Facebook Twitter

#ბს-590(კ-19) 4 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 23 ივნისს დ. ც-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 20 იანვრის MOD 5 14 00000150 ბრძანების საფუძველზე იგი გაათავისუფლეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ...ის ...ის თანამდებობიდან და გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 16 მაისის MOD 2 14 00001651 ბრძანებით იგი გაათავისუფლეს კადრების განკარგულებიდან. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი დ. ც-ას გათავისუფლების შესახებ ბრძანება, ხოლო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა საქმის ხელახალი გამოკვლევა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოსარჩელის მითითებით, კანონით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 24 მაისის #138 ბრძანებით მას უარი ეთქვა სამსახურში აღდგენასა და კომპენსაციის გაცემაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 24 მაისის #138 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის დ. ც-ას სამსახურში აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და დ. ც-ას სასარგებლოდ მისი გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით დ. ც-ას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ც-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. ც-ას სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 24 მაისის #138 ბრძანება; სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დ. ც-ას ტოლფას სამუშაოზე აღდგენის შესახებ, მისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დ. ც-ასთვის მისი სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან ტოლფას სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდის განმავლობაში, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ფულადი ანაზღაურების გამოკლებით, იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაევალა.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა 2016 წლის 24 მაისის #138 ბრძანების გამოცემისას არ გაითვალისწინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 დეკემბრის #3/1535-14 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 20 იანვრის MOD 5 14 00000150 ბრძანება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში გადაყვანის ნაწილში და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 16 მაისის MOD 2 14 00001651 ბრძანება დ. ც-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე სსიპ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. ამავე გადაწყვეტილებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა გამოეკვლია სადავო აქტების გამოცემისას დ. ც-ას ნაწილში საშტატო ნუსხის თანახმად, არსებობდა თუ არა იგივე შტატი, რომელიც ეკავა დ. ც-ას ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში ჩატარებულ რეორგანიზაციამდე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დ. ც-ასთან დაკავშირებით არ იქნა გათვალისწინებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 96-ე მუხლის მე-2, მე-4 პუნქტებისა და ამავე კანონის 97-ე მუხლის მოთხოვნები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოთა უფლებამონაცვლეობა ავტომატურად არ ქმნიდა პირის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა მუშაკთა რიცხოვნების შემცირება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და ისე გააუქმა გადაწყვეტილება. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, დ. ც-ას კვალიფიკაცია შეესაბამებოდა თუ არა საკონკურსო მოთხოვნებს, რომელიც სავალდებულოა. ასევე სასამართლოს არ გაუმახვილებია ყურადღება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (2017 წლის ივლისამდე მოქმედი რედაქცია) 11 პრიმა მუხლის პირველ პუნქტსა და ამავე კანონის 29-ე მუხლის პირველ პუნქტზე.

კასატორის მითითებით, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე გაუქმდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი და ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ორგანო, რომელსაც საქართველოს მთავრობამ დაუმტკიცა ახალი საშტატო ერთეული და შესაბამისად განისაზღვრა ახალი ფუნქცია-მოვალეობანი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელსაც დ. ც-ა ვერ აკმაყოფილებდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 29 ნოემბერს #1686 საქართველოს კანონით განხორციელდა ცვლილებები, რომლის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და კანონის ეს ცვლილება ამოქმედდა 2014 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული კანონის 241 მუხლის მე-2 პუნქტით დგინდება, რომ ამ მუხლის ამოქმედების დღიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.

აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 2014 წლის 15 იანვარს გამოიცა MOD 6 14 00000025 ბრძანება შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში საორგანიზაციო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ, რომლითაც გაუქმდა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის შტატი #..., ერთი სამხედრო მოსამსახურისა და 41 სამოქალაქო პირის რიცხოვნობით და შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელი, 2014 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ...ის ...დ (საშტატო კატეგორია „I კლასის ...ი“, შტატი #...) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 17 მაისის #1153 ბრძანებით დანიშნული იყო დ. ც-ა, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 20 იანვრის MOD 5 14 00000150 ბრძანებით ჯერ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განყოფილებაში 2014 წლის 1 იანვრიდან, ხოლო მოგვიანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 16 მაისის MOD 2 14 00001651 ბრძანებით კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი ვეტერანთა დეპარტამენტის ...ის ...ე დ. ც-ა - გათავისუფლდა სამსახურიდან 2014 წლის 1 მაისიდან.

სადავო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 24 მაისის #138 ბრძანებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 დეკემბრის #3/1535-14 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და მიიჩნია, რომ არ არსებობდა დ. ც-ას სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სამსახურიში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დ. ც-ას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლედეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაწესებულების დაქვემდებარების შეცვლა არ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველს. მითითებული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.

სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოთა უფლებამონაცვლეობა ავტომატურად არ ქმნიდა პირის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა მუშაკთა რიცხოვნობის შემცირება, რაც დასტურდება თავად სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 24 მაისის #138 ბრძანებით, რომლის შესაბამისად, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მაქსიმალური საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრებოდა ერთი სამხედრო მოსამსახურისა და 41 სამოქალაქო პირით, ხოლო სამსახურის შტატების რაოდენობა განისაზღვრება 106 ერთეულით. ამასთან, სამსახური უფლებამოსილია ხელშეკრულებით დაასაქმოს 50 თანამშრომელი. ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი შედგებოდა 6 სტრუქტურული ერთეულისაგან, მაშინ როდესაც სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება 9 სტრუქტურული ერთეულისაგან და 12 ტერიტორიული ორგანოსაგან.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, რაც მოწმობს იმაზე, რომ ფუნქციური თვალსაზრისით, არ მომხდარა რადიკალურად განსხვავებული ადმინისტრაციული ორგანოს ჩამოყალიბება.

ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 24 მაისის #138 ბრძანების უკანონობას. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის 118.3 მუხლის დანაწესი, რომლის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საკასაციო სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 24 მაისის #138 ბრძანება, ასევე მართებულად დაკმაყოფილდა დ. ც-ას მოთხოვნები სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი