Facebook Twitter

#ბს-112(კ-20) 4 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ა. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილების გაუქმების თაობაზე.

2018 წლის 15 იანვარს ა. გ-ემ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, შედგენილი 2017 წლის 22 დეკემბრის #ათ 000061 227 სამართალდარღვევის ოქმისა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 4 ივნისის #20/9-40 დადგენილების გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის დადგენილებით ა. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. გ-ემ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის დადგენილების გაუქმება და საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით ა. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. გ-ემ.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილების გაუქმების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში, ამასთან, სასამართლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, აქტის კანონიერებას ამოწმებს არა სასარჩელო სამართალწარმოების, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ პუნქტების თანახმად, მაგისტრი მოსამართლეები პირველი ინსტანციით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავენ საქმეებს: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე; სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების გასაჩივრების წესი მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXII თავით, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევათა გასაჩივრების წესსა და ვადებს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო დადგენილება. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი და მისი განხილვა უნდა დამთავრდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საჩივრით გასაჩივრებული დადგენილების შემოწმებით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე მიღებული აქტების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, რის შესახებაც ასევე განემარტა მხარეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილების სარეზოლუციო ნაწილით, რომელშიც მითითებულია, რომ დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

აღნიშნულის მიუხედავად, ა. გ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს დადგენილების გაუქმების მოთხოვნით საკასაციო საჩივრით მომართა საკასაციო სასამართლოს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველად, რამდენადაც არ არსებობს განსახილველად მისი დაშვების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილების გაუქმების თაობაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე