#ბს-528(კ-19) 4 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 10 ნოემბერს ნ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, 2005 წლის 7 ნოემბერს მეთაურის ბრძანებით იგი ერაყის რესპუბლიკის ქალაქ ბაკუბაში მდებარე ... დაცვის სადღეღამისო განწესის III ცვლაში იმყოფებოდა, რომლის განხორციელებისა და საბრძოლო დავალების შესრულების მიზნით, სადღეღამისო განწესის III ცვლაში მყოფ თანამებრძოლებთან ერთად, სამხედრო ბაზა „...იდან“ სამი ჯავშანმანქანისაგან შემდგარი კოლონით დაიწყო გადაადგილება ... მიმართულებით. გადაადგილების დროს, აღნიშნულ ხიდამდე ერთი კილომეტრის მანძილის დაშორებით, კოლონაში მდგარი პირველი ჯავშანმანქანა, რომლის მეტყვიამფრქვევედ იმყოფებოდა მოსარჩელე ნ. ბ-ე, აფეთქდა ტერორისტული დაჯგუფების წევრთა მიერ, სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა წინააღმდეგ ფარულად დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე, ე.წ. „აიდი“-ზე, რის გამოც ჯავშანმანქანამ დაკარგა მართვა და გაჩერდა. პერიმეტრის დაცვის მიზნით გაჩერდა, ასევე მის უკან მიმავალი ორი ჯავშანმანქანა. იმავდროულად, კოლონის მიმართულებით ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა, მარჯვენა მხარეს მდებარე დასახლებული პუნქტიდან გახსნეს ინტენსიური ცეცხლი. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული თავდასხმის შედეგად მან ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო ნაღმფეთქებადი ტრამვის, მარჯვენა თვალის სრული დაზიანების, მარჯვენა მხრის ცეცხლნასროლი ნამსხვრევოვანი მრავლობითი გამჭოლი ჭრილობის, ზემო მესამედში მხრის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობის, ფილტვის დაზიანებით გულმკერდის მარჯვენა ნახევრის ცეცხლნასროლი შემავალი ჭრილობისა და ქალა-ტვინის დახურული ტრამვის სახით.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, 2014 წლის 22 მაისს დაამტკიცა დასკვნა, სადაც მიუთითა ზემოთ აღნიშნული გარემოებები და დაადგინა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-... მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის სანიტრის, ნ. ბ-ის ჯანმრთელობის დაზიანება დადგა ერაყის რესპუბლიკაში გაერთიანებული კოალიციური ძალების შემადგენლობაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღების დროს მეთაურის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე საბრძოლო მორიგეობის შესრულებისას.
2015 წლის 11 აგვისტოს, მოსარჩელე ნ. ბ-ეზე გაიცა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სადაც აღნიშნულია მარჯვენა თვალის ნაღმფეთქებადი ტრამვის გამო ჩატარებული ოპერაციები: ვიტრექტომია ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით, ბადურის ლაზეროკოაგულაცია, სიელმის ოპერაცია - შემდგომი მდგომარეობა, მარჯვენა თვალის სიბრმავე, მარცხენა თვალის ჰიპერმეტროპიული ასტიგმატიზმი.
მოსარჩელე ნ. ბ-ემ 2017 წლის 9 მარტს, განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ითხოვა მისთვის, როგორც ერაყის რესპუბლიკაში გაერთიანებული კოალიციური ძალების შემადგენლობაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღების დროს ჯანმრთელობა დაზიანებულისათვის, საცხოვრებელი ბინის გადაცემა. მოსარჩელე ნ. ბ-ის აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, კანონით დადგენილ ვადაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.
ამდენად, მოსარჩელემ ნ. ბ-ის 2017 წლის 9 მარტის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარის ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელე ნ. ბ-ის სასარგებლოდ ქ. თბილისში, 40 კვ.მ საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, მოსარჩელე ნ. ბ-ის 2017 წლის 9 მარტის განცხადებასთან დაკავშირებით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მოსარჩელე ნ. ბ-ის 2017 წლის 9 მარტის განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელე ნ. ბ-ემ 2017 წლის 9 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ითხოვა მისთვის, როგორც ერაყის რესპუბლიკაში გაერთიანებული კოალიციური ძალების შემადგენლობაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღების დროს ჯანმრთელობა დაზიანებულისათვის, საცხოვრებელი ბინის გადაცემა, თუმცა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, აღნიშნული განცხადება დადგენილი წესით არ განუხილავს და კანონით დადგენილ ვადაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ისეთ პირობებში უთხრა მოსარჩელე ნ. ბ-ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი, როდესაც მას არ გამოუკვლევია, არ შეუფასებია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისინი არ აუსახავს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ. ბ-ეს ჯანმრთელობის იმ სახის დაზიანება აქვს მიღებული საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციაში მონაწილეობის დროს, რომელსაც „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის #MOD 8 14 00000441 ბრძანების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, როგორც საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 9 მარტის განცხადებიდან ირკვევა, მოსარჩელემ თავდაცვის სამინისტროს მიმართა 2017 წლის 9 მარტს. შესაბამისად, სამინისტროს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში უნდა ეპასუხა განმცხადებლისათვის. კასატორი განმარტავს, რომ ხსენებული ვადა ამოიწურა 2017 წლის 9 აპრილს, ამდენად, აღნიშნული ქმედების, ანუ უარის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა იწყებოდა 2017 წლის 9 აპრილიდან და დასრულდა 2017 წლის 9 მაისს. სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2017 წლის 10 ნოემბერს, ანუ უარის თქმიდან არა ერთი თვის, არამედ 5 თვის შემდგომ.
ამასთან, კასატორი მიუთითებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის ბრძანების მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ ხსენებული მუხლი შეეხება სამხედრო მოსამსახურეებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ნ. ბ-ის 2017 წლის 9 მარტის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარის კანონიერება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელე ნ. ბ-ის სასარგებლოდ ქ. თბილისში, 40 კვ.მ საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმატებას, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება აღქმული არ იქნეს თვითნებობად, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს, რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. ამასთან, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ მოსარჩელე ნ. ბ-ემ 2017 წლის 9 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ითხოვა მისთვის, როგორც ერაყის რესპუბლიკაში გაერთიანებული კოალიციური ძალების შემადგენლობაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღების დროს ჯანმრთელობა დაზიანებულისათვის, საცხოვრებელი ბინის გადაცემა, თუმცა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, აღნიშნული განცხადება დადგენილი წესით არ განუხილავს და კანონით დადგენილ ვადაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსარჩელე ნ. ბ-ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი უთხრა იმგვარად, რომ მას არ გამოუკვლევია, არ შეუფასებია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისინი არ აუსახავს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უკავშირდება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის #MOD 8 14 00000441 ბრძანების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ კომპეტენციას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი