Facebook Twitter

#ბს-900(კ-19) 10 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 2 თებერვალს მ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის ...ე მ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 3 იანვრის #კ38 ბრძანების ბათილად ცნობა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისთვის მ. მ-ის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის 2018 წლის 2 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე, თვეში 1500 ლარის ოდენობით მ. მ-ის სასარგებლოდ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის ...ის თანამდებობაზე და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა კეთილსინდისიერად. არჩევნების შემდეგ ახალმა მერმა ქუთაისის მერიაში არსებული სამსახურების თანამშრომლებს დააწერინა განცხადება სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. ერთადერთი სამსახური, რომლის თანამშრომლებმა არ დაწერეს განცხადება სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, იყო სწორედ კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, რის გამოც მერმა განახორციელა აღნიშნული სამსახურის რეორგანიზაცია და მ. მ-ე, როგორც დაუმორჩილებელი თანამშრომელი, გაანთავისუფლა სამსახურიდან. მოსარჩელის განმარტებით, დაუმორჩილებლობაში იგულისხმება ის, რომ მან არ დაწერა განცხადება სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე.

მოსარჩელის მითითებით, რეორგანიზაცია, თუ მას არ სდევს შტატების შემცირება, არ იწვევს თანამშრომლების განთავისუფლებას სამსახურიდან, ხოლო შტატების შემცირების შემთხვევაში უნდა შემოწმდეს ფუნქციურად ახლად შექმნილი სამსახურის საშტატო ნუსხა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მართალია, ახლად არჩეულმა მერმა განახორციელა რეორგანიზაცია, თუმცა ფუნქციურად მ. მ-ის შტატი არსებობს და არ უნდა მომხდარიყო მისი განთავისუფლება სამსახურიდან. იგი იმდენად კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რომ გარკვეული პერიოდი მას სამსახურის ...ის თანამდებობა ჰქონდა შეთავსებული. განთავისუფლების ბრძანების შედგენის დროს, მერმა მთლიანად უგულებელყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, არათუ არ დატოვა მ. მ-ე იგივე ფუნქციების სახელშეცვლილ თანამდებობაზე, არამედ მობილობის საშუალებაც კი არ მისცა.

მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან ფუნქციურად არსებობს მ. მ-ის თანამდებობა და იგი არ გაუქმებულა, მისი განთავისუფლების ბრძანება არის უკანონო და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამ შემთხვევაში, როგორც გასაჩივრებული ბრძანებიდან ირკვევა, რეორგანიზაციის შედეგად დარჩა 6 საშტატო თანამდებობა, 1 ხელმძღვანელის და 5 თანამშრომლის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საერთოდ არ შესწავლილა მ. მ-ეს, მისი კვალიფიკაციის მიხედვით ჰქონდა თუ არა უპირატესობა სხვა თანამშრომლებთან მიმართებაში დარჩენილიყო თანამდებობაზე მაშინ, როცა ფუნქციურად მ. მ-ის თანამდებობა დატოვებული იქნა სახეშეცვლილად და წარმოადგენს ტოლფასს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. მ-ის სარჩელი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის ...ე მ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 3 იანვრის #38 ბრძანება ძალაში შესვლის მომენტიდან; ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს მ. მ-ის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დაევალა; ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მ. მ-ის სასარგებლოდ 2018 წლის 3 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე, თვეში 1250 ლარის ოდენობით სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მ. მ-ის მიმართ არ განხორციელებულა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის #199 დადგენილებით გათვალისწინებული პროცედურები. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მ. მ-ისათვის შეთავაზებული იქნა იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, იმავე საჯარო დაწესებულებაში შესთავაზეს დაბალ თანამდებობაზე გადასვლა, რაზედაც მან უარი განაცხადა. პალატამ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტი მხარის განმარტება იმის შესახებ, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში არ არსებობს მ. მ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი ან/და დაბალი თანამდებობა, რადგან საქმეში წარმოდგენილია ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა სამუშაოს აღწერილობის ფორმა, სადაც არაერთი თანამდებობა შეესაბამება მ. მ-ის კვალიფიკაციას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სტრუქტურული ცვლილებები, მართალია, შეეხო მ. მ-ის თანამდებობას, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ ცვლილებების შემდეგ ქ. ქუთაისის მერიაში ვაკანსია იყო, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნული პირები მოსარჩელეზე უფრო კვალიფიციური მუშაკები არიან და ასეც რომ იყოს, არ მომხდარა კონკურსის წესით მხარეთა შეფასება. მით უფრო, რომ მ. მ-ე თანამშრომლების მიერ ხასიათდება დადებითად, არის წახალისებული.

2019 წლის 18 აპრილს მ. მ-ემ მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების, კერძოდ, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მეორადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსის წესით სხვა პირის დანიშვნის აკრძალვის თაობაზე იშუამდგომლა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით მ. მ-ის განცხადება გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, განსჯადობით გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით მ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს მეორადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსის წესით სხვა პირის დანიშვნა აეკრძალა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის #199 დადგენილებაზე და აღნიშნავს, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის #... დადგენილებით დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა, რომლითაც შემცირდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის ...ის მ. მ-ის შტატით გათვალისწინებული თანამდებობა. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში მობილობის განსახორციელებლად არ არსებობდა არც ტოლფასი და არც დაბალი თანამდებობა, რომელიც შეესაბამებოდა მ. მ-ის კომპეტენციას. ასევე, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ არ იქნა შეთავაზებული ვაკანტური პოზიცია საჯარო სამსახურის სისტემაში, სადაც მოხდებოდა მისი განმწესება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 3 იანვრის #კ38 ბრძანებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის ...ე მ. მ-ე გათავისუფლდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის ...ის თანამდებობიდან, რეორგანიზაციის შედეგად ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის ...ის შტატის შემცირების გამო 2018 წლის 3 იანვრიდან.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.

ამავე კანონის 103.1 მუხლის შესაბამისად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.

საქმეში დაცული მასალით ირკვევა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, ადგილი არ ჰქონია საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლას, რის შედეგადაც ადგილი ექნებოდა საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი ფუნქციურად განსხვავებული სტრუქტურის შექმნას.

აღნიშნულს ადასტურებს 2017 წლის 27 დეკემბერს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულების ახალი დებულებები და საშტატო ნუსხა. დადგენილია, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის #... დადგენილებით დამტკიცდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, რომლითაც გაუქმდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის #10 დადგენილებით დამტკიცდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება, რომლითაც შეიქმნა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება.

ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის #... დადგენილებით დამტკიცდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა, რომლითაც შემცირდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის ...ის მ. მ-ის შტატით გათვალისწინებული თანამდებობა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების საშტატო რიცხოვნება განისაზღვრა 6 ერთეულით, მათ შორის, 1 ერთეული - მეორადი სტრუქტურული ერთეული კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი და 5 ერთეული - მეორადი სტრუქტურული ერთეული კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მეორადი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

ასევე დგინდება, რომ რეორგანიზაციას არ მოჰყოლია საჯარო მოხელის თანამდებობის პრეტენდენტი კანდიდატის მიმართ რაიმე განსაკუთრებული, მანამდე არარსებული პროფესიული თუ სპეციფიური ცოდნის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მოთხოვნის წამოყენება. აღსანიშნავია, რომ სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგი მხოლოდ 1 საშტატო ერთეულის, კერძოდ, მ. მ-ის თანამდებობის შემცირებაში გამოიხატა.

მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სტრუქტურული ცვლილებები შეეხო მ. მ-ის თანამდებობას, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ ცვლილებების შემდეგ ქ. ქუთაისის მერიაში ვაკანსია იყო, ხოლო საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნული პირები მოსარჩელეზე უფრო კვალიფიციური მუშაკები არიან. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საერთოდ არ შესწავლილა მ. მ-ეს მისი კვალიფიკაციის მიხედვით ჰქონდა თუ არა უპირატესობა სხვა თანამშრომლებთან მიმართებაში დარჩენილიყო თანამდებობაზე მაშინ, როცა ფუნქციურად მ. მ-ის თანამდებობა დატოვებულ იქნა სახეშეცვლილად და წარმოადგენს ტოლფას თანამდებობას. მით უფრო აღსანიშნავია, რომ მ. მ-ე თანამშრომლების მიერ ხასიათდება დადებითად, არის წახალისებული.

ამდენად, ადმინისტარციულმა ორგანომ ჯეროვნად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არ დაუდგენია ქმნიდა თუ არა რეორგანიზაცია მ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.

ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52.1 მუხლის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. მობილობის პროცედურას დეტალურად აწესრიგებს „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის #199 დადგენილება, რომლის მე-11 მუხლი განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობას. ხოლო ამავე დადგენილების მე-12 მუხლით განსაზღვრულია მობილობის წესი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მ. მ-ისათვის შეთავაზებულ იქნა იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, იმავე საჯარო დაწესებულებაში შესთავაზეს დაბალ თანამდებობაზე გადასვლა, რაზედაც მან უარი განაცხადა. ამასთან, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს განმარტება იმის შესახებ, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში არ არსებობს მ. მ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი ან/და დაბალი თანამდებობა, რადგან საქმეში წარმოდგენილია ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა სამუშაოს აღწერილობის ფორმა, სადაც არაერთი თანამდებობა შეესაბამება მ. მ-ის კვალიფიკაციას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი