კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-36(კს-20) 31 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ქეთევან ცინცაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „…ას“ კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო; მესამე პირი (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით) - შპს სახელმწიფო კომპანია „ს…ი“).
2016 წლის 9 აგვისტოს შპს „…ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ, საბოლოოდ, შპს „…ას“ წარმომადგენლის ა. გ-ას საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 26 ოქტომბრის №4831 ბრძანების ბათილად ცნობა, №01/07-02-1176 სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოქმედების უკანონოდ ცნობა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის სააღსრულებო წარმოების განახლების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს სახელმწიფო კომპანია „ს...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 26 ოქტომბრის №4831 ბრძანება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, შპს „...ას“ წარმომადგენლის ა. გ-ას საჩივართან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში შპს „...ას“ უარი ეთქვა სარჩელი დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, შპს „...ამ“ და შპს სახელმწიფო კომპანია „ს...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით შპს „...ას“ და შპს „ს...ის“ სააპელაციო საჩივრები დატოვებულ იქნა ხარვეზზე სახელმწიფო ბაჟის - 150-150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების წარდგენის მიზნით.
2018 წლის 8 მაისს შპს „...ას“ წარმომადგენელმა ა. გ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, წარადგინა 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორება და ნაცვლად შპს „ს...ისა“ შპს სახელმწიფო კომპანია „ს...ის“ მითითება მოითხოვა, რის შემდგომაც შპს სახელმწიფო კომპანია „ს...ი“ გადაიხდიდა სახელმწიფო ბაჟს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მაისის განჩინებით შპს „...ას“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
2018 წლის 27 ოქტომბერს შპს „...ას“ წარმომადგენელმა ა. გ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და აღნიშნა, რომ მან შპს სახელმწიფო კომპანია „ს...ის“ ნაცვლად 2018 წლის 26 ოქტომბერს შეავსო ხარვეზი, გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი.
2019 წლის 4 იანვარს შპს სახელმწიფო კომპანია „ს...მა“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო ვადის 14 დღით გაგრძელება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით შპს „ს...ის“ დირექტორის ონარ ბაზიარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზის სრულად გამოსწორების მიზნით განესაზღვრა ვადა 3 დღით.
2019 წლის 25 თებერვალს შპს „,,,ას“ წარმომადგენელმა ა. გ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად შპს „,,,ას" სარჩელის გამოხმობა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განჩინებით შპს „ს...ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „,,,ამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „,,,ას“ კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განჩინებით ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველი დარჩა შპს სახელმწიფო კომპანია „ს...ის" სააპელაციო საჩივარი. აღნიშნული განჩინება ეხება მხოლოდ შპს სახელმწიფო კომპანია „ს...ს“ და იგი არანაირ სამართლებრივ გავლენას არ ახდენს შპს „...ას" კანონიერ ინტერესზე და სამართლებრივ კავშირში არ არის სარჩელის გამოხმობის თაობაზე შპს „...ას" განცხადების ან მისი სააპელაციო საჩივრის განხილვასთან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...ას“ კერძო საჩივარში არ იკვეთება მისი უფლებადამცავი ინტერესი და შესაბამისად, იგი არ არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განჩინების გასაჩივრებაზე უფლებამოსილი სუბიექტი, რის გამოც შპს „...ას“ კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მეორე ნაწილით, 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩეს შპს „...ას“ კერძო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე