#ბს-608(კ-19) 18 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 17 იანვარს ზ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 25 თებერვლიდან იგი მუშაობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე. #17 დაწესებულებაში მსახურობისას მის მიმართ განხორციელდა იძულება, რის შედეგადაც მისი ნების საწინააღმდეგოდ მას დააწერინეს განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, რაც მან გაასაჩივრა სასამართლოში. 2016 წლის 28 იანვრის #3/2338-15 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და აღდგენილ იქნა თანამდებობაზე. მოსარჩელის მითითებით, ამის შემდგომ, მის მიმართ განხორციელდა არაერთი ზარი, რათა მას უარი განეცხადებინა განაცდურზე, რის შემდგომაც აღადგენდნენ სამსახურში, სამომავლოდ კი პრობლემებს არ შეუქმნიდნენ.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის დეკემბერში მას დაუკავშირდნენ გენერალური ინსპექციიდან და განუცხადეს, რომ მის წინააღმდეგ შედგენილ იქნა დასკვნა, რის შედეგადაც იგი განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელის მოსაზრებით, 2017 წლის 23 დეკემბრის დასკვნა შედგენილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან, რამდენადაც თავად ტექსტიდან ჩანს, იგი დასჯილი არ ყოფილა. ამასთან, მოპასუხის მითითებები მისი სამსახურში გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით არის სრული სიცრუე და აღნიშნული გარემოებები ვერ მტკიცდება ვერცერთი მტკიცებულებით.
ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2017 წლის 23 დეკემბრის MOC 0 17 01014652 დასკვნისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის MOC 0 17 00007714 ბრძანების ბათილად ცნობა, ზ. ნ-ის განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის ზ. ნ-ის სასარგებლოდ განთავისუფლებიდან (2017 წლის 25 დეკემბრიდან) სამსახურში აღდგენამდე პერიოდისთვის იძულებითი განაცდურის სრულად (სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე) ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2017 წლის 23 დეკემბრის MOC01701014652 დასკვნის ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ნ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინებით განსახილველ საქმეში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ზ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ნ-ე თანამშრომლებში არ სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით; მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს სათანადოდ არ ან ვერ ასრულებდა; ცდილობდა მიღებული დავალებების შესრულებისაგან თავი აერიდებინა და მის ნაცვლად დავალებები სხვა თანამშრომლებს შეესრულებინათ; ასევე, მისთვის მიუღებელი იყო ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებთან ერთად, მათთვის გადასაყვან სპეციალურ ავტომანქანაში ჩაჯდომა; ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ხშირად იგვიანებდა, თვითნებურად ტოვებდა ან საერთოდ არ ცხადდებოდა სამსახურში.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კასატორის მიერ ჩადენილი იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის #52 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესითა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა - სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ნ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი, რადგან იგი მიიჩნევს, რომ დარღვევების მთელი თვის მანძილზე გაგრძელების შემთხვევაში, თუნდაც თვის შუა ნაწილში ხელმძღვანელობას ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღოთ გარკვეული ზომები.
კასატორისათვის გაურკვეველია, თუ რატომ იქნა გამოყენებული მის მიმართ ყველაზე მკაცრი სახდელი, აგრეთვე, ის თუ რატომ იქნა იგი სამსახურიდან გათავისუფლებული საავადმყოფო ფურცლის წარდგენის შემდგომ. კასატორს ეჭვი უჩნდება მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით, კერძოდ, იგი მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა წინასწარ გააზრებულ მოქმედებებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისი სამსახურიდან დათხოვნის მისაღწევად იქნა განხორციელებული. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს არ დაავალა თუნდაც დამატებითი კვლევის ჩატარება და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სწორედ მას შემდგომ გამოცემა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკანონოდ ცნობილი პირველი გათავისუფლება კავშირშია მის ბოლო გათავისუფლებასთან. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მის მიერ ტელევიზიიდან ამოღებული და სასამართლოში წარდგენილი ფოტომასალა, საიდანაც თვალნათლივ დასტურდება ის გარემოება, რომ ზ. ნ-ე დადიოდა სასამართლოში და ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის MOC 0 17 00007714 ბრძანების კანონიერება, ზ. ნ-ის განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის ზ. ნ-ის სასარგებლოდ განთავისუფლებიდან (2017 წლის 25 დეკემბრიდან) სამსახურში აღდგენამდე პერიოდისთვის იძულებითი განაცდურის სრულად (სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე) ანაზღაურების დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის #52 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 39-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) სამინისტროსათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეულად ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოსამსახურისა და სამინისტროს სისტემის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედების) ჩადენა, განურჩევლად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ; დ) საქართველოს კანონმდებლობის, უშუალო ან/და ზემდგომი ხელმძღვანელის კანონიერი მითითების შეუსრულებლობა. ამავე წესის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივ შემოწმებას ატარებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია ამ წესისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის #55 ბრძანების შესაბამისად. პრობაციის ეროვნული სააგენტოს აღსრულების კონტროლის, სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველო აკონტროლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ოფიცრების მიერ მსჯავრდებულთა პირადი საქმის წარმოების მიმდინარეობას და საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 42-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომელთა თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს. სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით, სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების ან შეუსრულებლობის მიზეზით; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა; გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი სამინისტროს მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა, როგორია მისი პიროვნება და დამსახურება; დ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზე, რომ ოქტომბრის თვეში იგი უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით არ მიდიოდა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში და დაახლოებით 10:00 საათზე სახლიდან პირდაპირ მიდიოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საბადრაგო სამმართველოს #... განყოფილების თანამშრომლებს ეხმარებოდა ბრალდებული/მსჯავრდებული პირების სასამართლო პროცესებზე აყვანასა და უსაფრთხოების დაცვაში, ხოლო დაახლოებით 17:00 საათისთვის მიდიოდა სახლში. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს თავად უშუალო ხელმძღვანელის ახსნა-განმარტებაზე, რომელმაც მითითებული გარემოება არ დაადასტურა. უფრო მეტიც, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხულ, მათ შორის, თავად მოსარჩელის მიერ მითითებულ პირთა განმარტებების თანახმად, იგი სასამართლოში ნახეს მხოლოდ ერთხელ და ისიც, სხვა პირთან შეხვედრის მიზნით. ამასთან, როგორც გამოკითხულმა პირებმა განმარტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში ბრალდებული/მსჯავრდებული პირების წარდგენის წინ დგება შესაბამისი ოქმები, რომელშიც ხდება დავალებაზე გასული ჯგუფების შემადგენლობის მითითება, სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშვნა, რომ მოსარჩელის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, სწორედ მითითებულ ოქმებში უნდა დაფიქსირებულიყო ზ. ნ-ის სახელი და გვარი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ამასთან, დადგენილია, რომ ზ. ნ-ე თანამშრომლებში არ სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით; მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს სათანადოდ არ ან ვერ ასრულებდა; ცდილობდა მიღებული დავალებების შესრულებისაგან თავი აერიდებინა და მის ნაცვლად დავალებები სხვა თანამშრომლებს შეესრულებინათ; ასევე, მისთვის მიუღებელი იყო ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებთან ერთად, მათთვის გადასაყვან სპეციალურ ავტომანქანაში ჩაჯდომა; ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ხშირად იგვიანებდა, თვითნებურად ტოვებდა ან საერთოდ არ ცხადდებოდა სამსახურში.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ კასატორის მიერ ჩადენილი იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის #52 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესითა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა - სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.
ამასთან, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი სამსახურიდან გათავისუფლება განმეორებით მოხდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხსენებულ გარემოებაზე მითითება არის დაუსაბუთებელი, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამსახურში აღდგენა არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას, ამ პირის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის პირობებში, შესაბამისი სახდელი დააკისროს ამგვარი გადაცდომის ჩამდენ პირს.
რაც შეეხება კასატორის მითითებას სასამართლოს მხრიდან მის მიერ ტელევიზიიდან ამოღებული და სასამართლოში წარდგენილი ფოტომასალის გაუზიარებლობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ ფოტოსურათებზე ასახულია მხოლოდ ერთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სატელევიზიო საშუალებით გადაცემული ტელერეპორტაჟი. ამდენად, მოცემული ფოტომასალების გაზიარების პირობებშიც კი, იგი დაადასტურებდა მარტოოდენ ამ საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელისათვის დაკისრებული მხოლოდ ერთი კონკრეტული ვალდებულების შესრულებას და არა მისთვის დაკისრებულ ვალდებულებათა რეგულარულ ჯეროვან შესრულებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი