმეწარმეებიდან და ხელოსნებიდან მიღებული შემოსავლების სალაროში სრულყოფილი და დროული შეტანა.

წინასწარმა გამოძიებამ მიიჩნია, რომ ზესტაფონის შპს “---ის” ყოფილი ხელმძღვანელი პირების ქმედებაში არ იყო დანაშაულის შემადგენლობა, რის გამოც 2003წ. 24 დეკემბერს გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, რომელიც იმავე დღეს დაამტკიცა ზესტაფონის რაიონის პროკურორის მ/შემსრულებელმა გ. ფ-ემ.

გამოძიების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა ნ. ნ-ძე, რომელმაც საჩივრით მიმართ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გამომძიებლის მიერ მიღებული დადგენილების გაუქმება და საქმეზე გამოძიების განახლება.

საჩივარი სასამართლომ განიხილა 2004წ. 9 იანვარს (შეცდომით მითითებულია 2003 წელი), დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, გააუქმა გამომძიებლის მიერ მიღებული დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და საქმე გამოძიების გასაახლებლად გადაეცა ზესტაფონის რაიონულ პროკურორს.

სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ დ. კ-ძე, დ. კ-ძე და ნ. კ-ძე, რომლებმაც კერძო საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. ისინი ითხოვენ სასამართლოს დადგენილების გაუქმებას, ხოლო გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების _ უცვლელად დატოვებას. მიუთითებენ, რომ ისინი არ ესწრებოდნენ საჩივრის განხილვას, რის გამოც შეიზღუდა მათი უფლებები; ამასთან, წინასწარმა გამოძიებამ სრულყოფილად შეამოწმა ყველა გარემოება და მიიღო სავსებით კანონიერი გადაწყვეტილება.

პალატის სხდომაზე დ. კ-ემ, დ. კ-ემ და ნ. კ-მ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მათ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების შესახებ.

ნ. ნ-ის წარმომადგენელმა, ადვოკატმა რ. ლ-ემ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მან კანონიერად მიიჩნია სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

პროკურორმა ც. ჭ-ემ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მან აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარდა არასრულყოფილად და ზერელად, არ შემოწმდა ყველა გარემოება, ამიტომ მან სასამართლოში მხარი დაუჭირა შეწყვეტის დადგენილების გაუქმებას და საქმის გამოძიებაში დაბრუნებას. ამჟამადაც მიაჩნია, რომ საქმეზე უნდა განახლდეს გამოძიება, შემოწმდეს სასამართლოს დადგენილებაში მითითებული ყველა გარემოება და ამის შემდეგ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება. პროკურორმა კანონიერად მიიჩნია სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საჩივრის მითითება, რომ დ. კ-ძე, დ. კ-ძე და ნ. კ-ძე არ ესწრებოდნენ საჩივრის სასამართლოში განხილვას, ვერ გახდება სასამართლო დადგენილების გაუქმების საფუძველი. ჯერ ერთი, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო არა კონკრეტულად რომელიმე პირის, არამედ _ შპს “---ის” ხელმძღვანელი პირების მიმართ და საქმე შეწყდა არა კონკრეტულად რომელიმე პირის, არამედ, შპს “---ის” ხელმძღვანელი პირების მიმართ. ამასთან, საქმის საკასაციო წესით განხილვისას სამივე მომჩივანი მონაწილეობდა მათი საჩივრის განხილვაში და დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია.

საჩივრის მითითებას, რომ თითქოს მოსამართლე ნ. კ-ეს განეხილა ნ. ნ-ის საჩივარი, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან საქმეში არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი.

პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს დადგენილებაში კონკრეტულადაა მითითებული საქმეში არსებულ ხარვეზებსა და იმ გარემოებებზე, რომლებიც დამატებითი გამოძიების დროს უნდა იქნეს გამოკვლეული და გადაწყვეტილი. უფრო მეტიც: ზემოაღნიშნული საქმის განხილვაში მონაწილე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმაც მიიჩნია, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად და იშუამდგომლა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილების გაუქმებისა და საქმეზე გამოძიების განახლების შესახებ.

პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოძიება, დეტალურად უნდა შემოწმდეს სასამართლოს დადგენილებაში მითითებული გარემოებები და მიღებულ შედეგებს მიეცეს შეფასება. ამდენად, ამ ეტაპზე სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების გაუქმების კანონიერი საფუძველი არ მოიპოვება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე, 243-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 იანვრის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა ზესტაფონის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელ ა. ვ-ის მიერ 2003წ. 24 დეკემბერს მიღებული დადგენილება ზესტაფონის შპს “---ის” ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.